უნგრეთის პოლიტიკურ არენაზე 2024 წელს გამოჩენილმა პეტერ მადიარმა, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ ქვეყნის მმართველი ელიტის განუყოფელი ნაწილი იყო, სახელმწიფო პოლიტიკური ლანდშაფტი რადიკალურად შეცვალა და ვიქტორ ორბანის სისტემის ყველაზე სახიფათო მეტოქედ იქცა.
მაგიარი 1981 წლის 16 მარტს ბუდაპეშტში დაიბადა და ტრადიციული ინტელექტუალური ოჯახიდან მოდის, სადაც სამართალი და პოლიტიკა ყოველდღიურობის ნაწილი იყო. მისი დედა, ჟუჟანა ერლო, უნგრეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა, ხოლო მამა, ფერენც მადიარი — ცნობილი იურისტი. თავადაც იურისტმა, პეტერ მადიარმა წლები გაატარა სახელმწიფო სტრუქტურებში, მუშაობდა უნგრეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ბრიუსელში და ხელმძღვანელობდა მსხვილ სახელმწიფო კომპანიებს.
მისი კავშირი „ფიდესის“ მმართველ გუნდთან მხოლოდ პროფესიული არ ყოფილა; იგი წლების განმავლობაში იუსტიციის ყოფილი მინისტრის, იუდით ვარგას მეუღლე გახლდათ, რაც მას მმართველი პარტიის კულუარებში განსაკუთრებულ წვდომასა და გავლენას ანიჭებდა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი 2023 წლის მარტში ოფიციალურად დაშორდა, მათი ურთიერთობა და შემდგომი დაპირისპირება უნგრეთის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ პოლიტიკურ იარაღად იქცა.
მადიარის პოლიტიკური ტრანსფორმაცია 2024 წლის თებერვალში დაიწყო, რაც დაემთხვა უნგრეთის პრეზიდენტის გარშემო ატეხილ გახმაურებულ სკანდალს ბავშვთა სახლში სექსუალური ძალადობის დაფარვისთვის მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ. პროტესტის ნიშნად მადიარმა ყველა სახელმწიფო თანამდებობა დატოვა და საჯაროდ განაცხადა, რომ აღარ სურდა ყოფილიყო იმ ოლიგარქიული სისტემის ნაწილი, რომელიც მისივე შეფასებით ქვეყანას ანადგურებდა. ამ პროცესის კულმინაცია გახდა მის მიერ გასაჯაროებული ფარული აუდიოჩანაწერი, რომელიც მან ჯერ კიდევ მეუღლის მინისტრობის დროს სახლში ფარულად ჩაწერა. ჩანაწერში იუდით ვარგა დეტალურად აღწერს, თუ როგორ ჩაერივნენ მთავრობის მაღალჩინოსნები, კერძოდ ანტალ როგანის უწყება, პროკურატურის მასალებში კორუფციული კვალის წასაშლელად. ამ სკანდალმა არა მხოლოდ დაადასტურა აღმასრულებელი ხელისუფლების უკანონო გავლენა სასამართლოზე, არამედ საფუძველი ჩაუყარა მადიარის, როგორც „სისტემის შიგნიდან მებრძოლი“ ლიდერის პოპულარობას.
პეტერ მადიარისა და უნგრეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრის, იუდით ვარგას განქორწინება დღემდე ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და განხილვადი თემაა უნგრეთში.წყვილი ერთმანეთს ოფიციალურად მადიარის ღია ოპოზიციურ საქმიანობას დაიწყებდე გაშორდა. თავდაპირველად მიზეზად პირადი შეუთავსებლობა დასახელდა. ახლა მადიარი ამბობს, რომ მისი უკმაყოფილება სისტემის მიმართ წლების განმავლობაში გროვდებოდა, რაც ოჯახურ ურთიერთობაზეც აისახებოდა. მისი თქმით, მას აღარ სურდა ყოფილიყო იმ კორუმპირებული სისტემის ნაწილი, რომლის ერთ-ერთი სახეც მისი მეუღლე იყო.
მას შემდეგ, რაც მადიარი პოლიტიკაში შევიდა, იუდით ვარგამ იგი ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. მადიარმა ეს ბრალდებები უარყო და მათ „ფიდესის“ მიერ ორგანიზებული პროპაგანდა უწოდა, რომლის მიზანიც მისი რეპუტაციის შელახვა იყო.
2024 წლის 15 მარტს მადიარმა ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნა დააანონსა და სათავეში ჩაუდგა მანამდე ნაკლებად ცნობილ პარტიას „პატივისცემა და თავისუფლება“ (TISZA). მისმა გამოჩენამ მყისიერი ეფექტი მოახდინა: ევროპარლამენტის არჩევნებში პარტიამ ხმების თითქმის 30% მოიპოვა, რაც 2006 წლის შემდეგ ნებისმიერი ოპოზიციური ძალის მიერ დაფიქსირებული საუკეთესო მაჩვენებელია.
მადიარი, რომელიც საკუთარ თავს კონსერვატორ-ლიბერალად და „კრიტიკულ პროევროპელად“ ახასიათებს, დღეს ევროპარლამენტის წევრია, თუმცა მისი რეალური მიზანი 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებია. იგი გახდა ერთადერთი ფიგურა, რომელმაც შეძლო იმ ამომრჩევლების მობილიზება, რომლებიც იმედგაცრუებულნი იყვნენ როგორც მთავრობის საქმიანობით ისე არსებული სუსტი ოპოზიციით, რითაც უნგრულ პოლიტიკაში სრულიად ახალი, ორპოლუსიანი რეალობა შექმნა.
პეტერ მადიარის აღზევების პარალელურად, ვიქტორ ორბანის მმართველმა გუნდმა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძიმე რეიტინგული ვარდნა განიცადა. „ფიდესის“ პოპულარობის შერყევა პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს, რეკორდულ ინფლაციასა და იმ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, რომლებმაც ბუდაპეშტის ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი გამოიყვანა. მადიარის მიერ ორგანიზებული დემონსტრაციები არა მხოლოდ რაოდენობით, არამედ თვისობრივადაც განსხვავებული აღმოჩნდა — მას შეუერთდნენ ის მოქალაქეებიც, რომლებიც მანამდე პოლიტიკურად პასიურები იყვნენ ან მმართველ პარტიას უჭერდნენ მხარს.
სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ ორბანის „უძლეველობის მითი“ დაიმსხვრა, რადგან საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოსავალს სწორედ მადიარის მიერ შეთავაზებულ „მესამე გზაში“ ხედავს. ამ მზარდმა უკმაყოფილებამ და ქუჩის უპრეცედენტო პროტესტმა 2026 წლის არჩევნები უნგრეთისთვის ეგზისტენციალურ მომენტად აქცია, სადაც ორბანის რეჟიმი პირველად დგას რეალური პოლიტიკური დამარცხების საფრთხის წინაშე.