სამგორის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება. სამუშაოები ორხევის დასახლებაში, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის N2ა-ს მიმდებარედ, უკანონო შემოღობების დემონტაჟის შემდეგ, 2 600 კვ.მ ფართობზე ტარდება.
პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო მოსასვენებელი და ბავშვთა-გასართობი სივრცეები, ასევე პავილიონი. ამ ეტაპზე მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.
სამუშაოების დასკვნით ეტაპს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„ორხევის დასახლებაში სამგორის რაიონის გამგეობა ძალიან კარგ პროექტს ახორციელებს. ტერიტორიაზე ეწყობა რეკრეაციული სივრცე. მნიშვნელოვანია ამ სამუშაოების ჩატარება, რადგან ადგილზე უმძიმესი მდგომარეობა იყო. ძველი, ავარიული ავზები იყო, რომელიც არ ფუნქციონირებდა და საფრთხეს წარმოადგენდა, პირველ რიგში, ბავშვებისთვის. აღნიშნული ავზების დემონტაჟი უკვე განხორციელდა. სივრცე მთლიანად მოწესრიგდება. ბავშვებისთვის გაკეთდა ატრაქციონები, ასევე მოეწყო სავარჯიშო სივრცე და მოსასვენებელი პავილიონი. ტერიტორია სრულად გამწვანდება. მოეწყობა სარწყავი და განათების სისტემები. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ძალიან კარგი და სასიამოვნო სივრცე შეიქმნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 629 000 ლარამდე დაიხარჯება.
მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერთან ერთად სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძემ, პარლამენტის დელეგატმა ვარლამ ლიპარტელიანმა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა მამუკა ხაბარელმა დაათვალიერეს.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
სამგორის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობას აქტიურად აგრძელებს.
ამჯერად, ქინძმარაულის შესახვევში, N16-N17, N25, N25ა, N26, N29, N30, N32 კორპუსების მიმდებარედ, ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად, მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნო, ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და პირველი ფენით მოასფალტების სამუშაოები შეაფასა.
პროექტის ფარგლებში, 2000 კვადრატულ მეტრზე დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი, მოეწყობა ტროტუარები და ბორდიურები. აღნიშნული სამუშაოებისთვის სამგორის რაიონის ბიუჯეტში 720 000 ლარია გათვალისწინებული.
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით 7 ივლისის 23:00 საათიდან 21 ივლისის 08:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დროებითი შეზღუდვა შეეხება მოედნის ტერიტორიას – შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.
„შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ რუსთაველის გამზირიდან (ზეთის ხილის ხიდან) რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით. რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით.
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები ვერ მოხვდებიან პირველი რესპუბლიკის მოედანზე და გზას გააგრძელებენ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით. კოსტავას ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ცვლილება შევა N359 ავტობუსისა და N457 მიკროავტობუსის მარშრუტში. N359 ავტობუსი მარჯანიშვილის ქუჩიდან ვაკის მიმართულებით მოძრაობისას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან აღარ შევა რესპუბლიკის მოედანზე და მოძრაობას გააგრძელებს კოსტავას ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებითმოძრაობისას მარშრუტი არ იცვლება.
ასევე, N457 მიკროავტობუსი მარჯანიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან აღარ შევა რესპუბლიკის მოედანზე და მოძრაობას გააგრძელებს თაბუკაშვილის ქუჩაზე, სადაც ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას მარშრუტი აქაც არ იცვლება“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.
საქართველოს დედაქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 250 წლის იუბილეს ულოცავს.
„ვულოცავთ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს. ვუსურვებთ მათ მშვიდობასა და განვითარებას!“ – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თბილისის სატელევიზიო ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა.