ბიზნესმენსა და პროდიუსერს ლაშა ბასლანძეს დღეს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდზე, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინა ხვედელიძესთან ერთად იმყოფებოდა. ლაშა ბასლანძის სამოქალაქო პანაშვიდზე მეუღლესთან ერთად მივიდა ბერა ივანიშვილი.
პანაშვიდზე იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები.
ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე მოადგილესთან, ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად, მიგრაციის დეპარტამენტს ეწვია, ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
გეკა გელაძემ მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორისგან, მიგრაციის კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, ასევე, ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.
სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების მუდმივ რეჟიმში გატარების მნიშვნელობას და ამ მხრივ დეპარტამენტის ეფექტიან მუშაობას. ყურადღება, ასევე, გამახვილდა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენასა და მათი ქვეყნიდან გაძევების მაღალ მაჩვენებელზე.
დასასრულს, მინისტრმა მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
გეკა გელაძემ, ასევე, დაათვალიერა დეპარტამენტის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი. მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობის მშენებლობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს და აღჭურვილი იქნება უახლესი ინვენტარითა და ტექნიკით. ახალი შენობა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს დეპარტამენტის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სკოლებში იწყება ანტინარკოტიკული კამპანია „მე მომავალში“, რომლის მიზანია მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, ანტინარკოტიკული ახალი კამპანიის პროექტი სასკოლო საზოგადოებას წარუდგინა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პროექტის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ მომავალი თაობისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნა მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
კამპანიის პირველ ეტაპზე, წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით 60 საჯარო სკოლაში, მართლწესრიგის ოფიცრები და მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ტრენერ-მანდატურები, მე-6, მე-9 კლასის მოსწავლეებთან, ერთობლივად გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნე ზეგავლენის, მისი მოხმარების პრევენციისა და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისების შესახებ. საინფორმაციო შეხვედრების გარდა, დაგეგმილია კომიქსების კონკურსის, სპორტული ღონისძიებებისა და სხვა შემეცნებითი აქტივობების ჩატარება.
აღსანიშნავია, რომ სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანიის წარმართვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა მოამზადეს მოსწავლეებთან შეხვედრის განახლებული მოდული, კოორდინირებულად იმუშავეს პრაქტიკული კომპონენტის ნაწილზე და ჩაატარეს სიმულაციური შეხვედრები.
პირველ ეტაპზე შეხვედრები – თბილისში, აჭარასა და ქვემო ქართლში გაიმართება.
კამპანიის მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო.
დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება, - განაცხადა სამთავროს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტერში ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი).
მან ტაძარში შეკრებილებს ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღე მიულოცა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მილოცვა და კურთხევა გადასცა. მეუფემ ტაძარში მსახურების დროს წაკითხული სახარების ტექსტის შინაარსი განმარტა.
მისივე თქმით, მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი.
„დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.
რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?
ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერც ერთი ულმობელი, ვერც ერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.
ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა, სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.
თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.
ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.
ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.
დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.
იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.
დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.
მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“, - განაცხადა მეუფე შიომ
საქართველოს საპატრიაქროს ინფორმაციით, ეპარქიულმა კომისიამ დასკვნის სახით დაადგინა, რომ არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მხრიდან კვლავ იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები – ცილისმწამებლური, ასევე მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელი სხვა ქმედებები.
მათივე ცნობით, კომისიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს შუამდგომლობით მიმართა, რომ არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) კომისიის უგულებელყოფის, შეურაცხყოფისა და კვლავ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, რაც მოციქულთა 74-ე კანონით წარმოადგენს მძიმე დისციპლინურ დარღვევას, ამ ეტაპზე სასჯელის სახით გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან და გამწესდეს მღვდელმსახურად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში, რომლის საძმოს წევრადაც ირიცხება.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს დაბარებული იყო მცხეთა-თბილისის ეპარქიულ კომისიაზე, სადაც მღვდელმთავრებთან შეხვედრისა და გასაუბრების საშუალება მიეცემოდა, მაგრამ იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. აღნიშნულის საფუძველზე, მას გამოეცხადა მკაცრი გაფრთხილება, ხოლო ახსნა-განმარტებისთვის განმეორებით დაბარებულ იქნა კომისიაზე მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, რაზეც მან თავისი პირობები წამოაყენა, რომ კომისიას მხოლოდ მედიასაშუალებების თანხლებით დაესწრებოდა. ამ მოთხოვნაზე კომისიამ მას უარი განუცხადა და განმარტა, რომ ასეთი ფორმატით კომისიის სხდომის გამართვა არის უპრეცედენტო და მიუღებელი. აღნიშნული პირობის არდაკმაყოფილების საფუძველზე, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) კვლავ არ დაესწრო სხდომას, რაც კომისიის წევრებმა არასაპატიო მიზეზად მიიჩნიეს.
აღსანიშნავია, რომ არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი), როგორც პირველი, ისე მეორე დაბარების შემდეგ, ეკლესიის იერარქიისა და თავად კომისიის წევრების მისამართით შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს კვლავ აგრძელებს
თვალსაჩინოებისთვის მისი საუბრებიდან მოგვყავს შესაბამისი ციტატები:
„ეკლესიას ძაან უნდა გახარებოდა და ძალიან უნდა მოწონებოდა სახელმწიფოს, რომ მე ხალხი თუნდაც პოლიციელები და თუნდაც მისი ხალხი რაღაცა მსხვერპლს გადავარჩინე და ძალიან გაბრაზდა ორივე და თურმე რატომ, მსხვერპლი უნდოდათ“.
„მე ვწმენდ ეკლესიას სინდისს და ნამუსს, მე ვწმენდ ეკლესიას იმ უნამუსობას, რომელიც ზოგიერთს ჩაუდენია და გაუკეთებია თავისი მდუმარებით თუნდაც“.
„როცა მღვდელს სხვა უფროსი ეყოლება, მერე ის აკეთებს იმის დავალებებს, რასაც ის უფროსი დაავალებს და არა ქრისტეს დავალებებს. აი, ამ დღეში ვართ, დღეს ჩვენ ეკლესიურად უფროსი გაუჩნდა, მიუხედავად იმისა, არცერთი სახელმწიფოებრივი სტატუსით არაფერი არაა თანამდებობა, მაგრამ სახელმწიფო მთავრობა გაიხადეს უფროსად და აქ უკვე გაქრა ის, რომ ქრისტეა ჩვენი უფროსი…“
„მე დღეს მსჯის რუსეთის ეკლესია და ბიძინა ივანიშვილი, ეს არის მათი დავალება…“
ეპარქიულმა კომისიამ დასკვნის სახით დაადგინა, რომ არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მხრიდან კვლავ იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები, კერძოდ: ცილისმწამებლური, ასევე მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელი სხვა ქმედებები.
აღნიშნულიდან გამომიდინარე, ეპარქიულმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს, რომ არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) კომისიის უგულებელყოფის, შეურაცხყოფისა და კვლავ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, რაც მოციქულთა 74-ე კანონით, წარმოადგენს მძიმე დისციპლინურ დარღვევას, ამ ეტაპზე სასჯელის სახით გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან და გამწესდეს მღვდელმსახურად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში, რომლის საძმოს წევრადაც ირიცხება“, - ნათქვამია ეპარქიული კომისიის დასკვნაში.