15 თებერვალს, დილით, „როსავიაციის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დროებით დახურულია რუსეთის შვიდი ქალაქის აეროპორტები.
აეროპორტები დახურულია ასტრახანში, ვლადიკავკაზში, ვოლგოგრადში, გროზნოში, კალუგაში, სარატოვსა და ულიანოვსკში.
უწყების განმარტებით, შეზღუდვები უსაფრთხოების აუცილებლობის მიზნით დაწესდა.
ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის განცხადებით, ადგილი ჰქონდა უკრაინის მხრიდან „მასირებულ შეტევას“ ერთ-ერთ საწარმოო ობიექტზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონს 14 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს.
15 თებერვალს დილით, სარატოვის ოლქის ხელმძღვანელმა რომან ბუსარგინმა ტელეგრამ არხზე დაწერა რეგიონში დრონების თავდასხმების მოგერიების შესახებ.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. მას შემდეგ ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები.
ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ის ფეხსაცმელი, რომელიც მას იმ თამაშზე ეცვა, სადაც აქილევსის მყესი გაიწყვიტა, „სოთბის“ აუქციონზე 660,000 დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ეს თამაში 2013 წელს გაიმართა. „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ წინააღმდეგ თამაშობდა, სადაც ბრაიანტმა მძიმე ტრავმა მიიღო. მიუხედავად ამისა, მან შეხვედრის გაგრძელება შეძლო.
„კობის კარიერაში ვერცერთი მომენტი ვერ აღწერს „მამბას მენტალიტეტს“ ისე, როგორც აქილევსის თამაში“, - ასე ეწერა ლოტის აღწერაში.
კალათბურთის ვარსკვლავი 41 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. შემთხვევას ბრაიანტის გარდა კიდევ რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის მისი 13 წლის შვილი, ჯიანა. ტრაგედია 2020 წელს მოხდა.
ქანთრი მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 79 წლის ასაკში, თავისი სახელობის წითელ ღვინოს უშვებს. ინფორმაციას გამოცემა People ავრცელებს.
კომპანია „დოლი ვაინსი“ ღვინის ინდუსტრიაში უკვე დიდი ხანია მოღვაწობს, თუმცა აქამდე, ბრენდს ასორტიმენტში წითელი ღვინო დამატებული არ ჰქონდა. ვალენტინობამდე რამდენიმე დღით ადრე კი დოლიმ პირველი წითელი ღვინის გამოშვების შესახებ განაცხადა.
„ბევრი წლის განმავლობაში წითელი ფერი არ მიყვარდა, რადგან იმ ქალს მახსენებდა, რომელმაც ჩემი ქმრის წართმევა სცადა. თუმცა, ჩემმა ახალმა პინომ [ვაზის ჯიში] ეს ყველაფერი შეცვალა. ახლა წითელი მიყვარს და თქვენც უნდა სცადოთ“, - განაცხადა პარტონმა.