პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა.
პროკურატურის ინფორმაციით, 2026 წლის 27 მაისს, ქალაქ გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დაზარალებულის უფლებები არსებითად დაირღვა, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა.
"უმოკლეს ვადაში ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებათა საფუძველზე, ბრალდებულები 28 მაისს დააკავეს. მათ ბრალდება კანონით განსაზღვრულ ვადაში, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, კენიის, ნიგერიის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ფილიპინების, ბანგლადეშის, ეგვიპტის, პაკისტანის, სუდანის ერაყის, ყაზახეთის, უზბეკეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 86 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, – ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში არსებული ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელმა მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად იძალადა.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა“, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.