აშშ-ის გენერალური პროკურორის, პამელა ბონდის განცხადებით, ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს, სილია ფლორესს, ნიუ იორკის სამხრეთ რაიონში ბრალი წაუყენეს.
აშშ-ის გენერალური პროკურორის მტკიცებით, ნიკოლას მადუროს ბრალი წაუყენეს ნარკოტერორისტულ შეთქმულებაში, კოკაინის შეტანის შეთქმულებაში, ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების შენახვაში, ასევე ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობაში შეერთებული შტატების წინააღმდეგ.
„ისინი მალე ამერიკული მართლმსაჯულების სრულ რისხვას შეხვდებიან ამერიკის ტერიტორიაზე, ამერიკულ სასამართლოებში. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სახელით, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს ამერიკელი ხალხის სახელით პასუხისმგებლობის მოთხოვნის გამბედაობისთვის და უდიდესი მადლობა ჩვენს მამაც სამხედროებს, რომლებმაც ჩაატარეს წარმოუდგენელი და უაღრესად წარმატებული მისია ამ ორი სავარაუდო საერთაშორისო ნარკოტრეფიკერის დასაკავებლად“ – განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სამხედროებმა ვენესუელაში სამხედრო ბაზები, ქვეყნის მთავარი პორტი და პარლამენტის შენობა დაბომბეს. ვენესუელის მთავრობამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ვენესუელის მთავრობამ აშშ თავდასხმაში დაადანაშაულა და „სამხედრო აგრესია“ დაგმო, ამ აგრესიის მიზნად კი ვაშინგტონის მიერ ქვეყნის ნავთობისა და მინერალების მითვისების სურვილი დაასახელა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ნიკოლას მადურო არ არის ვენესუელის პრეზიდენტი, ის ნარკოტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელია, რომელსაც ბრალად ედება აშშ-ში ნარკოტიკების შეტანა.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვენესუელას ლიდერი ნიკოლას მადურო და მისი ცოლი დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.
მისი თქმით, ეს ოპერაცია აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით ჩატარდა.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელისა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც თავის მეუღლესთან ერთად დაკავებულია და ქვეყნიდან თვითმფრინავით არის გაყვანილი. ეს ოპერაცია აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით ჩატარდა. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
დღეს, დილის 11 საათზე, მარ-ა-ლაგოში გაიმართება პრესკონფერენცია. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის!“, — წერს ტრამპი.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელის ტერიტორიის შიგნით დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიბიესი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ტრამპმა ვენესუელის დაბომბვის ბრძანება ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გასცა. „სიბიესის“ თანახმად, ოპერაციის დაწყება უფრო ადრე იყო დაგეგმილი, თუმცა ცუდი ამინდის პირობების გამო გადაიდო.
პარალელურად, ვენესუელის სახელმწიფო ტელეკომპანია „ტელესური“ ვენესუელის მთავრობის განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, ვენესუელა გმობს შეერთებული შტატების აგრესიას ვენესუელის ტერიტორიისა და მოსახლეობის წინააღმდეგ კარაკასის სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე.
ვენესუელის მთავრობამ აშშ დაადანაშაულა სტრატეგიული რესურსების, განსაკუთრებით ნავთობისა და მინერალების მითვისების მცდელობაში.
ცნობისთვის, კარაკასში აფეთქებების ხმა ისმის, ქალაქის თავზე დაბალ სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავი გამოჩნდა.
შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 100 ადამიანი.
ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
პოლიციის ცნობით, დაშავებულებთა შორის ტურისტებიც არიან, ამჟამად მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება.
პოლიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაშავებულთა უმეტესობას მძიმე დაზიანებები და დამწვრობები აღენიშნება.
ადგილზე ათი ვერტმფრენი, 40 სასწრაფო დახმარების მანქანა და 150 მაშველია მობილიზებული.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.
პოლიციის ცნობით, ტერიტორია მთლიანად გადაკეტილია, კრანს-მონტანას თავზე საჰაერო სივრცე ჩაკეტილია.
ცნობისთვის, აფეთქება ადგილობრივი დროით 01:30 საათზე, სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში, Le Constellation Bar and Lounge-შიმოხდა, სადაც ახალ წელს აღნიშნავდნენ.
სამხრეთ შვეიცარიაში, ალპურ სათხილამურო კურორტზე, ახალი წლის წვეულებაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ხანძარი კრანს-მონტანას ერთ-ერთ ლაუნჯ-ბარში, დაახლოებით ღამის 1:30 საათზე გაჩნდა.
დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია, ასევე ამ დროისთვის არ დასახელებულა ხანძრის გამომწვევი მიზეზები.
მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის დახურულ ფორმატში შეხვედრა დაიწყო.
ტრამპთან ერთად იმყოფებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, თეთრი სახლის აპარატის უფროსი სუზი უაილსი და სპეციალური წარმომადგენლები - სტივ ვიტკოფი და ჯერედ კუშნერი.
შეხვედრას ასევე ესწრება გენერალი დენ კეინი, გაერთიანებული შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე.
კანადა უკრაინას დამატებით 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობით ეკონომიკურ დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
შეხვედრა ჰალიფაქსში, ახალი შოტლანდიის პროვინციაში იმართება.
შეხვედრის დასაწყისში კარნი მიესალმა უკრაინის ლიდერს და აღნიშნა, რომ ამჟამად „არსებობს პირობები და შესაძლებლობები სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის“.
„მაგრამ ამისთვის საჭიროა რუსეთის მზადყოფნა“, – განაცხადა კარნიმ.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში კიევზე განხორციელებული მასშტაბური რუსული თავდასხმები ნათლად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა.
თავის მხრივ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა კარნის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული დარტყმები აჩვენებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მშვიდობა არ სურს.
მისივე თქმით, იგი იმედოვნებს, რომ ხვალ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა გაიმართება.