დიდ ბრიტანეთში ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ფიგურულმა მოციგურავე ნიკა ეგაძემ მოკლე პროგრამაში 91,28 ქულა დაიმსახურა და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა. თავისუფალი პროგრამით კი ქართველი სპორტსმენი 17 იანვარს წარდგება.
შეჯიბრების მეორე დღეს თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტული წყვილი, რომელმაც მოკლე პროგრამაში 75,96 ქულა დაიმსახურა და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა.
ნიკა ეგაძემ 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
საფეხბურთო სამყაროს ერთ-ერთმა მაღალ შემოსავლიანმა ფეხბურთელმა ლეო მესიმ, გასულ კვირას არგენტინულ მედია Luzu TV-სთან მიცემულ ინტერვიუში გულშემატკივრებს გაუმხილა, რომ თავისი საყვარელი ალკოჰოლური სასმელი ღვინოა, სპრაიტთან ერთად.
სპორტსმენი იმასაც განმარტავს, რატომ ანიჭებს უპირატესობას სასმლის ამ კომბინაციას და ამბობს: "ღვინო მიყვარს, მაგრამ თუ არა, ჩემი ჩვეული ვარიანტია ღვინო სპრაიტთან ერთად. ასე უფრო სწრაფად მოქმედებს”.
სუპერვარსკვლავმა განმარტა, რომ ეს ნაზავი განსაკუთრებით უხდება მაიამის მცხუნვარე მზეში, რადგან მოდუნებაში ეხმარება. მესი ასევე აღნიშნავს, რომ მარტო ყოფნა მისი ყოველდღიური რუტინის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ცდილობს დააბალანსოს საჯარო ცხოვრება და ოჯახური ყოფა მეუღლესთან, 37 წლის ანტონელასთან, და მათ სამ შვილთან - 13 წლის ტიაგოსთან, 10 წლის მატეოსთან და 8 წლის ჩიროსთან.
"ძალიან უცნაური ვარ“ - იხუმრა მან. "ძალიან მიყვარს მარტო ყოფნა. სახლში, როცა სამი ბავშვი ყველგან დარბის, ეს საბოლოოდ მღლის და მარტოობისთვის დრო მჭირდება. ძალიან მოწესრიგებული ადამიანი ვარ - თუ დღე გარკვეულად მაქვს დაგეგმილი და შუაში რამე იცვლება, ეს ყველაფერს მიფუჭებს. ანტონელას ჩემზე ბევრად მეტის თქმა შეუძლია - ჩემი განწყობა ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ხანდახან ძალიან წვრილ, სულელურ დეტალებზეც“, - აღნიშნა მესიმ.
მესი ემზადება თავის მეექვსე და დიდი ალბათობით ბოლო მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც ამ ზაფხულს აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.
არგენტინა ჯგუფში ალჟირთან, ავსტრიასთან და იორდანიასთან ერთად ითამაშებს, ხოლო პირველი მატჩი 17 ივნისს გაიმართება.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, დავით კაჭარავამ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად ფრანგი სპეციალისტის, პიერ-ანრი ბრონკანის დანიშვნის შესახებ კომენტარი გააკეთა.
„პიერ-ანრი ბრონკანი გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტია, რომელსაც მთავარი მწვრთნელის რანგში ძლიერ გუნდებში უმუშავია, სანაკრები დონეზე კი 2023 წელს, მსოფლიო თასზე ავსტრალიის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი იყო. ის მშრომელი, მაღალი დონის პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ, ქართულ რაგბის წინსვლაში დაეხმარება.
იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი ლეგიონერების დიდი უმრავლესობა საფრანგეთში თამაშობს, ვფიქრობ, ფრანგი მწვრთნელის დანიშვნა მნიშვნელოვანია. ბრონკანი კარგად იცნობს ჩვენი მოთამაშების შესაძლებლობებს, არაერთ მათგანთან პირადადაც უმუშავია, მას ყოველთვის აინტერესებდა ქართველი მორაგბეები.
მისი ასისტენტი იტალიელი მარკო ბორტოლამი, იტალიის ნაკრების კაპიტანი იყო, წვრთნიდა იტალიურ „ბენეტონს“, ბოლოს „სეილ შარქსის“ მთავარი მწვრთნელი გახლდათ. მან ძალიან კარგად იცის იტალიის რაგბის შიდა სამზარეულო, თითოეული მორაგბის შესაძლებლობები და ვფიქრობ, ამ დეტალების ცოდნა დაგვეხმარება იმ გამარჯვების მიღწევაში, რომელიც ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანია.
მწვრთნელების მიმართა მთავარი მოთხოვნა გუნდის ფორმირება და თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა. მსოფლიო თასამდე დარჩენილი დრო სწორად უნდა გამოვიყენოთ, რათა ყველა ჩვენგანისთვის სასურველი შედეგი მივიღოთ“, – განაცხადა დავით კაჭარავამ.