ყველაფერთან ერთად, საქართველოს ის პერიოდიც გამოვლილი აქვს, როცა ძირთადად თავადაზნაურობა გლეხების ბავშვებს იტაცებდა და სტამბოლის ბაზარზე ჰყიდდა. სწორედ ამიტომ, ათეულობით ათასი ქართველი აზიისა თუ აფრიკის ქვეყნებში მოხვდა, ამ ქვეყნების გამო ხმალს იქნევდა, თოფს ისროდა და ამიტომაცაა, რომ ჩვენი გენი მსოფლიოშია გაფანტული.
რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ადამიანების გატაცება მეოცე საუკუნის მიწურულსაც აქტუალური გახდა. ოღონდ, ამჯერად, გატაცებულებს საზღვარგარეთ არავინ ჰყიდდა, მათ ოჯახებს უკავშირდებოდნენ და გამოსასყიდს ითხოვდნენ. სამწუხაროდ, არაერთი შემთხვევა იყო, როცა გამოსასყიდის გადახდის მიუხედავად, გატაცებულს კლავდნენ და კლავდნენ იმიტომ, რომ დიდი ალბათობით, ის რომელიმე გამტაცებელს იცნობდა, ან ისინი, უბრალოდ, თავს იზღვევდნენ და ფულის აღების შემდეგ, გატაცებულს კლავდნენ. დღეს, ადამიანების გატაცება გამოსასყიდის მიღების იმედად, პრაქტიკულად, არ ხდება. კი, არის მუქარები, დაშინებები, რომლებსაც, საბედნიეროდ, სამართალდამცავები უმკლავდებიან (რა თქმა უნდა, ამისათვის მათ უნდა მიმართოთ) და თუ ვინმეს იტაცებენ, ძირითადად, ცოლად მოყვანის მიზნით. ესეც პარდოქსია, რადგან ახლა, 21-ე საუკუნეში, ქალს ცოლად მოყვანის მიზნით რომ მოიტაცებ, ცოტა პრობლემები გაქვს.
ჰოდა, სწორედ იმ 90-იანებში, როცა ადამიანის გატაცება ჩვეულებრივი ამბავი იყო და ყურს უცხოდ არ ხვდებოდა, განყოფილებაში 50 წელს მიტანებული კაცი მივიდა და განაცხადა, ცოლი მომტაცესო. თავიდან, სამართალდამცავებს ეგონათ, რომ საქმე რომელიმე ბიზნესმენთან ჰქონდათ, მაგრამ კაცმა, რა ბიზნესმენი, „საპოჟნიკი“ ვარ, ჩემი ცოლი კი დამლაგებელია და როცა სამსახურიდან წამოსულა, მის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუნახავს, როგორ ჩატენეს მანქანაში და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანესო. კაცს ცოლის ფოტოც ჰქონდა მიტანილი და ძალოვნებმა მხრები აიჩეჩეს - ფოტოზე ფაშფაშა, არაფრით გამორჩეული ქალი იყო აღბეჭდილი და წესით, მის მიმართ ინტერესი არავის უნდა ჰქონოდა. დაიწყო ძებნა, გამოცხადდა განგაში, გააფრთხილეს საგზაო მილიციის თანამშრომლები, მაგრამ ქალი გაქრა. მეორე დღეს, კაცი გნაყოფილებაში ისევ მივიდა, ამჯერად, ცოლთან ერთად და ქალის თავს გადამხდარ ისტორიას ძალოვნები ღიმილით უსმენდნენ.
„სამსახურიდან როცა გამოვედი, სამმა ჯანიანმა ბიჭმა ხელში პატარა ბავშვივით ამიტაცა, მანქანაში ჩამსვა და თავზე მაშინვე ტომარა ჩამომაცვა. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, უბრალოდ, მეშინოდა და ცრემლები თავისით მომდიოდა, ოღონდ ყველაფერი ეს, უხმოდ. ასე მატარეს, დაახლოებით, 40 წუთი, მერე მანქანა გაჩერდა, სადღაც ოთახში შემიყვანეს და მითხრეს, კარის დახურვის ხმას რომ გაიგებ, სახვევი მოიხსენიო. მოვიხსენი და ოთახი დავათვალიერე. მაგიდა, სკამი, იატაკზე დაგდებული ლეიბი, რკინის სათლი, საკვები და წყალი. სულ ეს იყო, რაც ოთახში დამხვდა. სავარაუდოდ, სათლს ტუალეტის ფუნქცია უნდა შეესრულებინა. მთელი დღის მშიერმა თავი ვერ შევიკავე, პური, ყველი და ცოტაოდენი ხორცი ვჭამე, მერე წამოვწექი და დაველოდე, რა მოხდებოდა. ასე, ერთ საათში, მიბრძანეს, თვალები ამეხვია, ავიხვიე, მაგრამ ისე, რომ სილუეტები მაინც გამერჩია. ვიღაც ნიღბიანი შემოვიდა, თვალები მაგრად ამიკრა და მერე შემოვიდა ქალი. ქალი რომ იყო, ჯერ სუნამოთი მივხვდი, მერე კი ხმით. მან იკითხა, ეს ვინ არისო და ოთახიდან გავიდა. ამ დილით, ისევ ამიხვიეს თვალები, მითხრეს, ნუ გეშინია, შეგვეშალაო და შუა გზაზე ჩამომსვეს. სახვევი შიშით მარტო 5 წუთის შემდეგ მოვიხსენი, ავტობუსს დაველოდე და სახლში წამოვედი. აქ კიდევ, ჩემს ქმარს მთელი ამბები აუტეხავს. მე პრეტენზია არ მაქვს, არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ თუ არ ჩავთვლით იმას, რომ უხეშად მომექცნენ, არაფერი დაუშავებიათ“, - განაცხადა ქალმა.
ძალოვნები ერთმანეთს გაოცებული უყურებდნენ. ასეთი რამ მანამდე არ გაეგოთ, მაგრამ უფრო გამოცდილმა თანამშრომელმა თქვა, იმ საწარმოში, სადაც ეს ქალი დამლაგებლად მუშაობს, ახლავე უნდა წავიდეთ და გავარკვიოთ, მას ვინ ჰგავს, ვისში შეეშალათ, რადგან სწორედ იმის მოტაცება იგეგმებაო. დანარჩენები დაეთანხმნენ, მაგრამ მანამდე ქალს ჰკითხეს, ვინმე ხომ არ გგავს ან სახით, ან აგებულებითო და მანაც მხრები აიჩეჩა, ასეთს ვერავის ვიხსენებო. ჰო, გატაცებულის ქმარმა გამომძიებელი გვერდით გაიყვანა და საიდუმლო ხმით უთხრა, ეს ისტორია ცოტა დაუჯერებლად მეჩვენება, ხომ არ მღალატობს ჩემი ცოლი, ამას ხომ არ იგონებს და ეგებ, თვალთვალი დავუწყოთ, რაზეც უარი უთხრეს. სამართალდამცავები საწარმოდანაც იმედგაცრუებულები დაბრუნდნენ, იქ ამგვარი არავინ იყო...
მომხდარიდან ერთ კვირაში, სამართალდამცავებს კიდევ ერთმა კაცმა მიაკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ ცოლი დაეკარგა.
„არ დავმალავ, ბოლო დღეებია, ცოლთან ხშირად ვკამათობ კონკრეტულ საკითხზე და როცა გუშინ შინ არ მოვიდა, ვიფიქრე, დაქალთან დარჩა, გაბრაზებულია-მეთქი. დღეს მის მეგობარს დავურეკე და გადავირიე, მივედი სასტუმროებში, რომლებიც ჩვენთან ახლო-მახლოს არის, მაგრამ არა, ის არსად დამხვდა. მგონია, რომ გაიტაცეს, მაგრამ გამტაცებლები არ შემომხმიანებიან. სავარუდოდ, ჩემგან გამოსასყიდის მიღება სურთ“, - განაცხადა კაცმა და ის... იმ საწარმოს დირექტორი აღმოჩნდა, სადაც წინა გატაცებული ქალბატონი მუშაობდა. მამაკაცს ცოლის სურათი სთხოვეს, მან მხრები აიჩეჩა, სახლში მაქვსო და ძალოვნები თან გაიყოლა. სურათიდან მომზირალი ქალი აგებულებით და სახითაც კი, ძალიან ჰგავდა ერთი კვირის წინ გატაცებულ დამლაგებელს. სამართალდამცავებმა მამაკაცს სთხოვეს, ის დღე გაეხსენებინა, როცა დამლაგებელი გაიტაცეს და მან დაადასტურა, რომ იმ დღეს ცოლი მასთან სამსახურში იმყოფებოდა, ისევ იკამათეს.
