შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს. დაკავებულია თურქეთის 14 მოქალაქე, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი დონდოლაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვადასხვა ქვეყნის მიერ ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენისა და მათი დაკავების მიზნით, აქტიურად თანამშრომლობენ პარტნიორი სახელმწიფოების სამართალდამცავ უწყებებთან.
„გასული 24 საათის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს – დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის 14 მოქალაქე, რომელთაგანაც 11 პირი თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდა, ხოლო სამი პირი თურქეთის სამართალდამცავი უწყებების მიერ ეროვნულ დონეზე იყო ძებნაში. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებული პირების უმრავლესობა საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მაშინ შემოვიდა, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა, ხოლო ნაწილი საქართველოში შემოსულია უკანონოდ, რაზეც შესაბამისი სისხლის სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს. დაკავებულთა შორის არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ჩადენაში ბრალდებული პირები. მათ შორის: ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების წარმოების, რეალიზაციის, შეძენისა და ფლობის, ქურდობის, სხეულის განზრახ დაზიანების, მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, სხვისი ქონების დაზიანების, არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის, სასჯელის მოხდისგან თავის არიდების, კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის, მკვლელობისა და თაღლითობის 26 ეპიზოდის ჩადენაში ბრალდებული ძებნილი პირები.
დაკავებულთა მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი თურქეთის რესპუბლიკის მართლმსაჯულებისთვის გადაცემა. აღნიშნული პირების ადგილსამყოფელის დადგენასა და დაკავებას წინ უძღოდა ხანგრძლივი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად, ჩართული იყვნენ თურქეთის რესპუბლიკის ინტერპოლის ეროვნული ბიუროს, თურქეთის ეროვნული პოლიციის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული თურქეთის რესპუბლიკის პოლიციისა და ჟანდარმერიის ატაშეები.
აქვე გვსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ჩვენს თურქ კოლეგებს, რომლებიც დღეს საქართველოში იმყოფებიან. საქართველოსა და თურქეთს შორის სამართალდამცავ სფეროში არსებული მჭიდრო და მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, ეფექტიანად ვებრძოლოთ ორგანიზებულ დანაშაულს და ერთად მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს. აღსანიშნავია, რომ ეს არის კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება, რაც საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლების მიერ ერთობლივად განხორციელდა. ორი ქვეყნის სამართალდამცველებმა, ძებნილი პირების დაკავების ღონისძიება ერთობლივად გასული წლის აგვისტოშიც ჩაატარეს და თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი 14 პირი დააკავეს“, – განაცხადა ირაკლი დონდოლაძემ ბრიფინგზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
შსს-ს ცნობით,მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა ჩინეთის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, რუსეთის, პაკისტანის, აზერბაიჯანის, იორდანიის, გერმანიის, ნიგერიის, ერაყის, ბანგლადეშის, უზბეკეთის, ვიეტნამის, კენიისა და კონგოს, ჯამში, 98 მოქალაქე.
„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვრის თვეში საქართველოდან გაძევებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობამ 232 პირი შეადგინა, ხოლო გასული თვის სტატისტიკური მონაცემებით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან 312 უცხოელი არალეგალი გააძევეს. შესაბამისად, მიმდინარე წლის მხოლოდ ორი თვის შედეგების მიხედვით, გაძევებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჯამურმა მაჩვენებელმა 544 პირი შეადგინა.
მიღებული სტატისტიკური შედეგი 346-პროცენტიან ზრდას წარმოადგენს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4,5-ჯერ აღემატება.
ასევე აღსანიშნავია, გასულ წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე გაძლიერებულმა საკანონმდებლო რეგულირებამ და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებებმა ერთგვარი პრევენციული ხასიათის დატვირთვა მიიღო, რამაც საქართველოში მყოფი უცხოელი არალეგალების მხრიდან ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვება გამოიწვია.
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის ჯამური მონაცემებით, ქვეყანა დატოვა 1306-მა უცხოელმა, რომლებსაც დარღვეული ჰქონდათ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადები, რის გამოც მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 191-ე მუხლის საფუძველზე ფულადი ჯარიმა 1 000-დან 3 000 ლარამდე დაუწესდათ და დამატებით აეკრძალათ ქვეყანაში შემოსვლა ერთიდან სამ წლამდე ვადით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.