ქვეყანა უნდა დავასვენოთ ამ რადიკალური პოლიტიკური ძალისგან, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და ზუსტად ამას ემსახურება ის სარჩელი, რომელიც გვაქვს მომზადებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, რომ არ ყოფილიყო ეს რადიკალიზმი, რევოლუციის 5 მცდელობა, ეკონომიკაც უფრო მეტად წაიწევდა წინ და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაც კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდებოდა.
„ჩვენ რომ სერიოზული განზრახვა გვამოძრავებს, ეს გამოჩნდა სარჩელით, სარჩელის ტექსტით, რომელიც ოფიციალურად ხვალ წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოს. შეიძლება სუბიექტურად, ჩვენ გარკვეულ უპირატესობას გვაძლევდეს ის ფაქტი, რომ ერთადერთი რეალური ოპონენტი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ეს რადიკალური პოლიტიკური ძალა, მაგრამ აქ საქმე არ ეხება „ქართული ოცნების“ სუბიექტურ ინტერესს. აქ, საქმე ეხება ქვეყნის სუბიექტურ და ობიექტურ ინტერესს. ჩვენ ვინარჩუნებთ ხელისუფლებას, ვახერხებთ ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანამ ვერ დაძლია რადიკალიზმი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერს აფერხებს, მათ შორის, ეკონომიკურ ზრდას. კი ბატონო, გვაქვს მაღალი მაჩვენებლები, მაგრამ ეს მაჩვენებლებიც ბევრად უფრო მაღალი იქნებოდა, ჩვენთან რომ იყოს არა რადიკალიზმი, არამედ ჯანსაღი, დემოკრატიული კონკურენცია პოლიტიკურ პარტიებს შორის. 9.7% იყო საშუალო წლიური ზრდა ბოლო წლების განმავლობაში და 9.7%-ის მაგივრად შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგალითად 12.7%, რომ არ ყოფილიყო ამ წლების განმავლობაში რევოლუციის მოწყობის 5 მცდელობა. 5 მცდელობა იყო რევოლუციის მოწყობის და ჩვენ დოლარში ნომინალური ეკონომიკა გავაორმაგეთ და უფრო მეტად გავზარდეთ. წარმოიდგინეთ, რომ არ ყოფილიყო ეს რადიკალიზმი, რევოლუციის 5 მცდელობა, ეკონომიკაც უფრო მეტად წაიწევდა წინ. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაც კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდებოდა, მაგრამ ეს რადიკალიზმი არ გვაძლევს მაქსიმალური შედეგების მიღწევის საშუალებას. ამიტომ, ქვეყანა უნდა დავასვენოთ ამ რადიკალური პოლიტიკური ძალისგან, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და ზუსტად ამას ემსახურება ის სარჩელი, რომელიც გვაქვს მომზადებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პარტია „გახარიას საქართველოსთვის“ წევრებმა პარლამენტში ფრაქცია სახელწოდებით - „საქართველოსთვის“ შექმნეს. ფრაქციას შალვა კერესელიძე უხელმძღვანელებს.
ფრაქციის რეგისტრაციის თაობაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა და მისი რეგისტრაცია მიზანშეწონილად ჩათვალა.
ამასთან, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა, ფრაქცია 10 დეპუტატის შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. ფრაქციის წევრებს შორის არ არის ჯემალ ანანიძე, რომლის მანდატიც პარლამენტმა გახარიას პარტიის სხვა ადგილმონაცვლე წევრებთან ერთად სცნო.
როგორც ცნობილია, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ 12 საპარლამენტო მანდატი აქვს და პარლამენტის მიერ პარტიის 12 წევრის უფლებამოსილებაა ცნობილი. მათგან ერთმა - რუსუდან თევზაძემ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებასა და მანდატის გამოყენებაზე უარი თქვა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფების „ხალხის ძალა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წევრების ერთობლივ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, რომლითაც მოთხოვნილია რამდენიმე პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა
წინაპირობა
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი ამომრჩეველს დავპირდით, რომ ამომრჩევლების მხარდაჭერის შემთხვევაში უზრუნველყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ძირეული პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების პროცესის წარმართვას. 1 120 000-მა ამომრჩეველმა ამ დაპირების შესასრულებლად მოგვცა მისი დემოკრატიული მანდატი.
ამ სახალხო მანდატის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის და 1 აპრილის დადგენილებებით შეიქმნა „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“, რომელმაც 6 თვიანი მუშაობის პერიოდში, პირდაპირ ეთერში გამართა 64 სხდომა, გამოიკითხა 139 პირი, შეისწავლა მოქალაქეებისგან 778 განცხადება. კომისიის თითქმის 500 გვერდიანი დასკვნის განხილვის საფუძველზე 2025 წლის 3 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება და გაიზიარა კომისიის მიგნებები. ამით, საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკური შეფასება მისცა „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა დაკავშირებული პარტიების ქმედებებს 2003-2025 წლებში.
დღეს კი, ვიწყებთ ჩვენი დაპირების სამართლებრივი ნაწილის შესრულებას. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიგნებების საფუძველზე ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფების „ხალხის ძალა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წევრები ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის მოთხოვნით.
საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობას, „რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.“
ამასთან, პოლიტიკური პარტიის საქმიანობა უშუალოდ და მჭიდროდ დაკავშირებულია თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციასთანაც, რომლიდან გამომდინარეც, დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის ისეთი საქმიანობა, რომელიც უგულებელყოფს დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას ან საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს რომელიმე ფუძემდებლურ პრინციპს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში სწორედ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანომ პოლიტიკური პარტიის მიერ დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი პოლიტიკის გატარების რისკი სათანადოდ დაადასტურა, სახელმწიფო უფლებამოსილია აღკვეთოს ასეთი პოლიტიკის გატარება.
ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია რამდენიმე პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სხვა დარღვევებთან ერთად, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში, უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო პოლიტიკურ, ისე საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და შესაბამისად, მის კონსტიტუციურობას. ამით, აღნიშნული პარტიები აღიარებენ რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს. ჩვენს სარჩელში წარმოდგენილია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური მიზნები სწორედ ამ პოლიტიკურ პარტიებს ამოძრავებს.
სამართლებრივი დასაბუთება
კონსტიტუციური სარჩელი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შემდეგ დარღვევებს:
I. საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა
1. ადამიანის უფლებების ხელყოფა
საქართველოს კონსტიტუციური წყობილების განუყოფელი ელემენტია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და ადამიანის ძირითადი უფლებები, რომელთა სისტემური დარღვევა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაა. დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტებითა და მტკიცებულებებით დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ადამიანის უფლებების ხელყოფა გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და მიიღო სისტემური და სისტემატური ხასიათი, კერძოდ
2. საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმა, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მცდელობები
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებიდან დღემდე საქართველოში ჩატარდა 9 მორიგი საყოველთაო არჩევნები. აღნიშნული არჩევნების შედეგებისა და ამ არჩევნების გზით არჩეული ორგანოების ან თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე მთელ რიგ შემთხვევებში უარი თქვეს და ამ გზით საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არაერთი საბოტაჟი აწარმოვეს კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულმა არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს არჩევნები საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდა.
1) 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შედგა ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადების პირველი მცდელობა, როდესაც არჩევნების არალეგიტიმურობის ყალბი საბაბით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტიც კი გამოუცხადა. თუმცა, მოგვიანებით, ისინი შეუდგნენ საქართველოს პარლამენტში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.
2) 2018 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით მოქმედმა კოალიციამ უარი თქვა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების აღიარებაზე და სცადა ძალადობრივი მეთოდის გამოყენებით საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიის ჩაშლა.
3) 2019 წლის ივნისში „ნაციონალური მოძრაობა“ და მჭიდროდ დაკავშირებული სხვა პოლიტიკური პარტიები საქართველოს პარლამენტის სასახლის შტურმით აღებას შეეცადნენ.
4) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა არალეგიტიმურად შერაცხეს, უარი თქვეს ახალარჩეული პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობაზე და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობის შტურმით აღებას შეეცადნენ. თუმცა, მოგვიანებით, ისინი შეუდგნენ საქართველოს პარლამენტში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.
5) 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა არალეგიტიმურ არჩევნებად შერაცხეს, სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები წამოიწყეს და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა განაახლეს. თუმცა, მოგვიანებით, ისინი შეუდგნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა.
6) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, უარყვეს ამ არჩევნების შედეგები, უარი თქვეს პარლამენტის წევრის მანდატებზე და ახალარჩეული პარლამენტი არალეგიტიმურად გამოაცხადეს. მეტიც, არჩევნების შემდეგ, არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი შეუწყვეს და განახორციელეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მოიცავდა საქართველოს პარლამენტის სასახლეში ძალის გამოყენებით შეჭრას.
ზემოაღნიშნული ქმედებების პარალელურად და მათ გაგრძელებად, არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა 2022-2025 წლებში განახორციელეს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის რამდენიმე მცდელობა.
არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად შერაცხვის პირველი მცდელობა 2016 წელს დაფიქსირდა, 2018 წლიდან ამ მცდელობამ სისტემატური, ხოლო 2020 წლიდან კი სისტემური და უწყვეტი სახე შეიძინა. ამასთან, დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადებას 2019-2025 წლებში ერთვოდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის, მთლიანობაში, ექვსი უშუალო მცდელობა, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ ან ძალადობით შეცვლისკენ მიმართული საქმიანობა, რომელსაც არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები აწარმოებენ ხანგრძლივი, სისტემატური, სისტემური და აქტუალურია, რაც დღეს ამ მიზნის აქტუალურობასაც უტყუარად ცხადყოფს.
ამრიგად, 2004-2012 წლებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ამასთანავე, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულმა ყველა არაკონსტიტუციურმა პარტიამ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული დემოკრატიის არსი, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უსაფუძვლოდ უარის თქმასა და დემოკრატიის მიმართ აშკარა და უხეში უპატივცემულობის გამოვლენაში გამოიხატა.
II. საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა
1. 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენები
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩაიდინა არაერთი ქმედება და ამ მხრივ, აშკარა არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა, რამაც დააზიანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივა და ხელი შეუწყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებას. კერძოდ, 2004-2008 წლებში საომარ რიტორიკასთან და კონფრონტაციულ ქმედებებთან ერთად აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:
• 2004 წელს ქალაქ ცხინვალის მიმართულებით შეიარაღებული დაპირისპირება განხორციელდა.
• 2006 წლის 28 სექტემბერს კოდორის ხეობას საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ეწოდა „ზემო აფხაზეთი“.
• 2006 წლის ნოემბერში საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში საქართველოს როგორც დე იურე, ისე დე ფაქტო იურისდიქციას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ჩაატარა ალტერნატიული არაკონსტიტუციური არჩევნები, სადაც აირჩა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი და მის დაქვემდებარებაში შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა, რომლის წევრებიც მინისტრებად იწოდებოდნენ. ამით საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონში სეპარატისტულ არჩევნებს ირიბი ლეგიტიმაცია შესძინა, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ღია და უხეში ღალატი იყო.
• 2007 წელს საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნა დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და სამართლებრივად აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 1990 წელს გაუქმებული საზღვრები.
• აღნიშნული ქმედებების კულმინაცია იყო 2008 წლის აგვისტო, როდესაც საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად, რის შემდეგაც საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციას, რომლითაც აღიარა საკუთარი ქმედებებით ესკალაციის ახალ, „ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე“ გადაყვანა, რუსეთის სამხედრო ინტერვენციას კი „საპასუხო იერიში“ უწოდა.
ამრიგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2004 წლიდან გეგმაზომიერად და თანამიმდევრულად განახორციელა ქმედებები და ღონისძიებები, რომლებმაც ხელი შეუწყო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, არამედ საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებასაც.
2. 2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენები
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ქმედებების ჩადენა 2012 წლის შემდეგაც განაგრძო, რაც უკვე მჭიდროდ დაკავშირებულ სხვა არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად განახორციელა.
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივის დაზიანება და საქართველოსა და რუსეთს შორის აქტიური საომარი მოქმედებების გაჩაღების მცდელობა-ხელშეწყობა
2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიზანი და მცდელობა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კონფლიქტი მაქსიმალურ ნიშნულამდე გაემწვავებინათ. არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები დღემდე ცდილობენ, საქართველოსა და რუსეთს შორის ვითარება გამწვავდეს იგივე ფორმითა და ხარისხით, რა ფორმითა და ხარისხითაც ამას 2008 წლის ომამდე „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა.
• საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალისთვის ხელის შეწყობა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივის დაზიანებასა და საქართველოსა და რუსეთს შორის აქტიური საომარი მოქმედებების გაჩაღების მცდელობა-ხელშეწყობასთან ერთად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა სხვა მიმართულებითაც ხორციელდება; კერძოდ, ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, სხვადასხვა საკითხთან მიმართებით უცხოეთიდან „დაისაჯოს“ საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება, რათა საქართველოს მოქალაქეებში უკმაყოფილება დაგროვდეს, ისინი მათ მიერ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ და ეს პროცესები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის მექანიზმად და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტად იქნეს გამოყენებული. კერძოდ, ეს მცდელობები მოიცავს
• ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებისა და შენარჩუნების საკითხისთვის საზიანო ქმედებებს,
• ევროპის კავშირში საქართველოს გაწევრების მიმართულებით ქვეყნისთვის ხელშემშლელ ქმედებებს,
• საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ხელისუფლებაზე უცხოეთიდან სისტემატური საინფორმაციო თავდასხმებს, სანქციების დაწესების მცდელობებს და ამის ხელშეწყობას.
ამრიგად, 2004-2012 წლებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელყო საქართველოს დამოუკიდებლობა და მიზანმიმართულად შექმნა ნიადაგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასარღვევად, ხოლო 2012 წლის შემდეგ ამ პოლიტიკურმა პარტიამ და სხვა არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა განახორციელეს საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მრავალი მცდელობა.
სასარჩელო მოთხოვნა
ზემოაღნიშნული გარემოებები, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების გათვალისწინებით, ერთობლივად ქმნის რამდენიმე არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მყარ კონსტიტუციურ საფუძველს.
ამასთან, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით პოლიტიკური პარტიის აკრძალვისთვის, მის არაკონსტიტუციურ იდეებთან და ქცევასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ პარტიას, ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ რეალური საფრთხე შეუქმნას კონსტიტუციურ წყობილებას. ამ მხრივ განმსაზღვრელია პარტიის ზომა, სტრუქტურული ორგანიზება, პოლიტიკური გავლენა. ამიტომ, იმ პარტიების განსაზღვრისას, რომელთა აკრძალვასაც კონსტიტუციური სარჩელით ვითხოვთ, ვისარგებლეთ ორი მთავარი კრიტერიუმით:
1. რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება,
2. რამდენად უქმნის კონკრეტული არაკონსტიტუციური პარტია მისი ზომით, ორგანიზაციული სტრუქტურით თუ პოლიტიკური გავლენით რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას.
შესაბამისად, ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია შემდეგი სამი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა, რომლებმაც საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმი შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ. ეს პარტიებია (პარტიების რეესტრში მითითებული მათი იურიდიული დასახელებებით):
− მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“,
− მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“,
− მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა „ელენე ხოშტარია - დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“, რომლებიც სინამდვილეში „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ შემადგენლობაში არიან, თუმცა, ფორმალურად, დამოუკიდებელ პარტიებადაც არიან რეგისტრირებული, აგრეთვე „კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები. თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად, მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის, საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ.
ზემოაღნიშნული პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს შემდეგი გარემოებები:
- აღნიშნული პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელი პირები „ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი მონაწილეობით შექმნილი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნენ სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებად, ეკავათ სხვადასხვა პარტიული თუ პოლიტიკური თანამდებობა.
- აღნიშნული პოლიტიკური პარტიები წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და ერთიან ორგანიზმს და დღესაც ასე მოქმედებენ.
ამავე დროს, ჩვენი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილი არ იქნება არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც დღევანდელი მდგომარეობით, რელევანტური იქნებოდა მხოლოდ პარტია „ლელოს“ სახელით საკრებულოებში გასულ 59 წევრთან დაკავშირებით. ამით, უპირველეს ყოვლისა, გვსურს, პატივი ვცეთ მათ ამომრჩევლებს და განსხვავებით თავად პარტია „ლელოსგან“, რომელმაც მისი ამომრჩევლისგან მინიჭებულ საპარლამენტო მანდატების მიღებაზე უარი თქვა, საკრებულოებში შევინარჩუნოთ ამომრჩევლის მიერ გაცემული მანდატები.
ასევე, ჩვენი სარჩელი არ შეიცავს არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მოთხოვნას. როგორც იცით, დღეს კანონმდებლობით განსაზღვრულია მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი, რომელიც იძლევა უფრო ფართო შესაძლებლობას აკრძალული პარტიებთან დაკავშირებული პირების სამომავლო არაკონსტიტუციური პოლიტიკური საქმიანობის აღსაკვეთად.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტ ბილალ ერდოღანს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, სტრატეგიულ პარტნიორობას და სპორტის სფეროში თანამშრომლობას შეეხო.
განიხილეს თბილისში ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობა. ბილალ ერდოღანმა პრემიერ-მინისტრს ჩემპიონატის მასპინძლობისა და მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
ბილალ ერდოღანი საქართველოში საქართველოს სპორტის სამინისტროს მოწვევით, ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით იმყოფება.
ქართულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო ისტორიაში პირველად მასპინძლობს. ჩემპიონატი 25 ოქტომბერს გაიმართება. გამარჯვებულები აბსოლუტურ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან.
ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. ასევე, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვაზე.
წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს გაიმართება.
პროკურატურამ ღარიბაშვილს ბრალი დღეს წაუყენა. როგორც გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა, პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილისთვის 1 მილიონი ლარის გირაოს, საქართველოს მოქალაქის პასპორტის სამართალდამცავი უწყებისათვის ჩაბარებასა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვას ითხოვდა.
მანამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 22 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ განაცხადა: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი“.
17 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული რვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ღონისძიება სუს-ის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.