„დასამალი აღარაფერია, მე ახალგაზრდა ქალს ვხვდები, რომელმაც შვილი გამიჩინა, ბიჭი... ცოლთან შვილები არ მყავს. ვუთხარი, რომ ბავშვს უნდა მივხედო, რომ მისი მიტოვება არ მინდა ანუ იქაც ვიქნები და აქაც-მეთქი, მაგრამ არ მიჯერებს, მითხრა, სისულელეს ლაპარაკობო. მოკლედ, ამაზე ვკამათობდით და გაქრა“, - განაცხადა მამაკაცმა.
პირველი, რაც სამართალდამცავებმა გააკეთეს, დაკითხვაზე შეცდომით გატაცებული დამლაგებელი დაიბარეს და ჰკითხეს, ხომ ვერ გაიხსენებდა, გატაცების დღეს, მგზავრობის დროს, ხომ არ ესმოდა რამე ხმები, ხომ არ გადაიარეს, მაგალითად, ლიანდაგი, ხომ არ იყო შეფერხებები შუქნიშანზე და ა.შ. ანუ ნებისმიერი დეტალი, რაც ადგილსამყოფელის დადგენაში ძალოვნებს დაეხმარებოდა. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ახლა გატაცებული ქალიც ზუსტად იმ ოთახში ჰყავდათ გამომწყვდეული, რომელშიც დამლაგებელი იყო.
„ერთადერთი, რაც გარკვევით მესმოდა, ძაღლების გაუთავებელი ყეფა გახლდათ. ვიფიქრე, ალბათ, სადმე ახლოს ნაგავსაყრელია-მეთქი. სხვას ვერაფერს ვიხსსენებ“, -განაცხადა ქალმა.
სამართალდამცავებმა რუკას დახედეს და ნაგავსაყრელი არა, მაგრამ ძაღლების თავშესაფარი კი იპოვეს. ისინი სწორედ იმ თავშესაფრისკენ გაემგზვრნენ, მით უმეტეს, რომ გარშემო არაერთი სახლი იდგა და დამლაგებლის მონაყოლის მიხედვით, სავარაუდოდ, სარდაფში იყო გამოკეტილი. პარალელურად, იმ ქალის ვინაობის გარკვევა დაიწყეს, რომელმაც კაცს შვილი გაუჩინა, თუმცა მალევე დაადგინეს, რომ მას იმ მხარეში სანათესაო-სანაცნობო არ ჰყავდა.
თავშესაფართან არსებულის სახლების უდიდესი ნაწილი დაკეტილი იყო, სავარუდოდ, მფლობელები იშვიათად აკითხავდნენ და მხოლოდ ორი იყო ისეთი, სადაც მოძრაობა შეინიშნებოდა. ერთგან ხანში შესული ქალი ფუსფუსებდა ეზოში, მეორეგან - ორი ახალგაზრდა. ამიტომ, მეორე სახლი აირჩიეს და შეიძლება ითქვას, შტურმით აიღეს კიდეც. სარდაფში გატაცებული ქალი იპოვეს...
„ჩვენებას მოგცემთ, მაგრამ მინდა ჩემი ქმარიც დაესწროსო“, - მოითხოვა ქალმა და ქმარიც წინააღმდეგი არ წასულა.
„ეს ადამიანი უზომოდ მიყვარს, ამიტომ თვალს ვხუჭავდი, როცა მღალტობდა. მას მუდმივად ეგონა, რომ ვერაფერს ვხვდებოდი, მაგრამ არათუ ვხვდებოდი, არამედ, ზუსტად ვიცოდი, ვისთან და როდის ერთობოდა. მერე კი, გამოჩნდა ის გოგო, რომელმაც შვილი გაუჩინა, თურმე. არა, ჩემო საყვარელო, ჩვენი უშვილობის მიზეზი მე არ ვარ, შენ ხარ, რადგან ანალიზების მიხედით, ბავშვი არასდროს სწორედ შენ არ გეყოლება, მაგრამ იმის გამო, რომ მიყვარხარ, მე დავიბრალე, შენ რომ არასრულფასოვნების კომპლექსი არ გაგჩენოდა. ვიცოდი, შენც გიყვარდი და არ დამშორდებოდი, მაგრამ აგერ, იმ გოგომ პატარა ბავშვივით მოგატყუა და ახლა ვიღაცის შვილს გტენის. მე ვნახე ის გოგო, ვუთხარი, რომ შენგან შვილი ვერ ეყოლებოდა და რომ შენი ცხოვრებიდან გამქრალიყო, მაგრამ ამის მაგივრად, ჩემი გაქრობა გადაწყვიტა. მოკვლას მიპირებდნენ, მაგრამ ვერ გაბედეს, ვერცერთმა ვერ მომკლა, ვერც იმ გოგომ და ვერც იმ ორმა ბიჭმა. ერთმანეთში საუბრობდნენ, ეგებ, ვაშიმშილოთ დ შიმშილით მოკვდებაო“, - განაცხადა ქალმა.
მამაკაცი ცოლს პირდაღებული უსმენდა, მერე კი... მერე ანალიზი მაინც ჩაიტარა და როცა დარწმუნდა, რომ ცოლი მართალი იყო, პატიება სთხოვა. იმ გოგოს კი... იმ გოგოსა და მის შეყვარებულს უკვე სასამართლოებზე დაატარებდნენ და ამ კაცისთვის აღარავის ეცალა.
ავტორი: ბათო ჯაფარიძე
თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ძალადობის და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საუბარია თბილისში, თებერვალში მომხდარ დანაშაულზე, რა დროსაც 47 წლის ფელიქს კაპანოვი მოკლეს. პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული ძმები დააკავა.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ძალადობის და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 11 თებერვალს, თბილისში, ბრალდებულებმა წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ჯგუფურად, სხვადასხვა საგნების გამოყენებით სცემეს დაზარალებულს. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულებმა, რომლებიც ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, დაზარალებული სომხეთის ქუჩაზე დაინახეს, რა დროსაც ერთ-ერთმა ავტომანქანის სიჩქარე შეამცირა, ხოლო მეორემ დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად) 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა," - წერს პროკურატურა.
22 წლის გოგოს სასტიკი მკვლელობის საქმეზე შესაძლოა, ბრალდებულთა წრე გაიზრდოს. როგორც უკვე იცით, 22 წლის ქეთი ჯავახიშვილის ცხედარი, სამგორში წინაუბნის დასახლებაში მამამ იპოვა. გოგონა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა ახალგაზრდა კაცმა. მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ზუგდიდში დააკავეს.
როგორც უკვე ცნობილია, ბრალდებული ნარკოტიკების მომხმარებელი იყო და დანაშაულის ჩადენის მომენტშიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
დღემდე უცნობია რა გახდა ამ შემზარავი დანაშაულის მიზეზი, თუმცა არსებობს რამდენიმე ვერსია, ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილ გოგონას ბრალდებული ნარკოტიკების გამო ფულს სძალავდა, იმ საბედისწერო ღამეს კი გოგონასგან უარი მიიღო, რამაც ბრალდებული გააბრაზა და გოგონა სასტიკად მოკლა.
ჩვენთვის ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ ბრალდებული ოთარ ცინდელიანი წარსულში ნასამართლევია, ის ესპანეთში დედასთან ერთად ცხოვროდბა, სადაც მან ციხე ჯერ ქურდობის ბრალდებით შედეგ კი ესპანელი ქალის საჩივრით მოიხადა. როგორც წყარო გვიყვება:
„ესპანეთში გენდერის შეურაცხყოფის გამო იჯდა ციხეში,ქალს საჯდომზე წამოარტყა, უჩივლა და დაიჭირეს. ასევე ციხეში იჯდა ესპანეთში ქურდობის გამო. ნარკოტიეკბს მოიხმარდა, ოჯახში ყველამ იცოდა, რომ პრობლემა ჰქონდა, დედამისმა საქართველოში გამოუშვა,უკვე აღარ შეეძლო იქ ოთოს ყურება. ასევე ბოლო პერიოდში უცნაურად საუბრობდა, სულ სიკვდილს და სიკვდილის ანგელოზს ახსენებდა, მეგორები თვლიდნენ რომ ვერ იყო თავის ჭკუაზე“ - ამბობს ბრალდებულის ახლობელი
ასევე ჩვენთან საუბრისას, ბრალდებულის მეგობარი ამბობს, რომ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც ოთოს ხელები დაუსერია, ისტერიკები მოუწყია, მეგობრებს უცნაურად ელაპარაკებოდა და დემონებზეც საუბრობდა.
ბრალდებული ოთარ ცინდელიანი 16 წლამდე საქართველოში იზრდებოდა, შემდეგ კი დედასთან წავიდა ესპანეთში, საიდანაც რამოდენიმე დღის წინ დაბრუნდა. გარდაცვლილი გოგონა, ოთოს დედის ნათლულია, ოჯახები მეგობრობდნენ და ბრალდებულს და გარდაცვლილსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
გაიზრდება თუ არა ბრალდებულთა წრე?
გამოძიებამ უკვე გამოკითხა იმ სახლის მეპატრონეები, სადაც დანაშაულის ჩადენის შემდეგ 21 წლის ოთო ცინდელიანმა თავი შეაფარა და მტკიცებულებები გაანადგურა. ახლა საინტერესოა, მისცემს თუ არა ბრალდებული ცინდელიანი ჩვენებას დეიდისა და ბებიის წინააღმდეგ, რომლებიც საბედისწერო ღამეს მას სახლში დახვდნენ და სავარაუდოდ გაქცევაშიც დაეხმარნენ.
მკვლელის აღიარება
უკვე დადასტურებულია, რომ 21 წლის ბიჭი მკვლელობის დროს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ეს ჩვენება მან პოლიციას თავდაპირველად მოწმის სტატუსით მისცა. ამის შემდეგ ბრალდებულს დუმილი აღარ დაურღვევია. პირველ სასამართლო სხდომაზე კი შოკისმომგვრელი დეტალები გახდა ცნობილი. ცინდელიანმა გოგოს 59 ჭრილობა მიაყენა და როცა ნახა, რომ ქეთი ჯავახიშვილი მაინც ცოცხალი იყო, დამარხა და თავზე ნარჩენები დააყარა.
განაჩენი
21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დამნაშავედ ცნო. ცინდელიანს სასჯელის სახით უვადო პატიმრობა მიესაჯა.
განაჩენის გამოცხადებამდე ბრალდებულმა მხოლოდ ის თქვა, რომ "ინანიებს".
მოსამართლემ ცინდელიანი დამნაშავედ ცნო გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში.
ავტორი-სალომე ნოზაძე
კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით, ყადაღა დაედო ე.წ. ქოლცენტრების საქმეში ფიგურანტი კონკრეტული პირების საბანკო ანგარიშებს, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური განმარტავს, რომ კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით, ყადაღა დაედო საქმეში ფიგურანტი კონკრეტული პირების საბანკო ანგარიშებს.
დღეის მდგომარეობით, გამოძიება გრძელდება და სამსახური საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, - საუბარია განცხადებაში.
მარნეულში საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენების შესაძლო ჩაყრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც „იმედინიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მესამე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც არჩევნების გაყალბებას გულისხმობს. დანაშაული 2-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მარნეულში, საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. კერძოდ, ვრცელდება მედიასა და ინტერნეტსივრცეში ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე განხორციელდა თითქოს საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრა საარჩევნო ყუთში.