შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და იმერეთში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 5 პირი დააკავეს.
„ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ჯგუფური გამოძალვის თანამონაწილეობისთვის დაკავებული არიან: 1978 წელს დაბადებული დ.ქ., 1961 წელს დაბადებული ი.ხ. და წარსულში ნასამართლევები - 1977 წელს დაბადებული ა.ბ., 1973 წელს დაბადებული მ.ბ. და 1978 წელს დაბადებული პ.კ.
დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთი დაკავებული დ.ქ.-ს მიმართვის საფუძველზე, მასსა და მოქალაქეს შორის არსებული ფინანსური დავის მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყვეს, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ.
ბრალდებულებმა ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად მოწყობილ შეკრებაზე, მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ, განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პირადი ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.
პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.
გამოძიება მიმდინარეობს „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, "ქურდული სამყაროს" წევრისადმი მიმართვის, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ჯგუფურ გამოძალვაში თანამონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა , 223-ე მე-2 პრიმა, 223-ე მე-3 პრიმა, 223-ე მე-4 პრიმა, 181-ე და 25-181-ე მუხლებით.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის (კომპენსაციის) ზრდის შესახებ. განვმარტავთ, რომ მთავრობის წარდგინებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა და 2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.
წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად - საკანონმდებლო განხილვების დასრულების შემდეგ, აღნიშნული ცვლილებები 2024 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება.
2006 წლის შემდეგ, პირველად, კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის იზრდება პენსიის (კომპენსაციის) მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560 ლარიანი ლიმიტის ნაცვლად იქნება 1000 ლარი.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, პოლიციის კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას დაღუპულ პოლიციელთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობით პოლიციელის ოჯახს ერთჯერადად გადაეცემა ფულადი დახმარება 100 ათასი ლარი. ხოლო, პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახისთვის, დადგენილი ყოველთვიური პენსიის ოდენობა 1000 ლარის ნაცვლად იქნება 1200 ლარი.
2013 წლის შემდეგ, პირველად, იზრდება პენსიის (კომპენსაცია) გამოანგარიშების კანონით დადგენილი კოეფიციენტები შემდეგი პრინციპით:
პენსიისთვის განსაზღვრულ არსებულ თანხას დაემატება
ა) უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირი (რიგითი-ზემდეგი) – 5 ლარი, ნაცვლად 2 ლარისა;
ბ) საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირი (უმცროსი ლეიტენანტი - კაპიტანი) - 10 ლარი, ნაცვლად 5 ლარისა;
გ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირი (მაიორი - პოლკოვნიკი) − 15 ლარი, ნაცვლად 10 ლარისა;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირი (გენერალ-მაიორი - გენერალ-პოლკოვნიკი) – 25 ლარი, ნაცვლად 15 ლარისა.
ანალოგიურად იზრდება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის კომპენსაციის გაანგარიშების ოდენობა.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებულია და აღნიშნული პენსია 1 მაისიდან გაიზრდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1984 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.გ. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
 
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, "თი-ბი-სი" ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და იარაღის მუქარით თანხის დაუფლებას შეეცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
 
პოლიციამ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გ.გ. ცხელ კვალზე დააკავა.
 
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
 
ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული და პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიზანს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს, 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

ცვლილებების თანახმად, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით.

ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.

ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლები და აღნიშნულ მახასიათებლებთან მათი შესაბამისობის დადგენის წესი, საქართველოს მთავრობამ დადგენილებით დაამტკიცა.

დადგენილებით, ასევე, დამტკიცდა იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით.

ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:


საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი.
საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს:
- არანაკლებ 3 მმ. − მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3);

- არანაკლებ 4 მმ. − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3);

საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი;
საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა;
ავტობუსისთვის (M3) და 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისთვის (N2, N3) დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო - ფიფქი. ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი უფლებამოსილია ზემოაღნიშნული კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დააწესოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი.
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე.

- თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია პირს აუკრძალოს დადგენილებით განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე შესვლა.

- თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და ამ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, პირს შესაძლოა დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე.

ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.

