დიდი ლილოში, ნიავის ქუჩა N8-ში, 2365 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა.
პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკების, მოსასვენებელი და სავარჯიშო სივრცის მოწყობა, ასევე, მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორია გამწვანდება ხე-მცენარეებით და აღიჭურვება საჭირო ინვენტარით.
გარდა ამისა, ეწყობა გრუნიტის დამჭერი კედლები და დამცავი ჯებირი.
პროექტისთვის, რომელიც მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება, გამგეობის ბიუჯეტიდან 600000 ლარია გამოყოფილი.
სამუშაო პროცესს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო.
დედაქალაქის მერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი ნების დაფიქსირებისა და „ქართული ოცნების“ გუნდის მხარდაჭერისთვის. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მიმდინარე არჩევნებზე დედაქალაქში უპრეცედენტოდ მაღალი შედეგები აჩვენა.
„პირველ რიგში, გილოცავთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით დასრულებას, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქალაქის ცხოვრებისთვის და განვითარებისთვის. ამ არჩევანით მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი ნება და მიზანი, რომ სურს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და თბილისის უკეთესი მომავალი. უპრეცედენტოდ მაღალი შედეგი ვაჩვენეთ თბილისში - საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლის 71%-ზე მეტმა გამოგვიცხადა ნდობა. ეს არის 215 370 ამომრჩევლის ხმა, რაც ბევრად აღემატება 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში დაფიქსირებულ შედეგებს, სადაც პირველივე ტურში მივაღწიეთ წარმატებას. მე აღარ შევალ პოლიტიკურ სპეკულაციებში, რომელიც წამოიწყეს ურეიტინგო, რეალობას მოწყვეტილმა პოლიტიკოსებმა და მათ მიერ მართულმა ტელევიზიებმა მიღებულ ხმებთან დაკავშირებით. მათ ადგილი კიდევ ერთხელ მიუჩინა საქართველოს მოსახლეობამ.
განსაკუთრებულ მადლობას გიხდით თქვენ თბილისელებს, მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის. არ დავიღლებით თქვენს სამსახურში, არ დაგზარდებით, გემსახუროთ თავდაუზოგავად. თქვენი არჩევანი, თქვენი თითოეული ხმა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გამწვანებულ თბილისს, მეტად მოწესრიგებულ გამზირებს და ქუჩებს, ყველა იმ პროგრამის და პროექტის რეალიზებას, რაც სამოქმედო გეგმის სახით წარმოგიდგინეთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, მომდევნო ოთხი წელი დედაქალაქისთვის იქნება ყველაზე ამბიციური, მრავალფეროვანი და საინტერესო.
„გპირდებით, ამ ნდობას ვაქცევთ უდიდეს პასუხისმგებლობად თქვენს წინაშე. თბილისი აუცილებლად იქნება კიდევ უფრო განვითარებული, ევროპული ქალაქი. ამის გარანტიას მაძლევს თქვენი მხარდაჭერა და ძლიერი გუნდი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სახით. დარწმუნებული ვარ, შემდეგი ოთხი წელი იქნება ყველაზე ამბიციური, მრავალფეროვანი და საინტერესო. ჩვენ ერთად შევძლებთ, ღირსეულად გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელიც დედაქალაქში ჯერ კიდევ გვაქვს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
„არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემი სიძლიერე ზუსტად ჩემი გუნდია - ისინი აკეთებენ მნიშვნელოვან საქმეებს და უშუალოდ არიან ჩართული ყველა იმ პოლიტიკის განხორციელებაში, რაც ჩვენმა გუნდმა წამოიწყო. მადლობას ვუხდი თბილისის მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისთვის, იმ პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც ყოველდღიურად იჩენენ თქვენი ქალაქის მიმართ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვერის პარკს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არსებული გეგმარებისა და ფუნქციების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე, რათა ისტორიულ სივრცეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფუნქციები შესძენოდა.
განახლებული პარკი თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაათვალიერა.
