ბიძინა ივანიშვილის სანქცირება მისასალმებელია, თუმცა ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო - ფიქრობს ბობ ჰამილტონი, ამერიკის ჯარის თადარიგის პოლკოვნიკი და „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ ევრაზიის პროგრამის დირექტორი. პოლკოვნიკს მიაჩნია, რომ „ქართულ ოცნებას“ დასავლეთში, განსაკუთრებით კი ვაშინგტონში ბოლო დროს უფრო და უფრო მეტად ხედავენ, როგორც ამერიკის მოწინააღმდეგეების - ჩინეთისა და ირანის მიმართ მეგობრულად განწყობილ მთავრობას, ეს კი ნაკლებ სავარაუდოა, რომ მათ რესპუბლიკელი ლიდერების კეთილგანწყობას მოუტანს. ამასთან, მისი აზრით, სანქცირებული ხელისუფლების მეთაურობით მოქმედ ჯართან და თავდაცვის ძალებთან სამხედრო თანამშრომლობაც ნაკლებ მიზანშეწონილი გახდება.
ეს სიგნალი იყო ვაშინგტონიდან, თეთრი სახლიდან საქართველოს მთავრობისთვის, რომ ახლა ამერიკა საქართველოს ტრაექტორიას აი, ასე ხედავს - არა მხოლოდ როგორც მზარდად ავტორიტარულს და ზოგ შემთხვევაში ძალადობრივ ავტორიტარიზმს, მაგრამ ასევე იმ ევროპული მომავლისგან დაშორებას, რომელიც ქართველი ხალხის 80%-ის თქმით, მას სურს, და რუსეთისკენ მიბრუნებას. სანქციების გამოცხადება, და ის გზა, რაც ადმინისტრაციამ მის დასაწესებლად გამოიყენა, იმის თქმას ნიშნავდა, რომ ამერიკა ხედავს საქართველოს არა მხოლოდ როგორც ავტორიტარულს, არამედ ასევე, როგორც პრორუსულსაც.
- ახსენეთ, რომ ეს დაგვიანებული ნაბიჯიც კია. რატომ ფიქრობთ, რომ ეს სანქცია უფრო ადრეც უნდა დაწესებულიყო. და თუ ასეა, რა რეალური გავლენა ან ძალა ექნება ახლა მას? რას ნიშნავს ვაშინგტონისგან მისი ახლა, სწორედ ამ ეტაპზე დაწესება?
ვერ ვიტყვი იმას, რომ ერთი წლის ან წელიწადნახევრის წინ რომ გაგვეკეთებინა ეს, საქართველო ახლა სრულებით განსხვავებულ ტრაექტორიაზე იქნებოდა და პროევროპული, ევროკავშირისა და ნატოში ინტეგრაციის გზას დაუბრუნდებოდა. მაგრამ ჩვენ ნამდვილად დავუშვით ამ პროცესის განვითარება ზედმეტად დიდხანს საქართველოს მთავრობისთვის რეალური შედეგების ან საზღაურის გარეშე... უფრო ადრე უნდა გამოგვეყენებინა ეს ინსტრუმენტები და ბერკეტები რაც გვქონდა, რათა გვეცადა და შეგვეჩერებინა ავტორიტარიზმისკენ და ანტიდასავლური მიმართულებით, ქართველი ხალხის სურვილების საწინააღმდეგოდ სვლა.
- მაშინ რატომ გადაწყდა ივანიშვილის დასანქცირება ახლა? რაზე მიუთითებს ეს? ჩვენ არ გვინახავს ფინანსური სანქციები პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის ან იმ მაღალი რანგის ხელისუფალთა მიმართ, ვისაც მთავრობაში ოფიციალური პოზიცია აქვს და ამა თუ იმ კონკრეტულ ნაბიჯზე თუ კანონზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი. რაზე მიუთითებს ის, რომ სანქციების სამიზნე ბიძინა ივანიშვილი გახდა?
- ეს კარგი შეკითხვაა და აქ ორი რამაა მნიშვნელოვანი. ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის ლიდერი და ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი. თუმცა მას არ აქვს ფორმალური სამთავრობო როლი, ის არც პრეზიდენტია, არც პრემიერი და არც მინისტრი. შესაბამისად, ეს საშუალებას აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს თავიდან აიცილოს პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის სპიკერის, პრეზიდენტის ან სხვათა სანქცირება. ის ასევე აძლევს მას საშუალებას მომავალში [სანქციების] ესკალაცია მოახდინოს და გამოაცხადოს სანქციების ახალი რაუნდები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიმართ, როგორც ეს სხვა პირების თუ კომპანიების მიმართ გაგვიკეთებია. ასე ვიქცეოდით 2014 წლის შემდეგ რუსეთთან მიმართებით.
ეს ასევე არის დე-ფაქტო აღიარება იმის, რომ ქვეყანას [ბიძინა] ივანიშვილი მართავს. ისაა საქართველოში ყველაზე ძლევამოსილი პირი, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს სამთავრობო როლი. ის ქვეყანას კულისებიდან მართავს და ვფიქრობ ეს სანქციები იმიასაც აღნიშვნაც იყო, რომ ჩვენ ეს გვესმის.
- ექსპერტები განმარტავენ, რომ სანქცია არასდროსაა თვითმიზანი და ის კონკრეტული პირისა თუ ჯგუფის წინააღმდეგ იმიტომ წესდება, რომ მათ ქცევა, კურსი შეცვალონ. და რომ ყოველთვის რჩება სივრცე მათი გაძლიერების, გამკაცრების, უფრო მაღალ დონეზე აყვანის. რა ხდება ამ კუთხით საქართველოსთან მიმართებით? რა შეიძლება კიდევ ვიხილოთ?
- უპირველეს ყოვლისა, სანქციების მიზანი არის უცხო ქვეყნის მთავრობის ან კონკრეტული პირის მიერ ამა თუ იმ კონკრეტულ ქცევაზე პასუხისმგებლობის, საფასურის დაწესება. მხოლოდ სანქციები იშვიათად ცვლის [ვინმეს] ქცევას. ამან უნდა იმოქმედოს სხვა ბერკეტებთან, კომბინაციაში - დიპლომატიურ, საინფორმაციო, შეიძლება სხვა ეკონომიკურ ინსტრუმენტებთან ერთად. მთავრობამ შეიძლება შეცვალოს ქცევა, როდესაც ის წნეხის წინაშეა სხვადასხვა მიმართულებით. მხოლოდ ფინანსური სანქცია, თუკი მართლაც მთელი ქვეყნის ეკონომიკური გადარჩენა ამაზე არაა დამოკიდებული, იშვიათად ცვლის ქცევას. მაგრამ ის ზრდის ამ ქცევის საზღაურს. სხვა ინსტრუმენტებთან ერთად. იქნება ეს დიპლომატიური, საინფორმაციო, ეკონომიკური, ზოგჯერ პოზიტიური წახალისებაც კი - ყოვლისმომცველ მიდგომას შეუძლია ქცევის შეცვლა. სანქციების მიზანი კი საზღაურის დაწესება და სიგნალის გაგზავნაა.
რაც შეეხება უშუალოდ ივანიშვილის დასანქცირებას, ეს დიდი ნაბიჯია... გვქონდა სანქციები სხვადასხვა მაღალჩინოსნის, მოსამართლის წინააღმდეგ, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლების სანქციები არ გვინახავს, პრემიერი იქნებოდა ეს თუ სხვა მინისტრები. ეს კვლავ უტოვებს შეერთებულ შტატებს შესაძლებლობას, რომ საბოლოოდ ისინიც დაასანქციროს, და მათ ვერ შეძლონ მაგალითად, ამერიკაში ჩამოსვლა თავისი ოფიციალური ფუნქციების შესასრულებლად.
კიდევ ერთი რამ, რისი გაკეთებაც ამერიკას შეუძლია საზღაურის გასაზრდელად, არის სანქციების ივანიშვილის ოჯახზე და მის ახლობლებზე გავრცელება. როგორც ეს რუსეთში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში გავაკეთეთ. რაც უშუალოდ მისთვის და მისი ოჯახისთვის გაზრდის [ამ ქმედებებისთვის] საფასურს. თუ ვიგრძნობთ, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო, შესაძლებელია სანქციების მის ოჯახზე და ახლო წრეზე გავრცელება. თუნდაც მთავრობის დასანქცირების გარეშეც კი, პირადად მისი პასუხისმგებლობის გაზრდა.
- ზოგიერთი შეფასებით, ამ სანქციის გზავნილი შეიძლება იმაზე მნიშვნელოვანიც კი იყოს, ვიდრე უშუალოდ ფინანსური ზიანი - რომ ეს ქართველ ხალხთან ერთად, “ქართული ოცნების” შიდა წრესაც მიემართება და მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელშეუხებელი არაა და შესაბამისად, ვერც სხვა ვინმე გაექცევა ამგვარი პასუხისმგებლობას. ფიქრობთ, რომ ამან შიდა შესაძლოა პოლიტიკურ პროცესზე რეალური გავლენა მოახდინოს?
- ცოტა ხნის წინ მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო და რამდენიმე წინააღმდეგობრივ კანონს ხელიც მალევე მოაწერა. სალომე ზურაბიშვილმა სასახლის დატოვებისას თქვა, რომ ლეგიტიმურობა თან მიაქვს. რას ფიქრობთ ამ სიტუაციაზე და იმ ახალ რეალობაზე, რაც მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციამ შექმნა?
- სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც დასავლეთის წარმომადგენელთა უმეტესობა ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს, ორბელიანის სასახლის დატოვებითთავიდან აიცილა ფიზიკური, შესაძლო ძალადობრივი კონფრონტაცია და ეს შესაძლოა ღირდა კიდეც ამ ცერემონიული პოსტის დათმობად. ვფიქრობ, დასავლურმა მთავრობებმა მკაფიოდ უნდა თქვა, რომ ყაველაშვილი არაა საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი. ის სამართლებრივად არაა ლეგიტიმური პრეზიდენტი. პარლამენტი მოქმედმა პრეზიდენტმა უნდა მოიწვიოს. ეს არ მომხდარა, რადგან სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, რადგან არჩევნები, რომლითაც ის აირჩიეს, მოპარულია - არსებითად მანიპულირებული. ოპოზიციას არ დაუკავებია მანდატები. ასე რომ, ესაა ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც არალეგიტიმურია, ის ნიშნავს არალეგიტიმურ პრეზიდენტს. დასავლურმა მთავრობებმა ძალიან ნათლად უნდა თქვან, რომ ეს კაცი მათი შეხედულებით, არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. ის არალეგიტიმური არჩევნების შედეგად შეკრებული არალეგიტიმური პარლამენტის დანიშნული არალეგიტიმური პრეზიდენტია.
- ჩვენ საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვისაუბრეთ და მაშინ ამბობდით, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგების თაობაზე კითხვები ქვეყანას რთულ, ბუნდოვან და მეტი იზოლაციის მდგომარეობაში აყენებდა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში. ამის შემდეგ ვიხილეთ ინდივიდუალური სანქციები, სავიზო შეზღუდვები, "მაგნიტსკის აქტში" შინაგან საქმეთა მინისტრის შეყვანა. რა ვითარებაა შექმნილი დღეს ქვეყნისთვის, რომელსაც ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები სანქციებს უწესებენ და ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის განხილვისკენ მოუწოდებენ?
ამ მთავრობასთან ნებისმიერი ოფიციალური კომუნიკაცია მის ლეგიტიმაციას ახდენს - მთავრობის, რომელზეც ვფიქრობ, დასავლური მთავრობების უმრავლესობა თანხმდება, რომ არალეგიტიმურია. ჩვენ უკვე ისეთი სიტყვების გამოყენებასაც კი ვიწყებთ, როგორებიცაა დეფაქტო პრემიერი, დეფაქტო თავდაცვის მინისტრი... ასე რომ, თუ ასეთ ენას ვიყენებთ, მაშინ ნამდვილად არ უნდა ვაგრძელებდეთ ფორმალურ დიპლომატიურ კორესპონდენციას მათთან.
- ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სანქციები ჯილდოა ქვეყნის ეროვნული ინტერესების მსახურებისთვის, და რომ 20 იანვრის შემდეგ ყველაფერი გაუმჯობესდება. თუმცა ბოლო დროს ხშირად გვესმის კრიტიკა რესპუბლიკელი კანონმდებლებისგან, განსაკუთრებით კი ჯო უილსონისგან, რომელიც ამ საკითხს ახალ კონგრესშიც აყენებს. რას ნიშნავს ეს განწყობები კონგრესიდან?
- “ქართული ოცნების” ხელისუფლება იმავე შეცდომას უშვებს, რასაც ბევრი სხვა მთავრობა [მსოფლიოში], როცა ამერიკასთან აქვთ საქმე. ესაა არასწორი გაგება იმის, თუ როგორ მუშაობს ამერიკული სისტემა და მიიჩნევენ, რომ მთელი ძალაუფლება თეთრ სახლშია თავმოყრილი, პრეზიდენტი ტრამპი ან ბაიდენი კი ყველაფერს გააკეთებენ, რაც ენდომებათ და როგორც კი დონალდ ტრამპი ძალაუფლებას დაიბრუნებს, ყველაფერი რიგზე იქნება.
ვფიქრობ, ეს ნაწილობრივ ეფუძნება იმის აღქმას - რაც ჩემი აზრით, არასწორია - რომ ტრამპი თუ კეთილგანწყობილია ისეთი მემარჯვენე პოპულისტური ავტორიტარების მიმართ, როგორიც ორბანი, ფიცო ან ერდოღანია, ან თუნდაც პუტინი, თითქოს “ქართული ოცნება” მოექცევა ამ კატეგორიაში და თეთრი სახლი მას კეთილი ან დადებითი თვალით შეხედავს... ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ ისინი თეთრი სახლის რადარზე აღმოჩნდნენ. ტრამპმა შეიძლება ერთი-ორჯერ კეთილი სიტყვებიც კი თქვას, მაგრამ შედეგად ეს რაიმე ტიპის გადატვირთვას არ გამოიწვევს.
მეორე არასწორი აღქმა კონგრესის როლს ეხება. კონგრესს ნამდვილად მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია საგარეო პოლიტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი მას თეთრი სახლი განსაზღვრავს. როდესაც საქმეში კონგრესი ერთვება, მას შეუძლია გამოსცეს კანონმდებლობა და თეთრ სახლს რაიმე ნაბიჯი გადაადგმევინოს, ან არ გადაადგმევინოს.
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადისას, კონგრესმა სანქციები დაუწესა რუსეთს და ის კანონის ფორმით მიიღო. რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ კონგრესსვე შეუძლია მათი მოხსნა. როგორც წესი, თეთრი სახლი წყვეტს ამას, მაგრამ როდესაც ეს კონგრესის დაწერილია, მისი უფლებამოსილების ფარგლებშია და კანონის ფორმა აქვს, მაშინ მხოლოდ კვლავ კონგრესს შეუძლია მისი შეცვლა. მაშინ ეს კონგრესმა იმიტომ გააკეთა, რომ არსებობდა შეშფოთება, რომ თუ დონალდ ტრამპს ამის შესაძლებლობა ექნებოდა, შეიძლებოდა ეს სანქციები მოეხსნა.
ჰელსინკის კომისია, ჯო უილსონის ლიდერობით, ძალიან მტკიცე ხმაა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ევროპული მომავლის თაობაზე და საქართველოს ავტორიტარული, პრორუსული შემობრუნების წინააღმდეგ.
- ბოლო დროს შესამჩნევია, რომ რესპუბლიკელ კანონმდებელთა მხრიდანაც, იცვლება “ქართულ ოცნებაზე” საუბრის კონტექსტი. უფრო და უფრო ხშირად ისმის ის, რომ ეს ამერიკის მოწინააღმდეგეების - ირანისა და ჩინეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი ხელისუფლებაა. როგორ გგონიათ, რას ცვლის ეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაინახავენ რესპუბლიკელი ლიდერები საქართველოს მმართველ გუნდს - იქნება ეს დონალდ ტრამპის თეთრი სახლი, სახელმწიფო დეპარტამენტი თუ რესპუბლიკელთა უმრავლესობის მქონე კონგრესი?
- ვფიქრობ, ეს ძალიან ჭკვიანური იყო [ჯო უილსონის] მხრიდან, რომ მან გააფართოვა ამ თემაზე საუბარი არა მხოლოდ როგორც ავტორიტარული და პრორუსული მთავრობის შესახებ, არამედ მის შესახებ, ვისაც კარგი ურთიერთობა აქვს ირანთან და ჩინეთთან, ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორია, ჩინური კომპანია ააშენებს ახალ, ანაკლიის პორტს. ვფიქრობ ეს გზავნილები თეთრ სახლს მიემართება, რადგან ჯო უილსონმა იცის, რომ მომავალი ტრამპის ადმინისტრაცია შესაძლოა რუსეთის მიმართ უფრო ნაკლებ მკაცრი იყოს, და ჩინეთისა და ირანის მიმართ იყოს უფრო მკაცრი, ვიდრე - ახლანდელი ადმინისტრაცია...
და იმის თქმით, რომ საქართველოს მთავრობა ასევე არის პროირანული და პროჩინური, ვფიქრობ ჯო უილსონი და სხვები, ვინც ამას ამბობენ, [ხვდებიან] რომ ადამიანები თეთრ სახლში, რომლებსაც შესაძლოა იმდენი მიმღებლობა არ ჰქონდეთ “პრორუსულობის” არგუმენტის, უფრო მიმღებლები იქნებიან იმ არგუმენტის, რომ “ქართული ოცნება” პროჩინური და პროირანულია. ესაა “ქართული ოცნების” მთავრობის მოქცევა იმ ჩარჩოში, რომ ის არამხოლოდ ავტორიტარული და პრორუსულია, არამედ, ასევე თანამშრომლობს ამერიკის სხვა მოწინააღმდეგეებთან.
- თქვენ კარგად იცნობთ ქართულ თავდაცვის ძალებს, სისტემას შიგნით და ქართველ სამხედრო მეთაურებსაც. როგორ ფიქრობთ, იმ ვითარებაში, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი დასანქცირებულია, და შიდა უსაფრთხოების ძალები ხშირად გამოიყენება დემონსტრაციების დასაშლელად, რა ვითარება ექმნება ქართულ ჯარს, რომელიც დასავლელ პარტნიორებთან ათწლეულებია თანამშრომლობს, იღებს წვრთნას ამერიკის, ბრიტანეთისა თუ სხვა პარტნიორების შესაბამისი უწყებებისგან. როგორ შეიძლება გაგრძელდეს სამხედრო ურთიერთობები?
- ეს ქართულ თავდაცვის ძალებს ძალიან, ძალიან დელიკატურ სიტუაციაში აყენებს. რადგან თავდაცვის სამინისტროსა და ძალების პოლიტიზება ძალიან საშიში გზაა. [როგორც წესი] დემოკრატიაში არის ძალიან ძლიერი ნორმები, ინსტიტუციური გაყოფა შეიარაღებული, თავდაცვის ძალების მიერ ქვეყნის საგარეო საფრთხისგან დაცვასა და შიდა წესრიგის დაცვას შორის. მაგალითად, შეერთებული შტატების ჯარს ნულოვანი როლი და უფლებამოსილება აქვს ქვეყნის შიგნით წესრიგის შენარჩუნებაში, გარდა კონკრეტული ექსტრაორდინარული სიტუაციებისა.
ასე რომ ძალიან მართებული და სწორია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები ამ კონფრონტაციის მიღმა რჩება, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც და თუკი შეიქმნება რაიმე უფრო დიდი ესკალაცია, უფრო დიდი მასშტაბის ძალადობრივი ესკალაცია, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალებს ჩააგდებს იმ პოზიციაში, რომ სხვა გამოსავალი აღარ დარჩეს, რომ არჩევანი გააკეთოს - თუკი კონფრონტაცია “ქართული ოცნების” მთავრობასა და მეორე მხრივ პოლიტიკურ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ისეთ ეტაპზე იქნება, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები ამაში ჩართული აღმოჩნდება, ეს ყველაფერს მხოლოდ გააუარესებს. ვფიქრობ აღმაფრთოვანებელია ის, რომ ისინი ცდილობენ ამ ყველაფრის მიღმა და აპოლიტიკურად დარჩენას.
საქართველოს თავდაცვის ძალების ბევრ მეთაურს განათლება ევროპაში, ამერიკასა და კანადაში აქვს მიღებული. მათ ესმით სამხედრო და სამოქალაქო ნაწილებს შორის ურთიერთობა, ჯარის როლი დემოკრატიაში და ის, რომ ჯარი აპოლიტიკური უნდა იყოს. და ეს კარგია. ცუდი ისაა, რომ დასავლეთში განათლებამიღებული და გაწვრთნილი ბევრი ოფიცერი ქართული თავდაცვის ძალებიდან წავიდა, რადგან ესმოდათ, რომ დასავლური ცოდნა და წვრთნა მათ კარიერას უკვე აღარ წაადგებოდა. ბევრი მაღალი რანგის ოფიცერი, ვისაც მე პირადადაც კი ვიცნობ, მიდის. ზოგი ქვეყნიდანაც კი მიდის, რადგან შიშობს თავისი პროფესიული კარიერის გამო...
ვფიქრობ, ქართულ ჯარში საკმარისი ცოდნაა იმისა, როგორი უნდა იყოს მისი როლი დემოკრატიაში, ის არ ერევა კონფრონტაციაში და იმედი მაქვს შეძლებენ, რომ ასეც გაგრძელდეს. რადგან როცა ჯარი ყაზარმებიდან გამოდის, ეს მხოლოდ ძალადობის ესკალაციას იწვევს.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია გარკვეული ტიპის სამხედრო თუ თავდაცვითი კუთხით თანამშრომლობა ამერიკა-საქართველოს შორის იმ პირობებში, როცა მნიშვნელოვანი წვრთნები და მთავრობის ფინანსური დახმარება გაყინულია?
- ძნელი სათქმელია. თუკი მოვლენები იმავე ტრაექტორიით განვითარდება, როგორც ახლა, თუკი აღარ ჩატარდება წვრთნები საქართველოსთან, საერთაშორისო სამხედრო საწვრთნელი და საგანმანათლებლო პროგრამები ალბათ შეწყდება ან გაიყინება, ეს ნიშნავს, რომ ამერიკული ფინანსები ქართველების განათლებისა და წვრთნებისთვის ამერიკასა თუ ევროპაში დიდი ალბათობით ასევე გაიყინება. ეს შეამცირებს ასევე ქართული თავდაცვის ძალების წევრების შესაძლებლობას, რომ წვრთნა და განათლება დასავლეთში მიიღონ. ეს მათი კარიერისთვის წარმატების მომტანი აღარ იქნება. ეს ამ მთავრობაში უკვე ტვირთი გახდება. ბევრს აღარც კი უნდა დასავლეთში სასწავლებლად წასვლა, რადგან ესმით, რომ მათი ქართულ ძალებში დაბრუნებით, მათი კარიერა პრაქტიკულად დასრულდება. ასე რომ ეს სამხედრო თანამშრომლობისთვის კარგს არაფერს მოასწავებს.
ვაშინგტონში არის ხალხი, ვინც ამბობს, რომ სამხედრო ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს და შენარჩუნდეს, როგორც მთლიანი ურთიერთობის მტკიცე საფუძველი და იქნებ შემდეგ შევძლოთ ამ ურთიერთობის თავიდან აშენება სწორედ ამ სამხედრო პარტნიორობაზე დაფუძნებით. ჩემი აზრით, ეს შეცდომა იქნება. ეს გვიცდია სხვა ადგილებშიც, სადაც ამერიკასთან სამხედრო თანამშრომლობა მრავალმხრივი თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ეს თითქმის არასდროს გამოდის. მე არ ვურჩევდი არავის საქართველოსთან დაკავშირებით ამის გაკეთებას. სამხედრო დახმარება უნდა შეწყდეს ისევე, როგორც ყველა სხვა ტიპის დახმარება საქართველოს მთავრობისთვის.
ეს მიზანშეწონილი არ იქნება. სულ მცირე მიზანშეუწონელია ამერიკისთვის საქართველოს ჯარისთვის წვრთნების გაგრძელება, აღჭურვილობის მიწოდება და წვრთნა, ცოდნის მიწოდება ქართული ჯარისთვის მაშინ, როცა ის ემსახურება არალეგიტიმურ მთავრობას, ავტორიტარულს და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედ მთავრობას. ძალიან კარგია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები არ ხდება პირდაპირ ჩართული ქვეყნის მთავრობასა და ქართველ ხალხს შორის ამ დაპირისპირებაში. მაგრამ მიუხედავად ამისა, არ მგონია, რომ ამერიკის ან ქართველი ხალხის ინტერესებში იყოს ის, რომ სამხედრო თანამშრომლობა გაგრძელდეს მაშინ, როდესაც სხვა ტიპის თანამშრომლობა გაყინულია.
წყარო: ამერიკის ხმა
ავტორი: ეკა მაღალდაძე
თუ სადმე ერევა რუსეთი, როდესაც მეზობელ ქვეყნებზეა საუბარი, ის ერევა უკრაინაში და ყველას ურჩევნია, მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეალური პრობლემა, რომელიც დღეს ყველას წინაშე დგას, არის განადგურებული უკრაინა.
„საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც არის რეალური პრობლემა. ტყუილებზე ვერ გავაკეთბ კომენტარს. კომენტარს ვაკეთებ იმ პრობლემაზე, რომელიც დგას ყველას წინაშე - ეს არის განადგურებული უკრაინა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჩვენ თავის დროზე ქალბატონ პია კაუმასთან გვიწევდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ლიბერალური ფაშიზმი მაგალითად საქართველოში და რეალურად თვითონ შეიგრძნო ყველაზე კარგად ლიბერალური ფაშიზმის ეფექტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთურის შეფასებით, პია კაუმამ დაინახა ისიც, რომ ლიბერალური ფაშიზმი ქართული მოვლენა არ არის და მასშტაბურად კოორდინირებულია.
„პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ პია კაუმას მისი მონდომებისთვის, მისი სურვილისთვის, დაეხმაროს ქვეყანას და მისი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ ყოველთვის ასეთი იყო. ამას უკავშირდებოდა პია კაუმას მზაობა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, თუმცა, ხედავთ, როგორი იყო კონკრეტული სუბიექტების დამოკიდებულება ამ განზრახვის მიმართ, რაც აბსოლუტურად გამაოგნებელია. ჩვენ თავის დროზე ქალბატონ პია კაუმასთან გვიწევდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ლიბერალური ფაშიზმი მაგალითად საქართველოში და რეალურად, თვითონ შეიგრძნო ყველაზე კარგად ლიბერალური ფაშიზმის ეფექტი. ვფიქრობ, ქალბატონმა კაუმამ დაინახა ისიც, რომ ეს არის კოორდინირებული საკმაოდ მასშტაბურად. ეს არ არის ქართული მოვლენა, ეს არის საერთაშორისოდ კოორდინირებული მოვლენა. ლიბერალური ფაშიზმი არის ის, რასაც ყველა უნდა ვებრძოლოთ და ეს მიმდინარეობა, ეს იდეოლოგია არის დასამარცხებელი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პატრიარქის ეპისტოლეში პირველ რიგში ყურადღება გამახვილებული იყო რწმენის მნიშვნელობაზე, ღმერთის სიყვარულის მნიშვნელობასა და მოყვასის სიყვარულის მნიშვნელობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ თუ რაიმე აკლია დღეს საზოგადოებას, ეს არის ალბათ სიყვარული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სამების ტაძარში, საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, გარკვეული ძალები ხელოვნურად ცდილობენ, ქვეყანაში სიყვარულის მაგივრად სიძულვილი დათესონ.
„ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ სიყვარული და არსებითად ამაზე იყო გამახვილებული ყურადღება პატრიარქის ეპისტოლეშიც. პატრიარქის ყველა ეპისტოლე, რა თქმა უნდა, ეძღვნება პირველ რიგში იმ რეალობას, რომელშიც ცხოვრობს ჩვენი ქვეყანა. ყოველთვის ასეა და ბუნებრივია, დღესაც ეს ასე იყო. ადამიანი, რომელიც არის დაშორებული ღმერთს და რომელიც არის დაშორებული რწმენას, ეს არის თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა და ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა. არის მათ შორის ძაიან მძიმე იდეოლოგია, რომელიც ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით და სწორედ ეს იდეოლოგია აშორებს ადამიანს ღმერთს და აშორებს რწმენას. რა თქმა უნდა, ამას ყველა უნდა დავუპირისპირდეთ და ამისთვის საჭიროა რწმენის დაცვა, ტრადიციული ფასეულობების დაცვა და თითეული ჩვენგანი ამით უნდა ვიყოთ დაკავებული. ზოგადად, თანამედროვე სამყაროს აქვს სერიოზული გამოწვევები. ეს გამოწვევები დაკავშირებულია მათ შორის კონკრეტულ პოლიტიკურ იდეოლოგიურ მიმართულებებთან და ამასთან ყველას გვიწევს ბრძოლა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გილოცავთ მაცხოვრის შობას. ყველა ჩვენგანისთვის ძვირფასი ეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული განასახიერებს სიყვარულს, იმედს, განახლებას, ნათელი მომავლის რწმენას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფეისბუქზე წერს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, ამ ღირებულებებმა განსაზღვრა ქართვწლი ხალხის კულტურა, ისტორია და დღესაც წარმართავს ჩვენს ყოველდღიურობას.
“გილოცავთ მაცხოვრის შობას.
ყველა ჩვენგანისთვის ძვირფასი ეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული განასახიერებს სიყვარულს, იმედს, განახლებას, ნათელი მომავლის რწმენას - ღირებულებებს, რომლებმაც მთელი ჩვენი კულტურა და ისტორია განსაზღვრა და რომლებიც დღესაც წარმართავს ჩვენს ყოველდღიურობას.
შობის ღამეს მშვიდობას, ბედნიერებასა და სიყვარულს გისურვებთ თქვენს ოჯახებში”, - აღნიშნავს პრემიერი.
შვედეთი სამხედრო ხომალდს გაგზავნის ფინეთის ყურეში, რათა დაეხმაროს ფინეთს ელექტროკაბელის, EstLink 2-ის დაზიანების გარემოებათა გამოსაძიებლად. ამის შესახებ ფინური პორტალი Yle იტყობინება შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტენსონის განცხადებაზე დაყრდნობით.
როგორც შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, ფინეთის დასახმარებლად გაიგზავნება ხომალდი HMS Belos, რომელიც წყალქვეშა სამაშველო სამუშაოებისთვის არის განკუთვნილი.
ფინეთის ეროვნულმა საგამოძიებო ბიურომ გასული წლის ბოლოს დააკავა ტანკერი Eagle S, რომელიც ეჭვმიტანილია ელექტროკაბელის, EstLink 2-ისა და ოთხი საკომუნიკაციო კაბელის დაზიანებაში. პოლიცია ვარაუდობს, რომ ხომალდმა ფსკერზე ჩაუშვა ღუზა და განზრად მიათრევდა მას ათეულობით კილომეტრის მანძილზე, რათა დაეზიანებინა კაბელები. შედეგად დაზიანებულია ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელი, ასევე ოთხი საკომუნიკაციო კაბელი: სამი ესტონეთსა და ფინეთს შორის და ერთი - ფინეთ-გერმანიისა.
როგორც ფინეთის ხელისუფლება იტყობინება, ხომალდი დაკავებულია, როგორც მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეში. გემზე ტარდება საგამოძიებო სამუშაოები და ეკიპაჟის დაკითხვა. როგორც ვარაუდობენ, გამოძიება ერთ თვემდე გასტანს.
Eagle S დაცურავს კუკის კუნძულების დროშით, მისი ოპერატორია არაბთა გაერთიანებული საამიროს კომპანია Caravella LLC-FZ, ტანკერის ეკიპაჟი საქართველოსა და ინდოეთის მოქალაქეებისგან შედგება, გემის კაპიტანია დავით ვადაჭკორია. ფინეთის პრესის თანახმად, ის შეკითხვებზე პასუხს თავს არიდებს და ამბობს მხოლოდ, რომ ეკიპაჟი თავს კარგად გრძნობს.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ტანკერი Eagle S რუსეთის ე. წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია და ის გამოიყენება რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით. ამავე დროს იტყობინებიან, რომ ტანკერს რუსეთი გამოიყენებდა ნატოს წინააღმდეგ სადაზვერვო-დივერსიული საქმიანობისთვის. ამის ერთ-ერთ დასტურად ასახელებენ გემზე აღმოჩენილ ძვირადღირებულ სადაზღვერვო აღჭურვილობას და ეკიპაჟში შემავალ მინიმუმ ერთ პირს, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო დაზვერვის, გრუ-ს თანამშრომელია.
"რადიო თავისუფლება"
საოკუპაციო ძალებმა თავდაცვის სამინისტროს ექიმი ალექსი მამულია და საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ვანო ჯაფიაშვილი უკანონოდ დააკავეს.
ფაქტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 დეკემბერს გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე.
მოგვიანებით, ცხინვალის ე.წ უშიშროების კომიტეტმა გაასაჯაროა გატაცებულების ვინაობა. ექიმ ალექსი მამულიას და ვანო ჯაფიაშვილს ე.წ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ცხინვალის ე.წ უშიშროების კომიტეტი მამულიას და ჯაფიაშვილს ბრალს სდებს ე.წ საზღვრის გადაკვეთას და უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამოქცეული ქართული გვარის მქონე რუსეთის მოქალაქის ვლადიმერ მამარდაშვილის დახმარების მცდელობას.
მამულიას ბიოგრაფიის მიხედვით, ის 2005 წლიდან მუშაობს თავდაცვის სამინისტროში და პარალელურად სხვადასხვა კლინიკებში ოტორინოლარინგოლოგიის მიმართულებით.
ტვ პირველი
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა განახლებული შემადგენლობით მუშაობა დაიწყო. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ სერტიფიცირებამდე, 119-ე მოწვევის კანონმდებლებმა დრო საქართველოს საკითხის განხილვისთვისაც გამონახეს. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა ჯო უილსონმა, დემოკრატ კოლეგა სტივ კოენთან ერთად, “მეგობარი აქტი” თავიდან წარადგინა.
“მე და კონგრესმენ კოენს გვინდა პატივი მივაგოთ ქართველ ხალხს მათი გამბედაობისთვის, წინ აღუდგეს ივანიშვილს, მილიარდერს, რომელიც მოქმედებს როგორც სამხედრო დამნაშავე პუტინის სუროგატი”,- უთხრა კონგრესმენმა უილსონმა “ამერიკის ხმას”.
თავდაპირველად, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის მიერ კონგრესისთვის მაისში წარდგენილი აქტი სანქციების დაწესებას გულისხმობდა და თუ აქამდე ამ აქტის მიხედვით, ამერიკის სანქციები მხოლოდ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს უნდა შეხებოდა, ახლა აქტში ნათქვამია, რომ ის “ქართული ოცნების” ყველა წევრსა და მათ ოჯახებსაც შეეხება.
კონგრესმენები “ამერიკის ხმას” ეუბნებიან, რომ ამ ნაბიჯით ისინი ქართველი ხალხის გვერდით დგანან და საქართველოს მთავრობას ანგარიშვალდებულებას უწესებენ.
