შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, ბათუმში ორი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.

დასრულებული ბინები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა პირადად დაათვალიერა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ.

მინისტრის მოადგილის თქმით, პოლიციელებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, შეღავათიანი პირობებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები ბათუმში 88 პოლიციელმა მიიღო.

პროექტში მონაწილე ყველა პირს 80 კვადრატულ მეტრამდე ფართობის საცხოვრებელი ბინა „თეთრი კარკასის“ მდგომარეობით გადაეცათ. ახალაშენებულ კორპუსებს აქვთ შიდა და გარე საერთო სარგებლობის ავტოსადგომი და გამწვანებული გარე პერიმეტრი.

ბინათმშენებლობის პროექტით შეღავათიან ფასებში ბინის შეძენის მსურველები შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შექმნილმა კომისიამ შეარჩია, შემდეგ კი კანდიდატებს შორის გამარჯვებულები ლოტოტრონის პრინციპით შეირჩა.

ბინათმშენებლობის პროექტი თბილისში, რუსთავსა და ბათუმში განხორციელდა და ამ დრომდე, საკუთრებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს 253 თანამშრომელს გადაეცა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა - თემურ მღებრიშვილმა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეშვიდე სხდომის გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.
თემურ მღებრიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს წამყვან როლს ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, ასევე, ისაუბრა ქბრბ საფრთხეების გამოვლენისა და რეაგირების მექანიზმების შესახებ.
საკოორდინაციო საბჭოს ასევე სიტყვით მიმართა საბჭოს წევრი ყველა რელევანტური სახელმწიფო უწყების მაღალი დონის წარმომადგენელმა. ღონისძიების გახსნით ნაწილში, ასევე მონაწილეობა მიიღო აშშ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელმა, ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების ხელმძღვანელის მოადგილემ და UNICRI-ის რეგიონალურმა კოორდინატორმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროდან სხდომას ასევე ესწრებოდნენ ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე პასუხისმგებელი დანაყოფების, კერძოდ, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
სხდომის ფარგლებში, განხილულ იქნა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესაბამისად განხორციელებული აქტივობები, არსებული გამოწვევები და მიღწეული პროგრესი. აღნიშნულ ნაწილში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების მიმართულებით უწყების შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე მოხსენება გააკეთა. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მოადგილესთან გიორგი ბუთხუზთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, აჭარაში, ქალაქ ბათუმში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გახსნა.
შინაგან საქმეთა მინისტრი სერვისცენტრის თანამშრომლებს გაესაუბრა და მათ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ახლადგარემონტებული შენობაც დაათვალიერა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი.
ბათუმში, ერთიანი მომსახურების ცენტის გახსნა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების გაძლიერებასა და საპოლიციო სერვისებზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
დღეიდან მოქალაქეები 50-მდე საპოლიციო მომსახურებას, ერთ სივრცეში მიიღებენ. მათ შორის: ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმებას ან ჯარიმით შეცვლას, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღებას, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობას და სხვა.
საპატრულო პოლიციის თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრი აღჭურვილია ვიზიტორთა რიგის მართვის, ელექტრონული ხელმოწერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებით, ასევე, დანერგილია განაცხადების ელექტრონული ფორმით მიღების სისტემა.
შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, გორსა და ბათუმში უკვე ფუნქციონირებს და სამომავლოდ საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიხსნება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს 9 ერთეული ახალი, მსუბუქი ავტომობილი გადასცა.
ავტომობილების გადაცემის ღონისძიებას საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი - ნიკოლოზ შარაძე ესწრებოდა.
აღნიშნული ავტომობილები სადარაჯო ხომალდების და კატარღების ეკიპაჟებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში გადაეცათ.
საქართველოს სანაპირო დაცვის ავტოპარკის განახლების მიზანს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და კომფორტული სამუშაო პირობების შექმნა წარმოადგენს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, შვედეთისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) მხარდაჭერით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებთან დაკავშირებით, მოსამართლეებთან და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენელმა საქართველოში - კაორი იშიკავამ შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.


სამუშაო შეხვედრას სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მოსამართლეები, პროკურორები, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, იურიდიული დახმარების სამსახურის და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლის მნიშვნელობასა და იმ მიდგომებზე, რასაც უწყება აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებთან ბრძოლის კუთხით და მსხვერპლთა დაცვის მიზნით ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ, ასევე ისაუბრა ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი რეაგირებისთვის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, შემაკავებელი ორდერის, რისკის შეფასების ინსტრუმენტის, მოძალადეებზე ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების როლსა და მნიშვნელობაზე, მათი ეფექტიანი გამოყენების რელევანტურ საკითხებზე იმსჯელეს.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) მრავალი წელია თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ახორციელებს პროექტებს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, გენდერული თანასწორობა, სექსუალური შევიწროება და სხვ.

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული 23 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა და მინისტრებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 იდენტიფიცირებული პირის ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან 21 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურთან არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“-დან მიღებული ინფორმაციით, სოფელ ლეჩურთან, მთის ფერდობზე, ფოთლოვან ტყეში შეინიშნებოდა დაკვამლიანება. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალ-ბარდს და ხის ხმელ ტოტებს გაუჩნდა.
მეხანძრე-მაშველების მიერ უწყვეტი სამუშაოების შედეგად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.
ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი და დრონები. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ მოხერხდა.
მთელი ღამის განმავლობაში, პრევენციისა და მონიტორინგის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1991 წელს დაბადებული მ.კ. ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გალის რაიონში სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე - 1989 წელს დაბადებულ ა.კ.-ზე.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ბრალდებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ვახტანგ გაბრიჭიძე წარუდგინა.

ალექსანდრე დარახველიძემ მიგრაციის დეპარტამენტის ახლადდანიშნულ დირექტორთან ერთად დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განიხილა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

ვახტანგ გაბრიჭიძე მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორის თანამდებობას იკავებდა.

ვახტანგ გაბრიჭიძე უწყებაში 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თურქმენეთის ოფისის მხარდაჭერით, თურქმენეთის დელეგაცია ესტუმრა ოფიციალური სამუშაო ვიზიტით.

თურქმენეთის დელეგაცია წარმოდგენილი იყო სახალხო დამცველის აპარატის, გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მეჯლისის (პარლამენტი) და საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებით. დელეგაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის, მიგრაციის დეპარტამენტის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.

ვიზიტის მიზანს სახალხო დამცველთან არსებულ, პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან (დეპარტამენტი) შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლობის გაცნობა წარმოადგენდა.

ქართულმა მხარემ თურქმენეთის დელეგაციას ასევე დეტალურად გააცნო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებულ პირთა მიმართ არსებული რეგულაციები, მათთვის განკუთვნილი სერვისები, დაკავებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და სხვ.

მხარეებმა ასევე გამოხატეს მზაობა აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიმართულებით.