„რაგბი ევროპის“ ფინალში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდა.
ფინალური მატჩი მადრიდში გაიმართა. პირველი ტაიმის შედეგებით საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პორტუგალიის ნაკრებს 12:3-ს უგებდა, თუმცა მეორე ტაიმის ბოლო წუთებზე პორტუგალიელებმა ანგარიში ჯერ გაათანაბრეს, 17:17, ხოლო შემდეგ წინ 2 ქულითაც გავიდნენ. საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით 17:19 დასრულდა.
„რაგბი ევროპის“თასის მოპოვებას საქართველო მეცხრედ ცდილობდა. რვა წელიწადია, თასი საქართველოში იმყოფება. პორტუგალიელებმა გამარჯვება კი 2004 წლის შემდეგ პირველად მოიპოვეს.
13 მარტს, მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) მისი და World Rugby-ის ერთობლივი გამოძიების შედეგად დაადასტურა, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 6 მოთამაშემ და სპორტსმენთა დამხმარე პერსონალის 1 წევრმა ანტიდოპინგური წესები დაარღვიეს.
მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს გამცხადებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის დარღვევის გამო, მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოსადმი (GADA) ნდობა დაკარგა.
2023 წელს დაწყებული ოპერაცია „ობსიდიანი“ იძიებდა ბრალდებებს, რომ მოთამაშეები წესების აშკარა დარღვევით ახორციელებდნენ ნიმუშების შეცვლას. ნიმუშის ჩანაცვლება კი აკრძალული მეთოდია.
გამოძიების ანგარიშმა სინჯების ჩანაცვლების 5 შემთხვევა გამოავლინა, როდესაც ასევე დადგინდა, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მოთამაშეებს დოპინგ-ტესტირების შესახებ წინასწარ აფრთხილებდნენ საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) თანამშრომლები.
გამოძიების თანახმად, დოპინგ-კონტროლის ოფიცრები არ აკვირდებოდნენ შარდვის პროცესს, „რაც წესებთან აშკარა შეუსაბამობას წარმოადგენს“.
ანტიდოპინგური სააგენტო პრეზიდენტმა, ვიტოლდ ბანკამ განაცხადა, რომ ის, რაც ქართულ რაგბში ხდებოდა, აღმაშფოთებელი და შოკისმომგვრელია როგორც ქართული სპორტისა და მთავრობისთვის, ისე მსოფლიო რაგბისთვის.
„მადლობას ვუხდი WADA-ს დამოუკიდებელ სადაზვერვო და საგამოძიებო გუნდს მათი გულმოდგინებისა და ექსპერტიზისთვის. იმისთვის, რაც მათ ამ ოპერაციის დაუღალავად, მონდომებითა და პროფესიონალიზმით განხორციელებისათვის გააკეთეს. ვაფასებ „მსოფლიო რაგბის“ ერთგულებას ფაქტების გამოვლენის მიმართ და მის მზაობას, WADA-სთან თანამშრომლობით იმუშაოს რაგბისთვის ამ ძლიერი შედეგის მისაღწევად“.
მან ასევე შენიშნა, რომ ეს არ არის ამბის დასასრული, რადგან ქართული სპორტის შესახებ შემდგომი გამოძიება გრძელდება.
WADA-მ ოპერაცია Obsidian-ის შედეგები საქართველოს მთავრობასაც მიაწოდა, რათა გადაიჭრას საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოსთან დაკავშირებული პრობლემები.
WADA იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს შესაბამისი ორგანოები ახლა საფუძვლიანი ცვლილებებს გაატარებენ.
WADA-მ ასევე ამოიღო საქართველოში სპორტის სხვა სახეობების სპორტსმენებისგან აღებული ნიმუშებიც, რომელთა ექსპერტიზაც უკვე მიმდინარეობს და თუ ეს ნიმუშები სინჯის შესაძლო ჩანაცვლების გამო საეჭვო იქნება, ოპერაცია „ობსიდიანი“ ამის შესახებ შესაბამის ანტიდოპინგურ ორგანიზაციებს შეატყობინებს.
"რადიო თავისუფლება"
დოპინგ სკანდალი ქართულ რაგბიში - მსოფლიო რაგბი და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს კაცთა ეროვნული ნაკრების 6 მოთამაშე და გუნდის დამხმარე პერსონალის ერთი წევრი სანქცირებულია მსოფლიო რაგბისა და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) მიერ ერთობლივად ჩატარებული მასშტაბური ანტიდოპინგური გამოძიების შემდეგ.
მსოფლიო რაგბიმ ანტიდოპინგური წესების დარღვევები დაადასტურა WADA-ს საჯარო განახლებული ინფორმაციის შემდეგ.
საქმე 2023 წელს გახმაურებულ შემთხვევას ეხება.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც შარდის ნიმუშებში დარღვევები აღმოაჩინეს და ამ დასკვნების საფუძველზე დაიწყო WADA-სთან ერთობლივი გამოძიება.
გამოძიება მოიცავდა მოთამაშეების მიზანმიმართულ ტესტირებას, დნმ-ის ანალიზს და მსოფლიო რაგბის გრძელვადიანი შენახვის პროგრამის ფარგლებში შენახული ისტორიული ნიმუშების გამოკვლევას.
დარღვევები დაკავშირებული იყო რეკრეაციული ნარკოტიკების მოხმარებისა და ნიმუშების შეცვლის ორგანიზებულ სქემასთან - პრაქტიკა, რომელიც მკაცრად აკრძალულია ანტიდოპინგური წესებით.