სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მსოფლიოში „ტერორიზმის ინდექსის დონის“ შესახებ ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება.
როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო ათი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული „გლობალური ტერორიზმის ინდექსით“ საქართველომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა და წარმატებით ინარჩუნებს ტერორიზმის ნულოვანი გავლენის მაჩვენებელს.
„ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა ყოველწლიური ანგარიში „გლობალური ტერორიზმის ინდექსი 2025“ გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ტერორიზმის გავლენის ყოვლისმომცველ ანალიტიკურ დოკუმენტს წარმოადგენს. ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ იმ ქვეყნების რიგშია, სადაც ტერორიზმის ნულოვანი გავლენა ფიქსირდება. ქვეყანა, უნგრეთთან, ხორვატიასთან, სლოვენიასთან, რუმინეთსა და ათობით სხვა სახელმწიფოსთან ერთად, ბოლო ადგილს იკავებს, რაც ნიშნავს, რომ 2024 წელს საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია და ქვეყანა უსაფრთხო გარემოს ინარჩუნებს. აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო წინ უსწრებს დიდი შვიდეულის, ევროკავშირისა და NATO-ს წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადას, იაპონიას, გერმანიას, საფრანგეთს, გაერთიანებულ სამეფოს, იტალიას, ლატვიას, ლიეტუვას, ბელგიას, ნიდერლანდებს, შვედეთს და ა.შ. ბოლო ათი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული „გლობალური ტერორიზმის ინდექსით“ საქართველომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. ამ პერიოდში საქართველომ საერთო მაჩვენებელი 1.933 ქულით გაიუმჯობესა და ანგარიშით გათვალისწინებულ პოზიციებს შორის უმაღლესი ადგილი დაიკავა. ქვეყანა ბოლო წლებში წარმატებით ინარჩუნებს ტერორიზმის ნულოვანი გავლენის მაჩვენებელს“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა (IEP) გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიოში „ტერორიზმის ინდექსის დონის“ შესახებ, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სარეიტინგო პოზიცია ექვსი ადგილით გაუმჯობესდა და ნულოვანი დონით, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, ბოლო ადგილზეა.
როცა საუბარია deep state-ზე, იგივე “გლობალურ ომის პარტიაზე”, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ძალიან ძლიერი ძალა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
პრემიერის თქმით, ცალსახა არ არის ის, რომ მაინცდამაინც დასუსტდება, მით უმეტეს დამარცხდება „გლობალური ომის პარტია“, ვინაიდან მათ აქვთ ძალიან სერიოზული რესურსი, მათ შორის, ფინანსური.
„უკრაინის ომის შემდეგ ეს ძალა კიდევ უფრო მეტად გამდიდრდა და გამდიდრდა ათეულობით მილიარდი დოლარით, თუ მეტად არა. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ბრძოლა იქნება საკმაოდ რთული deep state-თან, “გლობალურ ომის პარტიასთან“. რაც შეეხება ჩვენს პერსპექტივას, თუ დამყარდება მშვიდობა და რაც უფრო მალე დამყარდება მშვიდობა, მით უფრო მალე გაჯანსაღდება ვითარება ჩვენს გარშემო და ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, წინააღმდეგობა არის სერიოზული, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი მოახერხებს მშვიდობის დამყარებას რეგიონში, შესაბამისად, ასევე მოახერხებს deep state-ის დასუსტებას. ეს ძალიან წაადგება ჩვენი ქვეყნის განვითარებას“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში.
პრემიერის თქმით, ევროპაში დიფ სთეითისთვის უფრო ადვილი იყო ფეხის მოკიდება, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში და აქედან გამომდინარეობს მათი არასერიოზული გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებით.
„ერთმანეთისგან რომ გავმიჯნოთ აშშ და ევროპის ქვეყნები, აშშ-ში შეიძლება იყოს უკეთესი პერსპექტივა, იმისა, რომ თვისებრივად გადალაგდება ვითარება, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. რაც შეეხება ევროკავშირს, აქ ბევრად რთულადაა ვითარება, რადგან არის 27 ქვეყანა. არის რამდენიმე ქვეყანა, რომელზეც არსებითად არ ვრცელდება დიფ სთეითის გავლენა. ორია ასეთი ქვეყანა ევროკავშირში და არის ქვეყნები, რომლებზეც ვრცელდება გლობალური ომის პარტიის სრული გავლენა. ასეთია ბალტიისპირეთის და სკანდინავიის ქვეყნები. სხვა სახელმწიფოებში მეტნაკლებად ძლიერია დიფ სთეითის გავლენა, თუმცა ბალტიისპირეთის ქვეყნები გასული არიან ყველანაირი წითელი ხაზის მიღმა და სწორედ აქედან გამომდინარეობს მათი სრულიად არასერიოზული გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებით.
ევროპაში დიფ სთეითისთვის უფრო ადვილი იყო ფეხის მოკიდება, საკუთარი აგენტურის გაშლა, მათ შორის, უმაღლესი ხელისუფლების დონეზე. ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესები. ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ჩვენ ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა. ბევრად უფრო რთული იყო გასული სამი წლის განმავლობაში განვითარებული პროცესები განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვე იყო უმძიმესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის “სახელმწიფო-სამართლებრივი პოლიტიკის კომიტეტმა” განიხილა ოპოზიციონერის კან კვარჩიასა და ლეუან მიქაასთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის, მუსიკოს ბარას კუძბასთვის რუსეთში შესვლის აკრძალვისა და ჟურნალისტ ინალ ხაშიგის რუსეთის იუსტიციის სამინისტროს „უცხოური აგენტების“ სიაში შეყვანის საკითხი.
როგორც აფსნიპრესი წერს, შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ “საგარეო საქმეთა სამინისტროს” “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის” ხელმძღვანელები, “რეპატრიაციის სახელმწიფო კომიტეტის”, ასევე საზოგადოებრივი პალატის წევრები. ე.წ.საგარეო საქმეთა სამინისტროსა და “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის” წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ.
ლეუან მიქაას თქმით, შექმნილ ვითარებაში მომხდარის განხილვის ერთადერთ პლატფორმად “პარლამენტი” რჩება. მისი თქმით, “აფხაზეთის სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე მათთვის პრობლემური იქნება საკუთარი ინტერესების დაცვა”.
კან კვარჩიამ ხაზი გაუსვა, რომ ზეწოლა მიმართულია იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ღიად იცავენ “ქვეყნის სუვერენულ უფლებებს”. „ჩვენ გვთავაზობენ ჩვენი თანამემამულეებისა და რეპატრიანტების დავიწყებას“, - თქვა მან.
საზოგადო მოღვაწე ახრა ბჟანია მიიჩნევს, რომ აფხაზებზე განხორციელებული ზეწოლა „ერთ ჯაჭვის რგოლებია, რომლებიც სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის შეცვლისკენაა მიმართული“.
ახრა ბჟანიას მოსაზრებით, “პარლამენტს” მკაცრი რეაგირება უნდა ჰქონდეს: უნდა მოითხოვონ „უსარგებლობის განმასახიერებელი თანამდებობის პირების“ გადადგომა და “აფხაზეთში რუსეთის საელჩოს” გადასცენ საპროტესტო ნოტა.
ე.წ. კომიტეტის თავმჯდომარემ დაუთ ხუტაბამ აღნიშნა, რომ რეაგირების ფორმები გულდასმით უნდა იყოს მოფიქრებული, - იუწყება “Нужная газета“.
შეხვედრაზე ჟურნალისტი ინალ ხაშიგიც გამოვიდა, მისი თქმით, „უცხოური აგენტის“ სტატუსის გასაჩივრებას აპირებს.
„ჩვენ გვყავს ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირები და მათ თავიანთი პოზიცია უნდა გამოხატონ აფხაზეთის კანონმდებლობის შესაბამისად“, - განაცხადა მან.
წყარო: რადიო თავისუფლება