„ჩვენს დედაქალაქს დაუბრუნდა თავისი სიამაყე - ვერის პარკი, უკვე რეაბილიტირებული, განახლებული რეკრეაციული სივრცე ქალაქის ცენტრში. ყველას გვახსოვს, რამდენად რთული მდგომარეობა იყო პარკში, დღეს კი ყველაფერი მოწესრიგებულია. პროექტის ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად განახლდა, დაირგო ხე-მცენარეები, მოეწყო სადრენაჟე და სარწყავი სისტემები; გარდა ამისა, შენარჩუნდა ყველა ის მრავალწლიანი ხე, რომელიც პარკში იდგა; აღდგა უძველესი ფანჩატურები თავისი ძველი ვიზუალით, ასევე, ყველაზე ლამაზი სივრცე, ბელვედერი, 17-მეტრიანი გადმოსახედით, რომელიც მართლაც იდეალურია და ამშვენებს პარკს. პარკში ამჟამად მიმდინარეობს ჭადრაკის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და კიდევ ერთი განახლებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობა შეემატება დედაქალაქს. მიხარია და მეამაყება, რომ გალამაზებული ვერის პარკი დავუბრუნეთ თბილისს. პირობას გაძლევთ, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში გავაგრძელებთ შრომას, მუშაობას, რათა ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო მომხიბვლელი, საინტერესო და საცხოვრებლად კომფორტული გავხადოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ისტორიული პარკი ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცეა, რომელსაც XX საუკუნის დასაწყისიდან ჰქონდა, როგორც საუბნო, ისე საქალაქო მნიშვნელობა და დღესაც განკუთვნილია ყველა ასაკის ადამიანისთვის.
პარკის განახლება საჭიროებდა სიღრმისეულ კვლევებსა და დეტალურ დიზაინის პროექტს, რომელიც მომზადდა მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით. სწორედ ამიტომ ვერის პარკის რეაბილიტაცია იქცა თანამონაწილეობითი დაგეგმარების საუკეთესო პრეცედენტად. საპროექტო სამუშაოების ღირებულებამ 700 000 ლარი შეადგინა.
პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, რის გამოც მისი არსებითი გარდაქმნა არ განხორციელებულა. განახლდა ინფრასტრუქტურა და მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, ძაღლების სასეირნო სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, შადრევანი, ფანჩატური, ბელვედერი, სასმელი წყლის შადრევანი და ადმინისტრაციული შენობა. სრულად შეიცვალა სარწყავი სისტემები, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, მიწისზედა კომუნიკაციები კი მიწისქვეშ განთავსდა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას. არსებული მრავალწლოვანი ხეები შენარჩუნდა, დამატებით დაირგო 5 131 ნერგი და 18 000 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახის საფარი. დამატებით მოეწყო 1 000 კვადრატული მეტრი ფართობი სივრცე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 23 484 010 ლარი შეადგინა.
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე მერის მოადგილეები ანდრია ბასილაია და ირაკლი ბენდელიანი, გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე და მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
თბილისის დენდროლოგიურ პარკში ატრაქციონების გრანდიოზული პარკი მოეწყობა, რომლის მშენებლობაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და საკუთარ თავზე აიღებს მნიშვნელოვან ხარჯებს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეოჩართვისას.
როგორც მან აღნიშნა, 2017 წელს, როდესაც დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციის პროექტი დაანონსდა, პირველი, რითაც ტერიტორიის მოწესრიგება დაიწყო, თბილისის ზღვის მიმდებარედ ზოოპარკის გადატანა იყო.
თბილისის მერის განცხადებით, ატრაქციონების პარკს ანალოგი არათუ საქართველოში, არამედ რეგიონშიც არ აქვს და იგი ყველაზე მასშტაბური პარკი იქნება.
„თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გვაქვს დენდროლოგიური პარკი, რომელიც, დაახლოებით, 160 ჰექტარზეა გადაჭიმული. ტერიტორიის უნიკალური სარეკრეაციო პოტენციალი და ბიომრავალფეროვნება მიმზიდველია არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ დედაქალაქის სხვა ზონებში მცხოვრები მოქალაქეებისა და ქალაქის ვიზიტორებისთვის. პარკი ასევე ესაზღვრება თბილისის ახალ ზოოპარკს. ჩვენ 2017 წელს საზოგადოებას დავპირდით, რომ განვახორციელებდით ახალ პროექტს - ჩავატარებდით შესაბამის სამუშაოებს ისე, რომ დენდროლოგიური პარკი შენარჩუნებული იქნებოდა, თუმცა პირველი, რაც გავაკეთეთ, ამ ტერიტორიაზე ზოოპარკის გადმოტანა იყო.
ქალაქის ცენტრში გვაქვს ძველი ზოოპარკი, რომლის გადატანაც რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან მისი მდგომარეობა ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს ვერც ცხოველებთან და ვერც ვიზიტორებთან მიმართებით. შესაბამისად, დავგეგმეთ ზოოპარკის გადატანა ტერიტორიაზე, რომელიც, დაახლოებით, 50 ჰექტარს შეადგენს და პირდაპირ ესაზღვრება დენდროლოგიურ პარკს. გვინდა, რომ პირველ რიგში, ეს პროექტი - ზოოპარკის გადმოტანა დავასრულოთ და შემდეგ უკვე პარკის განახლება-რეაბილიტაცია მოვახდინოთ.
გამომდინარე იქედან, რომ თბილისის ზღვა ერთგვარ დანიშნულების წერტილად იქცა, როგორც ზოოპარკის, ისე დენდროლოგიური პარკის ვიზიტორებისთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე მოვაწყოთ ატრაქციონების გრანდიოზული პარკი, რომლის ანალოგი არათუ საქართველოში, რეგიონშიც არ გვაქვს. იგი რეგიონში ყველაზე მასშტაბური გასართობი პარკი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, გასართობი პარკის დაგეგმარებაში ჩაერთვებიან ამ სფეროში გამოცდილი სპეციალისტები და გამოიყენებენ ისეთ ანალოგებს, როგორებიცაა: „დისნეილენდი“, „ლეგოლენდი“, „უნივერსალ სტუდიო“ და სხვა.
„პარკის მშენებლობაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, რომელიც სხვა არაერთი პროექტის მსგავსად, ამჯერადაც საკუთარ თავზე აიღებს მნიშვნელოვან ხარჯებს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქალაქისთვის გაკეთებული არაერთი სასიკეთო საქმისთვის მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს. გასართობი პარკის დაგეგმარება მოხდება ამ სფეროში გამოცდილი სპეციალისტების მიერ და გამოყენებული იქნება ისეთი ანალოგები, როგორებიცაა: „დისნეილენდი“, „ლეგოლენდი“, „უნივერსალ სტუდიო“ და სხვა. ტერიტორია დაიყოფა რამდენიმე ზონად - განთავსდება სხვადასხვა ტიპის ატრაქციონები, საბავშვო, ექსტრემალური და ოჯახური ზონები, კვების ობიექტები, მაღაზიები, სარელაქსაციო ზონები, სადღესასწაულო ცენტრი და ა.შ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება გამწვანებასა და უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისი განცხადებით, ტერიტორიაზე შენარჩუნდება არსებული მწვანე საფარი, დამატებით ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები და განთავსდება პარკისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრასტრუქტურა.
„რაც მთავარია, შენარჩუნებული იქნება არსებული მცენარეული საფარი და ხე-მცენარეები. დამატებით მოხდება ტერიტორიის გამწვანება, დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე. ტერიტორიაზე არ არსებობს მიწისქვეშა კომუნიკაციები, განათება და სხვა სახის ინფრასტრუქტურა, რაც პროექტის ფარგლებში მოეწყობა. პარკში გართობა და დასვენება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება. ატრაქციონების გარდა, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა გასართობი ღონისძიებისა თუ საღამოების მოწყობა. დარწმუნებული ვარ, თავისი მრავალფეროვნებითა და მასშტაბით, პარკი გახდება მიმზიდველი ლოკაცია არა მხოლოდ ქართველი მომხმარებლებისთვის, არამედ მას აქტიურად ეწვევიან მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები და ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც ძალიან კარგია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილის ოჯახს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, საფინანსო ორგანიზაციებისა თუ ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, კიდევ არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება.
„ჩვენ მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი საინტერესო პროექტი განვახორციელოთ. ჩვენი თბილისი, გარდა იმისა, რომ უნდა იყოს ყველაზე მწვანე და მოწესრიგებული ქალაქი, უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ასაკის ადამიანის საჭიროებას, იქნება ეს დასვენება, გართობა, კულტურა თუ სხვა არაერთი მიმართულება. სწორედ ამის მიღწევას ვცდილობთ ჩვენ, მუნიციპალიტეტი სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციისა თუ ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით. როგორც უკვე გითხარით, ზემოხსენებული გრანდიოზული პროექტის განხორციელებაში თავის წვლილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი. მინდა, წარმატებები ვუსურვო, პირველ რიგში, ჩვენს ქალაქს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. ვფიქრობ, სულ მალე არაერთი პატარის გაბრწყინებულ თვალებს ვიხილავთ, რომლებიც ამ ადგილის მთავარი გმირები გახდებიან და დაუვიწყარ მოგონებებს შეიქმნიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქში სატელევიზიო ანძის განვითარებისა და მისი ტურისტულ ატრაქციად ქცევის პროექტის განხორციელება იწყება. ანძის ქვედა ნაწილში მოეწყობა თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრი, ხოლო 70 მეტრ სიმაღლეზე პანორამული რესტორანი.
თბილისის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად, მთაწმინდაზე, სატელევიზიო ანძასთან იმყოფებოდა, სადაც პროექტის განხორციელების ადგილი დაათვალიერა.
„მთაწმინდაზე, სატელევიზიო ანძაზე ძალიან კარგი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზიდულობის კერა. 70 მეტრ სიმაღლეზე მოეწყობა გადმოსახედი და რესტორანი. ჩვენ დიდი ხანია, ამაზე ვმუშაობთ, გვქონდა არაერთი შეხვედრა ისტორიულ საბჭოსთან, თუ როგორი პროექტი უნდა განხორციელებულიყო. ყველა დეტალი, უსაფრთხოება არის გათვალისწინებული. გვყავს ასევე ინვესტორი კომპანია, რომელიც აღნიშნულით არის დაინტერესებული. მას სამშენებლო ნებართვა უკვე მიღებული აქვს. ეს არის კომპანია, რომელმაც წალკის კანიონის პროექტი განახორციელა, რომელიც დატვირთულია ტურისტებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია წალკის რაიონში და აღნიშნულ ინფრასტრუქტურას უამრავი ადამიანი სტუმრობს. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტიც იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი თბილისელებისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში აშენდება და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც საერთაშორისო ტურისტული სტანდარტების შესაბამისი იქნება. ინვესტიციის მოცულობა შეადგენს არანაკლებ 4 მილიონ აშშ დოლარს.
სანებართვო პროცედურები უკვე დასრულებულია და სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადადის. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო უზრუნველყოფენ პროექტის მხარდაჭერას, მათ შორის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და ანძის განათების სისტემის განახლებას. ასევე, გათვალისწინებულია არსებული ტექნიკური ინვენტარის გადატანა და ანძის შეღებვა.
მშენებლობის დასრულების საბოლოო ვადაა 2028 წლის მარტი. ოპერირების ფაზა გაგრძელდება 25 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც მოწყობილი ინფრასტრუქტურა უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფო საწარმოს — შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“.
პროექტის მიზანია სატელევიზიო ანძის ტურისტულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობად ქცევა, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, ისე თბილისის საერთაშორისო იმიჯის გაძლიერებას.
თბილისის განვითარების ფონდმა, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, სამგორის რაიონში, კალოუბნის ქუჩის N18-ში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაასრულა. აღნიშნულ მისამართზე არსებული 3-სართულიანი ავარიული შენობა 10-სართულიანი, მრავალბინიანი კორპუსით ჩანაცვლდა.
კალოუბნის ქუჩაზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად იმყოფებოდა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.
