ლუვრის მუზეუმის გახმაურებული გაძარცვიდან ერთი კვირის შემდეგ, გამოძიება აქტიურ ფაზაში შევიდა. ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა.
მათ საფრანგეთის გვირგვინის რვა სამკაულის მოპარვა ედებათ ბრალად, რომელთა ღირებულებაც, დაახლოებით, 88 მილიონ ევროს შეადგენს.
ძარცვა დღისით, პარიზის ცენტრში, გასულ კვირას მოხდა. BFMTV-ის ინფორმაციით, ორი ეჭვმიტანილი შაბათს, 25 ოქტომბერს დააკავეს.
გამოძიებასთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ერთ-ერთი პირი სასაზღვრო პოლიციამ და ბანდიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ბრიგადამ შარლ-დე-გოლის აეროპორტში, დაახლოებით, 22:00 საათზე დააკავა, რა დროსაც ის ალჟირში გაფრენას აპირებდა.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პარიზის სანტეს ციხეში ხუთი წლით ჩასვეს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ წუთიდან სარკოზი ოფიციალურად პატიმარია. ეს ქვეყნის ისტორიაში ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრების პირველი შემთხვევაა.
ციხის საკანში შესვლამდე სარკოზის, როგორც სხვა პატიმრებს სასჯელაღსრულების დაწესებულების შიდა განაწესის მიხედვით რიგი ადმინისტრაციული პროცედურების გავლა მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ციხეში საკუთარი ფეხით მივიდა. მას თავისი მეუღლე კარლა ბრუნი აცილებდა.
ცნობისთვის, სარკოზი 2007 წელს ლიბიის მიერ მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში ცნეს დამნაშავედ. გამოძიების თანახმად, ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი სარკოზის საარჩევნო კამპანიას ფარულად აფინანსებდა და მას მილიონობით ევრო გამოუყო. ფული პარიზში მალულად ჩემოდნებით იგზავნებოდა.
კოლუმბიის პრეზიდენტი გუსტავო პეტრო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „უხეში“ და „უმეცარია“.
პეტრომ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც დონალდ ტრამპმა მას „არალეგალური ნარკობარონი“ უწოდა და განაცხადა, რომ სამხრეთ ამერიკული ქვეყნისთვის სუბსიდიების გადახდას შეწყვეტდა. პეტროს თქმით, კოლუმბია დონალდ ტრამპის მხრიდან ასეთ სიუხეშეს არ იმსახურებს.
„ბატონო ტრამპ, კოლუმბია არასდროს ყოფილა უხეში აშშ-ის მიმართ; პირიქით, მას ძალიან უყვარდა თქვენი კულტურა. მაგრამ თქვენ უხეში და უმეცარი ხართ კოლუმბიის მიმართ. წაიკითხეთ, როგორც ეს თქვენი მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა, წაიკითხეთ „მარტოობის ასი წელი“ და გარწმუნებთ, რომ მარტოობაზე რაღაცას ისწავლით. მე არ ვიქცევი, როგორც თქვენ. მე სოციალისტი ვარ. მე მჯერა დახმარებისა და საერთო სიკეთის და კაცობრიობის საერთო სიკეთის, ყველაზე დიდის: სიცოცხლის, რომელიც საფრთხეშია თქვენი ნავთობით. თუ მე არ ვარ ბიზნესმენი, მით უმეტეს, ნარკოტიკებით მოვაჭრე, ჩემს გულში სიხარბე არ არის. მე ვერასდროს გავუგებ სიხარბეს. მაფიოზი არის ადამიანი, რომელიც განასახიერებს კაპიტალიზმის საუკეთესო სახეს: სიხარბეს. მე პირიქით ვარ: სიცოცხლის მოყვარული და, შესაბამისად, სიცოცხლის ათასწლეულის მეომარი. სიხარბე არ არის ჩვენთან, რადგან ცხოვრება უფრო ძლიერია“, – დაწერა გუსტავო პეტრო.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა გუსტავო პეტროს „არალეგალური ნარკობარონი“ უწოდა და ის „ნარკოტიკების მასობრივი წარმოების ძლიერ წახალისებაში“ დაადანაშაულა. ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ სამხრეთ ამერიკის ქვეყნისთვის სუბსიდიების გამოყოფას შეწყვეტს. აშშ-სა და კოლუმბიას შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპი თანამდებობაზე დაბრუნდა. გასულ თვეში შეერთებულმა შტატებმა გუსტავო პეტროს ვიზა გაუუქმა, რადგან ის ნიუ იორკში პალესტინელთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრაციას შეუერთდა და ამერიკელ ჯარისკაცებს ტრამპის ბრძანებებისადმი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.
