მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პერიოდში, დროებით, დამატებითი მარშრუტი დაინიშნება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, N174 ავტობუსი მგზავრებს უახლოეს მეტროსადგურამდე გადაიყვანს.
„მინდა, ინფორმაცია მოგაწოდოთ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პერიოდში ალტერნატიული მარშრუტის ამოქმედების შესახებ. სამუშაოების წარმოება მგზავრთა მოძრაობის პირობებში შეუძლებელია. ამიტომ, სადგური გარკვეული ვადით დაიკეტება და აღნიშნული ტერიტორიიდან, კერძოდ, ჯავახეთისა და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩების გადაკვეთიდან დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტი N174, რომელიც მგზავრებს უახლოეს მეტროსადგურამდე გადაიყვანს. ავტობუსი იმოძრავებს წრიულად, მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე და პირიქით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
აქვე თბილისის მერმა მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ სხვანაირად მსგავსი ტიპის სამუშაოების წარმოება ვერ მოხერხდება.
„როგორც მთავრობის წინა სხდომაზე აღვნიშნე, მეტროსადგური „ვარკეთილი“ სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობისა და ტექნოლოგიური სპეციფიკის გათვალისწინებით, მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამუშაოების ვადების შემცირების მიზნით, 12 ივლისიდან 45 დღით წყვეტს მომსახურებას. ამ პერიოდში შესაბამისი პროექტის ფარგლებში, გაიწმინდება და დამუშავდება ჭერის კოროზირებული/დაზიანებული ზედაპირები, მოხდება თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების შესაბამისი ტექნიკური ხსნარებით შევსება. ასევე, თაღის ტემპერატურული ღარების/ნაკერების ჰერმეტიზაცია მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციისთვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდება დახრილ საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრ დეტალებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ უშუალოდ განახლდება მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რომლის დასრულებაც დაგეგმილია მიმდინარე წლის შემოდგომაზე.
2018 წლიდან დღემდე თბილისში 2 600-მდე პარკი და სკვერი მოეწყო და რეაბილიტირდა, რაც 375 ჰექტარ გამწვანებულ სივრცეს გულისხმობს.
ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შეჯამებისას განაცხადა.
"ამან ზოგადად შეცვალა ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულება პარკების მიმართ. დედაქალაქში დაბრუნდა პარკების კულტურა. არ არსებობს სირცე, ეს იქნება პატარა სკვერი თუ დიდი საქალაქო პარკი, რომელსაც კარგ ამინდში უამრავი, სხვადასხვა ასაკის ადამიანი არ სტუმრობს. ჩვენთვის ეს არის სიგნალი, რომ სწორ გზაზე ვდგავართ", - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
მისივე თქმით, დედაქალაქის გარემოს დაცვის პოლიტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა თბილისის ტყეზე ზრუნვა. როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, 2018-2025 წლებში ტყე 142 ჰექტარზე მეტ ფართობზე აღდგა და განახლდა.
"აღნიშნული მიმართულება წლების განმავლობაში იყო დავიწყებული. არავითარი სამუშაოები არ ხორციელდებოდა, რის გამოც ბევრი სატყეო უბანი დეგრადირდა და დაკარგა ტყის სტატუსი. ჩვენ ჩავატარეთ ტყის სრული ინვენტარიზაცია და შევუდექით ყველაზე პრობლემური ადგილების რეაბილიტაციას. აღნიშნული სამუშაოები განხორციელდა 142 ჰექტარზე, სადაც დაირგო 80 ათასზე მეტი ხე", - განაცხადა მერის მოადგილემ.
ამასთან, ანდრია ბასილაიას თქმით, ბოლო წლებში არაერთი ღონისძიება განხორციელდა თბილისის ეკოსისტემის გაუმჯობესების მიზნით. კერძოდ, განხორციელდა ფიტოსანიტარიული სამუშაოები, გეგმური სანიტარიული ჭრები, ბალახის თესვისა და ბულჩირების სამუშაოები, გზაგამყოფებისა და საგზაო კუნძულების მოწყობა-მოწესრიგება, რომელიც უკვე 75 მისამართზე განხორციელდა.
გარდა ამისა, მისივე თქმით, დედაქალაქში უკვე 36 ახალი შადრევანი მოეწყო, 23 კი რეაბილიტირდა; დაირგო 700 000-მდე მწვანე ნარგავი.
პრეზენტაციაზე მერის მოადგილემ ახალ პარკებზეც ისაუბრა. მისივე თქმით, პარკები მოეწყო ისეთ ადგილებზეც კი, სადაც მანამდე სარეკრეაციო სივრცე არასდროს ყოფილა და ამის ნათელი მაგალითია ზღვისუბნის პარკი.
