მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ლიკვიდაციის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მთავრობამ პარლამენტს მიმართა.
როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობა განახორციელებს.
„ინიცირებული ცვლილების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2025 წლის პირველი სექტემბრიდან გაუქმდება და მის უფლებამოსილებას, საპარლამენტო მმართველობის მოდელის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა განახორციელებს. პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შევა. ცვლილებების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის მიზნით შეიქმნება სალიკვიდაციო კომისია, რომლის შემადგენლობას, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის აქტივებს, მათ შორის, ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფის უფლებამოსილებას სალიკვიდაციო კომისია შესაბამის უწყებებს გადასცემს“, – აცხადებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს, გიორგი ჯინჭარაძეს შეხვდა.
ახალმა თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს უახლოესი პერიოდის გეგმები და პრიორიტეტები გააცნო. პრემიერ-მინისტრმა გიორგი ჯინჭარაძეს თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცა, წარმატება უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.
ინფორმაციას საქართვერლოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას კიდევ ერთხელ იბარებენ. როგორც თეა წულუკიანმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, გიორგი გახარიას უკვე გაეგზავნა შეტყობინება.
წულუკიანი იმედოვნებს, რომ გახარია გამოცხადდება 23 ივნისს დამატებით გამოკითხვაზე, რათა გაგრძელდეს ჩორჩანის, წაღვლის და სხვა სოფლების თემაზე საუბარი.
„23 ივნისს ჩვენ ხელმეორედ გამოვკითხავთ გიორგი გახარიას, რომელსაც შეტყობინება უკვე გაეგზავნა. შეტყობინების ეს პროცედურა ნაწილობრივ უკვე დასრულებულია, თუმცა გრძელდება კანონით გათვალისწინებული წესის ზედმიწევნითა და სრულყოფილად დაცვის მიზნით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი გიორგი დამატებით გამოკითხვაზე გამოცხადდება, რათა გავაგრძელოთ ჩორჩანის, წაღვლის და სხვა სოფლების თემაზე საუბარი, სადაც, მან გვითხრა, რომ ტერიტორიის არცერთი სანტიმეტრი მისი ამ გადაწყვეტილებით, რომელიც საგუშაგოს განთავსებას შეეხებოდა, ოკუპირებული არ ყოფილაო, თბილისის ცენტრალურ ხელისუფლებას არ დაუკარგავს კონტროლიო და ჩვენ მოვისმინეთ წაღვლის მაცხოვრებლის ახსნა-განმარტება წინა კვირაში, სადაც მან თქვა, რომ მთელი ტყე დაკარგა ქვეყანამ და დაიკავა ოკუპანტმა სახელმწიფომ, რუსეთი უფრო ღრმად შემოვიდა ქართულ ტერიტორიაზე, ვიდრე მანამდე ჰქონდა ოკუპირებულიო. ეს ახსნა-განმარტებები და ჩვენებები ერთმანეთთან რადიკალურად წინააღმდეგობაშია, ამიტომ ჩვენი ვალია, რომ მას დამატებითი კითხვები დავუსვათ.
ასევე კითხვები დაისმება - და შეტყობინების წერილშიც მას ეცნობა – 2012-2025 წლების იმ მონაკვეთთან დაკავშირებით, როდესაც ის უკვე ოპოზიციაში იყო. ეს არის მისი გადადგომიდან დღემდე პერიოდი, მათ შორის, მისი და მისი პარტიის საქმიანობა საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო პარტნიორებთან“, – აღნიშნა წულუკიანმა.