საქართველო არის პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ბევრად უსწრებს მრავალ ქვეყანას ევროპის მასშტაბით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში არის კორუფციის დაბალი დონე, არის ეფექტიანი პოლიტიკა, არის გამართული სახელმწიფო სტრუქტურები, განსხვავებით მოლდოვისგან და სხვა არაერთი კანდიდატი ქვეყნისგან.
„საქართველო პირველზეა ზოგადად ევროპის კონტინენტზე და ფართო რეგიონში, რაც არის რა თქმა უნდა, ჩვენი სწორი პოლიტიკის დამსახურება, მშვიდობის დამსახურება და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურება. მოლდოვას რაც შეეხება, ჩვენ 11 მილიარდ დოლარზე მეტით გავზარდეთ სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან მხოლოდ ბოლო 4 წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი რაზე მეტყველებს, რომ ჩვენს ქვეყანაში არის კორუფციის დაბალი დონე, არის ეფექტიანი პოლიტიკა, არის გამართული სახელმწიფო სტრუქტურები, განსხვავებით იგივე მოლდოვისგან და სხვა არაერთი კანდიდატი ქვეყნისგან. ეს არის რეალური სურათი. დანარჩენი ჩვენ არაერთი პოლიტიკური სპეკულაცია მოგვისმენია ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის ეკონომიკასთან დაკავშირებით, თუმცა სიმართლე არის გამოხატულ კონკრეტულ ციფრებში და რიცხვებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ამბასადორ ბათუმის“ 50 პროცენტის მფლობელმა, ვართან ვართანოვმა კომპანიის 25 პროცენტი სომხეთში დაფუძნებულ კომპანიას 2 მილიონ 75 000 ლარად მიჰყიდა. კომპანიის 25% პროცენტის მფლობელი გახდა შპს „ანნა სქაი“ – ეს კომპანია სომხეთში 2023 წლის აპრილში დაუფუძნებიათ.
2025 წლის ივლისში „ამბასადორის“ ერთ-ერთმა მფლობელმა, ელგუჯა ქებურიამ კომპანიის თავისი წილი, 50%, „საქართველოს ბანკში“ დააგირავა. მან საჯარო რეესტრს კომპანიის ამონაწერში ცვლილების შეტანა მალევე მოსთხოვა და კომპანიის თავისი წილი შვილებს – თორნიკე და გიორგი ქებურიებს გადაუნაწილა. ორივე მათგანს აქვს რუსეთის მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად.
„ამბასადორი“ ის კომპანიაა, რომელიც ბათუმის ბულვარში, შესასვლელთან ახლოს, მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. მშენებლობას მოქალაქეები ეწინააღმდეგებოდნენ იმის გამო, რომ მისი მასშტაბი ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახეს არღვევს.
„ამბასადორი ბათუმმა“ ბულვარის ცენტრში, საპროექტო ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე არსებული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ნებართვა პირველად 2018 წელს მოიპოვა, პროექტი ოთხსართულიანი გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენებას გულისხმობდა.
2019 წლის დასაწყისში კომპანიამ სამშენებლო ტერიტორიის ბულვარის საზღვრებიდან ამოღება სცადა. მიზნის მიღწევის შემთხვევაში, შემდეგი ნაბიჯი სამშენებლო ნაკვეთზე ძეგლის სტატუსის მოხსნა იქნებოდა, თუმცა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოსგან უარი მიიღო.
2019 წლიდან „ამბასადორი“ ორჯერ დაჯარიმდა პროექტის სანებართვო პირობების დარღვევით მშენებლობისთვის, კერძოდ, მაღლივი შენობისთვის განკუთვნილი ხიმინჯოვანი საძირკვლების მოწყობისთვის, რაც იმთავითვე აჩვენებდა კომპანიის განზრახვას, შენობის საძირკველი, სათანადო ნებართვის არქონის მიუხედავად, მაღლივი შენობისთვის მოემზადებინა.
2019 წლის ბოლოს, „ამბასადორი ბათუმმა“ ოთხსართულიანი კონსტრუქციის 15 სართულამდე გაზრდა მოითხოვა. სააგენტომ მაშინ პროექტის შეცვლაზე უარი უთხრა, თუმცა 2021 წლის 21 იანვარს კომპანიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე 19-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის უფლება მისცა.
საბოლოოდ შპს „ამბსადორი ბათუმმა“ ბულვარში 21 სართული ააშენა და ამ სართულზეც დააშენა. პროექტის მიხედვით, აქ ვერტმფრენის დასაფრენი ბილიკი უნდა მოაწყოს.
2022 წლის 22 აგვისტოს ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ბათუმის ბულვარის დაცვისა და განვითარების გეგმიდან ამოიღეს ჩანაწერი, რომ „ამბასადორის“ პროექტი ბულვარისთვის შეუსაბამოა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „ამბასადორ ბათუმს“ ამ ეტაპზე ლაშა მელიქაძე ხელმძღვანელობს.
წყარო: ნეტგაზეთი