თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განაჩენი გამოაცხადა 4 ოქტომბრის მოვლენების ფარგლებში დაკავებული 10 პირის საქმეზე. მან ათივე პირი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით განუსაზღვრა:
მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს - 7 წელი; ბრალად ედებოდათ: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილს ჯგუფურად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
ირაკლი შაიშმელაშვილს [დაუსწრებლად] - 2 წელი, ბრალად ედებოდა: საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.
ლაშა ბერიძეს - 7 წელი, ბრალად ედებოდა: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს - 5 წელი, ბრალად ედებოდათ: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.
გური ჟვანიას - 5 წელი, ბრალად ედებოდა: ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
პაატა მანჯგალაძეს - 7 წელი, ბრალად ედებოდა: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება
საქართველოს გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მოსიაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე იდენტიფიცირებული და დაკავებულია 3 ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი. ასევე, ერთი შსს-ის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.
"საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, იდენტიფიცირებული და დაკავებულია სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი. უფრო კონკრეტულად: ხუთი ბრალდებულიდან ორი პირი უკვე იმყოფება პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო სამი ბრალდებული დღეს დავაკავეთ.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებულია ათასობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის მოწმის სახით გამოკითხულია 550-ზე მეტი ადამიანი.
პირველი ეპიზოდი: 2024 წლის 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმჟამინდელმა ორმა თანამშრომელმა, რომელთაგან ერთ-ერთი დღეის მდგომარეობით დაცვის პოლიციის თანამშრომელია, ფიზიკურად იძალადა ზვიად მაისაშვილზე, რის შედეგადაც მაისაშვილმა დაკარგა გონება. ეს კადრები საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.
მეორე ეპიზოდი: 2024 წლის 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა, რომელიც დღეის მდგომარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, ფიზიკურად იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე.
მესამე ეპიზოდი: 2024 წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტ გურამ როგავაზე, რომელიც თავდასხმის მომენტში ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას.
ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინება ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა სასამართლოს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
სხვა სამართალდამცავ უწყებებთან საერთო კოორდინაციით, განვაგრძობთ გამოძიებას როგორც აღნიშნულ ეპიზოდებში, ასევე სხვა ძალადობრივ ფაქტებში მონაწილე პირთა დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით,"- განაცხადა პროკურორმა.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ადვოკატი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. პროცესი დახურულ ფორმატში წარიმართა, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ საქართველოში გამოვლენილ იქნა ჯაშუშობის ფაქტი. დაკავებული არის საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალების შესაბამისად, აგროვებდა და გადასცემდა სხვადასხვა სახის ინფორმაციას. დღევანდელ პროცესზე განხილული იქნა აღკვეთის ღონისძიების საკითხი და ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა.
ბრალდებული, უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით, საქართველოში აგროვებდა სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის ინფორმაციას სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობის შესახებ, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოებებთან დაკავშირებით, ასევე, ეთნიკური უმცირესობების შესახებ. რაც შეეხება კონკრეტიკას, უცხო ქვეყნის დასახელებას, ასევე კონკრეტულ მტკიცებულებებზე საუბარს, მოგეხსენებათ, საქმეზე გამოძიება არის მიმდინარე პროცესში, არის ჯაშუშობის ფაქტი, შესაბამისად, დამატებითი ინფორმაციის გაჟღერება დააზიანებს როგორც გამოძიების, ასევე სახელმწიფოს ინტერესებს.
საქმეზე მოპოვებულია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებს აღნიშნულ ფაქტს. რა სახის მტკიცებულებებია, ამ კონკრეტიკის გაჟღერება და გამოძიების მეთოდიკაზე საუბარი დააზიანებს გამოძიების ინტერესებს. ვადასტურებთ, რომ საქმეში მოპოვებული არის პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ჯაშუშობის ფაქტს. გამოძიება მიმდინარეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. გარემოებების – მარტო მოქმედებდა თუ არა, მეთოდები, მიზნები, მოტივები – ამის დასახელება ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებს დააზიანებს“, – განაცხადა პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა.
გიორგი უძილაურის ადვოკატი ბექა გულედანი კი აცხადებს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.
„ჩვენ პატიმრობის გამოყენებაზე შუამდგომლობას არ დავეთანხმეთ, ვინაიდან ბრალს არ ვაღიარებთ და მიგვაჩნია, რომ საქმეში არ არის მტკიცებულებები იმისთვის, რაც ბრალად აქვს შერაცხული ჯაშუშობის მუხლით. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია იყო ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. ბრალდებულს არ მიუმართავს სასამართლოსთვის, ის დუმილის უფლებას იყენებს. საქმეს აქვს სრულიად საიდუმლო გრიფი, მუხლის სპეციფიკიდან გამომდინარე. მასალები არის ისეთი, რაც გულისხმობს, რომ საქმეს სრულიად საიდუმლო გრიფი ჰქონდეს. გუშინ საქმის მასალებს გავეცანი ბრალდებულთან ერთად. მრავალი ტომია. ბრალდებული არ ეთანხმება ბრალს, რადგან არც საქართველოს ინტერესების საზიანო რაიმე სახის ინფორმაციაა საქმეში, არც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან რაიმე კავშირი“, – აღნიშნა ადვოკატმა.
უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით სუს-მა გიორგი უძილაურის დაკავების შესახებ 5 მაისს განაცხადა.