თავის დროზე მთავრობამ, მათ შორის, საზოგადოების ნაწილის ზეწოლის საფუძველზე, მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და დღემდე დაიხარჯა ათეულობით მილიონი იმაში, რასაც არ მოაქვს ხელშესახები შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თუ მთავრობა ამ გზით განაგრძობს სიარულს, შეიძლება გაჩნდეს ფარმაცევტული მაფიის ახალ-ახალი ინიციატივები.
„იყო საქართველოში შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ სცადა იოლი გამოსავლის გზით წასვლა და წლების განმავლობაში ამაში დაიხარჯა ხალხის მრავალი მილიონი, რომელსაც რეალურად არ მოაქვს ხელშესახები შედეგი. თავის დროზე მთავრობამ, მათ შორის, საზოგადოების ნაწილის ზეწოლის საფუძველზე მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და დღემდე დაიხარჯა ათეულობით მილიონი იმაში, რასაც არ მოაქვს ხელშესახები შედეგი. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ამ გზით განაგრძობს სიარულს, შეიძლება გაჩნდეს ფარმაცევტული მაფიის ახალ-ახალი ინიციატივები, რომლებსაც შეიძლება არ მოჰქონდეს არანაირი შედეგები, გარდა ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებისა. საბოლოო ჯამში, ამ თანხების წლიური მოცულობა ძალიან მარტივად შეიძლება ავიდეს მილიარდ ლარამდეც კი. თუ ფარმაცევტული მაფია დაინახავს სახელმწიფოს, მთავრობის სისუსტეს, მილიარდ ლარამდეც კი შეიძლება ავიდეს თანხების მოცულობა, რომელიც ხმარდება არა კონკრეტულ შედეგს, არამედ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას. ყველა მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. ეს არ არის ჩვენი თანხა. მე პირადად, არაფერს ვკარგავ ამ თანხის გაცემით, პირიქით, ეს მხოლოდ და მხოლოდ ქულების მომტანი იქნებოდა პერსონალურად მათ შორის, ჩემთვის და მთლიანად მთავრობის გუნდისთვის, მაგრამ მეორე მხარეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა და მთავრობამ უნდა იზრუნოს ხალხის მიერ ბიუჯეტში შეტანილი თითოეული თეთრის რაციონალურად გახარჯვაზე და არც ერთი თეთრი არ უნდა მოხმარდეს ფარმაცევტულ მაფიას.
წამლებზე როცა არის საუბარი, ასევე ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი - წარმოიდგინეთ, რომ არის კონკრეტული მედიკამენტი, რომლის ღირებულება არის მაგალითად, 3 მლნ დოლარი. არის მედიკამენტი, რომლის ღირებულება არის 700 000 დოლარი. ამ წამლების თვითღირებულება ორივე შემთხვევაში არის მაქსიმუმ 300 და 700 დოლარი. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა მასშტაბის მაფიაზეა საუბარი. ეს არის ჩვეულებრივი მაფია, მთავარია, ჩვენ არ ავყვეთ მაფიის ინიციატივებს და მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები.
ამასთან ერთად, ჩვენ თავიდან ბოლომდე შევდივართ მშობლების მდგომარეობაში. მათი პოზიცია არის აბსოლუტურად გასაგები. იყო კონსულტაციები ჯანდაცვის სამინისტროში მშობლებთან. ყველა ფორმატში უნდა გაგრძელდეს კონსულტაციები. ჯანდაცვის სამინისტრო არის პასუხისმგებელი პრაგმატული გადაწყვეტილებების მომზადებაზე. კიდევ ერთხელ, მზად ვართ კონსულტაციებისთვის, მათ შორის, ეკლესიის წარმომადგენლებთან“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აქ უნდა დაისვას მარტივი შეკითხვა ეს თანხა შეიძლება დაიხარჯოს რაციონალურად და მოიტანოს სათანადო შედეგი, თუ ამ თანხით შეიძლება გამდიდრდეს ფარმაცევტული მაფია.
„ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ ყველასთან, მათ შორის, ბუნებრივია, მზად ვართ ვისაუბროთ პატრიარქთან, ყველა თემასთან და კონკრეტულად, ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ დღეს გვაქვს კონკრეტული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ ვინმე სხვა რამეში დაგვარწმუნებს, ბუნებრივია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენთვის საგულისხმოა ნებისმიერი პოზიცია, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ეკლესიას, პატრიარქს, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, მზად ვართ, კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ამ კონკრეტულ თემაზე. ის თანხა, რომელზეც არის საუბარი, იქნება ეს 50 თუ 60 მილიონი, ეს არ არის ის თანხა, რომელსაც ჩვენ საკუთარი პერსონალური ჯიბიდან ვიღებთ და გავცემთ. ეს არის ხალხის ფული, გადასახადის გადამხდელთა თანხების ერთობლიობა, აქედან გამომდინარე, ერთადერთი, რამაც ჩვენ შეიძლება შეგვაკავოს, როდესაც საუბარია თანხების პრაგმატულ ხარჯვაზე, ეს არის პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის და გადასახადის გადამხდელების მიმართ. ჩვენთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა, რომ აგვეღო ეს 50 მილიონი და დაგვეხარჯა. ეს იქნებოდა მარტივი და პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი გამოსავალი ჩვენთვის, მაგრამ მეორე მხარეს დგას პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ იმაზე, რომ მთავრობამ რაციონალურად უნდა დახარჯოს ის თანხები, რომელიც მობილიზებულია ბიუჯეტში ხალხის შენატანების საფუძველზე. ეს ხალხის ფულია, ჩვენ ჯიბიდან არც მე და არც მთავრობის წევრები პერსონალურ ფულს არსად არ ვიხდით. ეს არის ხალხის შენატანების საფუძველზე შეგროვებული ფული. საუბარია საკმაოდ დიდ თანხაზე. დაახლოებით 50 მილიონზე, რომელიც ყოველწლიურად უნდა გაიხარჯოს. აქ უნდა დაისვას მარტივი შეკითხვა - ეს თანხა შეიძლება დაიხარჯოს რაციონალურად და ამ თანხის დახარჯვამ მოიტანოს სათანადო შედეგი, თუ ამ თანხით შეიძლება ჩვენ გავამდიდროთ ფარმაცევტული მაფია. ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, სად არის აქ ჭეშმარიტება. ანუ, შესაძლებელია თუ არა ამ დიდი თანხით ხელშესახები შედეგის მიღწევა. თუ ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ამ საკმაოდ დიდი თანხით შესაძლებელია ხელშესახები შედეგის მიღწევა, ამ შემთხვევაში რაზეა საუბარი, მაგრამ თუ ჩვენ გვექნება იმის განცდა, რომ ეს თანხა შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ და მხოლოდ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას, ამ შემთხვევაში გაგვიჭირდება გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, სამების ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მათ ოჯახებს მიუსამძიმრა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან 2 სამხედრო პირი და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა.
იდენტიფიცირებულ პირებს, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა რეგიონში, საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო.
„მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოსთან. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების და ტურისტული მიმოსვლის გაფართოების კუთხით“, - განაცხადა პრემიერმა.
შეთანხმებები, რომელიც გაფორმდა არის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში საეტაპო მნიშვნელობის, ეს შეთანხმებები დაკავშირებულია ეკონომიკური და ენერგეტიკული პარტნიორობის გაღრმავებასთან, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.
პრემიერის თქმით, განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ 20 წლიანი ხელშეკრულება სოციალურ გაზთან დაკავშირებით გახანგრძლივდა 20 წლით.
„ასევე მნიშვნელოვანია ის შეთანხმებები, რომელიც გაფორმდა. ეს არის ჩვენს ურთიერთობებში საეტაპო მნიშვნელობის შეთანხმებები, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკური და ენერგეტიკული პარტნიორობის გაღრმავებასთან. ეს შეთანხმებები უკავშირდება გაზის იმპორტს და ტრანზიტს. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ 20 წლიანი ხელშეკრულება სოციალურ გაზთან დაკავშირებით გახანგრძლივდა 20 წლით. ამისათვის გაფორმდა ახალი ხელშეკრულება და ამას ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, აღნიშნული მნიშვნელოვანი შეთანხმებით, აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება მილსადენის ეფექტიანი ფუნქციონირება.
„ელექტროენერგიის მიმართულებით, გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება როგორც იმპორტის, ასევე ტრანზიტის კუთხით. ასევე, მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც უკავშრიდება ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენს. ეს მილსადენი, რეალურად, გაჩერებული იყო ბოლო 3 წლის განმავლობაში, არ ოპერირებდა, რის გამოც ქვეყანა ვერ იღებდა პოტენციურ შემოსავალს. ახალი შეთანხმების საფუძველზე, აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ მილსადენის ამოქმედებას. ბუნებრივია, მილსადენი არის ჩვენი საკუთრება, რჩება, რა თქმა უნდა, საქართველოს საკუთრებაში, თუმცა უზრუნველყოფილი იქნება, აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობით ამ მილსადენის სათანადო ოპერირება, რის საფუძველზეც ქვეყანა, ყოველწლიურად, ათეულობით მილიონის შემოსავალს მიიღებს. ამ სამი წლის განმავლობაში, შემოსავალი უტოლდებოდა ნულს, გაჩერებული იყო მილსადენი და ამ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებით, აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება ამ მილსადენის ეფექტიანი ფუნქციონირება,“- აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების კუთხით.
„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით, ყველა დეტალი შეთანხმდა და ძალიან მალე უკვე გაეშვება რკინიგზის აღნიშნული მონაკვეთი. საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს ოპერირებას, შექმნილი იქნება ერთობლივი საწარმო აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად და ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების კუთხით.
ჩვენ, აზერბაიჯანთან ერთად, ვაკავშირებთ კასპიის ზღვას შავ ზღვასთან, შესაბამისად, ევროპას აზიასთან და ნამდვილად სტრატეგიული დატვირთვა აქვს თანამშრომლობის განვითარებას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და ამ კუთხით ეს შეთანხმებები არის ისტორიული მნიშვნელოვის, საეტაპო მნიშვნელობის,“- განაცხადა პრემიერმა.
მოხარული ვარ მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, მის აღმატებულება ილჰამ ალიევთან შეხვედრით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, საუბრისას განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა.
„მოხარული ვარ მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრით. საუბრისას განვიხილეთ საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ იმ ერთობლივ პროექტებს, რომლებიც ჩვენი რეგიონის როლს აძლიერებს გლობალური დაკავშირებადობის კონტექსტში“, - აღნიშნავს პრემიერი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე.
ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და ამ კონტექსტში ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის როლს. ქართულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, უახლოეს მომავალში უმასპინძლოს კომისიის მომდევნო სხდომას.
ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს გლობალურ და რეგიონულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მშვიდობის მნიშვნელობას რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ და მათ როლს დაკავშირებადობის გაძლიერებაში.
შეხვედრის შემდეგ ორ ქვეყანას შორის გაფორმდა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში შეთანხმებათა პაკეტი, რომელიც მოიცავს: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20-წლიან მთავრობათაშორის შეთანხმებას;
აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს.
დოკუმენტებს საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან - ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა და ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა მოაწერეს ხელი.
ასევე გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლის თანახმად ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, 6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება.
დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაესწრნენ.