5 ივლისიდან 2026 წლის საგამოცდო პროცესში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
„საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრირებულებისათვის საგამოცდო პროცესი 5 ივლისს დაიწყება და 29 ივლისს დასრულდება.
5 ივლისს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩატარდება, რომლისთვისაც 3600-მდე გამოსაცდელია დარეგისტრირებული.
მნიშვნელოვანია, რომ გამოსაცდელი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, მასზე მითითებულ დროსა და ადგილას.
საგამოცდო ცენტრებში სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე, გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აპლიკანტები გამოცდაზე არ დაიშვებიან", - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოში საგამოცდო პროცესი დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეროვნული გამოცდები ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში ტარდება.
პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 43 000-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული.
საგამოცდო ცენტრები გახსნილია 12 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, ასევე, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრირებულებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან, 22 ივნისის 10:00 საათიდან შეუძლიათ.
2026 წლის გამოსაცდელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს, რომ გამოცდებზე დასაშვებად აუცილებელია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა.
საგამოცდო ბარათზე მოცემულია საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ცენტრი მონაწილეებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მითითებულ მონაცემებს და გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვებიან.
საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია:
გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.geგამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ რვანიშნა კოდს და შედის იმ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს - "დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი". ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).
მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისათვის:
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელის საგამოცდო ბარათზე მითითებულია შესაბამისი ინფორმაცია, აუცილებელია მან წარადგინოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი (ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი) 11 აგვისტოს ჩათვლით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის ქუჩა №9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, უმაღლეს/პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შეუძლებელი იქნება.