ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის ბრიფინგი

 

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის სისხლის სამართლის საქმეებზე სამი ინსტანციის განაჩენით დამნაშავედ ცნობილი და ძებნილი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

 

სამართალდამცავმა უწყებებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაგეგმეს უკრაინის მოქალაქე, ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების სპეცოპერაცია. საზოგადოებაში დაპირისპირებისა და მოვლენების შესაძლო ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით ღონისძიება გასაიდუმლოებულ რეჟიმში ჩატარდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა მუშაობა, ხოლო მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიებისთვის შერჩეული იქნა ზუსტი და ეფექტური დრო, სამართალდამცველებმა იგი თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვით ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიებები.

 

აგრეთვე, გამოძიების ფარგლებში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, ასევე დაკავებულია საცხოვრებელი ბინის მეპატრონე 1958 წელს დაბადებული პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია დამნაშავედ და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით იგი გადაყვანილია შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია 2021 წლის ორი ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

შინაგან საქმეთა მინისტრის 31 აგვისტოს ბრძანების შესაბამისად ყველა რეგიონში შეიქმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდენენ მყისიერ რეაგირებას სამართალდარღვევებზე და უზრუნველყოფენ მართლწესრიგის დაცვას. ამასთან, არჩევნების მშვიდ გარემოში წარმართვის უზრუნველსაყოფად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჭიროების მიხედვით ხდება საპოლიციო ძალების გადანაწილება;

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა; 900-მდე პოლიციელმა გაიარა სწავლება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით;

პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის სწრაფი და კოორდინირებული გაცვლის მიზნით, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, ასევე სახალხო დამცველის აპარატთან საკონტაქტოდ გამოყოფილია სხვადასხვა დეპარტამენტის კონკრეტული თანამშრომლები, რომელთა შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდათ შესაბამის ორგანიზაციებს.

გარდა ამისა, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ, შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირების შესახებ.

წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რომელიც უკავშირდება ან შესაძლოა უკავშირდებოდეს მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებში, დღეის მდგომარეობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 27 საქმეზე.

საქმეების ძირითადი ნაწილი დაკავშირებულია და გამოძიება სისხლის სამართლის 10 საქმეზე მიმდინარეობს წინაასარჩევნო პროცესში როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე.

სისხლის სამართლის 2 საქმე მიმდინარეობს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების კუთვნილი ქონების შესაძლო ქურდობის ფაქტებზე.

სისხლის სამართლის 9 საქმეზეა დაწყებული გამოძიება როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 პირის მიმართ დმანისში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით. მომხდარზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება ასევე დაწყებულია ქარელში, მედიის წარმომადგენლის მიმართ განხორციელებულ ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით შესაძლო დაზიანების ფაქტზე.

აქტიურად გრძელდება გამოძიება ცაგერის მუნიციპალიტეტში პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ავტომანქანის მიმართულებით სროლის ფაქტთან დაკავშირებით. საქმეზე გამოკითხულია მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

2021 წლის 13 სექტემბერს სისხლის სამართლის კოდექსის 169 -ე მუხლით დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერების სამსახურიდან იძულებით შესაძლო გათავისუფლების ფაქტზე.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დღეის მდგომარეობით, უკვე გამოკითხულია 6 პირი, უახლოეს დღეებში დაგეგმილია 23 პირის მოწმის სახით გამოკითხვა. სამწუხაროდ, 6 პირი გაურკვეველი მიზეზით თავს იკავებს ჩვენების მიცემის მიზნით პოლიციაში გამოცხადებისგან.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ასევე დაიწყო გამოძიება ამავე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერების შესაძლო იძულების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით დღეის მდგომარეობით, გამოძიებას ინფორმაცია უკვე მიაწოდა 30-მდე პირმა. გარდა ამისა, აქტიურად გრძელდება მოწმეთა საგამოძიებო ორგანოში გამოძახება. სამწუხაროდ, 12 პირი დღემდე გაურკვეველი მიზეზით თავს იკავებს ჩვენების მიცემის მიზნით პოლიციაში გამოცხადებისგან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტზე ოპერატიულად ახდენს რეაგირებას და მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით აქტიურად უზრუნველყოფს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარებას.

დამატებით საზოგადოების ინფორმირების მიზნით, განვმარტავთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შედეგად აიკრძალა კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება, ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

გარდა ამისა, დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დამრღვევი პირის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, კერძოდ ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით.

მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს თუ ორგანიზაციას განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.

არჩევნების დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას არჩევნების მიმდინარეობისას მართლწესრიგის შესაძლო დარღვევის, შესაბამისი რეაგირებისა და პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სახალხო დამცველთან - ნინო ლომჯარიასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე და მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, ასევე, ომბუდსმენის მოადგილე - გიორგი ბურჯანაძე.
შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრეს და ბოლო დროს დაფიქსირებული ინციდენტები განიხილეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა და სახალხო დამცველმა საარჩევნო პერიოდში შესაძლო დარღვევებზე ინფორმაციის გაზიარების და მყისიერი რეაგირების მიზნით აქტიური თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ ინიცირებული გლობალური კამპანიის - „არავინაა უსაფრთხო, სანამ ყველა არ იქნება უსაფრთხოდ“ - ფარგლებში, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.
ვაქცინაციის პროცესს პირადად დაესწრნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - კემლინ ფურლი, რომლებსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძემ უმასპინძლა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრის მუშაობის სპეციფიკა გააცნო.
ცენტრის ბენეფიციარებს სპეციალურად ვაქცინაციის მოძრავ ამბულატორიაში სხადასხვა ქვეყნის მიერ წარმოებული ვაქცინით ნებაყოფლობით ჩაუტარდათ აცრა. მოძრავი ამბულატორია შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით არის აღჭურვილი და უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის, ასევე შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.
ვაქცინაციის გლობალური კამპანია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და გაეროს გენერალური მდივნის - ანტონიო გუტიერეშის ინიციატივით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხორციელდება. მისი მიზანია ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებლებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვა.

საქართველოში ტერიტორიულ წყლებში ნატოს ხომალდები შემოვიდნენ. ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს (SNMCMG2) შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მასპინძლობს. შენაერთის შემადგენლობაშია: ესპანეთის (ფლაგმანი), იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები. შენაერთს პირველი რანგის კაპიტანი ხავიერ ნანეზ დე პრადო მეთაურობს.
ბათუმის პორტში ნატოს ხომალდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი - რამაზ პაპიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე, პოლონეთის ელჩი საქართველოში - მარიუშ მაშკიევიჩი და ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი - პოლკოვნიკი რუშენ აბიდინოღლუ დახვდნენ.
ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ვიზიტი ნათლად ადასტურებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერას საქართველოს ნატოში გაწევრიანების კურსისადმი. საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ნატოსთან აძლიერებს შავი ზღვის უსაფრთხოებას და ხელს უწყობს სტაბილურობას რეგიონში.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და ნატოს საზღვაო შენაერთის ხომალდების მონაწილეობით, შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები გაიმართება. სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა გაძლიერებას. ასევე, დაგეგმილია სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფების ნატოს სერტიფიცირების მეორე დონის შეფასების მეორე საფეხურის [NEL-2] გავლა, რაც შეფასების 4-წლიანი პროცესის ბოლო ფაზას წარმოადგენს.
ნატოს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს და, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია. 2021 წელს ნატოს ხომალდები საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით გამართულ ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაში - "ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში".
კონფერენციის მიზანი იყო ბავშვის უფლებების შესახებ სწავლებისა და სწავლისთვის შესაბამისი სივრცის უზრუნველყოფა და მომავალი სპეციალისტებისთვის აღნიშნული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების შესაძლებლობის მიცემა.
მინისტრის მოადგილემ კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის გამჭვირვალედ და კანონთან სრული შესაბამისობით წარმოების მიზნით უწყების მიერ განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე. კერძოდ, აკადემიის მიერ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხების სწავლების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გაწეულ საქმიანობაზე, გამოძიების მონიტორინგის გზით, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვის მიმართულებით.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის მოადგილემ, თემურ მაღრაძემ, კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით აკადემიაში არსებულ სახელმძღვანელოზე, სასწავლო პროგრამებსა და დაგეგმილ აქტივობებზე.
კონფერენციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ პროფესორები და სტუდენტები, მთავრობის და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, გაეროს სააგენტოებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, მასწავლებლები და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ბრალდებით, სხვადასხვა დროს, თბილისში 5 პირი დააკავეს.
დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.გ. თბილისში დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, “ჩეზეს“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 10 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
ასევე, დაკავებულია 1982 წელს დაბადებული დ.დ., რომელიც ცეცხლსასროლ იარაღებს ყიდულობდა, იფორმებდა თავის სახელზე, შემდეგ იარაღის საიდენტიფიკაციო ნომერს შლიდა და სხვადასხვა პირებზე მის მართლსაწინააღმდეგო რეალიზაციას ახდენდა.
პოლიციამ, დაკავებული დ.დ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის 8 ცეცხლსასროლი იარაღი, 3 სანადირო თოფი, 8 მჭიდი, 5 636 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა და მის სახელზე გაცემული იარაღის 72 სარეგისტრაციო მოწმობა ამოიღო.
სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1978 წელს დაბადებული დ.ბ.-ის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“, „ბრაუნინგის“ ტიპის პისტოლეტი, 9 ვაზნა და 1 მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ, 1992 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ნ.დ.-ს და 1981 წელს დაბადებულ გ.ჟ.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედებათ.
პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, „A.T.C MOD 5“-ის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 5 საბრძოლო ვაზნა.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.

სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ბ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა 1959 წელს დაბადებულ კ.ჩ.- ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
 
 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე სექსუალური ძალადობის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის სახელმძღვანელოს პრეზენტაციას დაესწრო.
სახელმძღვანელო ევროპის საბჭოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „თანასწორობა ახლას“ მიერ შემუშავდა, რისთვისაც მინისტრის მოადგილემ პარტნიორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა. სახელმძღვანელო მიზნად ისახავს სექსუალური ძალადობის საქმეების ხარისხიანი გამოძიებისათვის საჭირო ცოდნის, უნარების გაუმჯობესებას, მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენებას და სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოებისთვის საქმეების ეფექტიანად მომზადებას.
ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა სექსუალური ძალადობის დანაშაულების გამოძიების თავისებურებებსა და ამ მიმართულებით მართლმსაჯულების ყველა ეტაპის გენდერულად მგრძნობიარე მეთოდოლოგიით განხორციელების აუცილებლობაზე. მან აღნიშნა, რომ ამ მიზნების მისაღწევად, სახელმძღვანელოს შემუშავება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დამხმარე ინსტრუმენტია.
მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ სახელმძღვანელოს საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში სექსუალური ძალადობის საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების წარმოების თემაზე გამომძიებელთა სპეციალიზაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში, სამინისტროს ტერიტორიული და სტრუქტურული ერთეულების 127 გამომძიებელი და 10 ტრენერი უკვე გადამზადდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე, სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი სპეციალიზებული გამომძიებლებით სრულად დაკომპლექტდება.
სახელმძღვანელო ევროპის საბჭოს პროექტის - „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის - „გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისათვს“ (UNJP) და ორგანიზაცია „თანასწორობა ახლას“ ხელშეწყობით მომზადდა.
აღნიშნული პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, 2020 წლიდან ხორციელდება.