19 ოქტომბერს, ლუვრის გახსნის დროს ძარცვა მოხდა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კულტურის მინისტრმა, რაჩიდა დატიმ დაწერა. ინფორმაციას le monde-ი ავრცელებს.
"დღეს დილით, ლუვრის გახსნის დროს ძარცვა მოხდა. არავინ დაშავებულა. მე ადგილზე ვარ მუზეუმის თანამშრომლებთან და პოლიციასთან ერთად. მიმდინარეობს გამოძიება", - დაწერა მინისტრმა.
მედიის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა მოიპარეს მუზეუმიდან. მინისტრის გარემოცვის ინფორმაციით, მუზეუმში ერთი ან რამდენიმე მძარცველი შეიპარა.
მუზეუმმა სოციალურ ქსელ X-ზე დაადასტურა, რომ ლუვრი ერთი დღით, "განსაკუთრებული მიზეზების გამო" დაიხურა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.
როგორც კრემლის მიერ გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, საუბარი შეეხო უნგრეთში რუსეთისა და აშშ-ის სამიტის მზადებას:
„ვლადიმერ პუტინმა ვიქტორ ორბანს გააცნო აშშ-ის პრეზიდენტთან გამართული საუბრის დეტალები. აღნიშნა, რომ ამერიკის წარმომადგენლებთან მომავალ კონტაქტებში მოსალოდნელია უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების გზების პოვნის კონტექსტში შემდგომი ქმედებების ალგორითმის განხილვა, უნგრეთის დედაქალაქში რუსეთ-ამერიკის სამიტის ჩატარების პერსპექტივის გათვალისწინებით“
ახლახან დავასრულე სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინთან - ეს იყო ძალიან ნაყოფიერი საუბარი, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„პრეზიდენტმა პუტინმა მომილოცა მე და შეერთებულ შტატებს დიდი მიღწევა - მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში, რაზეც, როგორც მან თქვა, საუკუნეების განმავლობაში ბევრს ოცნებობდა. მე ნამდვილად მჯერა, რომ წარმატება ახლო აღმოსავლეთში დაგვეხმარება მოლაპარაკებებში რუსეთთან და უკრაინასთან ომის დასრულების მიზნით. პრეზიდენტმა პუტინმა მადლობა გადაუხადა პირველ ლედის, მელანია ტრამპს ბავშვებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართულობისთვის. მან განაცხადა, რომ ეს საქმიანობა გაგრძელდება. ჩვენ ასევე დიდი დრო დავუთმეთ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ვაჭრობაზე საუბარს - როცა უკრაინასთან ომი დასრულდება.
საუბრის დასასრულს შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას გაიმართება ჩვენი მაღალი დონის შეხვედრა. შეერთებული შტატების საწყის შეხვედრებს უხელმძღვანელებს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო. შეხვედრის ადგილი ჯერ არ არის განსაზღვრული. შემდეგ პრეზიდენტ პუტინთან ერთად შევხვდებით შეთანხმებულ ადგილას - ბუდაპეშტში, უნგრეთში - რათა ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამ ომის დასრულება. პრეზიდენტ ზელენსკის მე ხვალ შევხვდები, სადაც განვიხილავთ ჩემს საუბარს პრეზიდენტ პუტინთან და სხვა მრავალ საკითხს. მე მჯერა, რომ დღეს სატელეფონო საუბარმა მნიშვნელოვანი პროგრესი მოიტანა“, - დასძინა მან.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პარიზის ციხეში ხუთწლიანი სასჯელის მოსახდელად 21 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს. ამის შესახებ მას პროკურატურაში განუცხადეს. ფრანგული მედიის ცნობით, სარკოზი სასჯელს საფრანგეთის დედაქალაქში, ლა სანტეს ციხეში მოიხდის.
სარკოზის განაჩენი გასაჩივრებული აქვს და სასამართლო პროცესი მოსალოდნელია მომდევნო თვეებში. სარკოზი ციხეში დარჩება, თუ სააპელაციო სასამართლოს მისი გათავისუფლების გადაწვეტილებას არ მიიღებს.
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა 25 სექტემბერს მიუსაჯა. ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივ შეთქმულებაში, მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის საქმის ფარგლებში. ამასთან, პარიზის სასამართლომ ნიკოლა სარკოზი სხვა ბრალდებებში, მათ შორის კორუფციაში მონაწილეობისა და საფრანგეთში საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეებზე, გაამართლა.
სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა. ის საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ციხეში სასჯელს მოიხდის.