საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 22 მარტის ჩათვლით სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ვრცელებს.
მათივე ცნობით, ამავე ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტის სქემა იცვლება.
„მიკროავტობუსები: N434, N478, N479, N522 და N576, რომლებიც მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით გადაადგილდებოდნენ საინგილოს ქუჩიდან გუმბრისა და სამრეკლოს ქუჩების გავლით, საინგილოს ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებენ დავით ციმაკურაძის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც ჯორჯ ბუშის, ლეხ კაჩინსკის ქუჩისა და ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „ავლაბარს“.
უკუმიმართულებით მოძრაობისას აღნიშნული მიკროავტობუსები საინგილოს ქუჩისკენ გადაადგილდებიან ავლაბრის მოედნის, ნიკიფორე ირბახის, ალექსანდრე წურწუმიას, გრიგოლ კობახიძის, მარტყოფის ქუჩისა და მარტყოფის შესახვევის გავლით, რის შემდეგაც მოძრაობას გააგრძელებენ დადგენილი სქემით.
ავლაბრის მიმართულებით მოძრაობისას N525 მიკროავტობუსიც გადაადგილდება ზემოაღნიშნული სქემით.
რაც შეეხება N391 მარშრუტს, ავტობუსი ივანე ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს ევროპის მოედნისკენ, რის შემდეგაც ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართის გავლით დაუკავშირდება ქეთევან დედოფლის გამზირს, ხოლო უკუმიმართულებით გადაადგილდება ლეხ კაჩინსკისა და ბოჭორმის ქუჩების, ქეთევან დედოფლის გამზირის, ბარათაშვილის აღმართის, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის გავლით, ჯავახიშვილის ქუჩიდან კი მოძრაობას გააგრძელებს დადგენილი სქემით.
კათოლიკოს-პატრიარქი 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ“, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია.
უწყების ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: ავლაბრის მოედნიდან მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩებზე, სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით; ბარათაშვილის აღმართიდან წურწუმიას ქუჩის მიმართულებით; ახვლედიანის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით; საინგილოს ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით; გორკის და ბუხაიძის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით; წურწუმიას ქუჩიდან გურჯაანის ქუჩის მიმართულებით. გადაადგილება ასევე აკრძალულია მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩების მიმართულებით დმანისის, ვახტანგ მეექვსის, ავლაბრის, ირბახისა და ცისკრის ქუჩებიდან.
რაც შეეხება ქვეითად მოსიარულეებს, შსს-ს განმარტებით, მათ მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ სამების საკათედრო ტაძრამდე ასვლა მესხიშვილის ქუჩის გავლით შეეძლებათ, ხოლო უკან ჩამოსვლა გონაშვილის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი.
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, რის შედეგადაც სადგური 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, 16 მარტიდან გაუქმდება მეტროსადგურის შეზღუდული გრაფიკის გამო დროებით დანიშნული ავტობუსი N174, რომელსაც მგზავრები „ვარკეთილიდან“ მეტროსადგურ „სამგორამდე“ გადაჰყავდა და პირიქით.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ბაქანზე განხორციელდა რკინაბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ, გაიწმინდა და დამუშავდა ჭერის კოროზირებული და დაზიანებული ზედაპირები; განხორციელდა თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების სპეციალური ტექნიკური ხსნარებით შევსება/დაჭირხვნა; დამატებით, მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციის მიზნით, შესრულდა რკინაბეტონის თაღის ტემპერატურული ღარებისა და ნაკერების, ასევე, დახრილი საესკალატორო გვირაბის თუჯის სამაგრების გაწმენდა და ჰერმეტიზაცია.
ამასთანავე, დასრულდა ქვედა ბაქნისა და დახრილი საესკალატორო გვირაბის მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ამჟამად მზადდება ზედა ვესტიბიულის დაზიანებული კონსტრუქციების (მზიდი რკინაბეტონის რიგელების) რეაბილიტაციის პროექტი, რის შემდეგაც უშუალოდ სარეაბილიტაციო/გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულშია დაგეგმილი.
პროფესიულ კოლეჯ „სპექტრში“, სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განახლება-გაუმჯობესების მიზნით, 2026-2032 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის განხილვას დაესწრო. შეხვედრის ფარგლებში გამგებელმა დაათვალიერა კოლეჯის სასწავლო სივრცეები, გაეცნო პროფესიული განათლების პროგრამებსა და სტუდენტების პრაქტიკულ საქმიანობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ შესაძლებლობებს, რასაც კოლეჯი სთავაზობს სტუდენტებს თანამედროვე პროფესიის დაუფლებისა და შრომის ბაზარზე წარმატებით ინტეგრაციისთვის. კახა სამხარაძემ დადებითად შეაფასა კოლეჯში არსებული გარემო, სასწავლო ინფრასტრუქტურა და სტუდენტების აქტიურობა. მან ასევე აღნიშნა პროფესიული განათლების მნიშვნელოვანი როლი რეგიონში კვალიფიციური კადრების მომზადების საქმეში და გამოხატა მზადყოფნა, მომავალშიც ხელი შეუწყოს მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას.