შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „პრომეთეუსის“ (II ფაზა) გახსნით ღონისძიებას დაესწრო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: საფრანგეთის ელჩი საქართველოში - შერაზ გასრი, საქართველოში იტალიის ელჩი - ენრიკო ვალვო, საქართველოში ლატვიის ელჩი - ედით მედნე, საქართველოში ესპანეთის სახელმწიფო რწმუნებული - მარკოს გრანადოს გომესი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი - ევია კოტანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი - ეკატერინე მაჭავარიანი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ვაჟა სირაძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - თეიმურაზ კუპატაძე და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ალექსანდრე დარახველიძემ ღონისძიების მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის დელეგაციასა და პროექტ „Prometheus“-ის კონსორციუმის მონაწილე ქვეყნებს პროექტის მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის გაწეული დახმარების მასშტაბი და მნიშვნელობა. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზე საზღვრისა და მიგრაციის მართვის, ასევე, არალეგალური მიგრაციისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
ალექსანდრე დარახველიძემ აგრეთვე ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები და ახალი ინიციატივები. სიტყვით გამოსვლის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით კი ევროკავშირის მიმართ და სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
პროექტ Prometheus-ის მეორე ფაზა 2022 წლის დეკემბერში დაიწყო და მისი მთავარი მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრისა და მიგრაციის მართვის, ასევე, ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებების და სამოქმედო გეგმების, განსაკუთრებით კი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სწავლებები, სამუშაო შეხვედრები და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისთვის. პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ამბარიანი და საგზაო პოლიციის უფროსის მოადგილე, არარატ ტევოსიანი ეწვივნენ.
 
მომსახურების სააგენტოში სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა, მომსახურების სააგენტოს დირექტორმა - ბესიკ ტეფნაძემ და სააგენტოს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.
 
მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
 
სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და საგზაო პოლიციის უფროსის მოადგილე ადგილზე გაეცნენ მომსახურების სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას, ქართული მართვის მოწმობების კატეგორიებსა და გაცემის წესს, აგრეთვე იმ სერვისებს, რომლებსაც სააგენტო მოქალაქეებს სთავაზობს. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს სააგენტოს ინფრასტრუქტურა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში ნასამართლევი 4 პირი დააკავეს.

დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებული არიან: 1980 წელს დაბადებული ლ.ღ. და 1977 წელს დაბადებული ა.ჩ. (მეტსახელად „ბუფალო“), ხოლო მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის - 1979 წელს დაბადებული ლ.ბ. (მეტსახელად „კუდალა“).

1971 წელს დაბადებული გ.მ. კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა - ა.ჩ.-მ და ლ.ღ.-მ 2023 წლის 20 იანვარს ნაცნობი - პ.ჩ. მოტყუებით მიიყვანეს ზაჰესში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც გადასცეს 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება, მისი რეალიზებისთვის 2 კვირის ვადა მისცეს და ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გადაცემა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პ.ჩ.-ს ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრნენ.

ვინაიდან პ.ჩ.-მ არ შეასრულა ბრალდებულების მოთხოვნები, ა.ჩ.-მ და ლ.ღ.-მ იგი ძალის გამოყენებით, ავტომანქანით წაიყვანეს დიღომში, რომელსაც ლ.ბ. მართავდა. გზაში ბრალდებულები ემუქრებოდნენ პ.ჩ.-ს მისი და მის ოჯახის წევრების წამებით, დაწვით და ლიკვიდაციით, ასევე, ფიზიკურად ძალადობდნენ მასზე. მოძალადეებმა პ. ჩ. იმ პირობით გაუშვეს, რომ რამდენიმე დღეში ა.ჩ.-ის საბანკო ანგარიშზე 20 000 ლარი უნდა ჩაერიცხა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას, მის მცირეწლოვან შვილს, მეუღლეს და დედას ფიზიკურად გაანადგურებდნენ.

ლ.ბ.-მ, რომელიც შეესწრო ა.ჩ.-ს და ლ.ღ.-ს მიერ ჩადენილ დანაშაულს, სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ არ შეატყობინა.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა განახორციელეს ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რის შედეგადაც დადასტურდა დაკავებულთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირის გ.მ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი ოდენობით "მარიხუანა".

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე მუხლით, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვას, ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, სამინისტროს მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის, მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

ვახტანგ გომელაურმა გასული წლის საქმიანობის მიმოხილვისას განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2022 წელს აქტიურად განაგრძო დანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა - როგორც პრევენციული ღონისძიებები, ასევე, მომხდარ დანაშაულებზე სწრაფი რეაგირება, რაც სტატისტიკურ მონაცემებში აისახა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პოლიციის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, 2022 წლის დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია - 62%-ს აღემატება, ამასთანავე, შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ყაჩაღობა და ქურდობა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, 2022 წელს დასრულდა კრიმინალური პოლიციის რეფორმის პირველი ეტაპი - სრულად გაიმიჯნა ოპერატიული, საგამოძიებო და პრევენციული მიმართულებები. რეფორმის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტმა თბილისის ყველა რაიონი მოიცვა. თბილისის შემდეგ, რუსთავი გახდა პირველი ქალაქი, სადაც მართლწესრიგის ოფიცრები უკვე შეუდგნენ საქმიანობას.

ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა, რომ გასულ წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების მიზნით, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, განახლდა ავტოპარკი, სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა. 2022 წელს, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციის შედეგად, 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, ფრანგულ კომპანია "Airbus Helicopters"-თან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. შვეულმფრენები, რომლებსაც სამინისტრო შეიძენს, მრავალფუნქციურია და შეუძლიათ შეასრულონ საპოლიციო, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ოპერაციები.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროს ყველა თანამშრომელს საზოგადოებრივი წესრიგისა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გაწეული დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

ვახტანგ გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ სამინისტროს თანამშრომელთა სოციალური პირობების გაუმჯობესება, მათთვის ღირსეული და სათანადო სამუშაო გარემო შექმნა უწყების უმთავრესი პრიორიტეტია.

2022 წლის პირველი იანვრიდან, პოლიციელების, პატრულ-ინსპექტორების, მესაზღვრეების, მეხანძრე-მაშველების და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომლის ხელფასები 10%-ით გაიზარდა. 2023 წლიდან კი, შტატიანი თანამშრომლების ხელფასი გაიზარდა 20%-ით, ხოლო დანარჩენი თანამშრომლების - 10%-ით, როგორც ყველა სხვა საჯარო უწყების თანამშრომლების.

ვახტანგ გომელაურმა „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობის პროექტზეც ისაუბრა. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 2023 წელსაც აქტიურად გაგრძელდება რეფორმები, ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება.

 

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავიდა, სადაც ქართული სამაშველო ჯგუფის წევრები სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურებთან ერთად აწარმოებენ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს პირადად შეხვდა და სამაშველო ღონისძიების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ სამაშველო ჯგუფებს მადლობა პირადად გადაუხადა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში, თურქულ მხარესთან კოორდინაციით, ამ დრომდე ახორციელებენ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს.

ქართული სამაშველო ჯგუფი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით იმყოფება.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ციხისჯვრის ბაზაზე სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსის დახურვის ღონისძიება გაიმართა.
 
სტრატეგიული მილსადენების დაცვის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების ხელმძღვანელმა პირებმა სწავლების მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადასცეს.
 
სასწავლო კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. სწავლებას პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.
 
საბაზისო სამკვირიანი სასწავლო კურსი დაბა ბაკურიანში მიმდინარეობდა. ტრენინგის მონაწილეებმა შეისწავლეს თოვლში თავშესაფრის მოწყობა და განსაკუთრებულად ცივ პირობებში მოქმედება, გადაადგილება თხილამურებითა და თოვლზე სასიარულო სპეციალური საშუალებებით, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძიების მეთოდები, დაშავებულის ამოყვანა და ევაკუაცია.
 
სასწავლო კურსის მიზანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომელთა სამთო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და კვალიფიკაციის ამაღლება.
 
 

ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრის - ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში, ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესმა და ესპანეთის დელეგაციის წევრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრა გამართეს. მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები დასახეს.

შეხვედრის ფარგლებში, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ოქმს - „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების განხორციელების თაობაზე“. მხარეებმა ასევე განიხილეს მხარეთა შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი.

ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, მომსახურების სააგენტოს ეწვია, სადაც ესპანელი სტუმრები გაეცნენ მომსახურების სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას, ქართული მართვის მოწმობების კატეგორიებსა და გაცემის წესს, აგრეთვე იმ სერვისებს, რომლებსაც სააგენტო მოქალაქეებს სთავაზობს. ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრისა ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესი, დელეგაციასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეწვია.
მომსახურების სააგენტოში სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა, მომსახურების სააგენტოს დირექტორმა - ბესიკ ტეფნაძემ და სააგენტოს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. დელეგაციას თან ახლდა საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში - ილია გიორგაძე.
ესპანეთის დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ მომსახურების სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას, ქართული მართვის მოწმობების კატეგორიებსა და გაცემის წესს, აგრეთვე იმ სერვისებს, რომლებსაც სააგენტო მოქალაქეებს სთავაზობს. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს სააგენტოში არსებული ინფრასტრუქტურა.
ვიზიტის ფარგლებში, გუშინ ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა. ვახტანგ გომელაურმა მხარეთა შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ქართული მართვის მოწმობების ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაცია განხორციელდა.


ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის - „ბაკურიანი 2023“-ის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რამდენიმედღიანი ღონისძიების მსვლელობისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
„ბაკურიანი 2023“ -ში 42 ქვეყნის 700 - მდე სპორტსმენი მონაწილეობს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ეკიპაჟები უზრუნველყოფენ დაწესებული სატრანსპორტო რეგულაციების აღსრულებას, ჩემპიონატში მონაწილე პირების და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, დაბა ბაკურიანში მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხოების მიზნით, მართლწესრიგის და საგზაო მოძრაობის წესების დაცვას უზრუნველყოფენ.
მოთხილამურე პატრულები კი სასრიალო ტრასებზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას დაიცავენ. მოთხილამურე პატრულები აღჭურვილი არიან ყველა საჭირო ტექნიკით, რათა საჭიროების შემთხვევაში, დამსვენებლებს შესაბამისი დახმარება გაუწიონ.
კრიმინალური პოლიცია დაბა ბაკურიანში 24 საათის განმავლობაში ახორციელებს დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებს.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ჩემპიონატის ღონისძიებების ტერიტორიებზე მყოფი მონაწილეებისა და გულშემატკივრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სხვადასხვა ლოკაციაზე მოწყობილია დაცვის პოლიციის 4 საგუშაგო, სადაც დაცვის პოლიციის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები დაბა ბაკურიანში მობილიზებული არიან შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით, რათა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ სახანძრო-სამაშველო ღონისძიებები. მაშველები ორ ლოკაციაზე არიან გადანაწილებულნი.


შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ზ.უ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა ნაცნობს - 1974 წელს დაბადებულ ხ.ლ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.უ მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.