მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს და თითოეულ პოლიციელს, რომელიც გუშინ საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმას იგერიებდა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე იდგა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე ადამიანის მკვლელობა და რამდენიმე ადამიანისთვის თვალების დათხრა იქნებოდა ის მინიმალური შედეგი, რითაც ამგვარი მიტინგი დასრულდებოდა, რომ არ ყოფილიყო მინისტრი ვახტანგ გომელაური და რომ ყოფილიყო ვანო მერაბიშვილი, ან გიორგი გახარია.

„მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს. არც კი მინდა წარმოვიდგინო, იმ მასშტაბური ძალადობის ფონზე, რომელიც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებებისგან ვიხილეთ, რით დასრულდებოდა ეს მიტინგი, გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ან გიორგი გახარია რომ ყოფილიყო. რამდენიმე ადამიანის მკვლელობა და რამდენიმე ადამიანისთვის თვალების დათხრა იქნებოდა ის მინიმალური შედეგი, რითაც ამგვარი მიტინგი დასრულდებოდა. ვახტანგ გომელაურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინაც იმოქმედეს ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით და პროპორციულობის პრინციპის დაცვით აღკვეთეს უმძიმესი თავდასხმა კონსტიტუციურ წყობილებაზე,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ პოლიციელებს მოუწოდა, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და თავი შეიკავონ ძალის ჭარბი გამოყენებისგან.

„მინდა, მოვუწოდო პოლიციელებს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და თავი შეიკავონ ძალის ჭარბი გამოყენებისგან. გუშინაც იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, რომელიც მომავალში არ უნდა დავუშვათ. შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი ამგვარი ინციდენტი რადიკალური ოპოზიციისა და მისი ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან მათი ბრუტალური ძალადობის გადასაფარად გამოიყენება.

გუშინდელ ძალადობრივ მიტინგს არაფერი ჰქონდა საერთო პოლიტიკურ პროტესტთან. მოვლენები ვითარდება ისე, როგორც ეს „მაკკეინის ინსტიტუტის“ ცნობილ ანგარიშში იყო დაანონსებული. იმთავითვე ცხადი იყო, რომ რადიკალური ოპოზიცია და მისი უცხოელი პატრონები არ უნდა შეგუებოდნენ არჩევნებში დამარცხებას და სახელმწიფოსთვის ძალადობა უნდა დაეპირისპირებინათ. ამ მხრივ, პირველი ნაბიჯი იყო დემოკრატიული არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება, ისე, რომ ვერცერთი მტკიცებულება ვერავინ წარმოადგინა. პირიქით, ვიხილეთ, რომ ეუთო/ოდირის მისიის მიერ არჩევნების აღიარების შემდეგ, თავად ეს მისიაც კი იქცა თავდასხმის სამიზნედ რადიკალური ოპოზიციისა და მისი პატრონების მხრიდან. სწორედ ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება იყო ძალადობა, რომელიც გუშინ და გუშინწინ თბილისში ვიხილეთ. საინტერესოა, რომ მიტინგზე პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ, თუმცა, მიტინგის ორგანიზატორებს ადგილზე ტრიბუნაც კი არ მიუტანიათ. აქედანაც ჩანდა, რომ მიტინგი იმთავითვე იგეგმებოდა, როგორც ძალადობა და ის, მოძალადეთა საბოლოოდ შეკრებისთანავე, იქცა კიდეც ძალადობად პოლიციის წინააღმდეგ,“- განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალადობა შობს ძალადობას, ძალადობა წაახალისებს ძალადობას, შესაბამისად, ყველამ უნდა დაინახოს საკუთარი პასუხისმგებლობა ამ ყველაფერში. 

 

