აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შესახებ წერს.
"ახლახან დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან. საუბარი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. დისკუსიის დიდი ნაწილი ეყრდნობოდა პრეზიდენტ პუტინთან გუშინდელ საუბარს რუსეთისა და უკრაინის მოთხოვნებისა და საჭიროებების კოორდინაციის მიზნით. ჩვენ [მოლაპარაკებების] გზაზე ვართ და მე ვთხოვ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, მაიკლ ვალცს განხილული პუნქტები ზუსტად აღწერონ. ეს განცხადება მალე გამოქვეყნდება", - დაწერა მან Truth-ზე.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ძალიან პოზიტიური, შინაარსიანი და გულწრფელი საუბარი ჰქონდა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
ზელენსკის თქმით, მან დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლების საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში შეხვედრის დაწყებისთვის.
„ეს შეხვედრა მნიშვნელოვნად დაგვეხმარა ომის დასრულებისკენ წინსვლაში. შევთანხმდით, რომ უკრაინამ და აშშ-მა ერთად უნდა განაგრძონ მუშაობა ომის რეალური დასრულებისთვის და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. გვჯერა, რომ ამერიკასთან, პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკის ლიდერობასთან ერთად ხანგრძლივი მშვიდობა წელს იქნება მიღწეული.
პრეზიდენტმა ტრამპმა გამიზიარა პუტინთან საუბრის დეტალები და მთავარი საკითხები, რაც განიხილეს. პირველი ნაბიჯებიდან ერთ-ერთი შეიძლება იყოს ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტა. მე მხარი დავუჭირე ამ ნაბიჯს და უკრაინამ დაადასტურა, რომ მზად ვართ ამის შესასრულებლად. ჩვენმა გუნდებმა ეს ნაბიჯი ჯიდაში შეხვედრისას განიხილეს. ამერიკულმა მხარემ ასევე შემოგვთავაზა ცეცხლის უპირობო შეწყვეტა ფრონტის ხაზზე და უკრაინა ამ შეთავაზებასაც დათანხმდა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამის განსახორციელებლად. გვჯერა, მსგავსი ნაბიჯები საჭიროა, რომ ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში შეიქმნას შესაძლებლობა ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების შესაქმენლად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტი წერს, დონალდ ტრამპს გააცნო ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობა და რუსული დარტყმების შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„ვისაუბრეთ კურსკის რეგიონში არსებულ ვითარებაზე, შევეხეთ ტყვეების გათავისუფლებისა და რუსული ძალების მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხს. ასევე განვიხილეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მდგომარეობა და მისი გაძლიერების შესაძლებლობა სიცოცხლის დასაცავად. ჩვენ დავავალეთ ჩვენს გუნდებს ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის განხორციელებასა და გაფართოებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების გადაჭრა.
უკრაინული და ამერიკული გუნდები მზად არიან, უახლოეს დღეებში საუდის არაბეთში შეხვდნენ მშვიდობისკენ მიმართული ნაბიჯების კოორდინაციის გასაგრძელებლად. ჩვენ დავავალეთ ჩვენს მრჩევლებსა და წარმომადგენლებს, რაც შეიძლება სწრაფად განახორციელონ ეს სამუშაო. აღვნიშნეთ ჩვენი მრჩევლებისა და წარმომადგენლების – რუბიოს, უოლცის, კელოგის, ერმაკის, სიბიგას, უმეროვისა და პალისას პოზიტიური მუშაობა. შემდგომ შეხვედრებზე გუნდებს შეუძლიათ, შეთანხმდნენ ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიების მიმართულებით წინსვლის ყველა აუცილებელ ასპექტზე.
მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკელ ხალხს მათი მხარდაჭერისთვის. ხაზი გავუსვი, რომ უკრაინელებს სურთ მშვიდობა, ამიტომაც უკრაინა დათანხმდა ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შეთავაზებას. მე ხაზგასმით აღვნიშნე პრეზიდენტ ტრამპის კონცეფციის მნიშვნელობა მშვიდობის შესახებ ძალის მეშვეობით. შევთანხმდით, რომ შევინარჩუნებთ მუდმივ კონტაქტს, მათ შორის უმაღლეს დონეზე, ჩვენი გუნდების მეშვეობით“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
თეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისაუბრეს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, "მშვიდობისკენ მოძრაობა" ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით დაიწყება.
"პრეზიდენტმა ტრამპმა და პრეზიდენტმა პუტინმა დღეს უკრაინაში მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრეს. ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს ხანგრძლივი მშვიდობით.
მათ ასევე ხაზი გაუსვეს აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების აუცილებლობას. სისხლი და საგანძური, რომელსაც უკრაინაც და რუსეთიც ამ ომში ხარჯავენ, უკეთესია, თავიანთი ხალხის საჭიროებებზე დახარჯონ.
ეს კონფლიქტი არასდროს უნდა დაწყებულიყო და დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო გულწრფელი და კეთილსინდისიერი სამშვიდობო ძალისხმევით.
ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ მოძრაობა ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით დაიწყება, ასევე, ტექნიკური მოლაპარაკებებით შავ ზღვაში ცეცხლის სრული შეწყვეტითა და მუდმივი მშვიდობით. ეს მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება ახლო აღმოსავლეთში.
ლიდერებმა ფართოდ ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთის შესახებ, როგორც პოტენციური თანამშრომლობის, ისე მომავალი კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად. მათ ასევე განიხილეს სტრატეგიული იარაღის გავრცელების შეჩერების აუცილებლობა... ორი ლიდერი იზიარებს მოსაზრებას, რომ ირანი არასოდეს უნდა იყოს იმ მდგომარეობაში, რომ გაანადგუროს ისრაელი.
ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობის მომავალს უდიდესი დადებითი მხარე აქვს. ეს მოიცავს უზარმაზარ ეკონომიკურ გარიგებებს და გეოპოლიტიკურ სტაბილურობას, როდესაც მშვიდობა მიიღწევა", - წერს თეთრი სახლი.
ტრამპის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივასთან დაკავშირებით, რუსულმა მხარემ აღნიშნა რიგი საკითხები, რომლებიც ეხება საბრძოლო ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის ეფექტური კონტროლის უზრუნველყოფას, ასევე უკრაინელების იძულებითი მობილიზაციისა და სამხედროების გადაიარაღების შეჩერებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.
„ასევე აღინიშნა სერიოზული რისკები, დაკავშირებული კიევის რეჟიმის შეთანხმების უუნარობასთან, რომელმაც უკვე არაერთხელ ჩაშალა და დაარღვია მიღწეული შეთანხმებები. ყურადღება გამახვილდა კურსკის ოლქის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინელი მებრძოლების მიერ ჩადენილ ბარბაროსულ ტერორისტული ხასიათის დანაშაულებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ლიდერებმა განიხილეს უკრაინაში არსებული სიტუაცია. ვლადიმერ პუტინმა მადლიერება გამოხატა დონალდ ტრამპის მიმართ საბრძოლო მოქმედებებისა და ადამიანური დანაკარგების შეწყვეტის კეთილშობილური მიზნის მიღწევისკენ სწრაფვისთვის. რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, საგულდაგულოდ შეისწავლოს მოგვარების შესაძლო გზები, რომელიც უნდა იყოს კომპლექსური, მდგრადი და გრძელვადიანი ხასიათის. და რა თქმა უნდა, გაითვალისწინოს კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის უპირობო აუცილებლობა და რუსეთის კანონიერი ინტერესები უსაფრთხოების სფეროში“, – ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.
კრემლის ცნობით, საუბრის დროს ხაზგასმით აღინიშნა, რომ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებისა და მისი პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარების მიზნით საკვანძო პირობა უნდა იყოს საგარეო სამხედრო დახმარებისა და კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრული შეწყვეტა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დონალდ ტრამპის ბოლო მოწოდებასთან დაკავშირებით, შეუნარჩუნონ სიცოცხლე კურსკის ოლქში ალყაში მყოფ უკრაინელ სამხედროებს, ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ რუსული მხარე მზადაა, იხელმძღვანელოს ჰუმანიტარული მოსაზრებებით და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების სიცოცხლისა და ღირსეული მოპყრობის გარანტიას აძლევს რუსეთის კანონებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. რუსული მხარის ცნობით, საუბრისას დონალდ ტრამპმა წამოაყენა წინადადება, რომ კონფლიქტის მხარეებმა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმებზე 30 დღით უარი თქვან. ვლადიმერ პუტინი ამ ინიციატივას დადებითად გამოეხმაურა და რუს სამხედროებს მაშინვე მისცა შესაბამისი ბრძანება. რუსეთის პრეზიდენტი ასევე კონსტრუქციულად გამოეხმაურა დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმულ იდეას შავი ზღვის აკვატორიაში ნაოსნობის უსაფრთხოების შესახებ ცნობილი ინიციატივის განხორციელების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები ამგვარი შეთანხმების კონკრეტული დეტალების დამატებითი შემუშავებისთვის“, – აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.
კრემლის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა ასევე ამერიკელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია, რომ 19 მარტს რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის ტყვეების გაცვლა განხორციელდება – 175/175-ზე. კრემლის ცნობით, გარდა ამისა, კეთილი ნების ჟესტად, უკრაინულ მხარეს გადასცემენ რუსეთის სამედიცინო დაწესებულებებში სამკურნალოდ მყოფ 23 მძიმედ დაჭრილ უკრაინელ სამხედროს. კრემლის განცხადებით, ლიდერებმა დაადასტურეს თავიანთი განზრახვა, გააგრძელონ ძალისხმევა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების მისაღწევად ორმხრივ რეჟიმში, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის ზემოაღნიშნული წინადადებების გათვალისწინებით და ამ მიზნით იქმნება რუსული და ამერიკული ექსპერტთა ჯგუფები.
ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ასევე შეეხნენ საერთაშორისო დღის წესრიგის სხვა საკითხებს, მათ შორის ვითარებას ახლო აღმოსავლეთში და წითელი ზღვის რეგიონში. კრემლის ცნობით, ერთობლივი ძალისხმევა განხორციელდება კრიზისულ წერტილებში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის დასალაგებლად. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების ზოგადი ატმოსფეროს გაუმჯობესებას.
ამის ერთ-ერთ დადებით მაგალითად კრემლის განცხადებაში დასახელებულია გაერო-ში სოლიდარული კენჭისყრა უკრაინის კონფლიქტის შესახებ რეზოლუციაზე. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრის დროს ორმხრივი ინტერესი გამოითქვა ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით, მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე რუსეთისა და შეერთებული შტატების განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით.
კრემლის ცნობით, ამ კონტექსტში განიხილებოდა სფეროების ფართო სპექტრი, რომლებშიც ორ ქვეყანას შეუძლია თანამშრომლობის დამყარება. განხილულ იქნა ეკონომიკასა და ენერგეტიკაში ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის პერსპექტივა. რუსული მხარის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა ვლადიმერ პუტინის იდეას, მოეწყო ჰოკეის მატჩები აშშ-სა და რუსეთში რუს და ამერიკელ მოთამაშეებს შორის. პრეზიდენტები შეთანხმდნენ, შეინარჩუნონ კონტაქტი ყველა წამოჭრილ საკითხზე.