ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რობინ დანიგანი, სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:
"მას შემდეგ რაც, როგორც დიპლომატი, შეერთებულ შტატებს ოცდაცამეტი წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე. საქართველოში აშშ-ის ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა. მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, თბილისში, აშშ-ის საელჩოში, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად.
ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა. ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია.
მე და ჩემი ოჯახი ბედნიერები ვართ, რომ გამოვცადეთ ქართველი ხალხის გასაოცარი სიკეთე და სითბო. არ აქვს მნიშვნელობა ამ საოცრად ლამაზი ქვეყნის რომელ მხარეში ვმოგზაურობდით, ყველგან გვხვდებოდნენ შეუდარებელი ქართული სტუმართმოყვარეობით. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თითოეული ქართველის გულით, სულითა და ენთუზიაზმით. დღეს, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ ის ძირეული ღირებულებები, რაც ამერიკელებსა და ქართველებს აერთიანებს, უზრუნველყოფს ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორობისა და მეგობრობის გაგრძელებას.
მე განვაგრძობ დაუღალავ შრომას ჩვენ შორის კავშირების გასამყარებლად, სანამ ივლისში საქართველოს დავტოვებ."
ჩვენი საბოლოო ამოცანა არის სიღარიბის განულება ჩვენს ქვეყანაში, მივდივართ სწრაფი ტემპით ამ მიმართულებით და აქაც გვაქვს კონკრეტული საპროგრამო ამოცანა, რომ 4 პროცენტს ჩამოსცდეს ეს მაჩვენებელი 2028 წლისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქსტატმა გამოაქვეყნა სიღარიბის 2024 წლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ეს მაჩვენებელი 2,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
„11,8 პროცენტი იყო სიღარიბის მაჩვენებელი 2023 წელს და ეს მაჩვენებელი 2024 წელს შემცირდა 2,4 პროცენტული პუნქტით, ანუ პირველად, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენს ქვეყანაში დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი 9,4 პროცენტი. მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა ხელისუფლება, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა მილიონ ასი ათასზე მეტი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს. წინსვლა აშკარაა, თუმცა ჩვენი საბოლოო ამოცანა არის სიღარიბის განულება ჩვენს ქვეყანაში, მივდივართ სწრაფი ტემპით ამ მიმართულებით და აქაც გვაქვს კონკრეტული საპროგრამო ამოცანა, რომ 4 პროცენტს ჩამოსცდეს ეს მაჩვენებელი 2028 წლისთვის. ესეც არის აბსოლუტურად რეალური, შესაბამისად, ამ ტემპით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ შეგვიძლია, რეალურად აღმოვფხვრათ მთლიანად სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ერთ-ერთ უმთავრესი ეროვნული ამოცანა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკური თვალსაზრისით განვითარება გაგრძელდება.
„2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1300 ლარიდან გაიზარდა 2217 ლარამდე, შესაბამისად, აშკარაა, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც ფიქსირდება ქვეყანაში, აისახება მოსახლეობის ფართო ფენებზეც. მთავარია, ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელოთ წინსვლა. ჩვენი ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა არის სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და ეკონომიკური ზრდა არის ამისთვის გადამწყვეტი, შესაბამისად, მთელი ყურადღებით უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მომავალშიც სწრაფი ეკონომიკური ზრდა.
ჩვენ გვაქვს მკაფიო ამოცანები. 2028 წლისთვის საპროგრამო ამოცანაა, რომ უმუშევრობა ჩამოსცდეს 4-პროცენტიან ნიშნულს, საშუალო ხელფასი გადასცდეს 3500 ლარს, ვფიქრობთ, რომ არსებული ტემპებით, მიზნები არის შესრულებადი, დანარჩენი თავიდან ბოლომდე ჩვენზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე, პირველ მოადგილესთან, როლანდ მესხთან ერთად, პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლებს პოლიციელის დღე მიულოცა, მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები უსურვა.
გელა გელაძეს პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებმა რეგიონებში განხორციელებული საპოლიციო ღონისძიებებისა და დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შესაბამისი დავალებები მისცა.