„გამოძიება არის მნიშვნელოვანი პრევენციისთვის - ეს ერთი, მეორე - აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მომიტინგეების მხრიდან ადგილი ჰქონდა ბრუტალურ ძალადობას პოლიციელების წინააღმდეგ. ერთი რაც არის სამწუხარო, არიან ადამიანები ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ მხოლოდ ერთი მხრიდან განხორციელებულ ჭარბ ძალადობრივ აქტებზე, მაგრამ არაფერს ამბობენ იმასთან დაკავშირებით, როგორ ბრუტალურად ძალადობდნენ მომიტინგეების წარმომადგენლები, ძალადობრივი დაჯგუფებების წარმომადგენლები პოლიციელების წინააღმდეგ. მე შემიძლია, გაჩვენოთ ფოტოები, რომლებიც ასახავს, თუ რა დამწვრობები მიიღეს პოლიციელებმა მათზე თავდასხმის შედეგად. გამოიყენებოდა სხვადასხვა ტიპის მასალები, გამოიყენებოდა, მათ შორის მოლოტოვის კოქტეილები, პიროტექნიკა, ხდებოდა ქვების მომზადება, ქვებისა და სხვა მძიმე საგნების სროლა პოლიციელების მიმართ, რასაც მოჰყვა სერიოზული ზიანი. 50-ზე მეტი პოლიციელი არის დაშავებული, საიდანაც დაახლოებით 20 პოლიციელს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა, არის უმძიმესი ზიანი, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ამაზე ვერ საუბრობენ. ჩვენ ვსაუბრობთ ორივე მიმართულებით - ერთ მხარეს იყო ბრუტალური, თან სისტემური ძალადობა მომიტინგეების მხრიდან, მეორე მხარეს იყო ცალკეული ინციდენტები, ასევე უკიდურესად შემაშფოთებელი, როდესაც ორ მხარეს გვაქვს ასეთი ვითარება, ერთი მხრიდან სისტემური ბრუტალური ძალადობა, მაგრამ ამაზე არ საუბრობს არავინ და მეორე მხრიდან არის ცალკეული ინციდენტები და ამაზე ამახვილებენ ყურადღებას, ეს მიკერძოებაზე მეტყველებს. ჩვენ ვერ ვიქნებით მიკერძოებული, ჩვენთვის ორივე მიმართულებით მიუღებელია ძალადობა, შესაბამისად, გამოძიებაც უნდა წარიმართოს ორივე მიმართულებით. 

 

ბრუტალური ძალადობის განმახორციელებელ ადამიანებს როდესაც იწყალებენ, რომლებიც ცდილობდნენ პოლიციელების დაწვას, ასეთი ფაქტები ახალისებს ძალადობას და ასეთ ადამიანებს შემდეგ აღარ აქვთ მორალური უფლება, რომ ძალადობაზე ისაუბრონ. ძალადობა შობს ძალადობას, ძალადობა წაახალისებს ძალადობას, შესაბამისად, ყველამ უნდა დაინახოს საკუთარი პასუხისმგებლობა ამ ყველაფერში. ჩვენ ვართ ხელისუფლება და გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ორივე მიმართულებით დავგმოთ ძალადობა. გარდა ამისა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში ასეთი ძალადობრივი აქტები არც ერთი მიმართულებით აღარ შედგეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უფლებამოსილების გადაჭარბებას პოლიციელების მხრიდან სისტემური სახე არ ჰქონია.

„იყო მაგალითად შემთხვევა, ყველაზე მძიმე ინციდენტი რაც იყო, რომ წაქცეულ ადამიანს ურტყამს სპეცრაზმის წარმომადგენელი, არ შეიძლება ასეთმა ფაქტმა არ აღგაშფოთოს. როგორი რთულიც არ უნდა იყოს მოთმენა პოლიციელისთვის, მან უნდა მოითმინოს. ეს არის სახელმწიფოს წარმომადგენლის, შსს-ს წარმომადგენლის ვალდებულება, თუმცა ამ შემთხვევაში ამ პასუხისმგებლობით არ იმოქმედა კონკრეტულმა პოლიციელმა და მან გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას. მთავარია, რომ სისტემური სახე ამას არ აქვს. არის სამწუხარო ინციდენტები, მაგრამ მინდა, მოგიწოდოთ ერთი რამისკენ, ხედავთ, რომ მომიტინგეების მხრიდან, ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან, ეს არის დაახლოებით 500 კაციანი დაჯგუფება, ადგილი აქვს სისტემურ ძალადობას. ამას ხომ ხედავთ, ხომ ხედავთ, რომ ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია, რაც ვიხილეთ გუშინ და გუშინწინ. იყო მოლოტოვის კოქტეილები, პიროტექნიკის გამოყენება პოლიციელების წინააღმდეგ, რის შემდეგაც სერიოზული დამწვრობა მიიღეს პოლიციის წარმომადგენლებმა. იყო ქვების, მძიმე ნივთების სროლა, იყო პარლამენტის შენობაზე თავდასხმა, შენობაში შეჭრის მცდელობა, უტევდნენ პირდაპირ პარლამენტის ჭიშკარს. ეს იყო სისტემური ძალადობა, რომელიც დაიწყო ძალადობრივმა დაჯგუფებამ. რომ არ ყოფილიყო ეს სისტემური ძალადობა არ იქნებოდა არაფერი, ხომ დამეთანხმებით ამაში. ჩვეულებრივად შეეძლოთ მათ მისულიყვნენ პარლამენტის შენობის წინ, გაემართათ ჩვეულებრივი აქცია, დაეყენებინათ ტრიბუნა, მიკროფონი და გამოეხატათ საკუთარი აზრი. ამ შემთხვევაში ხომ იცით, რომ არაფერი მოხდებოდა, ეს ხომ ზუსტად იცით, მაგრამ იყო სისტემური ძალადობა, რომელსაც არავინ გმობს, მათ შორის, უცხოელები არ გმობენ. აქედან ხომ იკითხება, რეალურად, ვის რა განზრახვა აქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდე, თუმცა არიან ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც ამას უპირისპირდებიან, მაგრამ, ისინი სახელმწიფოს ძლიერებას ვერ შეარყევენ,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა ასევე უპასუხა შეკითხვას, თუ როგორ მოხდება რეაგირება ჟურნალისტების ცემის კადრებთან დაკავშირებით. 

„აქაც არის საჯარო ყველაფრის გამოვლენა და კიდევ ერთხელ, ერთი რამ არის მთავარი, მთავარია ჩვენ დავგმოთ ძალადობის ინიცირება. ეს არის მთავარი. თუ არ იქნება ინიცირებული  ძალადობა, არავითარ ძალადობას არ ექნება ადგილი. გუშინ რომ არ დაეწყოთ ძალადობა შესაბამის ექსტრემისტულ დაჯგუფებებს, ხომ არაფერი არ მოხდებოდა, ამაში ხომ მეთანხმებით. არაფერი არ მოხდებოდა საერთოდ, ძალადობრივ დაჯგუფებებს რომ არ დაეწყოთ ექსტრემისტული მოქმედებები, ხომ არ იქნებოდა არაფერი, იქნებოდა ჩვეულებრივი სიმშვიდე. რატომ არ გმობს არავინ ხმამაღლა ძალადობის ინიცირებას, მითუმეტეს, რომ ეს ძალადობა იყო აბსოლუტურად წინასწარ კოორდინირებული, წინასწარ ორგანიზებული და სისტემური. მთავარი არის ამაზე ყურადღების გამახვილება. არ დაიწყება ძალადობა, არ იქნება არაფერი, არ იქნება არავის დაშავება, არ იქნება არავითარი პრობლემა. მთავარი არის ეს, თქვენ დაგმეთ ძალადობის ინიცირება და ძალადობის ინიციატორები, ამას რომ არ აკეთებთ, ამით ახალისებთ, ბუნებრივია, ძალადობას. ეს, რა თქმა უნდა, არ მიემართება ყველა თქვენგანს, მაგრამ არიან მედიასაშუალებები, არიან პოლიტიკოსები, უცხოელი ჩინოვნიკები, რომლებიც არ გმობენ დღემდე ძალადობის ინიცირებას, ძალადობის ინიციატორებს და ამით ახალისებენ იმ ქმედებებს, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ადამიანების დაშავებას“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, აშშ-ის ელჩის განცხადებაში ვერ ვიხილეთ იმ სისტემური ძალადობის დაგმობა.

„რაც შეეხება ელჩის განცხადებას, მე სამწუხაროდ, ამ განცხადებაში ვერ ვიხილე იმ სისტემური ძალადობის დაგმობა, რომელიც ჩვენ გუშინ და გუშინწინ ვიხილეთ. ძალიან კარგი იქნებოდა ამ სისტემური ძალადობის დაგმობა, რასაც ძალადობრივი, ექსტრემისტული დაჯგუფებები ახორციელებდნენ გუშინ. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობდა სამომავლოდ ძალადობის პრევენციას, თუმცა, როდესაც ასეთი ძალადობის დაგმობა არ ხდება, ვიღაცეებისთვის ეს აღიქმება მწვანე შუქად ხვალინდელი ძალადობისთვის, მაგრამ მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ როგორც გუშინდელ ძალადობას არ ჰქონდა არავითარი ეფექტი, ასევე არც მომავალში არ ექნება ძალადობას არავითარი ეფექტი“, - განაცხადა პრემიერმა.