აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 11 ნოემბერი პირველ მსოფლიო ომში, ხოლო 8 მაისი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეებად გამოაცხადა.
„8 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ, ხოლო 11 ნოემბერს პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ ვაცხადებ. ჩვენ ორივე ომში გავიმარჯვეთ. ვერავინ შეედრება ჩვენს ძალას, სიმამაცეს და სამხედრო ოსტატობას, მაგრამ ჩვენ არასდროს არაფერი გვიზეიმია - ეს იმიტომ, რომ ჩვენ აღარ გვყავს ლიდერები, რომლებმაც იციან, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს! ჩვენ კვლავ დავიწყებთ ჩვენი გამარჯვებების აღნიშვნას!“, - დაწერა ტრამპმა.
თეთრი სახლი ლიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ აშშ-მა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების საქმეში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.
რომის პაპი ფრანცისკე სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს.
დაკრძალვა ვიწრო წრეში გაიმართა რამდენიმე კარდინალის, ასევე ფრანცისკეს პირადი ექიმის, მასიმილიანო სტრაპეტის მონაწილეობით.
წმინდა პეტრეს მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობა 200 ათასს აჭარბებდა.
დაკრძალვის ცერემონიალს სახელმწიფოების მეთაურები დაესწრნენ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად წმინდა პეტრეს მოედანზე იმყოფებოდა. დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და საპატრიარქოს წარმომადგენლები.
რომის პაპი 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თურქეთის განათლების მინისტრის იუსუფ თექინის განცხადებით, სტამბოლში ორი დღით - ხუთშაბათსა და პარასკევს ყველა სკოლა დაიხურება. მიუხედავად იმისა, რომ მარმარილოს ზღვაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად სკოლებში სერიოზული დაზიანება არ დაფიქსირებულა, სწავლის შეჩერების გადაწყვეტილება სიფრთხილის მიზნით იქნა მიღებული. გარდა ამისა, სკოლის ეზოები დროებით გაიხსნა მოქალაქეებისთვის, როგორც უსაფრთხო სივრცეები.
ამასთან შშმ პირები, ორსულები, ვეტერანები და 10 წლამდე ასაკის ბავშვების დედები რომლებიც მუშაობენ საჯარო დაწესებულებებში, ჩაითვლებიან ადმინისტრაციულ შვებულებაში მყოფად.
ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ მიწისძვრის შედეგად გზებზე, აეროპორტებში, რკინიგზასა და მეტროში არანაირი დაზიანება ან შეფერხება არ დაფიქსირებულა.
მიწისძვრისა და მიმდინარე მცირე ბიძგების მიუხედავად, სტამბულის ორივე აეროპორტი - სტამბოლი (IST) და საბიჰა გოქჩენი (SAW) - ნორმალურად მუშაობს: აფრენა და დაფრენა გეგმის მიხედვით ხდება, მასობრივი გაუქმებები არ არის და შეფერხებები მინიმალურია. მიწისძვრის შესახებ პირველადი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ზოგიერთ თვითმფრინავს დაფრენამდე დამატებით წრეზე წასვლა მოუწია.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიქაიამ განაცხადა, რომ სამაშველო სამსახურებმა ოპერატიული შემოწმებები დაიწყეს. სტამბოლის დროით 15:00 საათამდე ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ უწყებაში ინფორმაცია არ შესულა. ხელისუფლება მოქალაქეებს სთხოვს, მოერიდონ ავარიულ შენობებს და კომუნიკაციისთვის გამოიყენონ SMS და ინტერნეტ მესენჯერები. ამასთან სტამბოლის გუბერნატორის განცხადებით, პანიკის გამო 151 მოქალაქემ სიმაღლიდან გადახტომა სცადა და დაშავდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.
დღეს, ადგილობრივი დროით 12:49 საათზე, სტამბოლში, სილივრის რაიონში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი იყო მარმარილოს ზღვაში, სეისმური ცენტრის სიღრმე 6.92 კმ. ბიძგები იგრძნობოდა არა მხოლოდ სტამბოლში, არამედ მეზობელ პროვინციებშიც.
მთავარ შოკამდე 3.9 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, ხოლო შემდეგ - კიდევ ერთი, 4.4 მაგნიტუდის, ბუიუქჩექმეჯეს სანაპიროსთან.
The Wall Street Journal-ის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისგან რიგ დათმობებზე შეთანხმებას ითხოვს, რაც ომის დასრულების წინადადებების ნაწილია. ერთ-ერთი საკვანძო მოთხოვნაა ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარება, ასევე – უარი ნატოში გაწევრიანებაზე და ნეიტრალური ზონის შექმნა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული წინადადებები უკრაინას 17 აპრილს, პარიზში გამართულ დახურულ შეხვედრაზე, ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებმა წარუდგინეს. იმავე დღეს, წინადადებები ევროკავშირის მაღალჩინოსნებსაც გააცნეს.
WSJ წერს, რომ შეერთებული შტატები ახლა კიევის პასუხს ელის, რომელიც, სავარაუდოდ, ლონდონში მიმდინარე კვირის ბოლოს აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის წარმომადგენელთა შეხვედრაზე გაჟღერდება. თუკი მხარეებს შორის პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა, შეთავაზებები შესაძლოა მოსკოვსაც წარედგინოს.
დასავლელი ოფიციალური პირების შეფასებით, უკრაინა განიცდის ზეწოლას, რათა ომის დასრულების მიზნით, აღნიშნულ პირობებს მიმდინარე კვირაში უპასუხოს.
ამავე კონტექსტში, 18 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ თუკი მნიშვნელოვანი პროგრესი არ იქნება მიღწეული მომდევნო კვირებში, ვაშინგტონი შესაძლოა დროებით შეწყვიტოს მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობა.