რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები: ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
ტარიელ და ლეონიდე თენაძეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.
ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის, ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით თ.ფ. დააკავა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახური ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2000 წელს დაბადებული თ.ფ. დააკავეს.
დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.ფ.-მ ფიზიკურად იძალადა 2000 წელს დაბადებულ ლ.გ-ზე და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია 16 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება და ელექტრო სასწორი.
გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა, 11-151-ე და 260-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.