"აქ წლების განმავლობაში იყო ჭაობი, ანტისანიტარია. ეს იყო ადგილი, რომელსაც მოსახლეობა თავს არიდებდა. ამ პროექტის განხორციელებაში 40 მლნ ლარამდე დაიხარჯა. ერთი წელი მხოლოდ დაჭაობებული ნიადაგის გატანისთვის დაგვჭირდა და მხოლოდ ამის შემდეგ შევძელით სამუშაოების განხორციელება. პარკი შარშან გავხსენით, თუმცა გამწვანების სამუშაოებს ვაგრძელებთ. 2-3 წელი გვჭირდება ხოლმე, რომ პროექტმა გამწვანების კუთხით სრულყოფილი სახე მიიღოს", - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
მისივე თქმით, პარკები ასევე მოეწყო ლილოს დასახლებასა და ივერთუბანში, ასევე, გაკეთდა ლიბანის სკვერი; გარდა ამისა, ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ გასხვისებული, დაახლოებით, 1.5 ჰექტარი ტერიტორია დაუბრუნდა ქალაქს და მიემატა „მზიურის“ პარკს, რომელიც ახლა უკვე 16 ჰექტარს მოიცავს.
რაც შეეხება არსებული პარკების რეაბილიტაციას, მერის მოადგილის თქმით, განახლდა სარაჯიშვილის ბულვარი და სკვერი (2.5 ჰა), მარშალ გელოვანის სახელობის სკვერი, ვაკის პარკი, პუშკინის სკვერი, კ. გამსახურდიას სახელობის სკვერი (ე.წ. გეგეშიძის ბაღი); რეაბილიტაცია ჩაუტარდა დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე ტექსელის სკვერს, გორგასლის ბულვარს, მუხიანის პარკს, სამგორის პარკს; სამგორში, ვარკეთილის ზემო პლატოზე მოეწყო პარკი, ხოლო ვაჟა-ფშაველას კვარტლებში - ციციშვილის პარკი.
ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის, თბილისში დამატებით ახალი საპარკინგო ადგილები გამოიყოფა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება მთაწმინდის რაიონის, ვაზისუბნის დასახლების, დიდი დიღმის, ბაგების დასახლების კონკრეტულ მისამართებსა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე.
„თქვენ იცით, რომ კონკრეტულ რაიონებში აღნიშნული რეფორმა დაწყებული გვაქვს და დავნერგეთ ზონალურ-საათობრივი პარკირება, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ რაიონში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ავტომობილებს თავიანთი სანომრე ნიშნით არეგისტრირებენ საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, მათთვის ზონალურ-საათობრივი პარკირება საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უფასოა.
მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება მთაწმინდის რაიონის, ვაზისუბნის დასახლების, დიდი დიღმის, ბაგების დასახლების კონკრეტულ მისამართებზე და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისი თქმით, მოსახლეობას ავტომობილების რეგისტრაციისთვის შეეძლებათ მიმართონ ზონალური პარკირების არეალებში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებს.
„ცხადია, ყველა იმ ქუჩასა და ზონაში, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება დაინერგება, განთავსდება საინფორმაციო ჯიხურები, სადაც მოქალაქეებს ექნება საშუალება ჩვენი თანამშრომლებისგან მიიღონ ყველანაირი დახმარება საკუთარი ავტომობილების დასარეგისტრირებლად, რათა საპარკინგო არეალებში თქვენი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არ მოგიწიოთ რაიმე სახის გადასახადის გადახდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მთაწმინდის რაიონში სულ 596 პარკირების ადგილია განსაზღვრული. კერძოდ, ზონალურ-საათობრივი პარკირება მოიცავს შემდეგ ქუჩებს: მიტროფანე ლაღიძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, არსენას, ძმები ზუბალაშვილების, ბესიკის, პავლე ინგოროყვას, შიო ჩიტაძის, ვუკოლ ბერიძის, ზურაბ ჟვანიას, ტარას შევჩენკოს, ლესია უკრაინკას , მთაწმინდის, დანიელ ჭონქაძის, ძმები კაკაბაძეებისა და ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩებს.
ვაზისუბანში 160 საპარკინგე ადგილი მოეწყობა ოსიპ მანდელშტამისა და 17 შინდისელი გმირის ქუჩებზე;
დიდ დიღომში 324 საპარკინგე ადგილი გამოიყოფა ფარნავაზ მეფის გამზირზე, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე (ფარნავაზ მეფის გადაკვეთის მიმდებარედ) და პეტრე იბერის ქუჩაზე;
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 160 ადგილი იქნება, ხოლო ბაგებში - ზურაბ საკანდელიძის ქუჩასა და წყნეთის გზატკეცილზე 100 ადგილი გამოიყოფა.
ადგილობრივ მაცხოვრებლებს უფასო პარკირებისთვის 1 ივლისიდან შეეძლებათ რეგისტრაციის გავლა ზონალური პარკირების არეალებში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებში.
საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება შემდეგ მისამართებზე:
• ბესიკის ქუჩა N25 - ის მოპირდაპირედ;
• ტარას შევჩენკის ქუჩა N5;
• ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა N9;
• წყნეთის გზატკეცილი N49- ის მოპირდაპირედ;
• ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N112;
• ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N142;
• ოსიპ მანდელშტამის ქუჩა N3;
• ფარნავაზ მეფის გამზირი N1 ;
• ფარნავაზ მეფის გამზირი N35;
• პეტრე იბერის ქუჩა N24;