ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ის ფეხსაცმელი, რომელიც მას იმ თამაშზე ეცვა, სადაც აქილევსის მყესი გაიწყვიტა, „სოთბის“ აუქციონზე 660,000 დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ეს თამაში 2013 წელს გაიმართა. „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ წინააღმდეგ თამაშობდა, სადაც ბრაიანტმა მძიმე ტრავმა მიიღო. მიუხედავად ამისა, მან შეხვედრის გაგრძელება შეძლო.
„კობის კარიერაში ვერცერთი მომენტი ვერ აღწერს „მამბას მენტალიტეტს“ ისე, როგორც აქილევსის თამაში“, - ასე ეწერა ლოტის აღწერაში.
კალათბურთის ვარსკვლავი 41 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. შემთხვევას ბრაიანტის გარდა კიდევ რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის მისი 13 წლის შვილი, ჯიანა. ტრაგედია 2020 წელს მოხდა.
ქანთრი მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 79 წლის ასაკში, თავისი სახელობის წითელ ღვინოს უშვებს. ინფორმაციას გამოცემა People ავრცელებს.
კომპანია „დოლი ვაინსი“ ღვინის ინდუსტრიაში უკვე დიდი ხანია მოღვაწობს, თუმცა აქამდე, ბრენდს ასორტიმენტში წითელი ღვინო დამატებული არ ჰქონდა. ვალენტინობამდე რამდენიმე დღით ადრე კი დოლიმ პირველი წითელი ღვინის გამოშვების შესახებ განაცხადა.
„ბევრი წლის განმავლობაში წითელი ფერი არ მიყვარდა, რადგან იმ ქალს მახსენებდა, რომელმაც ჩემი ქმრის წართმევა სცადა. თუმცა, ჩემმა ახალმა პინომ [ვაზის ჯიში] ეს ყველაფერი შეცვალა. ახლა წითელი მიყვარს და თქვენც უნდა სცადოთ“, - განაცხადა პარტონმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 30 დღით გადადო კანადისა და მექსიკისთვის ახალი საბაჟო გადასახადების ამოქმედება. კანადამ და მექსიკამ საპასუხო ზომების მიღება შეაჩერეს.
3 თებერვალს მიღებულ ამ გადაწყვეტილებებს წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის მოლაპარაკებები კანადის პრემიერ-მინისტრსა და მექსიკის პრეზიდენტთან, რომლებმაც დაადასტურეს მზადყოფნა, გააძლიერონ საზღვრების დაცვა.
დონალდ ტრამპმა 1 თებერვალს გამოაცხადა, რომ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელს უწესებს 25%-იან საბაჟო გადასახადს და 10%-იან ტარიფს კანადურ ენერგომატარებლებს.
პრეზიდენტმა ტრამპმა მიზეზებად დაასახელა შეერთებული შტატების საზღვრების დაცვისა და ნარკოტიკების კონტრაბანდასთან ბრძოლის აუცილებლობა და სავაჭრო ბალანსის დეფიციტი.
ახალი საბაჟო ტარიფები 4 თებერვლიდან უნდა ამოქმედებულიყო.