ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით ბოლო წლებში სურსათის ფასები მკვეთრად მატულობს, რაზეც წარმოების გაზრდილი ხარჯები და მიმდინარე გეოპოლიტიკური კონფლიქტები მოქმედებს, თუმცა, Environmental Research Letters-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ფასების ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამინდის ექსტრემალური პირობებიც.
მკვლევართა ჯგუფმა 18 ქვეყნის მასშტაბით 16 ისეთი საკვები პროდუქტი გამოავლინა, რომლებიც 2022-2024 წლებში უპრეცედენტო სიცხის, გვალვისა და წვიმიანობის გამო, ყველაზე მეტად გაძვირდა.
საქმე ისაა, რომ 2024 წელი პლანეტისთვის რეკორდულად ცხელი იყო, როცა გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ პირველად გადააჭარბა პრეინდუსტრიული პერიოდის საშუალო მაჩვენებელს 15℃-ით. საპირისპიროდ, უპრეცედენტოდ ძლიერი წვიმა და წყალდიდობები ფიქსირდებოდა დიდ ბრიტანეთში, პაკისტანსა და ავსტრალიაში. სწორედ ამინდის ეს პირობები აძვირებს საკვებ პროდუქტებს. მაგალითად, ექსტრემალურ ამინდს ნათესების განადგურება შეუძლია, რაც მოსავლიანობას მნიშვნელოვნად აფერხებს.
კვლევის თანახმად, 2024 წლის იანვრიდან თებერვლამდე დიდ ბრიტანეთში კარტოფილის ფასი 22%-ით გაიზარდა, რაც მკვეთრად წვიმიანი სეზონით იყო განპირობებული. გასული წელი დიდი ბრიტანეთის სოფლის მეურნეობის სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო. მეცნიერების შეფასებით, უპრეცედენტო ნალექის ალბათობა აქ კლიმატის ცვლილების შედეგად 10-ჯერ გაიზარდა. მანამდე, 2022 წელს, ქვეყანაში ექსტრემალური სიცხის ტალღაც დაფიქსირდა, როდესაც ტემპერატურამ 40℃-ს პირველად მიაღწია. 2025 წელს კი ბრიტანეთს რეკორდულად თბილი გაზაფხული ჰქონდა.
ამასთან, 2024 წლის იანვარში, იტალიასა და ესპანეთში ზეითუნის ზეთზე ფასი წლიურად 50%-ით გაიზარდა, რასაც წინ უსწრებდა მწვავე გვალვა 2023 და 2022 წლებში. ცხელი და მშრალი ამინდის გამო, ესპანეთში, რომელიც მსოფლიო მარაგების 40%-ზეა პასუხისმგებელი, ზეითუნის ზეთის წარმოება 2022 წელს 50%-ით შემცირდა. მაღალმა ტემპერატურამ ზეთისხილის ხეები ყვავილობის პერიოდში გაანადგურა, გადარჩენილ მცენარეებზე კი ნაყოფი ნორმაზე მცირე ზომის გაიზარდა.
ექსტრემალურმა ამინდმა საკვების წარმოებაზე გავლენა იქონია ევროპის მიღმა ქვეყნებშიც. მაგალითად, უპრეცედენტო ტემპერატურები დაფიქსირდა სამხრეთ კორეის, ჩინეთისა და ინდოეთის სხვადასხვა რეგიონში, რამაც საგრძნობლად გააძვირა კორეული კომბოსტო და იაპონური ბრინჯი. ბოსტნეულის წარმოების ფასები 80%-ით გაიზარდა აშშ-შიც, სადაც ამ პროდუქციის მთავარ მწარმოებელ შტატ კალიფორნიაში ექსტრემალურ გვალვას ებრძოდნენ.
ექსტრემალურმა სიცხემ გავლენა იქონია კაკაოსა და ყავის მწარმოებელი ქვეყნების კლიმატზეც, რამაც ორივე პროდუქტზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
კვლევაში, რომელიც ექვსი ევროპული კვლევითი ინსტიტუტის მონაწილეობით მომზადდა, ხაზგასმულია, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ფასნამატები საზოგადოებასა და სურსათის უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას, რის გამოც მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი სწრაფად ადაპტირდეს ახალ გამოწვევებთან.
bm.ge
2 აგვისტოდან, აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია INDIGO თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ პირდაპირ რეგულარულ რეისებს მუმბაიდანშეასრულებს. მუმბაი იქნება ინდოეთის მეორე ქალაქი, რომელიც დელის შემდეგ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო გზით იქნება დაკავშირებული. ჯამურად, ინდოეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 10 სიხშირით შესრულდება. აქამდე ავიაკომპანია პირდაპირ რეისებს დელი-თბილისი-დელის მიმართულებით ყოველდღიურად ასრულებდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, თამარ იოსელიანის განცხადებით, მუმბაის მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნა ორ ქვეყანას შორის ტურისტულ, ბიზნესს და კულტურულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
,,2 აგვისტოდან, ინდოეთის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo იწყებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს მუმბაიდან თბილისის მიმართულებით, კვირაში 3 სიხშირით. დელის შემდეგ, ეს მეორე პირდაპირი საჰაერო კავშირია ინდოეთთან. მუმბაი ინდოეთის უმსხვილესი ეკონომიკური და კულტურული ცენტრია, ხოლო ამ მიმართულების ამოქმედება ცალსახად გააძლიერებს ტურისტულ, ბიზნეს და კულტურულ ურთიერთობებს. გადაწყვეტილება ნათლად ასახავს საქართველოს მიმართ ინდოეთის მზარდ ეკონომიკურ და ტურისტულ ინტერესს. შედეგად, საქართველო-ინდოეთს შორის კვირაში უკვე 10 პირდაპირი ფრენა განხორციელდება,-‘’განაცხადა თამარ იოსელიანმა.
2025 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით ინდოეთიდან საქართველოში პირდაპირი სააჰერო გზით 56,241 მგზავრი ჩამოვიდა. 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 123% მატება დაფიქსირდა.
აზიის ერთ-ერთი უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ 2024 წელს 112 მილიონი მგზავრი გადაიყვანა. ავიაკომპანია მსოფლიოს 600-ზე მეტი მიმართულებით დღეში საშუალოდ 1900-მდე ფრენას ასრულებს. INDIGO ამ ეტაპზე, 400-მდე ავიახომალდს ფლობს.
ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთაინება ავრცელებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარეს, დავით ნარმანიასა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების თავმჯდომარეს, ჯორჯ ნიკოლესკუს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის რეგულირების საკითხები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობასა დამისი შემდგომი განვითარების მიზნით ეფექტიანი მარეგულირებელი ნორმების შემუშავების აუცილებლობაზე.
მხარეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, რუმინეთში, ქ. ბუქარესტში ხელი მოეწერება სემეკსა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ უწყებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს რეგულირებად სექტორებში გამოცდილების გაზიარებისა და მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიზნით.
სემეკის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის წევრები და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „მტკვარი ჰესის“ სახელზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა.
„მტკვარი ჰესი“ მდებარეობს ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, მისი დადგმული სიმძლავრე 54,1 მგვტ-ს შეადგენს. ჰიდროელექტროსადგური 3 ძირითადი აგრეგატისგან შედგება, რომელთაგან 2 აგრეგატის დადგმული სიმძლავრეა 26,5 მგვტ, ხოლო 1 აგრეგატის – 1,1 მგვტ.