შსს-ს მოადგილე გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის ავსტრიის რეგიონული ოფისის დირექტორს შეხვდა

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) ავსტრიის რეგიონული ოფისის დირექტორთან - ფრეია ფონ გროტთან.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი და საქართველოში გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) პროექტის უფროსი მენეჯერი.
შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს დანაყოფების საქმიანობისა და არსებული საჭიროებების შესახებ. მხარეებმა არსებული თანამშრომლობისა და მიმდინარე პროექტების ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.
ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის - „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)“ - ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაწეულ მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა სამოქალაქო უსაფრთხოება, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და დანაშაულის პრევენცია, ოჯახური ძალადობისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.
შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს უსაფრთხოების სექტორის გაძლიერების კუთხით გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) საქმიანობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.