„ვარკეთილის დასახლებაში, კალოუბნის ქ. N18-ში ძალიან კარგი პროექტის განხორციელება დავასრულეთ, რომლითაც 29 ოჯახი დაკმაყოფილდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო სამსართულიანი გაუბედურებული, ცუდ მდგომარეობაში არსებული შენობა-ნაგებობა, რომლის დემონტაჟი ორი წლის წინ განვახორციელეთ. პირველ რიგში, მადლობას ვუხდი აქ მცხოვრებ ოჯახებს თანამშრომლობისთვის. შედეგიც სახეზეა - ისინი დღეიდან ახალ, თანამედროვე საცხოვრებელ კორპუსში იცხოვრებენ. მათ გადაეცემათ გარემონტებული, ყველანაირად მოწესრიგებული ფართები. 29 ოჯახიდან დღეს 12 ოჯახს გადავცემთ ფართებს. შესაბამისი სამუშაოები დეკემბრამდე დასრულდება და გარემონტებული ფართები დანარჩენებსაც გადაეცემათ.
კიდევ ერთხელ მივმართავ თბილისელებს, მათ, რომლებიც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგანან, გამოიყენეთ ეს პროგრამა. ჩვენთან, გამგეობასთან თანამშრომლობით, გექნებათ შესაძლებლობა, ავარიული შენობა-ნაგებობა ახალი საცხოვრებელი კორპუსებით ჩანაცვლდეს. მადლობა თბილისის განვითარების ფონდს და მის ხელმძღვანელს. მადლობა სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“ თანამშრომლობისთვის. მათი უშუალო ჩართულობოთ შედგა ეს წარმატებული პროექტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ვარკეთილის დასახლებაში მდებარე ავარიული კორპუსის დემონტაჟი 2023 წელს განხორციელდა და მის ნაცვლად ახალი, მრავალბინიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 7 764 844 ლარი შეადგინა.
ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის მიზანია ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნა, ქალაქის განაშენიანების გაუმჯობესება და სივრცითი განვითარების ხელშეწყობა.
კალოუბნის ქუჩაზე კახა კალაძესთან ერთად მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი და სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე და პარლამენტის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი იმყოფებოდნენ.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის პატარა ტბის გარშემო მასშტაბური სამუშაოები დაასრულა და დედაქალაქს კიდევ ერთი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შემატა.
თუ აქამდე ტერიტორია მოუწესრიგებელი და სამშენებლო ნარჩენებისგან დანაგვიანებული იყო, დღეს პატარა ტბის ირგვლივ შექმნილია სრულად განახლებული გარემო. აღნიშნული პროექტი მომზადდა მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით.
განახლებული ტერიტორია დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა.
„კარგად გვახსოვს, როგორი მოუწესრიგებელი მდგომარეობა იყო გლდანის პატარა ტბის გარშემო და დღეს ტერიტორია უკვე ყველანაირად რეაბილიტირებული, განახლებულია. მოეწყო სასეირნო და ველობილიკები, განათების სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები. ეს ყველაფერი თქვენია, რომელსაც უნდა მოვუაროთ, მივხედოთ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვან სამუშაოებში. მადლობა ადგილობრივ მოსახლეობას, რადგან მათი თანადგომით შევძელით ამ ძალიან კარგი პროექტის განხორციელება. მინდა, დავპატიჟო ყველა, მოდით და ნახეთ გლდანში რა გაკეთდა, რა პროექტია განხორციელებული. დარწმუნებული ვარ, ყველა თბილისელი, ვისაც ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი უყვარს და უნდა მისი განვითარება, წინსვლა, იამაყებს ამ პროექტით. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას. გლდანში გვაქვს კიდევ ერთი ტბა, რომელიც ასევე ცუდ მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, ტერიტორია კერძო საკუთრებშია, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ და ვეცდებით, რომ იგი მუნიციპალიტეტს დავუბრუნოთ და ასეთივე პროექტი განვახორციელოთ. აქვე არის „ამერის“ საფეხბურთო სკოლაც, რომელიც წლების განმავლობაში კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. იქ არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. ტერიტორია უკვე დავუბრუნეთ თბილისელებს და პირობას გაძლევთ, რომ ორ წელიწადში ის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ცენტრი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 8,2 ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც 5,1 ჰა პარკის ტერიტორიაა, მოეწყო სპორტული და საბავშვო მოედნები, ფრენბურთის ქვიშის მოედანი, საჩრდილობლები, სკამები, ურნები, გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები. ტბაზე დამონტაჟდა პირსი, რომელიც ვიზიტორებს შესაძლებლობას აძლევს, დააკვირდნენ გარემოსა და ფრინველებს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გამწვანებაზე - მოეწყო სარწყავი სისტემა, შეტანილი იქნა ნოყიერი მიწის ნაზავი და მულჩი, 22 757 კვ.მ ფართობზე დაიგო და დაითესა ბალახი, 2 491 ძირი სხვადასხვა სახეობის მცენარე დაირგო. გარდა ამისა, მოეწყო ტერასული გამწვანება, რომელიც ბუნებრივად შერწყმულია არსებულ ლანდშაფტთან.
პარკი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პროექტის საერთო ღირებულებამ 10 მილიონი ლარი შეადგინა.
განახლებული ტერიტორია თბილისის მერთან ერთად, გლდანის გამგებელმა ბესიკ კალაძემ, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა პაატა ტოგონიძემ და რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კონსტანტინე ზარნაძემ დაათვალიერეს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, „თბილისი მარათონის“ გამო დღეს დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
„შეზღუდვა ეტაპობრივად შეეხება შემდეგ ქუჩებსა და გამზირებს: თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა, გალაკტიონის ხიდი, კოტე მარჯანიშვილის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი, ბაქოს ქუჩა, წინამძღვრიშვილის ქუჩა, ზაარბრიუკენის მოედანი და ხიდი, სკუდიერის ქუჩა, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გორგასლის ქუჩა, 300 არაგველის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია, გორგასლის მოედანი, მეტეხის ხიდი და კოტე აფხაზის ქუჩა.
28 სექტემბრის 06:00-დან 12:00 საათამდე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილება სრულად შეიზღუდება, რა დროსაც, მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ ბარნოვის, გოგებაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით, მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა კი, დასაშვები იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით.
გარდა ამისა, შეზღუდული იქნება მოძრაობა მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით. ასევე, გალაკტიონის ხიდზე, კოტე მარჯანიშვილის ქუჩასა და მოედანზე - წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთამდე, ხოლო აღმაშენებლის გამზირზე გადაადგილება შეიზღუდება ბაქოს ქუჩის კვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნის ჩათვლით.
ავტომობილები ვერ იმოძრავებენ ბაქოს ქუჩაზეც, რა დროსაც, გადაადგილება დასაშვები იქნება მარჯანიშვილის ქუჩის კვეთიდან წინამძღვრიშვილის ქუჩაზე. ზაარბრიუკენის მოედანსა და ხიდზე საავტომობილო შეზღუდვისას, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მიხეილ წინამძღვრიშვილის, ლევ ტოლსტოისა და მოსე გოგიბერიძის ქუჩების გამოყენებით. მშრალი ხიდის მხრიდან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით ორივე ამსვლელ პანდუსზე.
მოძრაობა ასევე შეიზღუდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე შავთელის ქუჩის კვეთიდან გორგასლის ქუჩამდე, მეტეხის ხიდსა და კოტე აფხაზის ქუჩაზე, ორთაჭალის მხრიდან გორგასლის ქუჩაზე - 300 არაგველის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიამდე. გორგასლის ქუჩაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება აბანოს ქუჩიდან კრწანისის მოედნის მიმართულებით, ასევე, ფირდოუსის, იბრაჰიმ ისფაჰანლისა და გრიშაშვილის ქუჩებიდან.
28 სექტემბრის 15:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე სრულად - შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან, პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები ვეღარ შეძლებენ გადაადგილებას შოთა რუსთაველის გამზირზე არსებული წრიული გზაჯვარედინიდან - პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით. ამ დროს, შოთა რუსთაველის გამზირიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით.
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები ვერ მოხვდებიან რესპუბლიკის მოედანზე და სვლას განაგრძობენ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით, ხოლო მერაბ კოსტავას ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ასევე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს ზეთისხილის ხესთან მობრუნებისა და სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით შეეძლებათ გადაადგილება.
შეზღუდვის პერიოდში ცვლილებები შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც. კერძოდ, N301, N310, N344, N345, N350 და N371 ავტობუსები იმოძრავებენ კრწანისის მოედნამდე, ხოლო გულიას მოედნიდან სვლას განაგრძობენ დადგენილი სქემით; N301 ავტობუსი პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან მგზავრებს მოემსახურება სახელმწიფო საკონცერტო დარბაზამდე და უკუმიმართულებით კოსტავას ქუჩის გავლით დაუკავშირდება გმირთა მოედანს; ავტობუსები - N362 და N368 სადგურის მოედნიდან გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის და კლდიაშვილის ქუჩების საშუალებით დაუკავშირდებიან ჩიტაიას ქუჩას და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ, ხოლო N328 და N353 ავტობუსები ჩიტაიას მოედნიდან სადგურის მოედნამდე მგზავრებს ჩიტაიას, კლდიაშვილისა და ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით მოემსახურებიან. უკუმიმართულებისას ავტობუსები სადგურის მოედნიდან გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილისა და კლდიაშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან ჩიტაიას ქუჩასა და მოედანს.
ავტობუსები - N306, N308, N314, N342, N352 და N358 იმოძრავებენ სახელმწიფო საკონცერტო დარბაზამდე. უკუმიმართულებით კოსტავას ქუჩით დაუკავშირდებიან გმირთა მოედანს და იმოძრავებენ დადგენილი სქემით; ავტობუსი N320 დიღმის მასივიდან იმოძრავებს სადგურის მოედნამდე; ავტობუსები - N316, N324, N364, N374, N380, N382, N383 და N390 იმოძრავებენ ამაღლების ქ. N11-ის მიმდებარე ტერიტორიამდე. ავტობუსები - N359 და N388 იმოძრავებენ სახელმწიფო საკონცერტო დარბაზამდე, რის შემდეგ კოსტავას ქუჩით დაუკავშირდებიან გმირთა მოედანს და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობენ; ავტობუსი N337 იმოძრავებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბარათაშვილის ქუჩამდე და ანალოგიურად გადაადგილდება უკუმიმართულებით.
რაც შეეხება N331-ს, ავტობუსი კრწანისის ქუჩიდან გადაადგილდება მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით - გორგასლის, გულიას, ჰოლბრუკისა და ნავთლუღის ქუჩების გავლით და უკუმიმართულებით იმოძრავებს იმავე მარშრუტით; სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი N300 ჩიტაიას მოედნიდან ჩიტაიას ქუჩაზე გადავა, საიდანაც დაუკავშირდება გმირთა მოედანს და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებითაც გამოიყენებს ანალოგიურ მარშრუტს.
N391 ავტობუსს მარშრუტი შეეცვლება და გოთუას ქუჩიდან სააკაძის მოედნის გავლით, დაუკავშირდება თამარ მეფის გამზირს, საიდანაც ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილისა და ბუხაიძის ქუჩების გავლით მეტროსადგურ „ავლაბრამდე“ გადაადგილდება. უკუმიმართულებით ავტობუსი ბუხაიძის, ჩიქობავას ქუჩებს, ჩიტაიას მოედანს, კიტა აბაშიძის, ჯავახიშვილის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის ქუჩებს, ასევე, თამარ მეფის გამზირსა და გმირთა მოედანს გაივლის და სააკაძის მოედნიდან გოთუას ქუჩას დაუკავშირდება.
მიკროავტობუსები - N416, N417, N436, N462, N477, N507, N522 და N529 სადგურის მოედნიდან ჩიტაიას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილისა და კლდიაშვილის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც სვლას დადგენილი სქემით განაგრძობენ“, - წერია ინფორმაციაში.