ყოველგვარი მტკიცებულების, ფაქტის გარეშე საუბრობენ იმ ადამიანის დასანქცირებაზე, რომელსაც უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიულ გარდატეხაში, ასეთი ინიციატივა აკნინებს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს რეპუტაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამით საბოლოოდ შეილახება დიდი ბრიტანეთის რეპუტაცია.
„რაც შეეხება პოლიტსაბჭოს განცხადებას, ყველაფერი არის დღესავით ნათელი. იცით, რომ ინიცირებულია შესაბამისი პროექტი ბრიტანეთის პარლამენტში, თემთა პალატაში და თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით, ამით საბოლოოდ შეილახება დიდი ბრიტანეთის რეპუტაცია. თქვენ იცით, რომ დიდი ბრიტანეთი არის ადამიანის უფლებების აკვანი, დემოკრატიის აკვანი, ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში და მოგვიანებით, შემდეგ მე-17 საუკუნეში შეიქმნა დიდ ბრიტანეთში პირველი სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდებოდა ადამიანების ძირითადი უფლებების განვითარებას და სხვათა შორის, ეს აქტები უკავშირდებოდა პირველ რიგში საპროცესო, ძირითადი უფლებების განვითარებას. დღეს ყოველგვარი მტკიცებულების, ფაქტის გარეშე საუბრობენ ადამიანების დასანქცირებაზე, კონკრეტულად იმ ადამიანის დასანქცირებაზე, რომელსაც აქვს შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილი ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიულ გარდატეხაში. ასეთი ინიციატივაც კი აკნინებს დიდი ბრიტანეთის ამ სახელმწიფოს, ამ ტრადიციული, ისტორიული სახელმწიფოს რეპუტაციას ჩვენს ქვეყანაში ქართული საზოგადოების თვალში, რაც არის ძალიან სამწუხარო. რაც არის აღნიშნული ამ განცხადებაში, ეს არის ერთგვარი ტრაგიკული მოვლენა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოკითხვებშიც კი ვერ მიიღეს მონაწილეობა. თუ რაიმე ფაქტი ჰქონდათ, მათ შეეძლოთ მისვლა პროკურატურაში და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, თუმცა ვერ გაბედეს გამომდინარე იქიდან, რომ არავითარი ფაქტი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ან თუნდაც რაიმე არსებით მანიპულაციასთან დაკავშირებით არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამის დასტურია სახალხო დამცველის განცხადებაც.
„მან ერთი მარტივი რამ მოითხოვა, წარმოადგინონ ფაქტები და მტკიცებულებები. ჩვენც ვითხოვთ ზუსტად იგივეს, ვითხოვთ ფაქტების, მტკიცებულებების წარმოდგენას. ამის მაგივრად, ჩვენ ვიღებთ სრულიას აბსურდულ განცხადებებს, 300 000, ხან 200 000, ხან 400 000 ხმის გაყალბებასთან დაკავშირებით და ა.შ. რასაც არავითარი საფუძველი არ აქვს. ეს არის ერთგვარი მითიური განცხადებები და ვერსიები, რომლებიც მოკლებულია რაიმე მყარ საფუძველს და სწორედ ამის გამო არიდებენ თავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პროკურატურაში მისვლას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. ზაგულბას სასახლეში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ყურადღება დაეთმო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, ასევე რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ.
აღინიშნა ეკონომიკის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში წარმატებული თანამშრომლობა, ასევე ხაზი გაესვა დაკავშირებადობის მნიშვნელობას და საქართველოს როლს ამ მიმართულებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ქართული დელეგაციის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობას ძალიან მყარი საფუძველი აქვს.
განსაკუთრებით გაესვა ხაზი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, მომავალშიც შეიტანოს წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება. 3450 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ბაქოს ცენტრალურ უბანში, საქართველოს, საელჩოს შენობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გადაეცა.
ტერიტორია საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობის მშენებლობა ახლო მომავალში დაიწყება.