8 ნოემბრიდან კრწანისისა და სამგორის რაიონებში მიკროავტობუსის თითო ახალი მარშრუტი დაიწყებს მგზავრთა მომსახურებას.
თბილისის მერიის ინფორმაციით, N544 მიკროავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან იალბუზის ქუჩის, ორთაჭალჰესის ხიდისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩის გავლით, კრწანისის ქუჩის №65-მდე.
N559 მარშრუტი სამგორის რაიონს მოემსახურება. მიკროავტობუსი სვლას გივი ამილახვარის ქუჩის №17-ის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებს და კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩების გავლით მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ იმოძრავებს. შემდეგ იმავე მარშრუტით გივი ამილახვრის ქუჩას დაუბრუნდება.
„ახალი მარშრუტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას და კიდევ უფრო კომფორტულს და ხელმისაწვდომს გახდის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას.
გარდა ამისა, სამგორის რაიონში, N295 მარშრუტზე მოძრავი მცირეგაბარიტიანი ავტობუსები MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება.
ახალი ავტობუსები ბევრად მეტ მგზავრს მოემსახურება და გააუმჯობესებს გადაადგილებას ბესარიონ ჭიჭინაძისა და ქინძმარაულის ქუჩებზე, ასევე, მოსკოვის გამზირიდან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმართულებით.
ასევე, მთაწმინდასა და გლდანში მიკროავტობუსების მარშრუტები დაგრძელდება. კერძოდ, მთაწმინდის რაიონში, მიკროავტობუსის – N481 მარშრუტი, რომელიც დაბა წყნეთიდან კიკეთის მიმართულებით გადაადგილდება და გზად სოფელ დიდებას გაივლის, ამჯერად სოფელ დიდებაში მდებარე დიდების ქუჩის გარდა, სამპანტების I შესახვევსაც მოემსახურება.
გარდა ამისა, დაგრძელდება გლდანის რაიონში მოძრავი N508 მიკროავტობუსის მარშრუტიც. აღნიშნული მიკროავტობუსი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის” მიმდებარე ტერიტორიიდან (გობრონიძის ქუჩა) მომსახურებას უწევს ავშნის ქუჩისა და ავშნის III შესახვევის მცხოვრებლებს. ახალი მარშრუტის მიხედვით, მიკროავტობუსი ავშნის III შესახვევიდან სვლას ვახტანგ ფირცხალავას ქუჩის გავლით მიხეილ ვაშაკიძის ქუჩის კვეთამდე გააგრძელებს.
მთაწმინდისა და გლდანის რაიონებში განახლებული მარშრუტები 8 ნოემბრიდან ამოქმედდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ სამგორის რაიონში არსებული ძველი საბაგირო გზის რეკონსტრუქცია/მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების ე.წ. Design-Build მეთოდით შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევა გამოაცხადა.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული საბაგირო გზის მშენებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების პოლიტიკაში.
„დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება იწყება. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ უკვე გამოაცხადა ბაზრის კვლევა სამგორის რაიონში არსებული ძველი საბაგირო გზის რეკონსტრუქცია/მშენებლობის (არსებული მარშრუტის შენარჩუნებით) საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების ე.წ. Design-Build მეთოდით შესყიდვის მიზნით. ბაზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდება და დაუყოვნებლივ გამოცხადდება შესაბამისი ტენდერი. ჩვენი ვარაუდით, აღნიშნული პროექტის განხორციელება შესაძლებელი იქნება, დაახლოებით, 1,5-2 წელიწადში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული საბაგირო გზა ჯერ კიდევ 1986 წელს აშენდა, მაგრამ არასათანადო მოვლისა და ექსპლუატაციის შედეგად, საბაგირო გზის ფუნქციონირება 2006 წლიდან შეჩერდა.
„დღეისთვის ძველი საბაგირო გზის საინჟინრო და შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარება ძალიან მძიმეა. ჩვენ ჩავატარეთ შესაბამისი კვლევები და დადგინდა, რომ აღნიშნული ნაგებობების დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და ვაზისუბნის დასახლებაში მოსახლეობის ზრდის, მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და მგზავრობის დროის მნიშვნელოვნად შემცირების მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, იმავე დერეფანში განხორციელდეს ახალი, თანამედროვე საბაგირო გზის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მინიმუმ 3-ჯერ მეტი მგზავრის (არანაკლებ 1 250 მგზავრი/საათში) უმოკლეს ვადაში მიყვანას მეტროსადგურ „სამგორამდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული საბაგირო ჩაერთვება ერთიან სატრანსპორტო ქსელში და მეტროს მოძრაობის გრაფიკის ანალოგიურად მოემსახურება მოსახლეობას.
„დედაქალაქის ლანდშაფტის გათვალისწინებით, საბაგირო გზების განვითარება და მშენებლობა, წარმოადგენს სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რაზედაც არაერთხელ განვაცხადეთ. ეტაპობრივად გაგრძელდება სხვა, ანალოგიური პროექტების განხორციელება. საუბარია „სარაჯიშვილი- ზღვის უბნისა“ და „ისანი-ვაზისუბნის“ დამაკავშირებელი საბაგირო გზების მშენებლობაზე“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
სოფელ დიდ ლილოში, არჩილ მეფის N5-ში, 9 104 კვ.მ ფართობზე სპორტული კომპლექსი ეწყობა. ამ ეტაპზე, საფეხბურთო მოედნის საძირკვლის მომზადებისა და გასახდელების სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, 3 220 კვ.მ ფართობზე მოეწყობა UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთის ხელოვნურსაფარიანი მოედანი, 120 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, ასევე, შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი მცირე ზომის გასახდელები.
გარდა ამისა, ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 200 კვ.მ ფართობის პადელის მოედნის, სატრენაჟორო სივრცისა და სარბენი ბილიკის მოწყობა.
პროექტის ღირებულება 2 049 999 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2026 წლის ბოლოს დასრულდება.
კუს ტბის საბაგირო გზა, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 23 ოქტომბერს 22:00 საათის ნაცვლად, მგზავრთა მიღებაზე 18:00 საათზე დაიკეტება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„24 ოქტომბრიდან საბაგირო გზა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას 10:00-დან 22:00 საათამდე.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“,- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში
19 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე ველორბოლა "თბილისის თასი" გაიმართება, რის გამოც 09:00-დან 12:00 საათამდე რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნამდე საგზაო მონაკვეთში, ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით.
ამასთანავე, მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება - ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის და ზანდუკელის ქუჩების, ხოლო შემდგომ ბარნოვის, გოგებაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გავლით.
ხოლო, უკუმიმართულებით მელიქიშვილის გამზირისა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილები მოხვდებიან - გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გამოყენებით. თავისუფლების მოედანზე გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
მეტროსადგურ "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ გადაადგილებას შეძლებენ მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით.
შეზღუდვის პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მერაბ კოსტავას ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს - მიხეილ ჯავახიშვილის და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან კი დადგენილი სქემით განაგრძობს სვლას. უკუმიმართულებისას მიმავალი ავტობუსები და მიკროავტობუსები, მერაბ კოსტავას ქუჩას კვლავ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.