ს
აარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს.
ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი რომ, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ქვეყნის ისტორიაში პირველად ახალი წესით ჩატარდება - პრეზიდენტს 5 წლის ვადით აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელიც 300 წევრისგან შედგება. განსხვავებულია არჩევნებთან დაკავშირებული ვადები, წესები თუ პროცედურები.
„ვინაიდან ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მიერ ვრცელდება არასწორი ინტერპრეტაციები და მანიპულაციური განცხადებები, საზოგადოების ზუსტი ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაცია დეტალურად განმარტავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ნიშნავს პარლამენტი. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევის თარიღი ემთხვევა პარლამენტის არჩევნების ან მის წინა თვეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის განმავლობაში. შესაბამისად, პარლამენტმა გადაწყვეტილება არჩევნების 14 დეკემბერს დანიშვნასთან დაკავშირებით კონსტიტუციის გათვალისწინებით მიიღო.
რაც შეეხება არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს - არჩევნების ადმინისტრირებას ახორციელებს ცესკო. გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტის მიერ არჩევნები დაინიშნა 14 დეკემბერს, საჭირო გახდა ზოგიერთი ღონისძიებისა და ვადის მოდიფიცირება, რის უფლებამოსილებაც საარჩევნო ადმინისტრაციას კანონმდებლობით აქვს (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 14). შესაბამისად, ცესკომ 26 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ დადგენილება.
დადგენილების თანახმად, საქართველოს პარლამენტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები ვალდებული არიან არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში ცესკოს წარუდგინონ არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრის სახელი, გვარი და პირადი ნომერი; ასევე უფლებამოსილი პარტიები ვალდებული არიან, ცესკოს მიერ განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში წარმოადგინონ საარჩევნო კოლეგიის წევრად წარდგენილი პირის შესაბამისი მონაცემები და იმ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს დასახელება, რომლის წევრიცაა აღნიშნული პირი, აგრეთვე წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა.
საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ცესკო განკარგულებით ამტკიცებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა (3 დეკემბერი).
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა შეუძლია საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-9 დღისა (5 დეკემბერი). საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაციაში ატარებს ცესკო განკარგულებით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (8 დეკემბერი).
რაც შეეხება კენჭისყრის დღეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები (პირველი ტური) იმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში, არჩევნების დღის 09:00 საათიდან და სრულდება იმავე დღის 14:00 საათზე, ან მანამდე, ნებისმიერ დროს, თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრმა მისცა ხმა.
არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტური გაიმართება იმავე დღეს და არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
ცესკომ სხდომაზე ასევე დაადგინა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი და განსაზღვრა უფლებამოსილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისთვის საარჩევნო კოლეგიაში წევრთა კვოტები. ცესკოს განკარგულების თანახმად საარჩევნო კოლეგიაში კვოტები შემდეგნაირად განისაზღვრა:
1. №1 - „კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი” - საარჩევნო კოლეგიის 1 წევრი;
2. №2 - „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” - საარჩევნო
კოლეგიის 2 წევრი;
3. №5 - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” - საარჩევნო კოლეგიის 36 წევრი;
4. №8 - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - საარჩევნო კოლეგიის 1 წევრი;
5. №9 - „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” - საარჩევნო
კოლეგიის 4 წევრი;
6. №10 - საქართველოს ლეიბორისტული პარტია - საარჩევნო კოლეგიის 1 წევრი;
7. №25 - „გახარია საქართველოსთვის” - საარჩევნო კოლეგიის 9 წევრი;
8. №41 - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” - საარჩევნო კოლეგიის 54
წევრი;
9. №45 - „გირჩი-მეტი თავისუფლება” - საარჩევნო კოლეგიის 1 წევრი.
კვოტების მიხედვით შესაბამისმა პოლიტიკურმა პარტიებმა კოლეგიის წევრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან უნდა დაასახელონ. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე.
