„ჩემი საქართველო აქ არის“ ანუ 20 ივნისიდან 20 ივნისამდე

ბლოგი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რატომ არ ახსენეს წლევანდელ აქციაზე გახარია

 „ჩემი საქართველო აქ არის“, - აი, სწორედ ეს ფრაზა ამეკვიატა 20 ივნისს, საღამოს, როცა რუსთაველზე შეკრებილ ათასობით თუ ათიათასობით თანამემამულეს ვუყურებდი. რა მნიშვნელობა აქვს, ვის მიერ იყო ორგანიზებული ეს აქცია? ბოლოს და ბოლოს, განა, არ მოვიდა დრო, ერთმანეთისთვის „ამისტებ-იმისტების“ ძახილს თავი დავანებოთ და ქვეყანაზე ერთად ვიზრუნოთ?! მე თუ მკითხავთ, 20-ში სწორედ იმის დემონსტრირება მოხდა, რომ ყველანაირი პოლიტგემოვნების ადამიანი ქვეყანაზე ზრუნვით გაერთიანდა და მხოლოდ ევროპას კი არა, მთელ სამყაროს ნათლად დაანახა, რომ დიახ, ჩვენ, საქართველოს მოქალქეები - ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, აფხაზები, ოსები, რუსები და სხვანი და სხვანი, ჭეშმარიტად ევროპელები ვართ. დიახ, მთელ სამყაროს გავუგზავნეთ შეტყობინება, რომ ევროპა ჩვენი სახლია და ჩვენ, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მოსახლეობა ღირსეულ, ადამიანურ ცხოვრებას ვიმსახურებთ!

 

ზოგადად, ალბათ, ნებისმიერი პატარა ქვეყნის ბედისწერაა, რომ საკუთარი დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობისთვის იბრძოლოს და იომოს. ამ მხრივ, გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც საქართევლოა - მთელი ჩვენი ისტორია, სწორედ თავისუფლებისთვის ბრძოლის ქრონიკაა. ჩვენი წინაპრები, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ ოდესმე მოვიდოდა დრო, როცა ბრძოლა საჭირო აღარ იქნებოდა. ასეთი განცდა, შესაძლოა, 80-იანი წლების ბოლოსაც ანუ მაშინაც არსებობდა, როცა ეროვნული მოძრაობა აზვირთდა, მაგრამ ვაგლახ, ჩვენი ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა:

ჯერ იყო და, ეროვნული ხელისუფლება დავამხეთ და თბილისში ძმათა სასაკლაო მოვაწყვეთ.

მერე შევარდნაძე, რომელსაც თავის დროზე, მთელმა თუ არა ნახევარმა ერმა დაუჩოქა, არ წახვიდეო, შინ სულ კინწისკვრით გავაგდეთ.

მერე, მიშა მოვიყვანეთ, თან ისე მოვიყვანეთ, რომ „დაფნის გვირგვინიც“ კი დავადგით, მაგრამ მიშაც „უპარდონოდ“ მივაბრძანეთ და ახლა, ის ხელისუფლებაც აღარ მოგვწონს, 2012-ში, სულ მხსნელს რომ ვეძახდით.

ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ამ შიდაშუღლით მტერი, ამ შემთხვევაში, ჩრდილოელი მეზობელი კარგად ხეირობს და კლანჭებს უფრო და უფრო გვიჭერს.

მოდით, ვიყოთ რეალისტები და ვაღიაროთ, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ დიახ, რუსეთი საქართველოს ბედისწერაა. ვიღაცებისგან ისიც მსმენია, დიახაც, სსრკ ძალიანაც კარგი იყო, არავის შიოდა და ყველა მუშაობდაო.

იმის მტკიცებას არ დავიწყებ, რომ საკვები და ფული არსებობისთვის აუცილებელია, მაგრამ იმ პატრიოტების გამკვირვებია, დავით აღმაშენებლის, ერეკლესა თუ სხვა გმირი მეფეების სადღეგრძელოებს განსხვავებული სასმისებით სვამენ, თან შიმშილზე წუწუნებენ და მზად არიან, კრემლს „ბაბაია“ დაუძახონ.

აბა, ერთი გამაგებინეთ, ეს რანაირი პატრიოტიზიმია? პატრიოტიზმი კი არა, ეს, მომიტევეთ და, კუჭის სიყვარულია, კუჭისა, რომლის ამოსაყორადაც მავანნი მზად არიან, მონებად იქცნენ და მავანთ „ტურტლიანი“ ფეხები დაუკოცნონ!

ვამბობთ ხოლმე, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართო, მაგრამ მეც, თქვენც და ტრიფონიამაც იცის, რომ ეს ცარიელი სიტყვებია და მეტი არაფერი. სინამდვილეში, ქართველებსაც ისეთივე მანკიერებანი გვახასიათებს, როგორც მსოფლიოს დანარჩენ ხალხებს ანუ ჩვენც გვიყვარს პირფერობა, ღვარძლისგანაც არ ვართ თავისუფალნი და არც ის მოგვწონს, ვინმე კარგი თუ გამოგვერევა. აკი, დიდი კონსტანტინეც ამბობდა, ამ კარგს „ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები“.

ისიც სიმართლეა, რომ ევროპა ჩვენს მანკიერებებს არ შთანთქავს, მაგრამ სამაგიეროდ, ევროპა მოგვცემს იმას, რაც თითოეულ ჩვენგანს ძალიან გვინდა - ღირსეულ სამუშაო პირობებს, ღირსეულ ცხოვრებას, ერთი სიტყვით, ჩრდილოეთისგან განსხვავებით, ევროპა არც გვრყვნის და არც ქართველობას გვართმევს!

ბოლოს და ბოლოს, ევროპა დამოუკიდებლობაა, დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც დასაბამიდან ვიბრძვით.

სხვათა შორის, 20 ივნისის აქციის მერე, ადვოკატმა ზვიად კორძაძემ სოციალურ ქსელში დაწერა და აბსოლუტურად დავეთანხმე:

„ღამის ორი საათია. ეზოში ვზივარ. სიწყნარეა. მესის - ჩემი შვილივით ნაზარდი გერმანული ნაგაზის ხვრინვა ისმის ხანდახან.

რაღაცნაირად ვარ დღევანდელი აქციის შემდეგ. სახელს ვერ ვარქმევ.

ადამიანი სტადიონზე, მიტინგზე, საკონცერტო დარბაზში, რაღაც მომენტში, მასის ნაწილი ხდება. მაგალითად, როცა შენ გუნდს გოლი გააქვს და ყველას უხარია, გვერდით მჯდომ უცნობს შეიძლება გადაეხვიო, მაგრამ ეს ერთობა წამიერია. არ გიჩნდება სურვილი აუცილებლად გაიცნო და სადმე დაპატიჟო. მიტინგზეც შეიძლება გამომსვლელის მგზნებარე სიტყვამ „ჯოს, ჯოს“ გაძახებინოს სხვასთან ერთად, მაგრამ არც ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად საერთო ღირებულებები გაქვთ.

კარგ კონცერტზე ან სპექტაკლზე, შეიძლება, მთელ დარბაზთან ერთად, ტაშს უკრავდე აღფრთოვანებული, მაგრამ ეს, მაქსიმუმ, გემოვნების თანხვედრაა და მეტი არაფერი.

სხვანაირი აქცია იყო დღეს. მინდოდა ყველა გამეცნო, მადლობა მეთქვა, მერე მივხვდი, რომ არ იყო საჭირო, ყველას უსიტყვოდ ესმოდა ერთმანეთის.

მთელი ცხოვრებაა პასუხგაუცემელი კითხვები და აქედან დაბადებული შიში დამდევს :

როგორ ვერ მოვახერხეთ 1921 წელს თავისუფლების დაცვა?

რატომ არ შეაკვდა ყველა მტერს?

როგორ გააგრძელეს ცხოვრება?

2008-ში, შინდისის გმირებმა მომცეს უდიდესი იმედი, რომ ასე არასდროს მოხდება. ანწუხელიძე, ტატუნაშვილი, აფხაზეთის ციხეში გამოკეტილი ირაკლი ბებუა, უკრაინაში დაღუპული ქართველი ვაჟკაცები... ამ იმედს ასულდგმულებდნენ და აცოცხლებდნენ.

უნდა გამოვტყდე: ძალიან ჩაქრა და ჩაიბჟუტა იმედი, ბოლო თვეებია. ხშირად მახსენდებოდა 1921 წლის თებერვალი და ჩემი პასუხგაუცემელი კითხვები.

დღეს, რუსთაველზე, ქაშვეთის წინ მდგარი, როცა ვერც წინ და ვერც უკან თვალს ვერ ვაწვდენდი ქვეყნის მომავლის დასაცავად მოსულ ადამიანებს, მივხვდი, რომ არასდროს, არასდროს ამ ქვეყანაში 1921 წელი აღარ განმეორდება.

ვზივარ ეზოში. მესის გაეღვიძა. ხვდება, რომ რაღაც მიხარია და თვითონაც კუდს აქიცინებს და თვალებს ეშმაკურად მიჭუტავს. მგონი, დღეს საბოლოოდ მოვიშორე ერთი ყველაზე აკვიატებული - ამ ქვეყნის თავისუფლების დაკარგვის შიში!“

ჰო, რა თქმა უნდა, მართალია ზვიად კორძაძე - ამ ქვეყანას და თავისუფლებას არასოდეს დავარგავთ, არ დავკარგავთ, რადგან ჩვენი საქართველო აქ არის!

 

P.S. 20 ივნისის აქციას კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ და მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული პოლიტიკური ყაიდის ადამიანებმა გადადგეს ნაბიჯი ევროპისკენ, მაინც წაკბინეს და დაგესლეს, მაგრამ არა უშავს - „ვარდი უეკლოდ, ხომ, არავის მოუკრეფია“, თანაც საქართველო ამ ღვარძლიანებისაცაა და მათაც ისევე უყვართ სამშობლო, როგორც ჩვენ, ვინც დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი ხსნა და გზა ევროპაშია!

ისე, რა ამის პასუხია და, ცხოვრება ერთობ უცნაურია: სამი წლის წინ, რუსთაველზე მიტინგი დაშალეს. სამი წლის შემდეგ, იგივე ადგილას, იგივე რიცხვში, ისევ ხალხი იდგა, ოღონდ გახარია ყასიდადაც არავის გახენებია...

 

ნინო დოლიძე