Credit Suisse-მა მდიდარი ამერიკელი კლიენტებისთვის გადასახადებისგან თავის არიდებაში დახმარება აღიარა, რაც 10 წლის განმავლობაში ოფშორულ ანგარიშებზე 4 მილიარდი დოლარის დამალვაში გამოიხატა.
შვეიცარიული ბანკი ჯარიმის სახით 511 მილიონ დოლარს გადაიხდის. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
“ბანკმა აღიარა დანაშაული, რათა მოეტყუებინათ შემოსავლების სამსახური (IRS) 2010 წლიდან 2021 წლამდე მინიმუმ 475 ანგარიშზე აქტივების დამალვით“, - ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ) მიერ ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.
2023 წელს დაწყებული გამოძიების თანახმად, „Credit Suisse“-მა ხელი შეუწყო აშშ-ის კლიენტების მცდელობას, დაემალათ ბანკში არსებული აქტივების საკუთრება და კონტროლი, რაც მათ საშუალებას აძლევდა თავი აერიდებინათ აშშ-ში გადასახადების გადახდისგან.
ბრიტანული გამოცემა The Economist-ი გაერო-ს ადამიანის განვითარების 2023 წლის ინდექსის მიხედვით რეიტინგს აქვეყნებს.
ცხოვრების სტანდარტების რეიტინგში საქართველოს მაქსიმალური 1 ქულიდან 0,844 ქულა აქვს და ის სიაში 57-ე პოზიციას იკავებს. ამ მაჩვენებლით საქართველო ასწრებს პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანას, ბალტიის ქვეყნების გარდა.
კვლევის თანახმად, საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 74,5 წელია, სწავლის საშუალო ხანგრძლივობა – 16,8 წელი, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავალი – 20 753 დოლარი.
რეიტინგის მიხედვით, ცხოვრების საუკეთესო სტანდარტების მქონე პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: ისლანდია (0,972 ქულა), ნორვეგია (0,970 ქულა), შვეიცარია (0,970 ქულა), დანია (0,962 ქულა) და გერმანია (0,959 ქულა). რეიტინგში ბოლო, 193-ე საფეხურზე სამხრეთ სუდანია.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს ინდექსი არ ითვალისწინებს ქვეყნებს შიგნით უთანასწორობას. ამიტომ ქვეყნებში მდიდარი და ღარიბი მოქალაქეებისთვის ცხოვრების სტანდარტები, შესაძლოა, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, უნივერსიტეტში გაიმართა ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები და ძირითადი ასპექტები“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების, კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა და დარგის ექსპერტებმა.
ღონისძიება გახსნეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა ქეთევან ქუთათელაძემ. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა დაათვალიერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ლაბორატორიები, ადგილზე გაეცნენ პრაქტიკული სწავლების პროცესს.
დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის როლზე ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში:
„დღეს ჩვენ გავეცანით ენერგეტიკის ფაკულტეტის ლაბორატორიებს, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სწავლების პროცესში. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, ენერგეტიკის ფაკულტეტზე მიიღონ თეორიული და პრაქტიკაზე დამყარებული ფუნდამენტური ცოდნა, რაც უმნიშვნელოვანესია პროფესიონალ ენერგეტიკოსად ჩამოყალიბებისთვის. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის ფაკულტეტს 95-წლიანი ისტორია აქვს და არის ლიდერი ენერგეტიკის დარგის სპეციალისტების მომზადების კუთხით.
სემეკი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. კომისიაში დასაქმებული არაერთი პროფესიონალი ენერგეტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. კომისიაში სტაჟირება გაიარა ტექნიკური უნივერსიტეტის 18-მა სტუდენტმა, რომლებიც შემდგომ ეტაპზე წარმატებით დასაქმდნენ არა მარტო კომისიაში, არამედ ენერგეტიკის სექტორში მოქმედ კომპანიებში. ჩემი და ჩემი გუნდის მიზანია, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ენერგეტიკის ფაკულტეტის განვითარებას, ახალგაზრდების მოზიდვას ენერგეტიკის სექტორში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დავით გურგენიძის განცხადებით, ენერგეტიკის დარგის განვითარების გარეშე შეუძლებელია სხვა საინჟინრო დარგებისა და ქვეყნის ეკონომიკის ეფექტიანი განვითარება, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციებისა და ინდუსტრიების მჭიდრო პარტნიორობით უნდა განხორციელდეს.
„ენერგეტიკის სექტორი საქართველოს მდგრადი განვითარების და ტექნოლოგიური წინსვლის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი ენერგეტიკის სისტემაში. ძლიერი, ინოვაციური ენერგეტიკული სისტემის გარეშე შეუძლებელია სხვა საინჟინრო დარგების ეფექტიანი განვითარება და ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი მდგრადობა. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, უნივერსიტეტმა, ენერგეტიკულმა ორგანიზაციებმა და ინდუსტრიებმა, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ და ერთად ჩამოვაყალიბოთ პროფესიონალთა ახალგაზრდა თაობა.
უნივერსიტეტის პასუხისმგებლობაა სტუდენტებს მისცეს არა მხოლოდ მყარი თეორიული საფუძველი, არამედ თანამედროვე ინდუსტრიული მოთხოვნების შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება. ჩვენი მისიაა ისეთი სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადება, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, დააკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს და გლობალურ გამოწვევებზეც შეძლებენ რეაგირებას”, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია, სადაც იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებზე, გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივით, სემეკში სკოლის მოსწავლეებისათვის ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა. ლექციას ესწრებოდნენ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიის, ქ. თბილისის 166-ე და 54-ე საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები.
სემეკის თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სკოლის მოსწავლეებს გააცნო მარეგულირებელი კომისიის როლი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირებაში. მისი თქმით, ენერგეტიკის სექტორის განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პროფესიონალ კადრებზე:
„სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია, დავაინტერესოთ სკოლის მოსწავლეები ენერგეტიკის სექტორით, მივაწოდოთ მათ მეტი ინფორმაცია, რათა შეძლონ სწორი არჩევანის გაკეთება პროფესიის არჩევისას. ენერგეტიკა წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას, შესაბამისად, დარგის განვითარება ხელს შეუწყობს უფრო მეტი სარგებლის მოტანას როგორც სექტორისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის. დღეს, მოსწავლეებს ლექციის ფარგლებში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ მივაწოდეთ მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია. გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვუმასპინძლოთ სხვა სკოლების მოსწავლეებსაც“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
საჯარო ლექციის ფარგლებში, მოსწავლეები პრაქტიკაში გაეცნენ ინოვაციური ელექტრო მოწყობილობების შესაძლებლობებს, დაათვალიერეს მზის პანელები, რომლის საშუალებითაც ხდება ელექტროენერგიის გამომუშავება სემეკის ელექტროენერგიის მოხმარების დასაკმაყოფილებლად. ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ მოსწავლეებისათვის პრეზენტაცია წარადგინა სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, თორნიკე აფრიაშვილმა.
ბრიტანული გამოცემა Independent-ი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას ავრცელებს.
Independent-ის ჟურნალისტმა, შონ მოლტონმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა.
შონ მოლტონი გამოცემის მკითხველს ლონდონიდან ახალი პირდაპირი რეისების შესახებ მოუთხრობს, რომელიც თბილისის მიმართულებით სრულდება და აცნობს, რა დახვდებათ საქართველოს დედაქალაქში ჩასულ მოგზაურებს.
„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე პატარა ქვეყანა საქართველო მსოფლიოში უძველესი ღვინის სამშობლოა. საქართველო გამორჩეულია მდიდარი ბუნებით, შავი ზღვის სანაპიროებითა და კავკასიონის მთებით. მე-5 საუკუნეში დაარსებული თბილისი მრავალფეროვანი არქიტექტურით ცნობილია, სადაც ასახულია მისი მღელვარე ისტორია, ეს მოიცავს შუა საუკუნეების, ნეოკლასიკურ და საბჭოთა ეპოქებს. თუ აპირებთ თბილისის მონახულებას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემ მიერ შერჩეულ ღირსშესანიშნაობებს“, – წერს შონ მოლტონი და სტატიის მკითხველს აცნობს – მეიდანზე მდებარე ბაზარს, თბილისის ხელოვნების მუზეუმს, ზურაბ წერეთლის მონუმენტს – საქართველოს მატიანეს, რეზო გაბრიაძის მარიონეტის თეატრსა და საათის კოშკს, ჭრელ აბანოსა და ქართულ სამზარეულოს.
„ამ გაზაფხულს ორმა ავიაკომპანიამ ლონდონი კავკასიის გულთან, თბილისთან დააკავშირა. British Airways-ი კვირაში ოთხ რეისს ასრულებს ჰითროუს აეროპორტიდან, ხოლო EasyJet-ი კვირაში ორჯერ დაფრინავს ლუტონის აეროპორტიდან“, – წერს Independent-ის ჟურნალისტი.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.