ბიზნესი იქნება თავისუფალი, ეს არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არც ერთ შემთხვევაში ბიზნესს არ შეექმნება პრობლემები, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში გარკვევით იყო საუბარი, რომ დღის წესრიგში არ დგება ერთადერთი საკითხი, მოლაპარაკებების გახსნა, რასაც შანტაჟის საფუძვლად იყენებდნენ საქართველოს წინააღმდეგ.
„ჩვენ გავაკეთეთ განცხადება 28 ნოემბერს, სადაც იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენ დღის წესრიგში არ ვაყენებთ კონკრეტულად ერთადერთ საკითხს - ეს არის მოლაპარაკების გახსნა, რასაც ამდენი ხანია, იყენებენ შანტაჟისთვის საქართველოს წინააღმდეგ. ერთადერთი რამ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, კვარტალში ერთხელ რომ იკრიბება ევროპული საბჭო, კვარტალში ერთხელ შანტაჟისთვის არ დაიტოვონ ეს საკითხი და არ უთხრან ქართველ ხალხს, რომ არ გიხსნი მოლაპარაკებებს, ეს იყო ერთადერთი, რისი დაშვებაც ჩვენ არ გვინდოდა. დანარჩენი ყველაფრისთვის ვარ მზად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, იგივე განცხადებაში, რაც გაკეთდა 28 ნოემბერს, პირველივე აბზაცში იყო ხაზგასმით ნათქვამი, რომ ევროპული ინტეგრაცია არის საქართველოს უალტერნატივო არჩევანი, ევროპული ღირებულებები არის უალტერნატივო და ეს ყველაფერი ლაიტმოტივად გასდევდა მთელ წერილს.
„ადამიანს თუ გააზრება უნდოდა ამ ყველაფრის, ძალიან მარტივად იკითხებოდა, შავით თეთრზე ეწერა. შენ რომ ხარ ბიზნესმენი, შენ არ ხარ ნებისმიერი რიგითი მოქალაქე და ცოტა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს, რომ წერილს გაეცნო თავიდან ბოლომდე. პირველივე აბზაცში წერია, რომ არა თუ არ ვაჩერებთ ევროინტეგრაციას, არამედ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კონკრეტულად 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, 90 პროცენტზე მეტს შევასრულებ, როგორც ასოცირების, ისე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ვალდებულებების. ეს რომ გიდევს წინ და ამ ტყუილს იჯერებ, რომელიც მოიგონა ჯერ „მთავარმა“, „ფორმულამ“ და „ტვ პირველმა“ და შემდეგ ევროკავშირის ელჩმა გაიმეორა, აქ კეთილსინდისიერების პრობლემას ვხედავ მე, ან არის გულგრილობა საკუთარი ქვეყნის მიმართ. შენ თუ გამოდიხარ მერე პოლიტიკური განცხადებით, რომ ხარ ბიზნესმენი ან ნებისმიერი სხვა, თუ შენ ამ პასუხისმგებლობას იღებ, რომ გამოხვიდე პოლიტიკური განცხადებით, კეთილი ხომ უნდა ინებო და ეს განცხადება ხომ უნდა წაიკითხო, რის საპასუხოდაც საუბრობ. იქ შავით თეთრზე ეწერა ყველაფერი, ისინი მაინც გამოდიან და იმეორებენ იმ ტყუილს, რაც გაავრცელა „ნაცმოძრაობის“ მედიამ და რაც გაიმეორე ევროკავშირის ელჩმა. ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, ეს არის არაკეთილსინდისიერება. მათ იციან ყველაფერი, ამიტომ გაურბიან საჯარო დისკუსიას. არავითარი ევროინტეგრაცია ჩვენ არ შეგვიჩერებია, ეს იყო ჩვეულებრივი ტყუილი, ერთადერთი რაც ითქვა ჩვენი მხრიდან, რომ ჩვენ დღის წესრიგში არ ვაყენებთ მოლაპარაკებები გახსნის საკითხს ჩვენი მხრიდან. მარტო ეს იყო ნათქვამი, ეს იციან ძალიან კარგად, მაგრამ იმეორებენ იგივე ტყუილს, რაც გაავრცელა „ნაცმოძრაობის“ მედიამ თავის დროზე და რაც სამწუხაროდ, ცალკეულმა დიპლომატებმა ევროკავშირიდან გაიმეორეს. ეს არის ძალიან სამწუხარო, ამის მთავარი მიზეზი არის რა - ამ ადამიანებს აქვთ თავიანთი პოლიტიკური მიკერძოება, გადაყოლილი არიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ვერ ელევიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ბიზნესმენს როგორ შეიძლება, უნდოდეს „ნაცმოძრაობის დაბრუნება ხელისუფლებაში, როცა ბიზნესის რეკეტი იყო მათი მთავარი ხელწერა.
„დღესაც რასაც აკეთებენ, ზეწოლა ბიზნესზე, ე.წ. ბულინგი, მცდელობა, რომ ჩაითრიონ პოლიტიკაში, ზუსტად იგივეა, რასაც აკეთებდნენ 2012 წლამდე, იგივე ფორმით ვეღარ აკეთებენ, ვეღარ ართმევენ ქონებას ადამიანებს, ვეღარ ართმევენ ფულს ადამიანებს, მაგრამ ამ ფორმით ცდილობენ ძალადობას ბიზნესზე. ბიზნესმენი რომ ხარ და დაბრუნება რომ გინდა იმ პოლიტიკური ძალების, ჩემთვის ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, ისინი ელოდებიან პოლიტიკური ცვლილებებიდან გამორჩენას, სხვა ახსნა მე არ მაქვს ამასთან დაკავშირებით. ასეც და ისეც, ბიზნესი იქნება თავისუფალი, ეს არის ჩვენი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არც ერთ შემთხვევაში ბიზნესს არ შეექმნება პრობლემები. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიწვეული იყო შეუზღუდავად ყველა ბიზნესმენი, მათ შორის ისინიც, ვინც „შეუერთდა გაუგებარ განცხადებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით“.
„ზოგადად, არ შეიძლება, ბიზნესი ასე ღრმად შედიოდეს პოლიტიკაში. როგორც არ შეიძლება, ხელისუფლება შეიჭრას ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება, ასე ღრმად შევიდეს ბიზნესი პოლიტიკაში. ეს არის პრინციპები, რომელიც ყველა ქვეყანაშ მოქმედებს, თუმცა, როდესაც იწერება მაიდნის სცენარები, იქ ეს პრინციპებიც აღარ მოქმედებს, იმიტომ, რომ ნებისმიერი სისტემა უნდა ჩამოშალონ, ეს არის ჩვენი არაკეთილმოსურნეების ერთ-ერთ ამოცანა, რომ მოიშალოს ყველა პრინციპი სახელმწიფოში, რათა მათ მიაღწიონ წარმატებას. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ვინ როგორი კმაყოფილი დარჩა, ამაზე სჯობს, თავად ბიზნესმენებმა ისაუბრონ, ისინი იყვნენ შეხვედრის მეორე მხარე. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, ჩემთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ გვქონდა საშუალება, მოსაზრებები გაგვეცვალა, ასევე დაისვა კითხვები, რომლებსაც ვუპასუხეთ. მათ შორის იყო კრიტიკული კითხვები კონკრეტულად ამ ბიზნესმენების მხრიდან. ეს დისკუსია თავისთავად საინტერესო იყო. ყველამ მოისმინა კითხვა-პასუხი და მგონია, რომ ამ ბიზნესმენების უდიდეს უმრავლესობას ყველა კითხვაზე გაეცა პასუხი, რაც შეიძლება, ადამიანს აწუხებდეს, როგორც ევროინტეგრაციის მიმართულებით, ასევე ზოგადად სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით. ყველას დავპირდი, რომ აუცილებლად უზრუნველყოფილი იქნება სტაბილურობა, მშვიდობა, სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ასეთი მოკლევადიანი რყევები ყოველთვის აისახება ბიზნესსა და ლარის კურსზე, თუმცა ყოველ ჯერზე ძალიან მალე ხდებოდა როგორც კურსის, ისე ზოგადად ეკონომიკური მდგომარეობის დასტაბილურება.
„ახლაც ასეა. როგორც კი ეს ძალადობრივი რესურსი გამოეცალა ოლპოზიციას, მაშინვე დასტაბილურდა ლარის კურსი. რა თქმა უნდა, აქ ეროვნული ბანკის როლიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეკონომიკური პროცესებიც თანდათან სულ უფრო მეტად სტაბილურდება. იანვრიდან ველოდებით, რომ სრული მასშტაბით აღდგება ეკონომიკური ზრდის ტემპი, რაც გვქონდა მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში, ამიტომ ამ კუთხით ბიზნესს არაფერი ემუქრება. ამ შეხვედრის შემდეგ იყო შეთავაზება ჩვენი მხრიდან, რომ იმ ბიზნესმენებთან, რომლებსაც ჰქონდათ კრიტიკული შეხედულებები, დამატებით ღია ეთერის ფორმატში, საჯაროდ გაგვემართა დისკუსია. ბიზნესთან შეთავაზება როცა იყო, მათაც გვთხოვეს, სახელებით არ დაგვეკონკრეტებინა, მაგრამ ხალხი ალბათ მიხვდება ვისზეც არის საუბარი, მათაც უარი განაცხადეს საჯარო დისკუსიაზე. თუ ფიქრობ, რომ მართალი ხარ, რატომ არ მოდიხარ ამ დისკუსიაზე? მათაც შეეშინდათ ამ დისკუსიის და უარი თქვეს პირდაპირ ეთერში დაჯდომაზე. ჯანსაღი დისკუსია იყო ის, რაც მათ შევთავაზეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, თუ როგორია მისი შეფასება, როდესაც კომპანიების ნაწილი, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი ხელისუფლების მიმართ, დიდ მოგებას იღებენ რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური ურთიერთობით.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ესეც არის იგივე ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ისინი საჯარო დისკუსიას გაურბიან.