დეტალური ინფორმაცია ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლების, ასევე, იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალის შესახებ, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით, იხილეთ ბმულზე: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6040563?publication=0

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე და საზოგადოების დამატებით ინფორმირების მიზნით გვსურს განმარტება გავაკეთოთ მიგრაციისა და მობილობის შესახებ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ.
გაფორმებული შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. გარდა ზემოაღნიშნულისა, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის არსებული მექანიზმების გაძლიერებას.
შეთანხმება წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ჩარჩოს, რათა დამატებით შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც ზემოაღნიშნული სამი მიმართულებით შეიმუშავებენ შემდგომი თანამშრომლობის გეგმებსა და სტრატეგიებს. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ქართული მხარე ადვოკატირებას გაუწევს საქართველოს მოქალაქეების შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით ყველა იმ ინიციატივას, რომელიც შედის საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესში.
შეთანხმების საფუძველზე გაფართოვდება საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური დასაქმების არეალი გერმანიის შრომის ბაზარზე. გარდა სეზონური სამუშაოებისა, დასაქმების მეტი შესაძლებლობები გაჩნდება სხვა სფეროებშიც, როგორიცაა მაგალითად ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და მომსახურეობის სფერო.
შეთანხმება ასევე, ითვალისწინებს საქართველოს იმ მოქალაქეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, რომლებმაც უკვე დატოვეს სამშობლო და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ. გარდა ამისა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება იგეგმება დასაქმებული სპეციალისტების გადამზადებისა და განათლების სისტემაში თანამშრომლობის გაძლიერებით. კონკრეტულად იგეგმება მაქსიმალურად ხელი შეეწყოს სტუდენტების, სტაჟიორებისა და მკვლევარების გაცვლით პროგრამებს.
მოცემული შეთანხმების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საქართველოდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ცირკულარული მიგრაციისა და შრომითი ლეგალური მიგრაციის გაძლიერება, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით მოხდება სამუშაო ძალისა და კვალიფიციური მუშახელის მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობა.
სამწუხაროდ, სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ქართულმა მხარემ უარი განაცხადა ე.წ. „ბალკანურ მოდელზე“. აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს.
გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოსა და გერმანულ მხარეს შორის დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკების პროცესი, მათ შორის შედგა შესაბამისი შეხვედრები და ვიზიტები, რის საფუძველზეც შემუშავდა ზემოაღნიშნული შეთანხმების პროექტი, სადაც ე.წ. „ბალკანური მოდელი“ არ წარმოადგენდა განხილვის საგანს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 19 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგულ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით მისასალმებელია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებასთან დაკავშირებით.

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის ნენსი ფეზერის ორ დღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
ნენსი ფეზერი დელეგაციის წევრებთან ერთად შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ლევან იზორიამ გააცილეს.
ვიზიტის ფარგლებში, ნენსი ფეზერმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან - ვახტანგ გომელაურთან.


გერმანიის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტების შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას. შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვახტანგ გომელაურმა და ნენსი ფეზერმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ქართველი და გერმანელი ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

 

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა და გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა - ნენსი ფეზერმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

ვახტანგ გომელაურმა თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ მიულოცა საზოგადოებას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში. შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის წამყვან სახელმწიფოებთან, მათ შორის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ორი ქვეყნის მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკას შორის გაფორმებული მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე.ბრიფინგზე აღინიშნა, რომ გაფორმებული შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მეტ შესაძლებლობას მისცემს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მხარდაჭერისთვის. გერმანია ყოველთვის გვერდში უდგას საქართველოს ყველა მიმართულებით, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ევროინტეგრაციის კუთხით, ჩვენ სულ ახლახანს კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას გილოცავთ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო გერმანიის მხრიდან, ყოველთვის ვგრძნობთ ამას.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა და ხელი მოეწერა მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას.
შეთანხმების პროექტი მოიცავს, დებულებებს შემდეგ საკითხებზე. უკანონო მიგრაციის შემცირება, შრომითი ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობა, საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილების გაზიარება. შეთანხმების ფარგლებში გაცვლითი მონაცემების დაცვა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

"პირველ რიგში ხაზი მინდა გავუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გარემოებას. ეს იყო ევროპული საბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. გერმანიამ აქტიურად დაუჭირა მხარი ამას, გილოცავთ. ამას გარდა ძალიან მახარებს ის, რომ ხელი მოვაწერეთ მიგრაციის შეთანხმებას, რომელიც უფრო აძლიერებს და ინტენსიურს ხდის ამ სფეროში თანამშრომლობას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიენიჭა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, რომ ბუნდესტაგმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩვენც მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილებით, რაც ჩვენს ქვეყანაში მიღებულ იქნა, როგორც თქვენც აღნიშნეთ.
ამით ხდება ჩვენი სასამართლო სისტემის განტვირთვის ხელშეწყობაც. განსაკუთრებით კი ადგილობრივი თვითმმართველობების, რომლებიც უშუალოდ პასუხისმგებელნი არიან ლტოლვილთა თავშესაფრით უზრუნველყოფისთვის.
ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რა არის მნიშვნელოვანი - ჩვენი ქვეყნებისთვის: ძალიან მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობა, არალეგალური მიგრაციის შეზღუდვის ერთი მხრივ და მეორე მხრივ, მიზანმიმართული დასაქმება და განათლება, სპეციალისტებისა და მუშახელის მომზადება.
ჩატარდება საინფორმაციო კამპანია რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რა დაბალი შანსებია თავშესაფრის მოპოვებისა გერმანიაში. გაგრძელდება მუშახელის, სპეციალისტების მიზიდვის პროცესი.
დიდი მადლობა ქართულ მხარეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ეს არის კარგი საფუძველი ჩვენი ქვეყნების შემდგომი თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა - ნენსი ფეზერმა.

მინისტრებმა სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ, ქართველი და გერმანელი ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

ვახტანგ გომელაურმა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო ქვეყნად დასახელება ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გვინდა დიდ ოჯახში - ევროკავშირში კარი გაგვიხსნან პირველ რიგში უსაფრთხო უნდა იყო, თუ არ იქნები უსაფრთხო ქვეყნების სიაში, არავინ არ შეგვიშვებს. ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება თავისი ვალდებულებები, მნიშვნელოვანია, რომ ეს ვალდებულებები რაც აღებული გვაქვს შევასრულოთ" - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, გერმანულ მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებაც ისაუბრა.

"მინდა ხაზი გავუსვა, ის რაც გავრცელდა რომ დღეიდან მოხდება ჩვენი მოქალაქეების გამოძევება გერმანიიდან, ეს არის სრული სიცრუე, პირიქით, უფრო მეტი კარი იხსნება ჩვენთვის, იგივე დასაქმების კუთხით, სამუშაო ვიზების გაცემა დღეს უფრო შემჭიდროვებულია, მომავალში იქნება ბევრად უფრო ხელმისაწვდომი", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭების ფაქტს. ნენსი ფეზერმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზეც ისაუბრა.

დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა ნენსი ფეზერს საქართველოში სტუმრობისა და მტკიცე მხარდაჭერისთვის.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) ავსტრიის რეგიონული ოფისის დირექტორთან - ფრეია ფონ გროტთან.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი და საქართველოში გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) პროექტის უფროსი მენეჯერი.
შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს დანაყოფების საქმიანობისა და არსებული საჭიროებების შესახებ. მხარეებმა არსებული თანამშრომლობისა და მიმდინარე პროექტების ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.
ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის - „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)“ - ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაწეულ მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა სამოქალაქო უსაფრთხოება, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და დანაშაულის პრევენცია, ოჯახური ძალადობისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.
შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს უსაფრთხოების სექტორის გაძლიერების კუთხით გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) საქმიანობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო კურსი გაიარეს. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიული საკითხების განხილვას ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავებას: როგორიც არის პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი, პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები, ასევე, მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხები.
სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ციხისჯვარის ბაზაზე ჩატარდა.

სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 82 ხმით დაამტკიცა.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიზანს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
ცვლილებების თანახმად, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სავალდებულო იქნება სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა.
ამასთან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, შესაძლოა დადგინდეს ზემოაღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული დროის მონაკვეთი ან დაწესდეს დამატებითი მოთხოვნა, სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებთან ერთად მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვის შესახებ.
სანქციად წესდება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები 5 ქულით შემცირება.
ზამთრის საბურავების ტექნიკური მახასიათებლები საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.
კანონი 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.