შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ ახალი ონლაინკურსის პრეზენტაციას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვა და მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს, ასევე, პარტნიორი უწყებების წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ნატალია ვუტოვა და გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი.
სასწავლო კურსი გამომძიებლებისთვის, პროკურორებისა და მოსამართლეებისთვისაა განკუთვნილი. სწავლების მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის აქტუალურ საკითხებსა და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც აღნიშნული კატეგორიის დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად ხორციელდება.
დისტანციური სასწავლო კურსის მიზანს წარმოადგენს იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებსთვის ევროპაში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის და სიძულვილის ენის უკეთ გაგებაში დახმარება.
კურსი შედგება ხუთი მოდულისგან. სწავლება ინტერაქტიულად განიხილავს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ არსებულ კომპლექსურ პრობლემებზე.
HELP-ის დისტანციური სწავლების კურსი - „სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა“ ევროპის საბჭოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ - ფარგლებში შემუშავდა. აღნიშნული პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დაიწყო ორდღიანი სწავლება, თემაზე - „კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა“.
ტრენინგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა - პეტრ მიკისკამ გახსნეს. სწავლების გახსნით ღონისძიებას ასევე დაესწრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი - ივანე პაპიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი - ეკატერინე მაჭავარიანი.
ალექსანდრე დარახველიძემ და პეტრ მიკისკამ ტრენინგის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.
სწავლება ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით, ასევე, ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება. ტრენინგს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მომუშავე ოთხი ჩეხი ექსპერტი უძღვება.
სასწავლო კურსის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კიბერუსაფრთხოების კუთხით უწყებათშორისი თანამშრომლობა, ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და ამ მიმართულებით მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობა.
ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო და სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, მათ შორის ფიზიკური მომზადების დარბაზი და ტირი. პეტრ მიკისკა ასევე დაესწრო სიმულაციურ სწავლებას.
სწავლების მთავარი მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარება კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და ჩეხური მხარის გამოცდილების გაზიარება. სამომავლოდ დაგეგმილია ქართველი ექსპერტების საპასუხო ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის და ცესკოს სწავლების ცენტრის თანამშრომლობით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირებისთვის ჩატარდა​ ონლაინტრენინგი - „არჩევნები და უსაფრთხოება“.
 
 
ონლაინკურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ელექტრონული სწავლების პლატფორმის მეშვეობით, 2 დღე გრძელდებოდა და მასში სამინისტროს 879 თანამშრომელი მონაწილეობდა.
 
 
ტრენინგს, რომლის მიზანი იყო საარჩევნო თემატიკაზე სამართალდამცველების ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
 
 
სწავლების მონაწილეები, წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რისკების იდენტიფიცირების, პრევენციული ღონისძიებებისა და დარღვევებზე რეაგირების მექანიზმების შესახებ საკანონმდებლო რეგულაციებს გაეცნენ. ტრენინგში მონაწილე პოლიციელები ასევე გაეცნენ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებას და აღნიშნულ ბრძანებაზე თანდართულ ინსტრუქციებს, რომელთა თანახმადაც, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები. ამასთანავე, განსაზღვრულია პოლიციელის მიერ პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპის მკაცრად დაცვის ვალდებულება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, თბილისსა და ქუთაისში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს და სამი პირი დააკავეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ტ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას, „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, "ტტ"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 22 ვაზნა ამოიღეს.
ასევე თბილისში დააკავეს 1995 წელს დაბადებული ი.ბ. ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა. პოლიციამ, მისი პირადი ავტომობილის ჩხრეკისას, კუსტარულად დამზადებული პისტოლეტი, მჭიდი და 4 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული გ.ს. დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ცაგერის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "ეფ1"-ის ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყვარელში "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1 პირი - 1972 წელს დაბადებული შ.მ. დააკავა.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული შ.მ. ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში დღის მეორე ნახევარში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 13 პირი მძევლად აიყვანა.
 
ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება და დაიწყო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, შ.მ.-მ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
 
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, კემლინ ფურლისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული საერთაშორისო დაცვის სისტემა და მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს.
 
ალექსანდრე დარახველიძემ კემლინ ფურლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმა გააცნო, რომლის მიზანია საერთაშორისო დაცვის პროცედურების ეფექტიანობის გაზრდა.
 
მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრა თავშესაფრის პოლიტიკისა და მისი საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესების გეგმებზე, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი თავშესაფრის სისტემის კიდევ უფრო დაახლოებას საუკეთესო ევროპულ სტანდარტთან. მხარეები აღნიშნულ პროცესში საქართველოში გაეროს ლტოლვილთა ოფისის აქტიურ ჩართულობაზე შეთანხმდნენ.
 
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ კემლინ ფურლის და უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობას მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერისთვის.

ინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, ბორჯომში, წყალტუბოსა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს: 1964 წელს დაბადებულ, ჯ.პ.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება, ხოლო 1991 წელს დაბადებულ ზ.კ. და 1982 წელს დაბადებული გ.ღ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში არიან ბრალდებული.
 
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლენტეხის მუნიციპალიტეტში ბრალდებული ჯ.პ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს: „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი, კალაშნიკოვის სისტემის „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „კარაბინის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, გლუვლულიანი თოფი, მჭიდი და 914 საბრძოლო ვაზნა.
 
ქუთაისის პოლიციის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი ზ.კ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, აღნიშნული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო კალაშნიკოვის სისტემის „აკ-45“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა.
 
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბორჯომში, გრიგოლ რობაქიძის ქუჩაზე, ბრალდებული გ.ღ.-ის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს „ჩეზეს“ სისტემის პისტოლეტი და მჭიდი.
 
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის - კახა მურადაშვილის ბრიფნგი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2021 წლის 30 ივლისს თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედუარდსის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაკავებულია თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე.

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დროებით ცხოვრობდა თბილისში, გოგებაშვილის პირველ შესახვევში. მეგობრების განმარტებით, იგი ხშირად სეირნობდა მთაწმინდის პარკის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში.

30 ივლისს შანაი ბრუკი მეგობრებს უნდა შეხვედროდა, თუმცა არ მივიდა დათქმულ დროს და მას შემდეგ მასთან კომუნიკაცია შეწყდა.

მოგვიანებით, შანაი ბრუკის მეგობრებმა აღნიშნულის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს.

შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე ასეული თანამშრომელი.

ასევე, ძებნის ოპერაციაში ჩართული იყო საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახური.

ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 31 ივლისს, დღის მეორე ნახევარში ნანახი იქნა ახალგაზრდა ქალის ცხედარი, რომელსაც აღენიშნებოდა ძალადობის კვალი. გამომძიებლის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტ - კრიმინალისტების მონაწილეობით მოხდა შემთხვევის ადგილისა და ცხედრის დათვალიერება, რა დროსაც ამოღებულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე არაერთი ნივთი და ბიოლოგიური კვლები. ასევე, ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, დაზიანებულ მდგომარეობაში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ცხედარი გადასვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში და ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა, ხოლო შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებსა და კვლებზე ჩატარდა დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური, ბიოლოგიური და გენეტიკური ექსპერტიზები.

გამოძიებამ ჩაატარა რამდენიმე ასეული საგამოძიებო მოქმედება. გამოიკითხა 200-ზე მეტი პირი, მათ შორის გარდაცვლილი ქალის მეგობრები, თანამშრომლები, მეზობლები, დანაშაულის დღეს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე მყოფი და იქ დასაქმებული პირები. მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დამნაშავე პირის იდენტიფიცირების მიზნით, შეიქმნა ფოტორობოტი, რომელიც გაეგზავნა ყველა ოპერატიულ დანაყოფს.

შესწავლილ იქნა შანაი ბრუკის გადაადგილების მარშრუტები და დათვალიერდა შემთხვევის დღეს შანაი ბრუკის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, ასევე, შემთხვევის ადგილის, მისი დროებითი საცხოვრებელი სახლისა და მთაწმინდის პარკის მიმდებარე ქუჩებზე განთავსებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის და კერძო ობიექტების კუთვნილი რამდენიმე ათეული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები.

საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობისა და სამართლებრივი დახმარების ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა სახის ღონისძიება:

კერძოდ, დისტანციურად გამოკითხულ იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი, შანაი ბრუკის მეგობარი, რომელთანაც შანაი ბრუკს გარდაცვალებამდე ჰქონდა კომუნიკაცია, სოციალური ქსელის მეშვეობით.

ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული, სავარაუდო დამნაშავის ბიოლოგიური კვლები, დნმ-ის ბაზებთან შედარების მიზნით, გადაგზავნილ იქნა ინტერპოლის წევრ 194 სახელმწიფოში.

აღნიშნულ დანაშაულთან სავარაუდოდ შემხებლობაში მყოფი რამდენიმე ათეული პირისგან აღებულ იქნა ბიოლოგიური ნიმუშები, რომლებზეც დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზები. მოხდა თითოეული მათგანის დეტალური გამოკითხვა, მათ მიერ გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია ალიბები, თუ სად იმყოფებოდნენ შანაი ბრუკეს გარდაცვალების დროს, გადამოწმდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებით. კომპლექსური და მრავალმხრივი საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მინიმუმამდე შემცირდა ზემოთ აღნიშნულ პირთა წრე, ხოლო, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარად დადასტურდა ბრალდებულის ვინაობა.

გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 1988 წელს დაბადებული რ.მ.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების "COVID-19"-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.
მასობრივი აცრის პროცესი ინტენსიურად გრძელდება როგორც დედაქალაქში, ასევე, რეგიონებში არსებულ იმუნიზაციის ცენტრებში.
"თბილისის ზღვის პლაზაში" გახსნილ იმუნიზაციის ცენტრში ამჯერად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებს ჩაუტარდათ ვაქცინაცია.
თბილისსა და რეგიონებში, იმუნიზაციის ცენტრებში მოწყობილია ვაქცინაციის კაბინეტები, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით არის აღჭურვილი, რაც უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის და მისი შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, კვირის ნებისმიერ დღეს აიცრან "ფაიზერის", „სინოვაკის" ან „სინოფარმის“ ვაქცინით.
ამ ეტაპზე, სამინისტროს თანამშრომლების 70%-მდე უკვე აცრილია, მათ შორის უმეტესობა სრულად ვაქცინირებულია.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მაღალი დონის დელეგაციასთან ონლაინ შეხვედრა გამართა. NDI-ს სახელით შეხვედრას ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში - პერ ეკლუნდი უძღვებოდა.
 
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოში მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს და საარჩევნო პროცესის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
 
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.
 
ონლაინ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ორგანიზაციის - „ეროვნული მხარდაჭერა დემოკრატიისათვის“ (NED) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და NDI-ის ყოფილი პრეზიდენტი - კენ უოლაკი; აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი სპეციალისტი - ჰანა თობურნი; აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წარმომადგენელი - ბენ კუპერი; NDI-ის ევრაზიის რეგიონული თანადირექტორი - მელისა მუსიო; NDI-ის არჩევნების პროგრამების დირექტორი - პეტ მერლო და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი - ალან გილამი.