შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ა.ს. ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.
 
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ანგარების მოტივით განიზრახა საკუთარი ბებიის - 1951 წელს დაბადებული ვ.ს.-ის შეკვეთით მკვლელობა. მას ამ მიზნით დაქირავებული მკვლელისთვის უნდა გადაეხადა 150 000 აშშ დოლარი. ა.ს.-მ პირს, რომელსაც უნდა შეესრულებინა მისი ბებიის მკვლელობა, დაუსახელა მსხვერპლის სახელი ასაკი, საცხოვრებელი მისამართი და ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გაუგზავნა ბებიის ფოტოსურათი. ბრალდებულმა დანაშაულის მომზადებისთვის წინასწარ გადასცა გარკვეული თანხა, ხოლო შეკვეთის შესრულების შემდგომ დაჰპირდა დარჩენილი თანხის გადახდას.
 
პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების, ასევე, ფარული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ა.ს. დააკავა.
 
ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა - თამარ გვარამაძემ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები და უწყების თანამშრომლები.
 
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა - თამარ გვარამაძემ.
 
ალექსანდრე დარახველიძემ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლობის ფარგლებში გამოვლენილ გამოწვევებსა და მათი ერთობლივად გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
 
თამარ გვარამაძემ სახალხო დამცველის მანდატის ძირითადი ასპექტები, სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის სპეციფიკა და მიმდინარე საქმიანობა მიმოიხილა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები და სამომავლო გეგმები დასახეს.
სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის პროექტის - „საგარეო უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“ ორგანიზებით გაიმართა.
 
 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, სხვა უწყებების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ცალკეული სამოხელეო დანაშაულების პრევენციის სპეციალური საბჭოს წარდგენის ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიების გახსნის შემდეგ შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ.
 
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიმართვაში ხაზი გაუსვა საბჭოს წევრი უწყებების კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას.
 
ღონისძიების ფარგლებში, სამოხელეო დანაშაულების წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - კოკა კაციტაძემ, გენერალური პროკურორის მოადგილემ - გიორგი გაბიტაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ - თორნიკე ჭეიშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ - ალექსი ბატიაშვილმა მოაწერეს.
 
დოკუმენტი სამოხელეო დანაშაულების, სამართალდამცავების მიერ ჩადენილი ძალადობრივი და არასათანადო მოპყრობის ფაქტების პრევენციისთვის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავებას ითვალისწინებს.
 
ღონისძიებაში მონაწილეებმა განიხილეს მემორანდუმის საფუძველზე სამომავლო თანამშრომლობის ფორმები, მემორანდუმის მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობები.
 
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი - ოთარ ღვინაშვილი, რომელიც 20 იანვრის ღამეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საგარეჯოში დაიღუპა, სამხედრო პატივით დაიკრძალა.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელი უკანასკნელ გზაზე გააცილეს შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა, მისმა მოადგილეებმა, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელმა პირებმა, გარდაცვლილი პოლიციელის კოლეგებმა და ახლობლებმა.

საპატიო ყარაულმა გარდაცვლილის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, დაკრძალვის შემდეგ კი მის შვილს საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.

დაკრძალვის ცერემონიამდე, გუშინ, ოთარ ღვინაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, დაღუპული პოლიციელის ხსოვნას პატივი მიაგო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრა.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპული პოლიციელი - ოთარ ღვინაშვილი დაჯილდოვდა სამინისტროს I ხარისხის მედლით - "განსაკუთრებული დამსახურებისათვის."

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტის - 1985 წელს დაბადებული ოთარ ღვინაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, თანამშრომლებსა და ახლობლებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოში, ერთ-ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა.
თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა.
საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი.
სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვატანგ გომელაურმა საგარეჯოში მომხდარი თავდახმის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„ძალიან მძიმე შემთხვევაა, მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს. გარდაცვლილია 5 ადამიანი და ერთი ჩვენი თანამშრომელია, სამწუხაროდ. 5 ადამიანია დაჭრილი, ერთი-ერთი არის მძიმედ, ოპერაცია უტარდება. ექიმები ვერ გვეუბნებიან რა სიმძიმისაა, არტერია აქვს დაზიანებული და ვერ გვეუბნებიან გადარჩება თუ არა. შემთხვევას ვერ ვხსნით ვერავინ თუ რა მოხდა. იმ მოქალაქის სახლში, რომელმაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა, მისი სრულწლოვანი შვილიც იმყოფებოდა. მსროლელმა ჯერ აივნის, შემდეგ კი მეორე მხრიდან დაიწყო სროლა, რის შემდეგაც შვილმა დატოვა სახლი, გამოვიდა. ადგილზე მოვიდა საპატრულო პოლიცია, შემდეგ მეორე მხრიდან გახსნა ცეცხლი, რის შედეგადაც დაიჭრა ჩვენი თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც ვიცით და ოპერატიულად დაგვიდასტურეს, რომ დამნაშავე მოქმედი სამხედროა არაა, 2006 წლიდან მუშაობდა 2021 წელს არის წამოსული სამხედრო სამსახურიდან. როგორც დაგვიდასტურეს ავღანეთის მისიაშიც ნამყოფია. რა მოხდა ჯერჯერობით არავინ იცის. სპეცდანიშნულების რაზმის ჩამოსვლისთანავე მოუწოდეს ცეცხლის შეწყვეტისკენ, დამნაშავემ კიდევ რამდენიმე გასროლა განახორციელა, როდესაც კარი შეაღო რაზმმა, გასროლის ხმა გაისმა და დამნაშავე საწოლზე გადაწოლილი, გვერდით ცეცხლსასროლი იარაღით დახვდათ, თავიდან სისხლი მოსდიოდა. ადგილზე ასევე ნახეს ხელყუმბარის რამდენიმე რგოლი, შეიძლებოდა ის იყო დანაღმული, გამოვიძახეთ გამნაღმველები, რომლებმაც ახლა დაასრულეს მუშაობა. შვილი ვერაფერს გვეუბნება. მისი თქმით, რომ გამოვიქეცი სახლიდან გვამები უკვე ძირს იყო დაგდებულიო. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, დაკითხვა. ჯერჯერობით მეტი ინფორმაცია არ გვაქვს“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,საგარეჯოში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.

ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება, ასევე ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომლთა მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორებმა - ნინო ქარცხიამ და ირაკლი ცაგურიამ აშშ-ის ილინოისის შტატის პოლიციის აკადემიის 14-კვირიანი საბაზისო მომზადების კურსი წარმატებით დაასრულეს.
 
 
კურსის დახურვისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე მიწვეული იყო საქართველოს შსს-ს აკადემიის დელეგაცია, რექტორის - ივანე პაპიაშვილის ხელმძღვანელობით.
 
აღნიშნული კურსი საქართველოს შსს-ს აკადემიასა და აშშ-ის ილინოისის შტატის პოლიციის აკადემიას შორის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროსთან (INL) თანამშრომლობის ფარგლებში, პირველად განხორციელდა.
 
ქართველი ინსტრუქტორები აშშ-ში მიღებულ ცოდნას შსს-ს აკადემიაში არსებული სასწავლო პროცესის მოდერნიზაციისთვის გამოიყენებენ.
 
კურსის დახურვის ცერემონიის პარალელურად, ვიზიტის ფარგლებში, ქართულ დელეგაცია ილინოისის შტატის პოლიციის აკადემიისა და პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობას გაეცნო. მხარეებმა ასევე განიხილეს პოლიციელთა განათლების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით, პირველ ეტაპზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრში ჟესტური ენით მომსახურება დაინერგა, რაც ყრუ და სმენადაქვეითებული მოქალაქეებისთვის საპატრულო პოლიციის 50-მდე სერვისის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
 
 
ერთიანი მომსახურების ცენტრის ინსპექტორები გადამზადდნენ შშმ პირების მომსახურების სპეციფიკასა და ჟესტურ ენაში, აგრეთვე, შეიქმნა შშმ პირთა მომსახურების სტანდარტი, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების გაცემა.
 
აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა ადაპტირებულია შშმ პირთა საჭიროებებზე. კერძოდ, ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ფუნქციონირებს ლიფტი, ხოლო მხედველობაშეზღუდული მოქალაქეებისთვის (უსინათლო, მცირედმხედველი) განთავსებულია ტაქტილური ბილიკები, რომელთა გამოყენებითაც აღნიშნული კატეგორიის მოქალაქე ერთიანი მომსახურების ცენტრის სივრცეში ხვდება.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სატელეფონო მომსახურების ცენტრში დაინერგა ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის ვიდეოზარით მომსახურების მოდელი, რის შედეგადაც ყრუ და სმენადაქვეითებული მოქალაქეებისთვის დისტანციურად ხელმისაწვდომია საპატრულო პოლიციის 50-მდე სერვისი. მომსახურებას გასცემს ერთიანი მომსახურების ცენტრის ინსპექტორი, რომელიც გადამზადებულია და ფლობს ჟესტურ ენას.
 
ვიდეოზარით მომსახურების მისაღებად ყრუ და სმენადაქვეითებულმა პირმა უნდა მოგვმართოს შემდეგ ნომერზე - +995 577 77 51 91, ხორციელდება მიღებული ზარების ჩაწერა.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მუდმივად ზრუნავს შშმ პირებისთვის მომსახურების გაუმჯობესებაზე, ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შექმნით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის მყვინთავ-მაშველებს მყვინთავის უახლესი მოდელის სპეციალური აღჭურვილობა გადაეცათ.
 
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე, სამსახურის მიერ შეძენილი სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერეს და მის მახასიათებლებს პირადად გაეცნენ.
 
ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - როინ ვარშანიძე და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი დაესწრნენ.
 
გასულ წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ შეძენილ იქნა 8 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სპეცფორმა და სხვადასხვა სახის აღჭურვილობა. შესაბამისად, სრულიად განახლდა სამთო და მყვინთავი მაშველების სპეციალური აღჭურვილობა.
 
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პირადი შემადგენლობის ახალი აღჭურვილობით, სპეცფორმითა და ავტოტექნიკით მომარაგებას მიმდინარე წელსაც აქტიურად გააგრძელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის - "ემეგობრე პოლიციას" ფარგლებში, მიმდინარე წელს ბოლო საინფორმაციო შეხვედრები თბილისისა და სხვადასხვა რეგიონის სკოლებში განხორციელდა.

სამინისტროს დანაყოფების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის N1 და N10, სენაკის N1 და N7, ფოთის N4 და N5, ბოლნისის N1 და N5 საჯარო სკოლებში, აგრეთვე, შეხვედრები გაიმართა თბილისის N119 და N208 საჯარო სკოლებში, ნიჭიერთა კერძო სკოლასა და სკოლა-ლიცეუმ "პრომეთეში".

საინფორმაციო შეხვედრებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბავშვებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ გადაღებული ვიდეორგოლები უჩვენეს. სამინისტროს თანამშრომლებმა მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს მათთვის აქტუალურ საკითხებზე, ბავშვთა უფლებების, ბულინგის, ძალადობის, ორგანიზებული დანაშაულისა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.