საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან - კახა გულედანთან და რევაზ სოხაძესთან ერთად, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის მეთაურმა მერებს თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თითოეული მუნიციპალიტეტის სისტემურად განვითარებაზე, როგორც მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტზე. საუბარი შეეხო ქვეყნის განვითარების ახალ ათწლიან სტრატეგიას 2026-2035 წლებისთვის და დოკუმენტზე მუშაობის პროცესში მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობის აუცილებლობას. მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალ ინიციატივებზე მუშაობისას სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული მოსახლეობის საჭიროებები.
პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რეგიონებში მიმდინარე პროექტების კეთილსინდისიერად განხორციელების მნიშვნელობას და სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტების მერებს მიმდინარე სამუშაოების აქტიური კონტროლისკენ მოუწოდა.
ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობაზე და მუნიციპალიტეტების მერებს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა.
შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებს განცხადებით ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა რეზოლუციის ტექსტებში დაამატა ისეთი ჩანაწერები, რაც ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ქართული საზოგადოებისთვის.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის ამ ძალების მხრიდან მტრული და ვიწროპოლიტიკური მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ, რომელშიც არ მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, მიიღო რამდენიმე რეზოლუცია. ტრადიციისამებრ, აღნიშნულ დოკუმენტებში მოცემული უნდა ყოფილიყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის შემდგომი განვითარების, ასევე, მის წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგისა და პარტნიორობის ხელშეწყობის ხედვები.
საქართველოსადმი მტრული, უსამართლო და პოლიტიკურად მიკერძოებული პოზიციებით ცნობილმა ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა რეზოლუციის ტექსტებში დაამატა ისეთი ჩანაწერები, რაც ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ქართული საზოგადოებისთვის. მათ შორის, ერთ-ერთი რეზოლუცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს “გაყალბებულად”, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას კი “თვითგამოცხადებულად” მოიხსენიებს. აგრეთვე, პოლიციელებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდამსხმელ პირებს, რომელთა მიმართაც დამდგარია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენები, “პოლიტიკურ პატიმრებს” უწოდებს, რითაც სრულად უგულებელყოფს კანონის უზენაესობის სტანდარტებს.
ნათელია, რომ ევროპარლამენტმა ევრონესტის პლატფორმა გადააქცია მეზობელ ქვეყნებზე შანტაჟის, საკუთარი ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგის იძულებით თავსმოხვევის იარაღად. კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ევრონესტი უგულებელყოფს საქართველოს მოსახლეობის ნებას და ამ გზით, დამფუძნებელი მანდატის მიღმა, საკუთარი შეხედულებისამებრ აუქმებს მისი წევრი ქვეყნის არჩევნებს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
შესაბამისად, ევროპარლამენტის ამ ძალების მხრიდან მტრული და ვიწროპოლიტიკური მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროპარლამენტს, უარი თქვას ვიწროპოლიტიკურ დღის წესრიგზე და პატივი სცეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. მისი დღევანდელი ანტიდემოკრატიული მიდგომები არის პირდაპირი გზა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თვითიზოლაციისა და მარგინალიზაციისკენ.
საქართველოს ყოველთვის კონსტრუქციული, ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში. ევროპარლამენტის მხრიდან კონსტრუქციული დიალოგისთვის შესაბამისი პირობების გაჩენის შემთხვევაში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მზად იქნება, ხელახლა ჩაერთოს აღმოსავლეთ პარტნიორობის აღნიშნულ საპარლამენტო პლატფორმაში”, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ჩინეთის მთავრობის სახელით, გულწრფელად გეპატიჟებით რიგით მერვე საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე და მჯერა, რომ ეს მნიშვნელოვნად გააღრმავებს და არსებითად გაამდიდრებს ორმხრივ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, - აღნიშნავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი ციანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისადმი გაგზავნილ წერილში.
გამოფენა 5 ნოემბერს შანხაიში გაიმართება.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოუთმენლად ველი თქვენთან ერთად ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობას. ჩინეთი და საქართველო კარგი მეგობრები და კარგი პარტნიორები არიან. ჩვენ პატივს ვცემთ, ვენდობით ერთმანეთს და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა გვაკავშირებს. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ზრდის სტაბილურ ტემპს ინარჩუნებს. მაღალი ხარისხის თანამშრომლობამ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში ნაყოფიერი შედეგები უკვე გამოიღო. ჩინეთის მთავრობის სახელით, გულწრფელად გეპატიჟებით რიგით მერვე საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე და მჯერა, რომ ეს მნიშვნელოვნად გააღრმავებს და არსებითად გაამდიდრებს ორმხრივ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში და უფრო პრაქტიკულ შედეგებს მოიტანს ჩვენი ხალხებისთვის ბევრად მეტი სარგებლის თვალსაზრისით“, - აღნიშნულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის წერილში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს, ერლან კოშანოვს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში პარტნიორობას. აღინიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაფართოების პერსპექტივა.
ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მზარდ დინამიკაზე და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე შუა დერეფნის მნიშვნელობაზე.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მშვიდობის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და ყაზახეთს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
უკვე 13 წელია, ჩვენ ზედიზედ 10 არჩევნები მოვიგეთ იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომლის აკრძალვაზეც არის საუბარი; დღესდღეობით სუბიექტურად ჩვენთვის ეს არ არის პრობლემა, „ქართული ოცნება“ რჩება ხელისუფლებაში, იღებს ქართველი ხალხისგან მანდატს ყოველ ჯერზე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მთავარია, რომ ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს დაცული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყოველ ჯერზე არჩევნებში გამარჯვება მმართველ გუნდს საბოლოო ჯამში არ აძლევს ქვეყანაში სრულფასოვანი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბების შესაძლებლობას და საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებისას სწორედ ეს პასუხისმგებლობა იყო მთავარი.
„შეიძლება, ჩვენ ვიგებდეთ ყოველ ჯერზე არჩევნებს, ვინარჩუნებდეთ ჩვენს მანდატს, რომელსაც ხალხისგან ვიღებთ არჩევნებზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ვერ გვაძლევს მთავარი ამოცანის შესრულების შესაძლებლობას - ეს არის ის, რომ ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ქვეყანაში ნამდვილი, სრულფასოვანი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა. ეს პასუხისმგებლობა გვამოძრავებს სწორედ. არა სუბიექტური ინტერესი, რომ დავრჩეთ ხელისუფლებაში. ისედაც ვახერხებთ. გვიადვილებს კიდეც რაღაც კუთხით ამ პოლიტიკური ძალების არსებობა ხელისუფლებაში დარჩენას. როდესაც შენი ერთადერთი ოპონენტი არის სრულიად გაცვეთილი პოლიტიკური ძალა, რა თქმა უნდა, ეს შანსებს გიზრდის მმართველ პარტიას. ეს არ არის სუბიექტური ინტერესი. ჩვენ გვამოძრავებს ობიექტური ინტერესი, რომ საქართველოში უზრუნველვყოთ ჯანსაღი სისტემის ჩამოყალიბება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.