უმსხვილესმა ამერიკულმა კვების კომპანია „მაკდონალდსმა“ ოთხი წლის შემდეგ მრავალფეროვნების პოლიტიკის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სააგენტოს მტკიცებით, კომპანიის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილება გახდა, რომელიც დისკრიმინაციას კრძალავს განურჩევლად იმისა, ის პოზიტიურ თუ ნეგატიურ მიზნებს ემსახურება. ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კოლეჯებში მიღების დროს რასობრივ და სხვა დისკრიმინაციას კრძალავს. იყო შემთხვევები, როცა ამა თუ იმ სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელები უმცირესობის სხვადასხვა ჯგუფებს ანიჭებდნენ უპირატესობას.
„მაკდონალდსი“ აღმოჩნდა უკანასკნელი მსხვილი ამერიკული კომპანია, რომელმაც მრავალფეროვნების პოლიტიკის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. მანამდე ეს გააკეთეს Wallmart-მა, John Deere-მა, Harley-Davidson-მა.
როგორც „მაკდონალდსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ის მრავალფეროვნების პოპულარიზაციაზე უარს იტყვის კომპანიის უმაღლესი რგოლის დონეზე. ეს პროგრამა შეჩერდება კვების ობიექტების მიმწოდებლებისთვისაც, რომლებსაც ადრე კომპანია უმცირესობების დასაქმებისკენ მოუწოდებდა.
გარდა ამისა, „მაკდონალდსი“ უარს იტყვის გამოკითხვებში მონაწილეობაზეც. როგორც Associated Prerss-ი იუწყება, კომპანიას ჯერ არ უთქვამს, კონკრეტულად რას მოიმოქმედებს ამ მიმართულებით, თუმცა ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა Lowe`s და Motor Co., უკვე შეაჩერეს მონაწილეობა ყოველწლიურ გამოკითხვაში Human Rights Campaign, რომელიც სამუშაო ადგილებზე ლგბტქ+ თანამშრომლების ინკლუზიურობის დონეს ზომავს.
2024 წლის 8 დეკემბერს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ ქვეყანაში 115 ათასზე მეტი სირიელი დაბრუნდა ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა თურქეთი, იორდანია და ლიბანი. ამას მოწმობს გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) მონაცემები, რომლებიც აღებულია საჯარო განცხადებებიდან, საიმიგრაციო სამსახურებისა და სასაზღვრო კონტროლის სტატისტიკიდან.
UNHCR-ის შეფასებით, დაახლოებით 664000 ადამიანი რჩება ადგილნაცვალ პირად მთელს სირიაში, ძირითადად იდლიბისა და ალეპოს პროვინციებში. მათგან 75%-ს ქალები და ბავშვები შეადგენენ.
ამავე დროს 486 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი დაბრუნდა სამშობლოში, ძირითადად ჰამისა და ალეპოს პროვინციებში.
„დაუცველობის ჯერ კიდევ არსებული კლიმატი, მათ შორის შეიარაღებული შეტაკებები, მზარდი დამნაშავეობა და აუფეთქებელი საბრძოლო მასალები, კვლავაც უქმნის პრობლემებს მშვიდობიან მოსახლეობას და შესაძლოა გავლენა იქონიოს ქვეყნის გარეთ მცხოვრები სირიელების პოტენციურ გადაწყვეტილებაზე, დაბრუნდნენ სახლში“, განაცხადა გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ.
"რადიო თავისუფლება"
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პოზიციას ტემი ბრიუსი დაიკავებს. ამის შესახებ აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელში დაწერა.
ბრიუსმა პოლიტიკურ მეცნიერებებში ბაკალავრის ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში მიიღო.
"ჩემთვის დიდი პატივია განვაცხადო, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილ ჩვენს შესანიშნავ კანდიდატს, მარკო რუბიოს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის რანგში ტემი ბრიუსი შეუერთდება.
მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში და მას შემდეგ, რაც 1990-იან წლებში ლიბერალური აქტივისტი იყო, დაინახა რადიკალ მემარცხენეების სიცრუე და თაღლითობა და სწრაფად გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონსერვატიული ხმა რადიოსა და ტელევიზიაში.
როგორც ახალი ამბების ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ კონტრიბუტორს, ტემიმ ორი ათწლეულის განმავლობაში მოუტანა სიმართლე ამერიკელ ხალხს. მე ვიცი, რომ იგი მოიტანს იმავე ძალას და უშიშარი სულისკვეთებას თავის ახალ თანამდებობაზე, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი", - განაცხადა ტრამპმა.
