აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრეზიდენტმა, ნიკოლ ფაშინიანმა თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით, ერთობლივ სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დოკუმენტით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, სამუდამოდ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, დაიწყონ სავაჭრო, დიპლომატიური ურთიერთობები, მოგზაურობა და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
აზერბაიჯანის და სომხეთის მიერ ვაშინგტონში გაფორმებულ დეკლარაციას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც მოაწერა ხელი.
გარდა ამისა, აშშ-მა ასევე გააფორმა ორმხრივი შეთანხმება თითოეულ ქვეყანასთან ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, ეკონომიკური თანამშრომლობის, საზღვრის უსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტის, ინფრასტრუქტურისა და ვაჭრობის შესახებ.
შეთანხმება ასევე მოიცავს აშშ-ის ექსკლუზიურ უფლებას, განავითაროს სტრატეგიული ტრანზიტული დერეფანი სამხრეთ კავკასიაში.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ალასკაზე 15 აგვისტოს გაიმართება.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ტრამპი წერს, დამატებითი დეტალები მოგვიანებით გასაჯაროვდება.
ცნობისთვის, მანამდე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პუტინისა და ტრამპის შეხვედრის ადგილად განიხილება არაბთა გაერთიანებული საამიროები, უნგრეთი, შვეიცარია და რომი.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 8 აგვისტოს ვაშინგტონში აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
"მოუთმენლად ველი, რომ ვუმასპინძლო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ხვალ თეთრ სახლში, მშვიდობის ისტორიულ სამიტზე. ეს ორი ქვეყანა მრავალი წელია ომშია, რამაც ათასობით ადამიანის სიკვდილი მოიტანა. ბევრმა ლიდერმა სცადა ამ ომის დასრულება, ამ დრომდე - უშედეგოდ".
აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, მისი ადმინისტრაცია დიდი ხანია ესაუბრება ორივე მხარეს:
"ხვალ პრეზიდენტი ალიევი და პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი შემომიერთდებიან თეთრ სახლში „სამშვიდობო ხელმოწერის ცერემონიაზე“.
ტრამპი წერს, რომ სამშვიდობო დოკუმენტის ხელმოწერის გარდა, იქნება ორმხრივი შეთანხმებებიც, რომლებიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს შეეხება:
"აშშ აგრეთვე ხელს მოაწერს ორმხრივ შეთანხმებებს ორივე ქვეყანასთან, ეკონომიკური შესაძლებლობების ერთად განსახორციელებლად, რომ ჩვენ შევძლოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალის სრულად გახსნა. ძალიან მეამაყებიან ეს მამაცი ლიდერები, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხალხებისთვის სწორი საქმის კეთების გამო".
თავის პოსტს დონალდ ტრამპი კვლავ 8 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრების მნიშვნელობის ხაზგასმით ასრულებს:
"ეს იქნება ისტორიული დღე სომხეთის, აზერბაიჯანისა და აშშ-ისთვის და მსოფლიოსთვის. ხვალამდე".
გავრცელებული ინფორმაციით, 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტი შეხვდება სომხეთის პრემიერ-მინისტრს, შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტს. გამოცემა NEXTA-ს ცნობით, სამი ქვეყნის ლიდერები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
გამოცემა Washington Post-ის ცნობით, გამორიცხული არ არის, რომ მხარეები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების საბოლოოდ მიღწევის შესახებ გამოაცხადებენ.
მედიით გავრცელებული ცნობებით, შეერთებული შტატების წინადადებაა, რომ ამერიკელი ოპერატორები ჩაერთონ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების კონტროლში, ე.წ. ზანგეზურის დერეფანში.
აშშ-მა სანქციები დაუწესა პალესტინის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებსა და პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის წევრებს.
აშშ-ის განცხადებით, ეს ჯგუფები ძირს უთხრიან სამშვიდობო ძალისხმევას.
ეს გადაწყვეტილება, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, უკრძალავს სანქცირებულ პირებს ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოგზაურო ვიზების მიღებას, თუმცა კონკრეტული პირები არ დასახელებულა.
„ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია, დავუწესოთ შედეგები და პასუხისმგებლობა მოვთხოვოთ პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციასა (PLO) და პალესტინის ადმინისტრაციას იმის გამო, რომ ისინი არ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს და ძირს უთხრიან სამშვიდობო პერსპექტივებს“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა გინტაუტას პალუცკასმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. მან ეს ოფიციალურად დღეს, 31 ივლისს აცნობა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას.
პალუცკასმა დატოვა მმართველი კოალიციის წამყვანი პოლიტიკური ძალის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაც.
პრემიერის გადადგომას წინ უძღოდა ჟურნალისტური გამოძიებით გამოწვეული სკანდალი. ამ გამოძიების თანახმად, პალუცკასის და მისი ბიზნეს-პარტნიორის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ 200 ათასი ევროს შეღავათიანი კრედიტი მიიღო პრემიერ-მინისტრად პალუცკასის დანიშვნის შემდეგ. გარდა ამისა, პალუცკასის ოჯახთან კავშირის მქონე კომპანიამ ევროკავშირისგან მიღებული სუბსიდიის დიდი ნაწილი დახარჯა პალუცკასის კომპანიისგან შესყიდვებისთვის.
24 ივლისს ლიეტუვის პრეზიდენტმა ნაუსედამ პრემიერ-მინისტრ პალუცკასს ორი კვირის ვადა მისცა კორუფციასთან დაკავშირებული ეჭვებისთვის პასუხის გასაცემად.
ლიეტუვის ტელერადიოკომპანია LRT-ს ცნობით, პალუცკასმა დღეს, 31 ივლისს განაცხადა, რომ წარსულში შეცდომები ჰქონდა, თუმცა პრემიერ-მინისტრის პოსტზე პატიოსნად საქმიანობდა და სერიოზული დარღვევები არ დაუშვია. მან გადადგომის მიზეზად დაასახელა თავის ახლობლებზე შეტევები.
ლიეტუვის მედიასაშუალებების მიერ დღეს გავრცელებული ცნობებით, ფინანსურ დანაშაულთა გამოძიების სამსახურის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს გადამდგარი პრემიერ-მინისტრის ძმის ცოლის კომპანია Dankora, რომელმაც ევროკავშირისგან მიღებული დაფინანსება გამოიყენა პალუცკასის მიერ დაფუძნებული კომპანია Garnis-ისგან აკუმულატორების შესაძენად.
46 წლის გინტაუტას პალუცკასი ლიეტუვის მთავრობას 2024 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.