შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 პირი დააკავა.
აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია ჩვენ მიერ ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შესახებ. დღეს დილით, გამთენიისას თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დავაკავეთ ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 პირი, რომელთაგან ნაწილს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, ხოლო ნაწილს კი უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.
მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისათვის დაკავებული პირები, სისტემატურად აორგანიზებდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას – მათ შორის, სხვადასხვა ლოკაციაზე ნარკოტიკული საშუალებების განთავსებას და შესაბამისი შეტყობინებების გადაცემას, ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებზე; ასევე, ხორციელდებოდა ნარკოტიკების რეალიზაცია ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემისა, თუ სხვა მეთოდებით. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ჩვენი თანამშრომლების მიერ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჩვენ მიერ, ნივთმტკიცებად, ასევე ამოღებულია დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა – ამის დასტურია ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამკაცრა სასჯელი ნარკოტიკების რეალიზაციისთვის. შესაბამისად, ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სრული შემადგენლობით გავაგრძელებთ ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ, კანონით განსაზღვრული მკაცრი ზომების გატარებას“, – განაცხადა გელა გელაძემ ბრიფინგზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ზუგდიდში მცხოვრები, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ბ. დააკავეს.
„სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირისგან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“-ს შემცველი გრანულები, ფხვიერი მასა და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რ. მ. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ი ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2017 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში რ. მ.-ს სხვადასხვა მაღალი თანამდებობა, მათ შორის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობები, ეკავა.
„ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ რ. მ. თანამდებობრივ გავლენას, სანაცნობო წრესა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად. ამ პირებისთვის უკანონო დახმარების გაწევის სანაცვლოდ კი ის მათგან ენერგოკომპანიებში (ჰესებში) საწარმოს წილებს იღებდა, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული. აღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად რ. მ.-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო.
ამასთანავე, რ. მ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, სამსახურებრივ უფლებამოსილებას სისტემატურად ბოროტად იყენებდა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; კერძოდ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით იგი უკანონოდ სარგებლობდა თავისი თანამდებობით ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობით და სხვადასხვა პირს სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციაში აფორმებდა (ის ამას ზოგჯერ ფიქტიურადაც ახორციელებდა), რის შედეგადაც იგი მატერიალურ სარგებელსა და ქონებრივ სიკეთეს იღებდა.
ზემოაღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად რ. მ.-ს ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა შესაბამის თანამდებობებზე მისი განწესების შემდეგ მილიონობით ლარით გაიზარდა. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დიდი ოდენობით უკანონო, არადეკლარირებულ შემოსავალს იღებდა, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებში, მათ შორის, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში, არ ასახულა.
უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შემოსავლების წარმოშობის დაფარვის მიზნით რ. მ. მათი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მათზე საკუთრების უფლებისა და მათთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვასა და შენიღბვას ახორციელებდა ქონების სხვა, ცრუმაგიერ პირებზე გაფორმების, ნაღდი ფულის თავისი და მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშებზე სხვადასხვა ფიზიკური პირის მეშვეობით შეტანის/ჩარიცხვის, უძრავი ქონების ფიქტიური შეძენის ან რეალიზაციის ამსახველი ხელშეკრულებების გაფორმების, ხელშეკრულებებში ქონების ღირებულების ხელოვნურად გაზრდის ან შემცირებისა და სხვადასხვა ფინანსური ტრანზაქციის შესრულების გზით. მაგალითად, გამოვლენილია ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მდებარე საცხოვრებელი ბინის ზემოაღნიშნული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლით 600 000 ევროდ შეძენის ფაქტი. ამ თანხის უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის დამალვისა და შენიღბვის მიზნით რ. მ.-მ თავისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე 600 000 ევროს ღირებულების ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულება გააფორმა, რითაც აღნიშნული თანხისთვის კანონიერი სახის მიცემა სცადა. ამასთანავე, მან, მის მიერ მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, მილიონ ლარამდე ღირებულების მქონე 2 ერთეული ავტომობილი მისი და თავისი ოჯახის წევრის ნდობით აღჭურვილ პირებზე გააფორმა.
გამოძიების ამ ეტაპზე როგორც ვლინდება, რ. მ.-მ ზემოხსენებული მეთოდებითა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განახორციელა რამდენიმე მილიონი ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.
გამოძიება გრძელდება და გამოძიების პროცესში კიდევ უფრო დაზუსტდება როგორც რ. მ.-ს მიერ შემოსავლების უკანონო გზებით მიღების გარემოებები, ისე ამ შემოსავლების ლეგალიზაციის ეპიზოდები. ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას“, – ვკითხულობთ სუს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.