უილსონი და კოენი “ამერიკის ხმასთან” განმარტავენ, რომ “მეგობარი აქტი” მხოლოდ სადამსჯელო ქმედებებს არ ითვალისწინებს და მას შემდეგ, რაც ქვეყანა დემოკრატიულ გზას დაუბრუნდება, ამერიკა ყველაფერს გააკეთებს ურთიერთობების აღსადგენად და გასაუმჯობესებლად.
“მე და კონგრესმენი კოენი თავიდან წარვადგენთ „მეგობარი აქტს“, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. თქვენ კიდევ უფრო ხშირად ნახავთ რესპუბლიკელებისა და დემოკრატების [საქართველოს საკითხზე] კვლავ ერთად მუშაობას. [მეგობარი აქტი] აჩვენებს იმ სიყვარულსა და მხარდაჭერას, რომელიც ქართველი ხალხისადმი გვაქვს. რესპუბლიკელები და დემოკრატები ერთად ვმუშაობთ, სანქციების აღსრულების ხელშესაწყობად, ასევე, ქართველი ხალხისთვის წამახალისებელი ნაბიჯების პოპულარიზაციისთვის, მას შემდეგ, რაც მათი დემოკრატია სრულად აღდგება, რათა დაინახონ, როგორ შეუძლიათ შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებს უფრო მჭიდროდ იმუშაონ ქართველ ხალხთან. ასე რომ ეს ძალიან დადებითი აქტი იქნება”,- ამბობს უილსონი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაერთხელ თქვა, რომ ბაიდენის ადმინსტრაციის მიერ დაწესებული სანქციები არის “ჯილდო ეროვნული ინტერესების დასაცავად”. მან ასევე ბევჯერ გაიმეორა, რომ იმედი აქვს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლასთან ერთად, ურთიერთობები ამერიკა-საქართველოს შორის გადაიტვირთება და გაუმჯობესდება. კობახიძის თქმით, ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობის აღგენა, რომელიც ერთი თვის წინ, ვაშინგტონის ინიციატივით შეწყდა, მათი მთავრობის პრიორიტეტია.
ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაში უმრავლესობა ახლა რესპუბლიკელებს აქვთ და ეს ასე გაგრძელდება, სულ ცოტა, მომდევნო ორი წლის განმავლობაში. სწორედ რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს ვკითხეთ, რას ფიქრობს ის “ქართული ოცნების” იმედებზე, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის თეთრ სახლში დაბრუნებასთან ერთად, საქართველო- ამერიკის ურთიერთობები გაუმჯობესდება. ის ამბობს, რომ დონალდ ტრამპის გუნდში უკვე არიან ისეთი ადამიანები, ვინც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას 2020 წლიდან ითხოვს, ამიტომ ამაზე იმედების დამყარებას კონგრესმენი უილსონი არავის ურჩევდა.
“მაიკ უოლცი, რომელიც [პრეზიდენტ ტრამპის] ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იქნება, 2020 წელს ივანიშვილის სანქცირების ერთ-ერთი ინიციატორი იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი ერთ-ერთი ავტორი იყო იმ ანგარიშისა, სადაც ივანიშვილის სანქცირება იყო მოთხოვნილი. მაიკ ჯონსონი, მაიკ უოლცი და მარკო რუბიო, ყველა მუშაობს დონალდ ტრამპის ბუნებრივი მიდრეკილებით, რომ მხარი დაუჭიროს თავისუფლებას და დემოკრატიას. მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის მისი გადაწყვეტილების გამო. ჩვენ გავაგრძელებთ ორპარტიულ მუშაობას. ტრამპის ადმინისტრაციაში თავისუფლებისა და დემოკრატიის ნამდვილი მეგობრები და საბჭოთა იმპერიის მოწინააღმდეგეები არიან”- გვეუბნება კონგრესმენი.
მან ასევე თქვა, რომ მისი აზრით, “ქართული ოცნება” ძალიან უახლოვდება ჩინეთისა და ირანის რეჟიმებს და ეს ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მოწონებას არ დაიმსახურებს. კონგრესმენები იმასაც გვეუბნებიან, რომ საქართველოს მმართველი პარტია კრემლის მსგავსად მოქმედებს და “ქართული ოცნების” ქცევა, რუსეთთან მათი დაახლოება, სრულიად ალოგიკური და გაუგებარია.
“ქართველებმა უბრალოდ გორისკენ უნდა გაიხედონ, რათა გაიგონ, ვინაა პუტინი, რადგან პუტინი სტალინის მემკვიდრეა. მათ მთავრობას პუტინთან მიჯაჭვულობა სურს, ეს სტალინის სატელიტებთან შეთანხმებას ჰგავს. ზოგჯერ პოლიტიკაში ვხედავთ ალიანსებს, რომლებიც სრულიად უაზროა”,- ამბობს დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი.
“მეგობარი აქტის” გარდა, რამდენიმე დღეში დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს შესახებ კიდევ ერთ კანონპროექტს წარადგენს, რომელსაც “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” ჰქვია და გულისმხობს იმას, რომ ამ აქტის კანონად ქცევის შემთხვევაში, ამერიკის მთავრობა ლეგიტიმურად არ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და შესაბამისად, როგორც საქართველოს მთავრობას, ისე - მის პრეზიდენტსა და პარლამენტს.