იტალიის ქალაქებში, მილანსა და კორტინაში, საზეიმოდ გაიხსნა ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები, რომელიც 22 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
გახსნის ცერემონიაზე გაიმართა მონაწილე ქვეყნების ტრადიციული აღლუმი, ოლიმპიური დროშის აღმართვა, ფიცის დადების ცერემონიალი.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯოვანი მალაგომ და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, კრისტი ქოვენთრიმ, ხოლო იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა, ბოლოს კი მილანსა და კორტინაში ოლიმპიური ცეცხლი აინთო.
ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები 8 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ნიკა ეგაძე, ანასტასია გუბანოვა, ლუკა ბერულავა, ანასტასია მეტელკინა, გლებ სმოლკინი, დიანა დევისი (ფიგურული ციგურაობა), ნინო წიკლაური, ლუკა ბუჩუკური (სამთო თხილამურობა).
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდური შეჯიბრება გაიმართა, რომლის პირველი დღის შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრები 20 ქულით აშშ-ის, იაპონიისა და იტალიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.
7 თებერვალს მამაკაცთა ერთეულებში მოკლე პროგრამას ნიკა ეგაძე წარადგენს – ევროპის მოქმედი ჩემპიონის გამოსვლის შემდეგ, თუ საქართველოს ნაკრები ხუთ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდება, მედლებისთვის გააგრძელებს ბრძოლას.
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში ანდრო მარგიშვილმა (97 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უნგრელი ვეგი დამაჯერებლად, 12:2 დაამარცხა.
ტურნირის პირველ დღეს მედლები საქართველოს ნაკრების სამმა წევრმა მოიპოვა – აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ) ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ბრინჯაოს მედალს კი ნიკა ზაქაშვილი (65 კგ) დაეუფლა.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ოთხი მედლით და გუნდური მესამე ადგილით დაასრულა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით მილანში გაემგზავრა, სადაც ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება.
გახსნის ცერემონიის მთავარი ღონისძიება მილანის სან-სიროს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას შეხვდება და ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაზე საქართველოს წარმომადგენლებს უგულშემატკივრებს.
ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით 8 სპორტსმენი იასპარეზებს.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „იუტასთან“ გამართა და 107:100 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 30 წუთი მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს – მან თავის გუნდს 20 ქულა, 6 მოხსნა და ერთი ჩაჭრა შესძინა. მამუკელაშვილმა ორი ორქულიანი, ოთხი სამქულიანი და ოთხი საჯარიმო გამოიყენა.
სანდრო მამუკელაშვილის გუნდი 30 მოგებითა და 21 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა.
მომდევნო მატჩს „ტორონტო რეპტორსი“ 5 თებერვალს „მინესოტასთან“ გამართავს.
72 წლის ასაკში გარდაიცვალა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი მიხეილ სალაძე.
მიხეილ სალაძე 1981 წელს მსოფლიოს თასის მფლობელი და ჩემპიონატის საუკეთესო მოჭიდავე გახდა. 1973, 1977, 1982 წლებში იყო მსოფლიო უნივერსიადის სამგზის ჩემპიონი. ასევე, 1981 წელს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი გახდა. მიხეილ სალაძე იყო ღირსების ორდენის ორგზის მფლობელი და ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის კავალერი.
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე დანიასთან ფრედ ითამაშა და ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა.
რიგაში გამართული შეხვედრა ანგარიშით 2:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრებიდან გოლები ვახტანგ ჯვარაშვილმა და ვახტანგ კეკელიამ გაიტანეს, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჩვენი ნაკრების მეკარე ალი ასლანი დასახელდა, რომელმაც 33 ბურთი მოიგერია.
ამ ფრით ნაკრებმა ტურნირის შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა. მორიგ შეხვედრას გუნდი 28 იანვარს, საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.