საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩინეთის ელჩთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, ელჩთან შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხი განიხილეს, მათ შორის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხი.
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შევხვდი. შეხვედრაზე ელჩს კიდევ ერთხელ მივუსამძიმრე ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვე. საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებში თანამშრომლობას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა, ასევე ხალხთაშორისი კავშირები კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის. დავადასტურეთ მზადყოფნა შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის“, – წერს ირაკლი კობახიძე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2024 წლის განმავლობაში 50 საჯარო სხდომა გამართა, სადაც 274 საკითხი განიხილა. მათი უმეტესობა მოქალაქეებსა და კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ დავებს შეეხებოდა. სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, განხილულისაკითხების 90%-ზე მეტი მოქალაქეთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა.
2024 წელს, სემეკში შესული მოქალაქეთა განცხადება/საჩივრები, ძირითადად, შეეხებოდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან/და წყალმომარაგების კომუნალური კომპანიების მიერ განხორციელებულ უსაფუძვლო დარიცხვებს, მომარაგების ხშირ წყვეტებს, ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთების ვადებსა და პროცედურებს. სემეკის გადაწყვეტილებებით, გასულ წელს ჯამში მოქალაქეებს ჩამოეწერათ 2 მილიონ ლარამდე უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები. გარდა ამისა, მომსახურების სტანდარტების დარღვევების გამო, სემეკის რეგულაციების შესაბამისად, კომუნალური კომპანიების მიერ მოქალაქეებზე გაიცა 1 239 570 ლარი.
სემეკი შეახსენებს მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური მომსახურების კომპანიების მიერ მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია ქოლცენტრის ნომერზე: 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან) ანოფიციალური სოციალური გვერდების საშუალებით.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ თბილისში, სასტუმრო პარაგრაფში რუსული რესტორნების ქსელი სიროვარნაია იხსნება. მას თბილისში რუსულის ნაცვლად ინგლისური სახელი ექნება და Cheesfarm ერქმევა.
რესტორანი Novikov Group-ს ეკუთვნის. ის არკადი ნოვიკოვის ბიზნესია. არკადი ნოვიკოვი ცნობილია კორუფციული სკანდალებით. ის კრემლთან დაახლოებული პირია.
2012 და 2018 წლებში ნოვიკოვი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. პუტინის მხარდაჭერის შემდეგ, ნოვიკოვის კომპანია ინტელმა ღონისძიებების მომსახურებისთვის 2 მილიონი რუბლის ღირებულების მინიმუმ ოთხი სამთავრობო კონტრაქტი მიიღო.
გარდა ამისა, არკადი ნოვიკოვი იყო მოსკოვის მერის, სერგეი სობინიანის რწმუნებულიც.
Sova News-ის ცნობით, ნოვიკოვი რუსეთის პრემიერმინისტრის მიხეილ მიშუსტინთანაცაა დაკავშირებული. გამოცემის თანახმად, 2020 წელს მედიამ აქტიურად დაიწყო საუბარი ნოვიკოვის კორუფციულ კავშირებზე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მისი რესტორნების პარტნიორები არიან პრემიერმინისტრის, მიშუსტინის და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ანატოლი სერდიუკოვას ოჯახის წევრები. თავად ნოვიკოვი რუსეთის პრემიერთან მეგობრობაზე ამბობდა, რომ "მეგობრობა მეგობრობაა, სამსახური კი სამსახური", თუმცა არ გამორიცხავდა, რომ როგორც ბოლო საშუალება, შეუძლია "საკონტროლო" ზარის გამოყენება მეგობართან.
Smart Press-ის ცნობით, საქართველო გახდება მეექვსე ქვეყანა მსოფლიოში, სადაც Novikov Group-ის რესტორანი სიროვარნაია გაიხსნება. მისი ფილიალები ასევე მდებარეობს დუბაიში, ერევანში, ალმატიში, დუშანბესა და ტაშკენტში.
რესტორნის გახსნის თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
"ფორმულა"
ქართული საბანკო ბარათებით საზღვარგარეთ განხორციელებული ოპერაციები მკვეთრად გაიზარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული წელი ამ მხრივ რეკორდული იყო. ქართული ბანკების ბარათებით, 2024 წლის 11 თვეში უცხოეთში 8.849 მლრდ ლარის ოპერაციები შესრულდა, რაც 25%-ით, ანუ 1.75 მლრდ ლარით მეტია 2023 წლის 11 თვის მაჩვენებლებზე.