საარჩევნო ადმინისტრაცია პრეზიდენტის არჩევნების ადმინისტრირებას კანონმდებლობის სრული დაცვით, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით განახორციელებს. ამასთან, მივმართავთ ჩართულ მხარეებს, ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში. საარჩევნო ადმინისტრაცია რეაგირების გარეშე არ დატოვებს არცერთ დეზინფორმაციასა თუ მანიპულაციას და საზოგადოებას მიაწვდის ობიექტურ, გადამოწმებულ ინფორმაციას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. ამის შესახებ უმრავლესობისა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. საპრეზიდენტო კანდიდატი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.
მიხეილ ყაველაშვილი მე-11 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრია. 2016–2020 წლებში იყო მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკიდან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ (თბილისის სანზონის მაჟორიტარი), 2020 წლიდან კი, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ნაძალადევის მაჟორიტარი). 2022 წელს მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, დატოვა „ქართული ოცნება“ და გაერთიანდა პარტიაში „ხალხის ძალა“. 2024 წლის 20 მარტიდან ის პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანია.
ყაველაშვილი დაიბადა ქალაქ ბოლნისშნი, 1971 წლის 22 ივლისის. 1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, 1990 წლიდან კი მისი წარმატებული სპორტული კარიერა დაიწყო.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია. 1988–1995 წლებში იყო „დინამო თბილისის“ ფეხბურთელი და სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. სხვადასხვა წლებში თამაშობდა ისეთ საფეხბურთო კლუბებში, როგორიცაა: „მანჩესტერ-სიტი“, „გრასჰოფერი“, „ციურიხი“, „ლუცერნი“. მიღებული აქვს შვეიცარიის სამწვრთნელო განათლების C კატეგორიის ლიცენზია და ასევე – უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია. 2009 წელს საქართველოში მსოფლიოს ფეხბურთელთა გაერთიანების (FIFPro) დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი გახდა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტის არჩევის თარიღი პარლამენტმა გუშინდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. პრეზიდენტის არჩევის ახალი წესის თანახმად, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, პრეზიდენტი პირდაპირი წესით, ანუ საერთო-საყოველთაო არჩევნებით აღარ აირჩევა და პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება პარლამენტს ექნება. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგიას დაამტკიცებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. კოლეგია 300 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული, მათ შორის იქნებიან პარლამენტის 150-ვე წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრი და თვითმმართველობის წარმომადგენლები (109 წევრი) 2021-2022 წელს პარტიების მიერ მიღებული მხარდაჭერის პროპორციის შესაბამისად. ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს ექნება. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეეძლება, მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც მიიღებს. კანდიდატი აღნიშნულ რაოდენობას თუ ვერ მოაგროვებს, გაიმართება მეორე კენჭისყრა, სადაც უბრალო უმრავლესობით მოხდება არჩევა. რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატის ასაკობრივ ცენზს, კონსტიტუციით, პრეზიდენტად შეიძლება არჩეული იყოს საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც ქვეყანაში 15 წელი ექნება ნაცხოვრები.
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა, "ქართულმა ოცნებამ" "კონსტიტუცია თავზე დაიხია".
"მივესალმები საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც დღეს გული სტკივა. ყველას უნდა გვტკიოდეს გული, რადგანაც დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა თავზე დაიხია კონსტიტუცია.
ძალიან მეცოდებიან. მეცოდება პირველ რიგში [ირაკლი] კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი, რომელმაც რაღაცები ვერ გათვალა, თორემ არ დასჭირდებოდა, რომ თავზე დაეხია კონსტიტუცია. მეცოდება ყველა ის პარლამენტარი, რომლებიც დღეს ისხდნენ გაყინული სახეებით, რამეთუ მათ იციან, რომ არიან გაყალბებული არჩევნების შედეგი, რამეთუ იციან რომ იქნებიან რამდენიმე თვით რამდენიმე კვირით ჩაკეტილი ამ დარბაზში, სადაც მათ თვითონ არცერთს არანაირი უფლება არ გააჩნია. მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან, როგორც დღეს ჩვენ ვნახეთ კადრები, რომლებიც ნამდვილად სამარცხვინოა და შევა ისტორიაში, როგორც სამარცხვინო კადრი, ერთი მეორეს მისალმების თუ დაჩოქების", - ამბობს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილი, ამავე მიმართვაში ახალგაზრდებს მიმართავს, რომ სწორედ მათ უნდა აიღონ ხელში ქვეყნის სადავეები და მოემზადონ მომდევნო არჩევნებისთვის.
"არ მეცოდებით თქვენ, არ მეცოდება ჩვენი საზოგადოება, რომელიც დგას იქ, სადაც უნდა იდგეს და როცა უნდა იდგეს. არ მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, რამეთუ მომავალი მათ ხელშია, უნდა მოემზადონ, არამხოლოდ მომავალი იყოს მათ ხელში, არამედ ხელში აიღონ სადავეები ამ ქვეყნის. თუ რამეს ხედავთ, ეს არის რომ თქვენი დრო მოვიდა. ის ძველი დრო, რომელიც ასახულია პარლამენტში, ნამდვილად დამთავრდა. საჭიროა, ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში, რადგან ძალიან მალე დადგება ახალი არჩევნების დრო, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით, არა კალანდარიშვისეული ფორმით, არამედ თავისუფლად, სამართლიანად.
ჩვენი მთავარი მოვალეობა ის კი არაა, ყოველდღე მაინც და მაინც სადმე ვიდგეთ, მთავარი მოვალეობა არის მომზადება. თუ მოვემზადებით, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავის, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი პარტნიორების, რომლებიც ნამდვილად არ არიან მზად, მიატოვონ ჩვენი სამშობლო".
ზურაბიშვილი, ასევე გამოეხმაურა საპროტესტო აქციის პარალელურად, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერის უცხოეთში გამგზავრებას და თქვა:
"მე, როცა გადავწყვეტ რომ წავიდე სტრასბურგში, გეტყვით წინასწარ, გეტყვით, რისთვის მივდივარ, გეტყვით, ვის ვხვდები, და რას ვაკეთებ და როგორ დავბრუნდები. მე აქ ვიქნები, ეს უკვე გითხარით და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის".
25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტი საპროტესტო აქციის ფონზე შეიკრიბა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ამ პარლამენტს არალეგიტიმურად და თვითგამოცხადებულად მიიჩნევენ.
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები - ისინი „ოცნებას“ არ მიუწვევია.
შეზღუდული იყო მედიის დაშვებაც.
პარლამენტმა, პრეზიდენტისა და ოპოზიციის საკონსტიტუციო სარჩელების მიუხედავად, რომლითაც არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ, პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო.
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს - ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებოდნენ, აირჩიეს პაპუაშვილის სამი მოადგილეც: გიორგი ვოლსკი, თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი.
25 ნოემბერსვე უყარეს კენჭი მამუკა მდინარაძეს "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე.
მე-11 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომაზე შეიკრიბა ამ პარლამენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული კითხვის ნიშნების და ქუჩაში საპროტესტო აქციის ფონზე. ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი გადალახეს, არჩევნებს გაყალბებულად, პარლამენტს კი არალეგიტიმურად მიიჩნევენ. საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი ამ პარლამენტის ლეგიტიმურობაზე სამსჯელოდ - სალომე ზურაბიშვილი ასაჩივრებს არჩევნებზე ორი კონსტიტუციური უფლების, ხმის ფარულობისა და არჩევნების საყოველთაობის დარღვევას. 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა 30-მა დეპუტატმაც.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით, დეპუტატის მანდატი არ გადაეცემა იმ პოლიტიკოსს, რომლის არჩევის საკითხიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.
25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტი საპროტესტო აქციის ფონზე შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ამ პარლამენტს არალეგიტიმურად და თვითგამოცხადებულად მიიჩნევენ.
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებიც არ მიიწვიეს. შეზღუდულია მედიის დაშვებაც.
მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს, რის შემდეგაც სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
მანამდე კი პარლამენტმა დეპუტატთა ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება ცნო.
ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა უხუცესმა წევრმა ლადო კახაძემ გახსნა.