ტემი ბრიუსი, რომელიც 2005 წლიდან Fox News-ის თანამშრომელია.
ბრიუსი აღნიშნულ თანამდებობაზე მეთიუ მილერს ჩაანაცვლებს.
ჯო ბაიდენი ჯორჯ სოროსსა და ჰილარი კლინტონს თავისუფლების მედლით დააჯილდოებს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, თეთრ სახლში დაგეგმილ ღონისძიებაზე თავისუფლების მედალი, საერთო ჯამში, 19 ადამიანს გადაეცემა. მათ შორის იქნებიან პოლიტიკოსები, ფილანთროპები, კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლები. აქედან ოთხ ადამიანს მედალი სიკვდილის შემდეგ მიენიჭებათ.
„მედალი გადაეცემათ იმ პირებს, რომლებმაც სამაგალითო წვლილი შეიტანეს შეერთებული შტატების კეთილდღეობის, ღირებულებების ან უსაფრთხოების, მსოფლიო მშვიდობის ან სხვა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი, საჯარო თუ კერძო წამოწყების საქმეში. ეს ცხრამეტი ამერიკელი დიდი ლიდერია, რომლებმაც ამერიკა უკეთეს ადგილად აქციეს. ისინი დიდი ლიდერები არიან, რადგან კარგი ადამიანები არიან, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს თავიანთ ქვეყანასა და მსოფლიოში“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.
2016 წელს ჰილარი კლინტონი გახდა პირველი ქალი, რომელიც დემოკრატიულმა პარტიამ დაასახელა პრეზიდენტობის კანდიდატად, თუმცა მოგვიანებით დონალდ ტრამპთან დამარცხდა; სოროსმა, რომელმაც დააარსა ღია საზოგადოების ფონდები, 32 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის თანხა შეიტანა თავის ორგანიზაციაში. ის ასევე არის დემოკრატიული პარტიის მთავარი დონორი;
თავისუფლების საპრეზიდენტო მედლის მიმღებთა შორისაა შეფმზარეული ხოსე ანდრესი, რომლის „მსოფლიო ცენტრალური სამზარეულო“ დაეხმარა მშვიდობიანი მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფას ომის ზონებსა და სტიქიური უბედურებებით დაზარალებულ რაიონებში;
ჯეინ გუდალი, აღიარებული კონსერვაციონისტი და მეცნიერი; ბილ ნაი, მეცნიერ-პედაგოგი, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა გადაცემით, „ბილ ნაი – მეცნიერი ბიჭი“; ასევე დაჯილდოვდება ჯგუფ „იუ2“-ს მომღერალი ბონო; მსახიობები: მაიკლ ფოქსი და დენზელ ვაშინგტონი; სპორტსმენები: ლიონელ მესი და ერვინ „მეჯიქ“ ჯონსონი; მოდის სამყაროს წარმომადგენლები: ანა ვინტური და რალფ ლორენი.
ბაიდენი პატივს მიაგებს უკვე გარდაცვლილ რამდენიმე მიმღებს, მათ შორის რობერტ კენედის, რომელიც მოკლეს 1968 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს. კენედი იყო სენატორი, რომელიც წარმოადგენდა ნიუ იორკს და მსახურობდა გენერალურ პროკურორად თავისი ძმის, პრეზიდენტ ჯონ კენედის ადმინისტრაციის დროს; ასევე, სიკვდილის შემდეგ მედალი მიენიჭება ეშტონ კარტერს, რომელიც იყო თავდაცვის მდივანი ობამას ადმინისტრაციის დროს და კურირებდა შეერთებული შტატების მიერ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას; ასევე მიჩიგანის გუბერნატორს 1960-იან წლებში, ჯორჯ რომნის, ყოფილი სენატორის, მით რომნის მამას. თავად ბაიდენმა თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი 2017 წელს ობამას ადმინისტრაციის ბოლო დღეებში მიიღო.
გარდაიცვალა შვეიცარიელი ჯოსელინ ვილდენშტეინი, რომელიც ცნობილი იყო მეტსახელით "კატა-ქალი“. სამწუხარო ამბავი მეგობარმა მამაკაცმა, დიზაინერმა ლოიდ კლაინმა გაავრცელა. მისი თქმით, ჯოსელინის სიცოცხლე ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიამ შეიწირა.
ჯოსელინი ამერიკელი მილიარდერის მეუღლე იყო. გარკვეული დროის შემდეგ მიხვდა, რომ ქმარმა მის მიმართ ინტერესი დაკარგა.
ამის შემდეგ გადაწყვიტა დამსგავსებოდა კატას, რომელსაც მისი მეუღლე აღმერთებდა. მან დაახლოებით 80 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა რის შედეგადაც მისი სახე სრულიად შეიცვალა. თუმცა ამან ქორწინება ვერ გადაარჩინა.
მსოფლიოში ცნობილი ქალი 31 დეკემბერს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სტარმერი დამნაშავეა ბრიტანელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ საშინელ დანაშაულებში - ამ მიზეზით ახსნა აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალმა ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა, "ლეიბორისტების" მიერ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის საქმიანობის გამოძიების დაბლოკვა, როდესაც ის სამეფო პროკურატურის ხელმძღვანელად მუშაობდა.
საქმე ეხება არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურებაში ბრალდებულ ბანდებს, რომელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს 2008-2013 წლებში, სწორედ კირ სტარმერის ხელმძღვანელობით იძიებდა ბრიტანეთის პროკურატურა. ილონ მასკი ასევე აზიარებს ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფის" სტატიას სათაურით - "როგორ დაიფარა არასრულწლოვანთა წინააღმდეგ მოქმედი ბანდების სკანდალი" და წერს: "როგორ დაფარეს ბრიტანეთის გაუპატიურება". მასკის განცხადებით, ის ადამიანები, ვინც დიდ ბრიტანეთში ბავშვების გაუპატიურება დაუშვა, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში არიან, თუმცა, ჯერჯერობით. "სნეული მშიშარები, რომლებმაც ბრიტანეთში პატარა გოგონების მასობრივი გაუპატიურება დაუშვეს, ისევ ხელისუფლებაში არიან... ჯერჯერობით." - დაწერა მან X-ზე.
მან ასევე გააზიარა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთში ერთ-ერთმა მოსამართლემ 20 თვით პატიმრობა მიუსაჯა პირს სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტისთვის, ხოლო, მოზარდის მაჩეტეთი მკვლელობისთვის ბრალდებულმა კი საპატიმრო ექვს თვეში დატოვა. როგორც მასკმა ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაწერა: "ეს მოსამართლე სამარცხვინოდ უნდა გადააყენონ თანამდებობიდან." ბოლო პერიოდში, ილონ მასკი, დიდი ბრიტანეთის მთავრობას, განსაკუთრებით კი, პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს მწვავედ აკრიტიკებს. ის მიიჩნევს, რომ დიდ ბრიტანეთში მთავრობა უნდა გადადგეს, ერთ-ერთ მიზეზად, სწორედ მიგრანტების მიერ ფორმირებული ბანდების ბრიტანელი არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილ დანაშაულებს და ამ დანაშაულებზე მთავრობის უმოქმედობას ასახელებს.
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დაშვებული დროშების ფონზე ჩატარების შესახებ აღარ გადაიხედება, - იუწყება AP.
თეთრ სახლში განმარტეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის გარდაცვალებას უკავშირდება.
კარტერი 100 წლის ასაკში 30 დეკემბერს გარდაიცვალა.
აშშ-ში სახელმწიფო დროშები 9 იანვრის შემდეგ, რომელიც გლოვის დღედ არის გამოცხადებული, ტრადიციისამებრ, 30 დღის განმავლობაში იქნება დაშვებული.
აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდება.
31 დეკემბერს უკრაინის ქალაქ ოდესაში აიღეს საბჭოთა პერიოდის პოეტის, ბარდისა და მსახიობის, ვლადიმირ ვისოცკის ძეგლი. ამ პროცესის ამსახველი ვიდეოჩანაწერი ინტერნეტით გავრცელდა.
ძეგლის დემონტაჟის გადაწყვეტილებაზე 2024 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. იმავე დროს ქალაქის აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა პუშკინის, მაქსიმ გორკის და ისააკ ბაბელის ძეგლების მოხსნაც.
ვლადიმირ ვისოცკის ძეგლი 2012 წელს დაიდგა ოდესის კინოსტუდიის შენობის წინ, უკრაინის უმაღლესი რადის ყოფილი დეპუტატის, იგორ მარკოვის ინიციატივით. 2022 წლის ზაფხულში დეპუტატს ბრალი დასდეს კოლაბორაციონიზმში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერის გამო. მარკოვი სისტემატურად მონაწილეობს რუსეთის სახელმწიფო ტელეარხების პროპაგანდისტულ გადაცემებში.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში ცვლიან დასახლებული პუნქტების, ქუჩების, სკვერების, პარკების სახელებს და იღებენ ძეგლებსა და მემორიალურ დაფებს, რომლებიც უკავშირდება რუსეთს ან საბჭოთა კავშირს.