მონაცემები აჩვენებს, რომ 2024 წლის მაისიდან ქართველები უცხოეთში ყოველთვიურად 800 მლნ ლარზე მეტს ხარჯავდნენ. განსაკუთრებით მაღალი იყო ქართული ბარათებით გაწეული ხარჯები ნოემბერში, რამაც 867.6 მლნ ლარს გადააჭარბა.
ძირითადად ქართული ბანკების ბარათებით გადახდა ხდება პოს-ტერმინალებით და ინტერნეტის მეშვეობით. ამ ტიპის ოპერაციებზე 8.1 მლრდ ლარი მოდის, ხოლო ბანკომატებით მხოლოდ 734 მლნ ლარის განაღდება დაფიქსირდა.
მთლიანობაში, 11 თვის მონაცემები აჩვენებს, რომ უცხოეთში შესრულებულ ოპერაციებს ქართული საბანკო ბარათებით განხორციელებულ ოპერაციებში 11%-იანი წილი უჭირავს.
წყარო: bm.ge
სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი სარკინიგზო ტრანსპორტირებას ანკარას, შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოს შორის უზრუნველყოფს,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რიზეში მისი პარტიის რიგით მერვე კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:
„ჩვენი ავტომაგისტრალის 17 პროექტი სხვადასხვა რაიონებში გრძელდება. ჩვენი სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტირებას ანკარას, შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოს შორის, რომელიც ესაზღვრება შავ ზღვას.
პროექტის შედეგად, ერთმანეთს დაუკავშირდება ქალაქები - ორდუ, გირესუნი, ტრაპიზონი, რიზე და ართვინი სარკინიგზო ხაზით, რომელიც სამსუნიდან დაიწყება. ამასთან, მისივე ცნობით, თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბით და სხვა დამაკავშირებელი გზებით, ქვეყნის პროვინციები აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონთან და სხვა ქვეყნებთან დაკავშირდება."
ცნობისთვის, თურქეთმა აღნიშნული სარკინიგზო ხაზის პროექტი გასული წლის სექტემბერში დააანონსა. როგორც თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, ეს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. რა ვადებზეა გაწერილი და რა დაუჯდება თურქეთს ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა, უცნობია.
განვლილი 2024 წელი გლობალური საფონდო ბირჟებისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა, რაც ძირითადი ინდექსების რეკორდული ზრდით და ტექნოლოგიური სექტორის ფენომენალური შედეგებით იყო განპირობებული. კომპანიების საბაზრო შეფასების მკვეთრი ზრდის ფონზე, ბუნებრივია, წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი დამფუძნებლების და აქციონერების რაოდენობა. ამჯერად წარმოგიდგენთ იმ მილიარდერების რეიტინგს, რომლებიც 2024 წელს ყველაზე მეტად გამდიდრდნენ.
1. ილონ მასკი +$223 მლრდ | ქონება: $452 მლრდ
რეიტინგის სათავეში პლანეტის ისტორიაში ყველაზე მდიდარი მეწარმე ილონ მასკია, რომლის ქონების შეფასება ერთ წელიწადში 223 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ის ამჟამად $452 მილიარდს შეადგენს. 2024 წელს ილონ მასკმა არაერთი რეკორდი დაამყარა, მათ შორის ქონების მოცულობის ზრდის ტემპთან დაკავშირებით, რაც, თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებასთანაა დაკავშირებული. მოგეხსენებათ, მასკი ამერიკის ახალი პრეზიდენტის მარჯვენა ხელი და მთავარი დონორია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, მისი კომპანიები სასათბურე პირობებში იქნებიან, ეს კი ინვესტორების განწყობაზე პოზიტიურად აისახება. წლის განმავლობაში Tesla-ს საბაზრო შეფასება 75%-ით გაიზარდა და მან რეკორდულ 1 ტრილიონ 420 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული საუკეთესო შედეგია. ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის გარდა, ილონ მასკი კიდევ ერთ ტექნოლოგიურ კომპანიას, SpaceX-ს ფლობს, რომლის შეფასებამ წელს რეკორდულ 350 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც მას პლანეტის უმსხვილეს სტარტაპად აქცევს. საერთო ჯამში, ვხედავთ, რომ 2024 წელი ყველაზე დიდი სარგებლის მომტანი სწორედ ილონ მასკისთვის იყო, რომელმაც არჩევნებში ტრამპის გამარჯვებაზე უდიდესი ფსონი დადო, რამაც გაამართლა.
2. მარკ ცუკერბერგი +$84 მლრდ | ქონება: $212 მლრდ
2024 წელი განსაკუთრებით სარგებლიანი იყო Meta-ს დამფუძნებლისთვის, რომლის ქონების შეფასება 84 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ის ამჟამად $212 მილიარდს შეადგენს. Facebook-ის, Instagram-ის, WhatsApp-ისა და Oculus-ის მშობელი კომპანიისათვის 2024 წელს ბევრი რამ შეიცვალა, მთავარი კი ხელოვნური ინტელექტია, რომელმაც Meta-ს შესაძლებლობების გაზრდის საშუალება მისცა და ტექნოლოგიური გიგანტი განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა. გარდა ამისა, წელს აშშ-ის მთავრობამ ჩინური TikTok-ის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც, თუ ძალაში შევიდა, ცუკერბერგის კომპანიას სოციალური ქსელების ბაზარზე დარჩენილ ერთადერთ მონოპოლად აქცევს, რასაც Meta-ს ინვესტორები სიხარულით შეხვდებიან. აღნიშნულ სიახლეებთან ერთად, ცუკერბერგმა წელს საზოგადოებას ყველაზე მაღალტექნოლოგიური პროდუქტი - ახალი AR-სათვალე Orion-ი წარუდგინა, რომელიც ჭეშმარიტად რევოლუციური ინოვაციაა. საერთო ჯამში, წელს Meta-მ 73%-იანი აღმასვლა დააფიქსირა და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $1.5-ტრილიონიან ნიშნულამდე გაიზარდა.
3. ჯენსენ ჰუანგი +$76 მლრდ | ქონება: $120 მლრდ
AI-ბუმის ფონზე, 76 მილიარდი დოლარით გამდიდრდა მეწარმე, რომლის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ წელს ყველა რეკორდი მოხსნა და რეიტინგში პირველი ადგილიც დაიკავა. ცხადია, საუბარი გვაქვს NVIDIA-ზე, რომლის აქციების ღირებულება წელს 185%-ით გაიზარდა და პიკურ პერიოდში კაპიტალიზაციამ 3 ტრილიონ 620 მილიარდ დოლარს მიაღწია. NVIDIA-ს რეკორდული აღმასვლის ფონზე, ჯენსენ ჰუანგის ქონებამ 120 მილიარდ დოლარს მიაღწია, რასაც ის ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის გამოჩენას უნდა უმადლოდეს.
4. ლარი ელისონი +$67 მლრდ | ქონება: $190 მლრდ
შესანიშნავი წელი ჰქონდა ლარი ელისონსაც, რომელიც ტექნოლოგიური გიგანტის, Oracle-ის დამფუძნებელია. ელისონის ქონება წელს 67 მილიარდი დოლარით გაიზარდა და საერთო შეფასებამ 190 მილიარდ დოლარს მიაღწია. მისი მეგობრებისა და კოლეგების მსგავსად, ელისონის გამდიდრებაც ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება, რომელმაც Oracle-ის პლატფორმას განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის საშუალება მისცა, რამაც კომპანიის შეფასება 500 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.
5. ჯეფ ბეზოსი +$66 მლრდ | ქონება: $243 მლრდ
სხვა ტექნოლოგიური გიგანტების მსგავსად, 2024 წელი გამორჩეულად კარგი იყო Amazon-ისთვის, რომელიც, მართალია, ელექტრონული კომერციის პლატფორმითაა ცნობილი, თუმცა ამასთან Cloud-ბაზარზე უმსხვილესი მოთამაშეა. სწორედ Amazon-ის ტექნოლოგიური მიმართულების, AWS-ის წარმატებას უკავშირდება ის 50%-იანი ზრდა, რომელიც წელს კომპანიამ დააფიქსირა. ამჟამად Amazon-ის შეფასება 2 ტრილიონ 350 მილიარდ დოლარს შეადგენს, მისი დამფუძნებელი კი წელს 66 მილიარდი დოლარით გამდიდრდა და ამჟამად ჯეფ ბეზოსი 243 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს.
საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ წელს ყველაზე დიდი სარგებელი იმ კომპანიებმა და მილიარდერებმა მიიღეს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს ყველაზე აქტიურად იყენებენ, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან AI ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაციაა და ეს ტექნოლოგიურმა ტიტანებმა კარგად იციან.
BM.ge