შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული შ.ჩ. და 1983 წელს დაბადებული გ. ხ. ბაღდათსა და თბილისში დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედებათ.
 
 
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
იმერეთის პოლიციის თანამშრომლებმა ბაღდათში, ბრალდებული შ.ჩ.-ის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კალაშნიკოვის კონსტრუქციის „აკს-47“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი.
 
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი თბილისში, გ.ხ.-ის პირადი ჩხრეკისას, ბროხარდტ-ლუგერის სისტემის „პარაბელუმის” მოდელის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
 
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

თბილისში, მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დაგეგმილია საპროტესტო აქცია, რომლის ფარგლებშიც სატრანსპორტო კვანძების, კერძოდ, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე მოძრაობის გადაკეტვა იგეგმება.
აღნიშნული აქციის გაცხადებული მიზანია, თბილისში სატრანსპორტო კოლაფსის გამოწვევა.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, შეკრების მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისთვის. ამავე კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შეახსენებს, რომ ზემოაღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ასევე, ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება და აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა. აღნიშნული ქმედების ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე აქციების და შეკრებების დროს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ პოლიციელთა პროფესიულ საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.
კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს მაშველებმა, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა ქბრბ საფრთხეებზე რეაგირების კოლექტიური უნარების განვითარების სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა.

უწყებათშორისი სწავლება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით, 9 დღის განმავლობაში, ორ ეტაპად მიმდინარეობდა და მასში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ჩართული იყვნენ თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.

ტრენინგის პირველი ეტაპი თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ბრიგადის ბაზაზე, ხოლო მეორე ეტაპი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. ქბრბ საფრთხეებთან ბრძოლის დანაყოფებისთვის ჩატარებულ სპეციალურ სწავლებაში მონაწილეობდა ყველა შესაბამისი უწყების 60-მდე წარმომადგენელი, მათ შორის 10 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი იყო. კოლექტიური უნარების წვრთნების ძირითად მიზანს წარმოადგენდა ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების უნარების და უწყებათშორისი თანამშრომლობის გაუმჯობესება.

სწავლების დასრულების ცერემონია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზის ტერიტორიაზე გაიმართა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა - თემურ მღებრიშვილმა, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ევრაზიის ოფისის უფროსმა - ბერნარდ დობნერმა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოს პროგრამის ხელმძღვანელმა - მაიკლ ბრედვიკმა ტრენინგის მონაწილეებს წვრთნების წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან (DTRA) მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში არაერთი სწავლება განხორციელდა, გარდა ამისა, დანაყოფის გაძლიერების მიზნით, სააგენტომ სამსახურს ქბრბ ინციდენტებზე რეაგირებისთვის სპეციალური ტექნიკა და თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა.

უწყებათაშორისი სწავლება „დიდგორი 2021", საომარ და კრიზისულ სიტუაციაში სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავებისა და ურთიერთქმედების დახვეწას ემსახურება, აქტიურ ფაზაშია. სწავლებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს 200-მდე წარმომადგენლები როგორც საშტაბო, ისე საველე კომპონენტებში მონაწილეობს.
სწავლების აქტიურ ფაზაში საველე კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაციისა და სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებთან კოორდინაციით გაათამაშეს. ოპერაციას სწავლების იმიტირებული გენერალური შტაბი საჯარისო ცენტრში განთავსებული მართვის პუნქტიდან აკვირდებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი დანაყოფის - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, სწავლების ფარგლებში, საშტაბო ნაწილში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტების წარმომადგენლები კრიზისების მართვის უწყებათაშორისი ოპერატიული ცენტრის ორგანიზების და მუშაობის პროცესში არიან ჩართულები. სწავლებაში სულ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10 თანამშრომელი იღებს მონაწილეობას, რომლებიც 5 დღის განმავლობაში სამხედრო ბაზაზე, თანამედროვე, ნატოს სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ სივრცეში იმუშავებენ.
სწავლება წელს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით ტარდება, რომლის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს. სწავლების განმავლობაში სასწავლო აუდიტორიას მოუწევს ჰიბრიდულ გამოწვევებთან, მოწინააღმდეგის საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციებთან და დეზინფორმაციასთან გამკლავება. წელს სწავლებაში პირველად იქნება გამოყენებული ახალი სიმულაციური სისტემები VBS3 (ვირტუალური ბრძოლის ველი), რომელიც საშუალებას აძლევს საწვრთნელ ქვედანაყოფსა და სწავლების მაკონტროლებელ ჯგუფს სწავლებაში მიმდინარე მოვლენები რეალურ დროში აკონტროლონ და საერთო ოპერატიულ სურათზე გამოსახონ.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თბილისში, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია საპროტესტო აქცია.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, დედაქალაქში მობილიზებული იქნებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ.
 
 
შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას.
 
ამასთან, აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე აქციების და შეკრებების დროს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ პოლიციელთა პროფესიულ საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ნ.ქ. მარნეულში, ხოლო1992 წელს დაბადებული ლ.კ. ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

 

მათ ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ფონიჭალის დასახლებაში, ლ.კ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ,,ჰეროინის“ შემცველი 700 გრამი ნარკოტიკული საშუალება.

რაც შეეხება ნ.ქ.-ს, პოლიციამ იგი ქალაქ მარნეულში დააკავა. სამართალდამცველებმა, მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ,,ჰეროინის“ შემცველი ნახევარ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში არაერთგზის უნებართვო შეღწევის ბრალდებით დააკავეს 1998 წელს დაბადებული ლ.შ., რომელიც წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.შ.-მ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ შექმნა გვერდი, რომლის საშუალებითაც მას მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავდა, თითქოს დაბალპროცენტიან სწრაფ სესხებს გასცემდა.
დაინტერესებული მოქალაქეები აღნიშნულ გვერდზე საკუთარ საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს აგზავნიდნენ, რომლებიც რეალურად ლ. შ.-ს პირად გვერდზე იგზავნებოდა. მონაცემების მიღების შემდეგ, ბრალდებული მოქალაქეების კუთვნილი ანგარიშებიდან ტოტალიზატორის ანგარიშზე სხვადასხვა თანხას ირიცხავდა, შემდეგ კი პლასტიკური ბარათით ანაღდებდა.
გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია 14 დაზარალებული, მათთვის მიყენებული ზარალი კი 3 930 ლარს შეადგენს.
პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში არაერთგზის უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და ქობულეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1999 წელს დაბადებული ლ.ბ. თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, ადგილზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ბრაუნინგის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი.
რაც შეეხება მეორე პირს, 1991 წელს დაბადებული გ.კ. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. სამართალდამცველებმა, ქალაქ ქობულეთში, ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 მჭიდი და 46 საბრძოლო ვაზნა.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე და ევროპის საბჭოს შესაძლებლობების განვითარებისა და თანამშრომლობის პროექტის მენეჯერი - სეგოლენ ჩეშნაუ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარებული, HELP-ის დისტანციური კურსის დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს და კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. ღონისძიების დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა როგორც კურსის მონაწილეებს, ასევე, ევროპის საბჭოს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

სასწავლო კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის იყო განკუთვნილი. კურსის მიზანს წარმოადგენდა სამართალდამცველების ცოდნის და კვალიფიკაციის გაუმჯობესება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით არსებულ ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებზე.

სწავლების მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის აქტუალურ საკითხებსა და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც, ერთი მხრივ, აღნიშნული კატეგორიის დანაშაულების პრევენციისთვის და მეორე მხრივ, მათზე ეფექტიანი რეაგირებისთვისაა აუცილებელი.

აღნიშნული კურსი ევროპის საბჭოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში შემუშავდა. პროექტი 2020 წლიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით ხორციელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ისნის 62-ე საარჩევნო უბანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს, რაც საარჩევნო უბნის მიმდებარედ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ისნის 62-ე საარჩევნო უბანში, სადაც შეკრებილი იყვნენ სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერები, თბილისის მერობის კანდიდატი - ნიკანორ მელია მხარდამჭერებსა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები.

საარჩევნო უბანში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რა დროსაც ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა ნიკანორ მელიას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.