ნიდერლანდებში, ერთ-ერთ გალერეაში, მძარცველები გვიან ღამით შევიდნენ და ამერიკელი მხატვრის, ენდი უორჰოლის ორი ნამუშევარი მოიპარეს. შემთხვევა ჩრდილოეთ ბრაბანტის პროვინციის MPV-გალერეაში მოხდა. ქურდებმა ცნობილი მხატვრის ოთხი ნამუშევრის წაღება სცადეს, თუმცა საბოლოოდ, ორი გაიტანეს, ორი კი იქვე, გალერეასთან დატოვეს, რადგან მანქანაში ვერ მოათავსეს. მოპარული ნახატებიდან ერთ-ერთი დედოფალ ელიზაბეტ II-ის პორტრეტია, მეორე კი - დანიის დედოფლის, მარგარეტ II-ის. ადგილობრივი სამართალდამცავების თქმით, რომელთაც უკვე დაიწყეს საქმის გამოძიება, ძარცვისას, აფეთქებაც მომხდარა და გალერეა და მიმდებარე შენობები დაზიანებულა. ენდი უორჰოლი XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მხატვრად მიიჩნევა. ის 1987 წელს, 58 წლისა გარდაიცვალა.