„არიან ადამიანები, რომლებიც იწუნებენ ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას, მათ შორის, ალბათ მომხრე არიან, რომ სანქციები დავუწესოთ რუსეთის ფედერაციას, ყოველ შემთხვევაში განცხადებების დონეზე. მარტივად ჩავეკითხებით ამ ხალხს - შენ რომ ვაჭრობ რუსეთთან, გაგაქვს შენი საქონელი, რანაირად ითხოვ პარალელურად ჩვენგან რუსეთთან არაპრაგმატული პოლიტიკის წარმოებას და იგივე სანქციების დაწესებას. ან მეორე კითხვა - ევროპარლამენტი რომ გამოვიდა და მოითხოვა ჩვენგან რუსეთისთვის სანქციების დაწესება, გამოვიდა ვინმე და გააკეთა კრიტიკული განცხადება? ხომ აწყობთ, გააგრძელონ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და ამაში ჩვენ ვერ გავკიცხავთ მათ, პირიქით, ჩვენ თვითონ ვართ მომხრე იმისა, რომ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან შევინარჩუნოთ, მაგრამ შენ რომ ხარ ბიზნესმენი და რომ სარგებლობ ამ ყველაფრით და გაქვს სავაჭრო ურთიერთობები, ეკონომიკურ შემოსავალს იღებ რუსეთთან ვაჭრობით, რატომ არ გამოხვედი და რატომ არ გააკრიტიკე ევროპარლამენტი იმისათვის, რომ სრულიად არაადეკვატური მოთხოვნა წაუყენა საქართველოს ხელისუფლებას. თუ შენ ხარ ამ ქვეყნის მოქალაქე და თუ გრძნობ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ უნდა დაიცვა ყველგან შენი სახელმწიფოს და შენი ქვეყნის ინტერესები, რატომ არ გამოხვედი და არ გააკრიტიკე ევროპარლამენტის აბსოლუტურად არაადეკვატური მოთხოვნა, ან სხვა ევროპელი პოლიტიკოსების აბსოლუტურად არაადეკვატური მოთხოვნა. ამ კითხვებზე არ აქვთ პასუხი, ამიტომ ვერ ჯდებიან ვერც ერთ დისკუსიის ფორმატში, რომ არცერთ კითხვაზე მათ არ აქვთ პასუხი. ჩვენ ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი, რაც არ უნდა დაისვას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, გაუგებარია, როცა ბიზნესმენს უნდა იმ პოლიტიკური ძალის დაბრუნება, რომელიც ბიზნესის რეკეტით გამოირჩეოდა.
„ჩვენ გვაკრიტიკებენ რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გამო და თვითონ არიან ამ პრაგმატული პოლიტიკით მოსარგებლეები. აქ ჩანს, რომ მათ აქვთ უბრალოდ პოლიტიკური მიკერძოება და ეს პოლიტიკური მიკერძოება არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ აკეთებენ არაადეკვატურ განცხადებებს. თან რუსეთში ვაჭრობენ და თან არ გმობენ მაგალითად ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომლითაც არის მოთხოვნილი რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ერთადერთ რამეზე შეიძლება მიანიშნებდეს ასეთი ორმაგი სტანდარტი, მათ აქვთ პოლიტიკური მიკერძოება, მათაც, ისევე, როგორც დანარჩენ 750 000 ამომრჩეველს, სურდათ, ხელისუფლებაში დაბრუნებულიყო კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რასაც ვერ მიაღწიეს და ახლა ამ იმედგაცრუების გამო ორმაგი სტანდარტებით საუბრობენ. როცა ბიზნესმენს უნდა იმ პოლიტიკური ძალის დაბრუნება, რომელიც პირველ რიგში, ბიზნესის რეკეტით გამოირჩეოდა, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი, თუმცა ამას შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი ახსნა, არიან კონკრეტული ბიზნესმენები, რომელთაც აქვთ კავშირები შესაბამის ძალებთან და ისინი საკუთარ გამორჩენას ელიან ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებიდან, თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. ბიზნესის თავისუფლება ჩვენი მხრიდან იქნება აბსოლუტურად უზრუნველყოფილი“, - განაცხადა პრემიერმა.